საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-363(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
თავდაპირეველი მოსარჩელე - შპს „ა...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...იმ“ 2016 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ და 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2015 წლის 10 დეკემბრის №01/4249 და №01/4250 წერილების, 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №2 და №3 სხდომის ოქმების, 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2015 წლის 11 დეკემბრის №01/4264 და №01/4266 წერილობითი შეტყობინებების, 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 06 იანვრის №01/27 და №01/28 წერილობითი შეტყობინებების, 5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 28 დეკემბრის №5883 და №5900 წერილების, 6. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 18 იანვრის №225 და №227 წერილების, 7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის შპს „ა...ისა“ და შპს „...ის“ შესყიდვების მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სიიდან) ამოღების დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დავის გადაწყვეტამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედების შეჩერებისა და განმცხადებლის „შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან“ (შავი სიიდან) ამოღების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა „მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „...ის“ შესყიდვების მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სიიდან) ამოღება დაევალა. აღნიშნული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინება.
შპს „ა...მა“ 2016 წლის 26 თებერვალს ასევე სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ და 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2015 წლის 10 დეკემბრის №01/4249 წერილის, 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2015 წლის 11 დეკემბრის №01/4266 წერილობითი შეტყობინების, 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2016 წლის 6 იანვრის №01/27 წერილობითი შეტყობინების, 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №3 სხდომის ოქმის, 5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 28 დეკემბრის №5900, 2016 წლის 18 იანვრის №227 წერილებისა და 6. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დავის გადაწყვეტამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „ა...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა „მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედება. აღნიშნული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე შუამდგომლობის ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „ა...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა „მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე შპს „...ის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „...ისა“ და შპს „ა...ის“ სარჩელები სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა №3/1458-16.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ისა“ და შპს „ა...ის“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის №3/1457-16 განჩინება, შპს „ა...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ძალას კარგავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის №3/1458-16 განჩინება, შპს „ა...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულების მოქმედების შეჩერებისა და მოპასუხისთვის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შპს „...ის“ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სიიდან) ამოღების თაობაზე, ძალას კარგავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...იმ“ და შპს „ა...მა“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „...ისა“ და შპს „ა...ის “სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელმაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ძირითადად ამყარებს პრაქტიკის სახით მოყვანილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის №ბს-667-642(კ-13) გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტს - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მიმართ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის კომპეტენციას არ მიეკუთვნება პირის არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, საკასაციო საჩივრის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, კანონით დადგენილი თავისივე უფლებების გაფართოება ეწინააღმდეგება, როგორც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 4 აგვისტოდან 2017 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის მე-10 ნაწილში ჩამოთვლილია ის აქტები, რომელთა გამოცემაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. კასატორის მითითებით, აღნიშნულ მუხლში არ არის მოხსენიებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცება“. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა და ამდენად, მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულება შპს „აუთდორ. ჯის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ არის უკანონო და ექვემდებარება ბათილად ცნობას. დასახელებულ გარემოებაზე მითითებით, კასატორი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და მოპასუხის დავალდებულებას გამოსცეს ახალი აქტი სადავო განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ამავე სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო ბილბორდების ბეჭვდისა და განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2015 წლის 3 დეკემბერს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი იქნა ორი პრეტენდენტის - შპს „ა...ისა“ და შპს „...ის“ სატენდერო წინადადებები.
სამინისტროს სატენდერო კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე ( ოქმი №2 და ოქმი №3) სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას გამოვლინდა ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ორივე პრეტენდენტის - შპს „ა...ისა“ და შპს „...ის“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, ვინაიდან ორივე კომპანიას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთული ჰქონდათ იდენტური ტექნიკური დოკუმენტაცია. მომსახურების გასაწევად შპს „ა...ის“ მიერ შეთავაზებული იქნა 44 000 ლარი, ხოლო შპს „...ის“ მიერ - 43 500 ლარი. აღნიშნული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასდა აფიდავიტის (სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობითი დოკუმენტი) წესების დარღვევად. კერძოდ, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით პრეტენდენტს - შპს „...ის“ და კონკურენტს - შპს ”ა...ს“ შორის მოხდა კომუნიკაცია და სატენდერო წინადადების პირობები გამჟღავნდა სატენდერო წინადადების გასაჯაროების მომენტამდე. სატენდერო კომისიამ შპს „...ის“ და შპს ,,ა...ის“ ქმედება მიიჩნია ხელშეკრულების დადების მიზნით ჩადენილ არაკეთილსინდისიერ ქმედებად და გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ორივე პრეტენდენტს მისცა დისკვალიფიკაცია აღნიშნული ტენდერიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 10 თებერვლის №541 განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესის და პირობების” მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, შპს „ა...ი“ და შპს „...ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „ ...ი“ არის შპს „ა...ის“ 50% წილის მფლობელი პარტნიორი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით შპს „ა...ის“ მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება - შპს „ა...ის“ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის - შპს „...ის“ შავ სიაში დარეგიტრირების კანონიერება, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი, ხოლო „წესის“ მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
დასახელებული „წესის” მე-10 მუხლის თანახმად, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. იმავე „წესის“ №2 დანართით დამტკიცებული აფიდავიტის პირობების თანახმად კი, გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით წარდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებული უნდა იყოს კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. ამასთან, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება წინასწარი განზრახვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ უნდა გაუმჟღავნოს კონკურენტს სატენდერო წინადადების გასაჯაროების მომენტამდე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, აფიდავიტი, ამ კანონის მიზნებისთვის, არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
მითითებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. იმავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
საკასაციო სასამართლო, დასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იზარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ აღნიშნული მუხლები იმპერატიულად ავალდებულებს პრეტენდენტს მომეტებული ყურადღებით წარადგინოს სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის ისეთი დოკუმენტები, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას და მკაცრად დაიცვას კონკურენციის პირობები. ამასთან, აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ტენდერში მონაწილეობისას არ განახორციელოს არაკეთილსინდისიერი ქმედება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა კი, კანონის შესაბამისად ქმნის პრეტენდენტების შავ სიაში მოხვედრის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო ბილბორდების ბეჭვდისა და განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში წარდგენილ იქნა ორი პრეტენდენტის - შპს „ა...ისა“ და შპს „...ის“ სატენდერო წინადადებები. სამინისტროს სატენდერო კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე ( ოქმი №2 და ოქმი №3) სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას გამოვლინდა ელექტრონულ ტენდერში SPA150032577 მონაწილე ორივე პრეტენდენტის - შპს „ა...ისა“ და შპს „...ის“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, კერძოდ, საკითხის განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე კომპანიას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთული ჰქონდათ იდენტური ტექნიკური დოკუმენტაცია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები არ იყო შემუშავებული ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. 2015 წლის 7 დეკემბერს შპს „ა...ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთა შპს „...ის“ რეკვიზიტები და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო 2015 წლის 9 დეკემბერს შპს „...იმ“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთა შპს „ა...ის“ მიერ ატვირთული დოკუმენტების იდენტური, შპს „...ის“ დოკუმენტაცია. შპს „...ის“ და შპს „ა...ის“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენილ დოკუმენტაციას დასმული აქვს ერთი და იმავე პირის ხელმოწერა და დამოწმებულია შპს „...ის“ ბეჭდით. ორივე კომპანიის პროფილში საკონტაქტო პირის და მომხმარებლის ველში მითითებულია ერთი და იგივე პიროვნება - ნ. უ-ე, რომელიც წარმოადგენს ორივე კომპანიის იურისტს. ამდენად, დასტურდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს - შპს „...ის“ და შპს „ა...ს“, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისთვის მისცათ დისკვალიფიკაცია აღნიშნული ტენდერიდან, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოცემულ საქმეზე სწორად გამოიყენეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის, ხოლო იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ ქვეპუნქტის შესაბამისად, შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება მიღებულ იქნა სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე და იგი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთანავე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად - ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია. ამდენად, კასატორის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე, უსაფუძვლოა.
ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებებს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი აქტები აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს და არსებობდა შპს „...ის“ სატენდერო პროცედურიდან დისკვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ხელშეკრულების გაფორმების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედება ქმნიდა მისი დისკვალიფიკაციისა და შემდეგ, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ განკარგულების გამოცემის კანონისმიერ საფუძველს. ამასთანავე, სადავო აქტების კანონიერების პირობებში სასარჩელო მოთხოვნა შპს „...ის“ შავი სიიდან ამორიცხვის შესახებ, ასევე უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად
.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...ის“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 7 ივლისს №1594103641 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე