Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1111(კ-19) 16 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...“
წარმომადგენელი - გ. ფ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - მ. კ-ე, ლ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ს“ წარმომადგენელმა 2017 წლის 6 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1, 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტების, „საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 იანვრის (საჩივარი №13778/2/16) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე კომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებას წარმოადგენს ერთიანი საწარმოო კომპლექსი - კერამიკული ნაკეთობების ქარხანა, რომლის შემადგენლობაშიც გარდა მიწის ნაკვეთებისა (ს/კ №... (ფართობი 29246 კვ.მ.) და ს/კ №... (ფართობი 2356 კვ.მ.)) და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა, შედის მათში (მათზე) არსებული ძირითადი საშუალებები - მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა. მოსარჩელის მითითებით, შემოსავლების სამსახურში ჩატარებული შიდა ექსპერტიზის თანახმად, შეფასდა შპს „...ს“ ქონების ნაწილი (ყადაღის დადების აქტებში შეტანილი და ექსპერტიზის დასკვნაში შეფასებული ქონების გარდა), რომლის ღირებულებამაც შეადგინა 579 432,3 ლარი, მათ შორის ამწე-ავტომანქანა, საბურღი ავტომანქანა, თვითამწე, გაზის ღუმელი, საპრესი დანადგარი, თიხის წისქვილი, მოძრავი ამწე, საშრობი.
მოსრჩელე აღნიშნავს, რომ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1, 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტების შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს „...ს“ უძრავ-მოძრავ ქონებას. ყადაღადადებული ქონების ღირებულება (დაახ. 2,7 მლნ ლარი) კი, ყადაღის დადების მომენტისათვის არსებულ დავალიანებას 32-ჯერ, ხოლო დღეისათვის არსებულ დავალიანებას 13-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დარღვეულია უზრუნველყოფის ღონისძიებების საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გამოყენების კანონით დამკვიდრებული გარანტია.
მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-ე, 243-ე, 244-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახალებული ნორმებით დადგენილია საგადასახადო დავალიანების „აღიარებული საგადასახადო დავალიანების“ ფარგლებში გადახდევინების უზრუნველყოფა და არა საგადასახადო დავალიანებაზე/აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე მეტი ოდენობით თანხების გადახდევინების უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ გადამხდელის კუთვნილი ქონებიდან ყადაღის ობიექტად შეარჩია უძრავი ნივთები მაშინ, როცა მოძრავი ნივთების ღირებულება დავალიანების ოდენობას გაცილებით აღემატებოდა და მათი რეალიზებით გადასახადის გადამხდელს ნაკლები ზიანი მიადგებოდა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „...საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლიდან გამომდინარე საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა შემოიფარგლება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მოცულობით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს კომპეტენცია შემოიფარგლება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მოცულობით. აღნიშნული არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ მოხდეს სწორედ იმ ოდენობის და მოცულობის გადასახადის ამოღება, რომლი არსებობასაც ადასტურებს და რომლის მიმართაც გადასახადის გადამხდელს აქვს მოლოდინი“ (25.09.2014 წ. სუსგ №ბს-798-782(კ-12) საქმეზე).
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულ პირობებში, უდავოა გასაჩივრებული აქტების უკანონობა, რაც მათი ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- „ქონებაზე ყადაღის დადების“ შესახებ 2014 წლის 4 ნოემბრის №006-2331 ბრძანების საფუძველზე მიღებული „ქონებაზე ყადაღის დადების“ შესახებ 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1 აქტის მიხედვით, აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, კერძოდ, №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. რაც შეეხება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით №... ფართი 31602 კვ.მ. დაიყო შემდეგ საკადასტრო კოდებად: №..., ფართით 29246 კვ.მ. და 2) №..., ფართით 2356 კვ.მ. საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში ყადაღა დარეგისტრირდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის ნაწილში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 31 ივლისის №49/15/1-01006382 ცნობის თანახმად, შპს „...ს“ სახელზე რეგისტრირებულია 11 სატრანსპორტო საშუალება, რომლებზეც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002163416 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეფასდა - 155934 ლარით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება - 6210 ლარით, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო საბაზრო ღირებულება - 2739807 ლარით;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2016 წლის 4 აპრილის №41110/07/15 დასკვნით, შეფასდა შპს „...ს“ ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა საორიენტაციოდ 579432.3 ლარი;
- „ქონებაზე ყადაღის დადების“ შესახებ 2014 წლის 4 ნოემბრის №006-2331 ბრძანების საფუძველზე დამატებით მიღებული 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტის თანახმად, აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები;
- შპს „...ს“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- შპს „...ს“ წარმომადგენელმა 2016 წლის 15 ნოემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანების, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტების ბათილად ცნობა;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს დაავალა შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა გაევრცელებინა მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში;
- 2016 წლის 27 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის - შპს „...ს“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციაზე სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 16 მარტის №44521/03/17 დასკვნით შეფასდა შპს „...ს“ კუთნილი დაყადაღებული ქონება, კერძოდ, 29246 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 6915,66 კვ.მ (ს/კ №...), მდებარე ოზურგეთის რაიონის სოფელი ...ში. მის საერთო საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 1 000 000 ლარი.
საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების წესსა და საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე წესის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღინიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში ყადაღის გავრცელებას, კერძოდ, საგადასახადო ორგანომ გადამხდელის კუთვნილი ქონებიდან ყადაღის ობიექტად შეარჩია უძრავი ნივთები და არა მოძრავი ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავი ნივთების ღირებულება გაცილებით აღემატებოდა საგადასახადო დავალიანების ოდენობას, ამასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებს - აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, თუმცა კონკრეტულად გადასახადის გადამხდელის რომელ ქონებაზე უნდა მოხდეს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გავრცელება, ეს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს დისკრეციას. სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. შესაბამისად, იგი გამოყენებულ უნდა იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესის, საფუძვლებისა და პირობების გათვალისწინებით. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, გადამხდელი არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა შესრულებულ იქნას მისი ვალდებულება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მხარე მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მანვე უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან, საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ხოლო მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო კანონის სრული დაცვით და ადგილი არ ჰქონდა ზოგადი ადმინისდტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის დარღვევას, შესაბამისად არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ს“ წარმომადგენელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნული განჩინება შპს „...ს“ წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე, 239-ე, 241-ე, 243-ე, 244-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ყადაღა დაადოს პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ამრიგად, მითითებული ნორმებით დადგენილია საგადასახადო დავალიანების აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გადახდევინების უზრუნველყოფა და არა საგადასახადო დავალიანებაზე/აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე მეტი ოდენობით თანხების გადახდევინების უზრუნველყოფა.
კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ყადაღადადებული ქონების ღირებულება, დაახლოებით, 2,7 მილიონი ლარი, ყადაღის დადების მომენტისათვის არსებულ დავალიანებას 32-ჯერ, ხოლო დღეისათვის არსებულ დავალიანებას 13-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დარღვეულია უზრუნველყოფის ღონისძიებების საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გამოყენების კანონით დამკვიდრებული გარანტია (პრინციპი). ამასთანავე, კასაციის ძირითადი პრეტენზია ეხება სწორედ იმ გარემოებას, რომ საგადასახადო ორგანომ ყადაღის ობიექტად გამოიყენა გადამხდელის კუთვნილი უძრავი და არა მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც დავალიანების ოდენობას გაცილებით აღემატებოდა. შესაბამისად, მათი რეალიზებით გადამხდელს ნაკლები ზიანი მიადგებოდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და გადასახადის გადამხდელისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპები. კერძოდ, სასამართლომ ძალაში დატოვა ისეთ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები, რომელთა ღირებულება საგადასახადო დავალიანებას რამდენჯერმე აღემატება (ამასთან, დავალიანებაზე გაცილებით მეტი ღირებულების მოძრავი ქონების არსებობის პირობებში).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ 2014 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ მოსარჩელის შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 83 184.82 ლარს (ძირითადი გადასახადი - 73 379.55 ლარი, საურავი - 13 518.61 ლარი, ზედმეტად გადახდილი თანხა 3713.34 ლარი). აღნიშნული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2014 წლის 4 ნოემბრის №006-2331 ბრძანება. ამავე ბრძანების საფუძველზე შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტები, რომელთა საფუძველზეც საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღა დაედო შპს „...ს“ უძრავ ქონებას. კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებით ყადაღა დარეგისტრირდა №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ქონებებზე.
საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ შპს „...ს“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს „...ს“ წარმომადგენელმა, 2016 წლის 15 ნოემბერს, ასევე, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელმაც, თავის მხრივ, საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს დაავალა შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა გაევრცელებინა მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. განსახილველ საქმეში სადავოდ არის გამხდარი სწორედ ზემოაღნიშნული „ყადაღის დადების შესახებ აქტები, შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სადავო აქტები კანონიერია, რადგან შპს „...ს“ 2014 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც ყადაღა დაედო შპს „...ს“ უძრავ ქონებას. ამასთან, სასამართლოებმა აღნიშნეს, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის გავრცელება საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოხდა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების სწორად გამოყენებისა და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პროპორციულობის საფუძველზე, ამდენად, იგი ვერ შეფასდებოდა თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფად, ვინაიდან მითითებულ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება ემსახურებოდა საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ, შპს „...ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, მის ქონებაზე გამოყენებული ყადაღის მოცულობის კანონიერება იმ პირობებში, როცა სადავო აქტების მიღებისას ყადაღადადებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით აღემატებოდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს რამდენად არსებობდა აღიარებული დავალიანების ფარგლების გადამეტებით კომპანიის უძრავ ქონებაზე ყადაღის გავრცელების კანონისმიერი საფუძველი, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება, ჩატარდა თუ არა ადმინისტრაციულ წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 იანვრის (საჩივარი №13778/2/16) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მაშინ, როცა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს დაევალა შპს „...ს“ მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა გამოეყენებინა აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ყადაღის დადების შესახებ სადავო აქტების ბათილად ცნობა და აღსრულება, ამასთან, არც საკასაცო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე უარყვიათ მხარეებს ამის შესახებ, აღნიშნული გარემოება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ძირითად წინაპირობას ქმნის.
საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს უზრუნველყოფის არაერთი საშუალება, მათ შორის, ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას. გადახდევინებას ექვემდებარება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები კი, მიზნად ისახავენ პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადება უზღუდავს გადასახადის გადამხდელს ქონებრივ უფლებებს მის საკუთრებაში და ბალანსზე არსებულ უძრავ, მოძრავ ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე. ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, ქონებაზე ყადაღის დადების უპირველესი წინაპირობაა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, შესაძლოა, დაედოს პირის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებას, თუმცა იგი შემოიფარგლება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მოცულობით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმ ოდენობის და მოცულობის გადასახადის ამოღებას, რომლის არსებობა დადასტურებული და აღიარებულია. ამდენად, დავალიანების და ქონების საბაზრო ღირებულების შეუსაბამობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ყადაღა გამოიყენოს მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც უზრუნველყოფს დავალიანების ოდენობის დაფარვას.
ქონებაზე საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გავრცელების მოცულობის თანაზომიერების პრინციპის გარკვევის მიზნებისთვის, საკასაციო პალატა მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, რომ „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა მოხდეს არა მხოლოდ გამოსადეგი, არამედ - აუცილებელი, ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებით. განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული უფლების შეზღუდვის ინტენსივობა. როგორც აღინიშნა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოადგენს სამართლებრივი დატვირთვის ფორმას და მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის უფლებას, სამართლებრივი ტვირთის გარეშე, შეუფერხებლად განკარგოს საკუთარი ქონება. ცალკეულ შემთხვევაში, ამგვარმა რეგულირებამ შესაძლოა არა მხოლოდ ქონების განკარგვის შეზღუდვა გამოიწვიოს, არამედ - შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის ესა თუ ის საქმიანობა, უარყოფითად აისახოს მიმდინარე საწარმოო პროცესებზე და შეუქმნას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები. შეზღუდვის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება ემყარებოდეს მკაფიო კრიტერიუმებს და განხორციელდეს იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რათა მომეტებულად არ შეიზღუდოს გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლება, სამეწარმეო, ფინანსური და სხვა ინტერესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.12.2017წ. №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §45). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ისე საგადასახადო ყადაღა არის, ერთი მხრივ, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთრების ობიექტის უფლებრივი ტვირთი. იგი წარმოადგენს საკუთრების სამართლებრივი დატვირთვის ფორმას და მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის გარკვეულ უფლებებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თანაზომიერების პრინციპის საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს შპს „გაზ დისტრიბუშენ კომპანის“ საქმეზე (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის №ბს-208(კ-20), ბს-890-886(კ-17) განჩინება.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 იანვრის №13778/2/16 გადაწყვეტილებით, შპს „...ს“ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1 და 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს დაევალა შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა გაევრცელებინა მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. შესაბამისად, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მიუხედავად გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანებისა, რაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით ქონებაზე ყადაღის გავრცელების კანონიერი საფუძველია, დავალიანების უზრუნველსაყოფად ყადაღა უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ აღიარებული საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, მითითებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და ყადაღის დადების შესახებ სადავო აქტები დღესაც ძალაშია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით კი, აღნიშნული არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, მხედველობაში მიეღო უზრუნველყოფის ღონისძიების ზომის პროპორციულობა, აღიარებული დავალიანების და ყადაღადადებული ქონების ღირებულება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებდა გასატარებელი ღონისძიების ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ ჩატარებულა, რითაც უგულვებელყოფილ იქნა ზემოაღნიშნული პრინციპები. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „ყადაღის დადების შესახებ“ სადავო აქტების ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დავის არსებითად განხილვას და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 იანვრის №13778/2/16 გადაწყვეტილების შესაბამისი, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს სადავო აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში კი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი აქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტების გამოცემისას უნდა გათვალისწინებულიყო ზემოთ მითითებული გარემოებები, რასაც შესაძლოა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხები საჭიროებს საწარმოს აღიარებული საგადასახადო დავალიანების ზუსტ დადგენას, ასევე, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მასზე განთავსებული მანქანა-დანადგარების ფინანსურ შეფასებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს სპეციფიკურ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის, - საგადასახადო ყადაღის პროპორციულად გამოყენების, გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1, 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტები და „საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანება. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „...ს“ მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის პროპრორციულად/თანაზომიერად გამოყენების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა შპს „...ს“ საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1, 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/2 აქტებისა და „საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „...ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის, სულ 250 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 6 ოქტომბრის №006-2331/1, 2016 წლის 20 ოქტომბრის №006-2331/1 აქტები, „საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სამსახურის 2016 წლის 4 ნოემბრის №30635 ბრძანება და მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს ამ ნაწილში საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) შესახებ;
5. დანარჩენ ნაწილში შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ბ. სტურუა