Facebook Twitter
ბს-634 (2კ-20) 23 თებერვალი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-მა 19.12.2016წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის შპს „...ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №... და 18.08.2014წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ „...ი“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 03.08.2018წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ (მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „...ი“, „...ი“) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 55 265 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.06.2014წ. №... გადაწყვეტილება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.05.2018წ. №002934618 დასკვნის დანართ №3-სა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 31.05.2016წ. №... გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული ზედდების ამსახველ სიტუაციურ ნახაზზე მითითებულ ზედდების ნაწილში, გ. კ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.06.2014წ. №... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გ. კ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 14.08.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც საჯარო რეესტრში თავად სახელმწიფოს მიერ იქნა წარდგენილი (შესრულებული შპს „მ...“-ის მიერ, ტ. 1, ს. ფ. 48), ამ საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა მასზე სახელმწიფოს სახელზე (ტ. 1, ს. ფ. 41), შემდგომში ეს უძრავი ნივთი, ზუსტად იგივე საკადასტრო მონაცემებით, აღირიცხა გ. კ-ის სახელზე. იმავე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრში 25.05.2016წ. წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შესრულებული შპს „...“-ს მიერ, ტ. 1, ს. ფ. 54) ზუსტად შეესაბამება შპს „მ...“-ის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს. განსხვავება არის მხოლოდ სამხრეთიდან შეჭრილ და შუაში ამოღებულ მცირე ფართებთან, რასაც სადავო საკითხთან მიმართებაში რაიმე სახის მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად, სადავო საკითხზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2007 წელს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთის კოორდინატები, რომელიც 2008 წელს ღია აუქციონზე შეიძინა და დაირეგისტრირა მოსარჩელემ, და შემდგომ 2016 წელს დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კოორდინატები არის ერთი და იგივე (2007 წელს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული ... მიწის ნაკვეთის კოორდინატების იდენტური). აღნიშნული გარემოება ცალსახად იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის ტერიტორიაზე სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით უძრავი ქონების რეგისტრაციისას მის საზღვრებში მოექცა გ. კ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით (დაუზუსტებელი) რეგისტრირებული, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამ ქონების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით საჯარო რეესტრის სამსახურში დაცულ - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას (იხ. სუს 28.02.2013წ. № ბს-367-363(კ-12) განჩინება). სახელმწიფოს მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ზოგადად ქმნიდა უძრავი ქონების მის სახელზე აღრიცხვის საკმარის საფუძველს, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, გ. კ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული, რაც გამორიცხავდა მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნასა და ზედდების ამსახველ სიტუაციურ ნახაზში ფართის ნაწილში რეგისტრაციას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. №1/1-965 ბრძანება არ აუქმებს, არ ზღუდავს გ. კ-ის რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. თუ საჯარო რეესტრი დაადგენდა, რომ სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შემთხვევაში მასში მოექცეოდა გ. კ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და დადგინდებოდა ზედდების არსებობა, ეს ბრძანება არ ხდიდა საჯარო რეესტრს ვალდებულს, მაინც მოეხდინა სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაცია. ამ ბრძანებით საჯარო რეესტრს ეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია მაშინ, როდესაც მოთხოვნილი 55 265 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან გარკვეული ნაწილი აღარ წარმოადგენდა მის საკუთრებას და რეგისტრირებული იყო კერძო პირის, გ. კ-ის საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ბრძანების არსებობა-არარსებობა გ. კ-ისათვის მნიშვნელობის არმქონეა. მას პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - 03.06.2014წ. გადაწყვეტილებით, რაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გ. კ-ის საკუთრებასთან ზედდების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვოს იმ აქტის ბათილად ცნობა, რომელიც მას პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს, და მისი მიზანი სწორედ ამ შედეგის მიღწევაა. იმის გარკვევა, ამ აქტის ბათილად ცნობით რა მატერიალურ შედეგსა თუ სარგებელს მიიღებს იგი (იქნება ეს ზიანის ანაზღაურება, ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა, თუ სხვა), არ ქმნის ამ აქტის ბათილად ცნობისა თუ მასზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხისა და მესამე პირების მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაუშვებელია საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რადგან ამით გ. კ-ი მიზანს მაინც ვერ მიაღწევს იმის გამო, რომ ამ რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულია სხვა სამართლებრივი ქმედებები და რეგისტრაციები, რაც გასაჩივრებული არ არის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 55 265 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემებით ... საკადასტრო კოდით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის 05.08.2014წ. განკარგულებით მას შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ეს ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 14.08.2014წ. №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 05.08.2014წ. განკარგულებით, შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების დანაწესიდან გამომდინარე, შესაძლებელია მხოლოდ ამ განკარგულების ბათილად ცნობით, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიერ.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. №1/1-965 ბრძანებითა და 28.05.2014წ. №7/18716 მომართვით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ ფიქსირდებოდა მესამე პირთა საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის უფლება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დაუზუსტებელი ფორმით, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავდა კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს. მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადებულია განმცხადებლის დაკვეთით, რომელიც თავადვე განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, კონფიგურაციასა და საზღვრებს და არ ადასტურებს მის იდენტურობას სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ასევე, 04.05.2018წ. ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადასტურდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი. ამგვარად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ჰქონდა მიღებული, რაც სასამართლოს მოსაზრებით ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობის საფუძველი გახდა. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის საფუძველი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ ჰქონდა.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 03.06.2014წ. გადაწყვეტილება ისე, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა ამ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, №ბს-729-721-(კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში ბ. თ.-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების გაბათილება. აღნიშნულისგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ №... (14.08.2014) გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან ამ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული საქართველოს მთავრობის 05.08.2014წ. განკარგულება არ იყო სადავოდ გამხდარი. სასამართლოს ისე, რომ არ დაუდგენია ზედდების (გადაფარვის) ფართობი, ერთდროულად მიუთითა ექპერტიზის დასკვნის დანართში ასახულ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ სიტუაციურ ნახაზებზე მითითებულ ზედდების ნაწილზე, ასევე არ არის დადგენილი აღნიშნული წარმოადგენს თუ არა ერთი და იგივე ფართობს და ერთი და იგივე ნაწილს. არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დანართის სიტუაციური ნახაზების ელექტრონული ვერსიები, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს სასამართლოს მიერ მითითებული გაუქმებული ფართობი არის თუ არა ერთი და იგივე დასკვნის და სიტუაციური ნახაზის მიხედვით. ამ მხრივ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი და ორაზროვანი. ექსპერტიზის დასკვნით ვერ განისაზღვრა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რადგან მისი მდებარეობის მაიდენტიფიცირებელი არც ერთი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები მდებარეობენ სხვადასხვა სოფლებში, ამ მიწის ნავეთების საკადასტრო კოდების განმსაზღვრელი ზონა, სექტორი და კვარტალი არის სხვადასხვა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (31.05.2016) გადაწყვეტილებით გ. კ-ს განემარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიწის ნაკვეთის პარამეტრები არ შეესაბამებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთის პარამეტრებს. ცვლილების რეგისტრაციისათვის (ფართის დაზუსტებისათვის) წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებული იყო შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 11.03.2008წ. მომართვის, მათ მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 10.03.2008წ. ოქმის და შპს „მ...“-ს მიერ შესრულებული ნახაზის საფუძველზე დაუზუსტებელი ფართით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სასამართლოს საერთოდ არ გაუთვალისწინებია. ამდენად, რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება არ იყო მხოლოდ სხვა უძრავ ნივთთან დადგენილი ზედდება. მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჰქონდა მის საკუთრებაში რეგისტრირებულისგან განსხვავებული უძრავი ნივთი, ხოლო ახალი აზომვითი ნახაზი არ იყო შეთახმებული ამ ნივთის განმკარგავ ადმინისტრაციულ ორგანოსთან. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიუთითებს მხოლოდ მის მიერ წარდგენილი და დაუზუსტებლად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის მსგავსებაზე, რაც მოცემულ დავაში არაფერს ადასტურებს. აღნიშნული კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის დასმა შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ნებისმიერ კოორდინატებში. გასაჩივრებული რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებულია სხვა სამართლებრივი ქმედებები და რეგისტრაციები (იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია), რაც მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, შესაბამისად, შეუძლებელია მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს - დაიზუსტოს სადავო მიწის ნაკვეთი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 27.05.2014წ. №1/1-965 ბრძანებითა და 28.05.2014წ. №7/18716 მიმართვით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მესამე პირის საკუთრების უფლება არ დგინდებოდა. საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. კ-ის საკუთრების უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის გამო, რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავდა კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალებით ქარელის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10,61ჰა მიწის ნაკვეთზე 02.08.2007წ. დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა 2007 წელს შპს „მ...“-ის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც ასახულია კოორდინატთა ბადე შესაბამისი კოორდინატების მითითებით (ტ. 1, ს.ფ. 48). მითითებული საკადასტრო გეგმის შესაბამისად საჯარო რეესტრმა მოამზადა საკადასტრო გეგმა (ტ. 1, ს.ფ. 41). 20.10.2008წ. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 10.03.2008წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმისა და 11.03.2008წ. სამხარეო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა გ. კ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.06.2014წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით გორის რაიონში, ...ის საკრებულოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 55 265 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაბამის გრაფაში მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 27.05.2014წ. №1/1-965 ბრძანება და 28.05.2014წ. №7/18716 მიმართვა. აღნიშნული უძრავი ნივთი შემდეგში განიკარგა რამდენჯერმე. 25.05.2016წ. გ. კ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქარელში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. 31.05.2016წ. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, განმაცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მიწის ნაკვეთის პარამეტრები არ შეესაბამება შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთის პარამეტრებს, ცვლილების რეგისტრაციისათვის (დაზუსტებისათვის) წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეთანხმებული უნდა იქნას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურეობის ცენტრთან, შესაბამისად, წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსია. საჯარო რეესტრის 05.07.2016წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის ქარელის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10,61ჰა მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტირირებული იყო გ. კ-ის საკუთრების უფლება დაუზუსტებელი მონაცემებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით (სუს 28.02.2013წ. განჩინება, საქმე №ბს-367-363(კ-12)). ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ ყოფილა მესამე პირის უფლება, ასევე კასატორის მითითება გ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაუზუსტებელ მონაცემებზე არ არის დასაბუთებული და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
საფუძველს მოკლებულია კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა სახელმწიფოს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები, შეუსაბამოა განსახილველ დავასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქ,ე №ბს-729-721(კ-16)) მითითება. კასატორის მიერ პრაქტიკის სახით მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების სახელმწიფოდან ფიზიკურ პირზე გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, რომელთა კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. ამდენად, საკასაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია ფიზიკური პირის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაბათილება. განსახილველ საქმეზე დავის საგანს შეადგენს არა სახელმწიფოდან ფიზიკურ პირზე გადაცემული უძრავი ნივთის რეგისტრაციის კანონიერება, არამედ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშესაბამისობა. ამდენად, კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არ არის დასაბუთებული. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა (სუს 28.02.2013წ. განჩინება, საქმე №ბს-367-363(კ-12)).
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმაზე, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირებული ზედდების ფართობის ოდენობა, ექსპერტიზის დასკვნის ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობის გამო ვერ დგინდება გაუქმებული ფართობის დასკვნის დანართსა და ზედდების ამსახლველ სიტუაციურ ნახაზთან შესაბამისობა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების 21.1 მუხლზე, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიზანია გეოდეზიური-კარტოგრაფიული, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკადასტრო საქმიანობის წარმოება, გეოინფორმაციული სფეროს სტანდარტიზაცია და განვითარება. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ გ. კ-ის მიერ 25.05.2016წ. განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 27.05.2016წ. მოამზადა სიტუაციური ნახაზი (ტ. 1, ს.ფ. 58) სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების მითითებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.05.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტმა დასკვნის მომზადებისას გამოიყენა აღნიშნული საქმის მასალები (ტომი 1) და საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ. მისამართიდან ჩამოტვირთული საკადასტრო გეგმების ელექტრონული ვერსიები. აღნიშნული დასკვნის №1 და №2 დანართები წარმოადგენს უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით ... სარეგისტრაციო წარმოების მასალებში დაცულ ნახაზს/გეგმას, ხოლო დანართი №3 შესრულებულია საჯარო რეესტრის მიერ 27.05.2016წ. მომზადებული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, ამასთან, დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ 2007წ. შპს „მ...“-ის მიერ 10,61 ჰა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებულია საქართველოში მოქმედ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და გეგმაზე დატანილია მიწის ნაკვეთის გვერდების სიგრძეები. ამდენად, ინფორმაცია ზედდების ფართობის ოდენობის შესახებ, ასევე ექსპერტის მიერ დასკვნის მომზადებისას გამოყენებული დოკუმენტები წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ სარეგისტარციო დოკუმენტაციას, შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საჯარო რეესტრისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით კასატორის აღნიშნული პრეტენზია არ არის დასაბუთებული.
საფუძველს მოკლებულია კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მითითება უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობაზე, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნით ვერ განისაზღვრა სადავო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. დაუსაბუთებელია აგრეთვე მოსაზრება გ. კ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახრეო სამმართველოს მიერ გასხვისებული მიწის ნაკვეთის პარამეტრებთან შეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.05.2018წ. ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად შპს „მ...“-ის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე მონიშნული მიწის ნაკვეთი ექსპერტმა შეადარა, როგორც გ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრში 25.05.2016წ. წარდგენილ ელექტრონულ აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და საქმის მასალებში ტ. 1, ს.ფ. 41-ზე დატანილ ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს. შედარების შედეგად ექსპერტმა დაასკვნა, რომ საქმის მასალებში ტ. 1, ს.ფ. 48-ზე დატანილი მიწის ნაკვეთი კონფიგურაციით, გვერდების სიგრძეებით და ფართობით ზუსტად შეესაბამება ტ. 1, ს.ფ. 41-ზე დატანილ ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს, საქმის მასალებში ტ. 1, ს.ფ. 48-ზე დატანილი მიწის ნაკვეთი მდებარეობით, კონფიგურაციით და ფართობით ძირითადად შეესაბამება გ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრში 25.05.2016წ. წარდგენილ ელექტრონულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთს. ამდენად, კასატორის პრეტენზია მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პარამეტრების შეუსაბამობაზე სათანადოდ არ არის დასაბუთებული. თავად კასატორიც საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნაში მითითებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი და დაუზუსტებლად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის მსგავსებაზე. კასატორი არ მიუთითებს კონკრეტულ შეუსაბამო პარამეტრებზე, ასევე არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნაში ასახული აღნიშნულის დასკვნის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, პარამეტრების შეუსაბამობა არ არის ასახული თავად საჯარო რეესტრის მიერ 27.05.2016წ. მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე, შესაბამისად, მხოლოდ ზოგადად შეუსაბამობაზე მითითება არ ადასტურებს სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებას და არ გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს განსახილველ დავაში. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია გ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრში 25.05.2016წ. წარდგენილ ელექტრონულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილ მიწის ნაკვეთის და სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას 2007 წელს შპს „მ...“-ის მიერ შესრულებულ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის ძირითადად შესაბამისობა მდებარეობის, კონფიგურაციისა და ფართობის მხრივ. ამდენად, კასატორის მითითება, რომ ზედდება არ იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთადერთი საფუძველი არ უნდა იქნეს გაზიარებული, გარდა ამისა, კასატორი არ მიუთითებს გ. კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სხვა ადგილმდებარეობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის კუთვნილი და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთები სხვადასხვა სოფლებში მდებარეობენ, ამ მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების განმსაზღვრელი ზონა, სექტორი და კვარტალი არის სხვადასხვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ 27.05.2016წ. მომზადებულ სიტუაციურ ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო ზონების კოდები, კერძოდ, 66 (გორი) და 68 (ქარელი) წარმოადგენენ მომიჯნავე სარეგისტრაციო ზონებს. გ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი მდებარეობს სწორედ აღნიშნული სარეგისტრაციო ზონების მიჯნაზე, ამასთან, გასათვალისწინებელია ამ მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა (105 010 კვ.მ.) და ის გარემოება, რომ ზედდების არსებობა დადგინდა სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების მხოლოდ ნაწილთან და არა სრულად. გარდა ამისა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ გ. კ-ის სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქარელში, ხოლო მოსარჩელემ გორში მდებარე უძრავ ნივთზე მოითხოვა საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმაზე, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის შემდეგ განხორციელდა სხვა სამართლებრივი ქმედებები და რეგისტრაციები, რაც მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და მოსარჩელე ვერ შეძლებს მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობას. მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს შეადგენს სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის არამართლზომიერების დადასტურება, რაც კანონით მინიჭებული უფლების დაცვის საშუალების სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობას ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2019წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.08.2020წ. №16821 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



ბ. სტურუა