Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით


საქმე №ბს-1078(გ-21) 7 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის ნ. მ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 6 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. მ-იმა, მოპასუხედ № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მიუთითა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 50 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის ივლისში რამდენჯერმე უკანონოდ მოათავსეს დეესკალაციის ოთახში და უსაფუძვლოდ გააგრძელეს დეესკალაციის ოთახში მოთავსების ვადა. დეესკალაციის ოთახში ყოფნის განმავლობაში არ აწვდიდნენ საკვებს, უკანონოდ, არაერთხელ გამოიყენეს მის მიმართ ხელბორკილი, რის გამოც მიიყენა თვითდაზიანებები და სცადა თვითმკვლელობა. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო განიცადა ტანჯვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-2 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე, რომლის თანახმად, დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით, დაწესებულება მხოლოდ პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოდის სასამართლოში დამოუკიდებლად, თავისი სახელით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ № დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოვიდეს მხარედ სასამართლოში წინამდებარე საქმეზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილსამყოფლის გათვალისწინებით (ქ. თბილისი) დაადგინა, რომ მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № პენიტენციური დაწესებულების დებულების მიხედვით, № პენიტენციური დაწესებულების მისამართია ...ის მუნიციპალიტეტი სოფელი ...ი (მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი). ამავე დებულების მიხედვით, № პენიტენციური დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში და მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო (მე-2 მუხლის პირველი პუნქტი). ამავე დებულების მიხედვით, დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში (მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი). ვინაიდან № პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფელი არის გარდაბანი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დაწესებულების მიმართ აღძრული სარჩელი უნდა იქნეს განხილული იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც მოიცავს გარდაბანს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში - სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი, საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა განმარტოს შესაძლებელია თუ არა № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დამოუკიდებლად გამოვიდეს მხარედ სასამართლოში, დაწესებულების მხრიდან, მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო, მორალური ზიანის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ნ. მ-ი, თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი უკანონოდ, რამდენჯერმე მოათავსეს დეესკალაციის ოთახში, უსაფუძვლოდ გაგრძელდა მოთავსების ვადა, დეესკალაციის ოთახში ყოფნის განმავლობაში არ აწვდიდნენ საკვებს და უკანონოდ, არაერთხელ გამოიყენეს მის მიმართ ხელბორკილი, რის გამოც მიიყენა თვითდაზიანებები, სცადა თვითმკვლელობა და განიცადა ტანჯვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საფუძვლად უდევს, მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ელექტრონული საშუალებებით ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ბრძანებების უკანონობაზე მითითება და არასათანადო მოპყრობის გამო განცდილი ტანჯვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის 2.4 მუხლით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე. ამავე კოდექსის 8.3 მუხლით, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №200 ბრძანებით, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდა პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქცია თანდართული სახით. პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის მე-2 მუხლის "ნ" პუნქტით, დეესკალაციის ოთახი არის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილი, როდესაც იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, რომელიც განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით, პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული ,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № პენიტენციური დაწესებულების დებულების 27.1 მუხლით, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24 საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსება წარმოადგენს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რამდენადაც პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე დაამტკიცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქცია, ასევე № პენიტენციური დაწესებულების დებულება, რომლითაც დაწესებულების დირექტორს მიენიჭა უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მოეთავსებინა ბრალდებული/მსჯავრდებული, დეესკალაციის ოთახში.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის 3.1 მუხლით, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. მ-ი არის მსჯავრდებული და იმყოფება № პენიტენციურ დაწესებულებაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების მომენტიდან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ურთიერთობას აწესრიგებს პატიმრობის შესახებ კოდექსი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და პენიტენციური დაწესებულების უფლებამოვალეობებს პატიმრობის შესახებ კოდექსთან ერთად, ასევე განსაზღვრავენ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ეფუძნება, მათ შორის, პატიმრობის შესახებ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა მიმართულია უშუალოდ იმ პენიტენციურ დაწესებულების მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ განახორციელა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ფიზიკური პირი მსჯავრდებული ნ. მ-ი. მოპასუხედ, თავად მოსარჩელემ დაასახელა № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. დავის საგანია მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს № პენიტენციური დაწესებულის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის (საკვების მიუწოდებლობა, უსაფუძვლოდ ხელბორკილის დადება) გამო, რამაც მოსარჩელის მოსაზრებით გამოიწვია მორალური ტანჯვა. ნ. მ-ი მიუთითებს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ელექტრონული საშუალებებით ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ბრძანებები ფორმალურად ქმნიდნენ საფუძველს მისი დეესკალაციის ოთახში მოსათავსებლად, თუმცა ადმინისტრაციული აქტის სადავოობის საკითხს არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი გამოიყენებოდა როგორც ინსტრუმენტი მის მიმართ უკანონო ქმედებების განსახორციელებლად და მოთხოვნის ძირითად საფუძვლად მიუთითებს, № პენიტენციური დაწესებულების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რამაც გამოიწვია ტანჯვა და მიაყენა მორალური ზიანი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ ადმინისტრაციული აქტის, ასევე არასათანადო მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ეფუძნება პატიმრობის შესახებ კოდექსით პენიტენციური დაწესებულებისათვის დადგენილი ვალდებულებების სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლზე, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. ასევე, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით, დაწესებულება მხოლოდ პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოდის სასამართლოში დამოუკიდებლად, თავისი სახელით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე და ამ საფუძვლით ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას. სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანზე - ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების გამო პასუხისმგებლობა (მტკიცების ტვირთი) ეკისრება ამ ქმედების სავარაუდოდ ჩამდენ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება პატიმრობის კოდექსით პენიტენციური დაწესებულებისათვის დადგენილი ვალდებულების დარღვევას, რაც N პენიტენციურ დაწესებულების დებულების 2.5 მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებას აკისრებს ვალდებულებას დამოუკიდებლად თავისი სახელით გამოვიდეს სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, ასევე გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 14.1 მუხლით დადგენილი ზოგადი პრინციპიდან, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ პროცესში ის ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს, რომელმაც განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. მ-ი სადავოდ ხდის N დაწესებულების მხრიდან არასათანადო მოპყრობას და ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი ქმედების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში № პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, ვალდებულებას წარმოადგენს.

საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხე - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული დადგენილების 16.2 მუხლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და ...ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან № პენიტენციური დაწესებულება ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარეობს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. მ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე