ბს-745(2კ-19) 17 მარტი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს.ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინებაზე და ამავე პალატის 07.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
19.05.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს.ტ-მა მოპასუხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ...ოს საბჭოს წევრად არჩევიდან (...წ.) სააგენტოს გაუქმებამდე (...წ.) კუთვნილი ანაზღაურება 117 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2017წ. განჩინებით ს.ტ-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პარლამენტი.
09.08.2017წ. განცხადებით მოსარჩელე ს.ტ-მა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მოპასუხედ დაასახელა საქართველოს პარლამენტი.
25.07.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე.გ-ამ მოპასუხის საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ...ოს საბჭოს წევრად არჩევიდან (...წ.) სააგენტოს გაუქმებამდე (...წ.) კუთვნილი ანაზღაურება 117 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.08.2017წ. განჩინებით ე.გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. განჩინებით ერთად წარმოებად, ერთად განხილვისათვის გაერთიანდა საქმეები: №...წ. (მოსარჩელე -ს.ტ-ი, მოპასუხეები - საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს პარლამენტი) და №... წ. (მოსარჩელე - ე.გა, მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით ს.ტ-ის და ე.გ-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს.ტ-ის და ე.გ-ას მიერ, ასევე ს.ტ-მა მოითხოვა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინებით ს.ტ-ის და ე.გ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში 03.09.2015წ. შევიდა ცვლილებები, რომლითაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო და განისაზღვრა, რომ იგი წარმოადგენს საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ერთადერთ ორგანოს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე განისაზღვრა სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების წესები და სხვ.. საქართველოს პარლამეტის ...წ. №4307-Iს დადგენილებით ე.გ-ა, ხოლო საქართველოს პარლამეტის ...წ. №4309-Iს დადგენილებით ს.ტ-ი საქართველოს პარლამენტმა აირჩია ...ოს საბჭოს წევრებად, 7 წლის ვადით. ზემომითითებული საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 12.10.2015წ. (...) საოქმო ჩანაწერით შეჩერდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 473-ე მუხლის 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 22-ე პუნქტის, აგრეთვე ამავე კანონის 474-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“ მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ დებულების დამტკიცების მიუხედავად არ დამტკიცებულა სააგენტოს საშტატო ნუსხა, რაც თავისთავად გამორიცხავს სააგენტოს მხრიდან მისი ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფას, ასევე ზემოაღნიშნული ნორმების შეჩერება ცალსახად გამორიცხავს სააგენტოს უფროსის მხრიდან კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად ნორმატიული აქტის - ბრძანების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - განკარგულების გამოცემის, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დასამტკიცებლად წარდგენის, სააგენტოს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 12.10.2015წ. (3/6/668) საოქმო ჩანაწერის თანახმად სასამართლოს მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 03.09.2015წ. №4188-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოქმედების შეჩერების პირობებში, სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის მიერ, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ჩანაწერის გათვალისწინებით, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია დარჩა სებ-ის ექსკლუზიურ კომპეტენციებში, რაც გამორიცხავდა სებ-ის კონსტიტუციური კომპეტენციების განმახორციელებელი პარალელური ორგანოს ...ოს საბჭოს საქმიანობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ...ოს საბჭოს მიერ სხდომების ჩატარების მიუხედავად, აღიშნული სააგენტო კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სააგენტოს საბჭოს მხოლოდ ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება მას შეეძლო, რასაც რეალურად ახორციელებდა კიდეც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ შეჩერებული ნორმების პირობებში, ზედამხედველობის სააგენტო ვერ შეუდგებოდა ფუნქციონირებას და მის ფუნქციებს გარკვეული დროის განმავლობაში განახორციელებდა ეროვნული ბანკი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე საოქმო ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, იწვევს მათ ძალადაკარგულად ცნობას ნორმების ამოქმედების და არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის/გამოქვეყნების მომენტიდან. ამის საწინააღმდეგოს დაშვება გულისხმობს ხელისუფლების (მისი ამა თუ იმ ორგანოს/თანამდებობის პირის) წახალისებას, თუნდაც მცირე დროით, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ის მოქმედებდა საკუთარი კონსტიტუციური მანდატის მიღმა, მიითვისოს სხვა სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია, ეს გამოიწვევდა ხელისუფლების კონსტიტუციის მიღმა მოქმედების ლეგიტიმაციას. სწორედ, აღნიშნული ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული იქნა სადავო ნორმების მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან. ამით საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია საბოლოოდ დავის გადაწყვეტამდე დარჩა სებ-ის ექსკლუზიურ კომპეტენციებში. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა მის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. სააგენტოს რეალურად არ განუხორციელებია თავისი საზედამხედველო ფუნქციები, ვინაიდან არსებული საკანონმდებლო რეალობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა გამორიცხავდა აპელანტის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ე.გა და ს.ტ-ი შრომით ურთიერთობაში იყვნენ დაწესებულებასთან, ეს უკანასკნელი ვალდებულია გასცეს შესაბამისი ხელფასი, შრომის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს.ტ-ის და ე.გ-ას მიერ, ასევე ს-ტ-მა მოითხოვა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინების გაუქმება.
კასატორმა ს.ტ-მა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი.ს.ტ-თან არსებული შრომითი ურთიერთობა არ ყოფილა შეჩერებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები ამომწურავად არის მითითებული შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილში. შრომითი ურთიერთობა დაიწყო და ის არ შეჩერებულა მანამ, სანამ 2017 წლის მარტში საერთოდ არ შეწყდა შრომითი ურთიერთობა სააგენტოს გაუქმების გამო. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ს.ტ-ი მის კომპეტენციაში არსებულ ყველა საკითხს ასრულებდა. სასამართლომ არ გამოიყენა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 473-ე მუხლის მე-20 პუნქტი (03.09.2015წ. რედაქცია), კერძოდ, კანონმდებლობა ს.ტ-ის მიმართ 2017 წლამდე ადგენდა მკაცრ შეზღუდვებს მისი ცოდნისა და საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილების რეალიზების გზებთან მიმართებით. სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან მოცემულ ნორმას კავშირი არ აქვს დავასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუუქმებია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის სადავო ნორმები.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება საფინანასო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 10.10.2015წ. სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინების შესახებ, ვინაიდან ამ დროისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული. სასამართლომ არ დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების 30.11.2015წ. წერილზე და პარლამენტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება სააგენტოს საბჭოს წევრებისათვის ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით პასუხის გაცემის თაობაზე. საქართველოს პარლამენტმა დაარღვია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნები, კერძოდ, ხსენებულ კანონში შესული ცვლილებით, ამ კანონის მე-10 მუხლით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაუდგინდა ვალდებულება განესაზღვრა სააგენტოს საბჭოს წევრების სარგოს ოდენობა, ხოლო 16.12.2016წ. ამავე კანონში შესული ცვლილებით, სარგოების განსაზღვრის ვალდებულება დაევალა საქართველოს პარლამენტს. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ ზეპირ განმარტებებს ეფუძნება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური მტკიცებულებები, ასევე შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ არ დაადგინა, რომ სააგენტოს საბჭოში ს.ტ-ი ასრულებდა კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას, მონაწილეობდა ორგანიზაციულ საკითხებში, საბჭოს და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს პოლიტიკის დაგეგმვაში, ქართულ და უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრებში. ს.ტ-ს, როგორც საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს წევრს, ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით ეკრძალებოდა საფინანსო სექტორში მუშაობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ არ დაადგინა, ასევე ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონს 03.09.2015წ. დაემატა 473-ე მუხლი, რომლის 21-ე პუნქტში არსებული დებულებებიდან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა მხოლოდ „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, პირველი ექვსი ქვეპუნქტი, რომელიც ადგენდა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის და რეგულირების პოლიტიკის შემუშავებას, სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცებას, საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განხილვას, არ შეჩერებულა და ძალაში იყო 2017 წლის მარტამდე - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გაუქმებამდე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუჩერებია საბჭოს წევრთა ფუნქციების უდიდესი ნაწილი და საბჭოს წევრები სრულფასოვნად ასრულებდნენ კანონით მათზე ნასკირ მოვალეობებს. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ს.ტ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 6 500 ლარს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ხელფასის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია იმ პერიოდის მხედველობაში მიღება, როცა მოსარჩელე სააგენტოს საბჭოს წევრად დაინიშნა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სახელფასო სარგო კი შეადგენდა თვეში 6 500 ლარს. თავად სააგენტოს მიერ 2015 და 2016 წლების ბიუჯეტებში გათვალისწინებული სახელფასო სარგოს ოდენობა 6 500 ლარიდან იქნა დაანგარიშებული.
უზენაესი სასამართლოს 27.09.2021წ. განჩინებით ე.გ-ას განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ე.გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ე.გ-ას სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ- ს.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში 03.09.2015წ. ორგანული კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად შეიქმნა ...ო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა, რომ სააგენტო არის საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, განისაზღვრა სააგენტოს ფუნქციები, უფლებამოსილება და სხვ.. საქართველოს პარლამენტის ...წ. დადგენილებით ს.ტ-ი არჩეული იქნა ...ოს საბჭოს წევრად, 7 წლის ვადით. ...ოს საბჭოს 10.10.2015წ. სხდომის №.., ოქმის მიხედვით დამტკიცდა სააგენტოს დებულება, სააგენტოს უფროსს დაევალა ერთი თვის ვადაში სტრუქტურული ერთეულების ფორმირება, სტრუქტურული ერთეულების ფორმირებამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა სააგენტოს ფუნქციების განხორციელება, დამტკიცდა ბიუჯეტი და სხვ., სააგენტოს საშტატო ნუსხის განხილვა გადაიდო მომდევნო სხდომისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 12.10.2015წ. საოქმო ჩანაწერით შეჩერდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 473 მუხლის 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 22-ე პუნქტის, აგრეთვე ამავე კანონის 474 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის (№4188-Iს, 03.09.2015წ., ვებგვერდი 10.09.2015წ.) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების („...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“) მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ...წ. განხორციელებული ცვლილებებით ...ო აღარ არის გათვალისწინებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უკეთუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25.5 მუხ.). საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, იწვევს მათ ძალადაკარგულად ცნობას ნორმების ამოქმედების (და არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის/გამოქვეყნების) მომენტიდან. ამ კომპეტენციის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასეთი სამართლებრივი შედეგები განპირობებულია იმ უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური ინტერესით, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსტიტუციით მკაცრად დადგენილ ფარგლებში, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, ხელისუფლების ფუნქციონირების უპირობო მოთხოვნას. დაუშვებელია ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს ან ორგანოს მიერ, სხვა სახელმწიფო ორგანოების კონსტიტუციით გათვალისწინებული კომპეტენციის მითვისების/ჩამორთმევის ხარჯზე/გზით მიღებული გადაწყვეტილებების შენარჩუნების, არსებობის თავისთავად გამართლება. ამის საწინააღმდეგოს დაშვება გულისხმობს ხელისუფლების (მისი ამა თუ იმ ორგანოს/თანამდებობის პირის) წახალისებას, თუნდაც მცირე დროით, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ის მოქმედებდა საკუთარი კონსტიტუციური მანდატის მიღმა, მიითვისოს სხვა სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია, შედეგად ძალაუფლება, მიიღოს მისთვის სასურველი ნებისმიერი გადაწყვეტილება. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23.2 მუხლზე მითითებითა და მისი განმარტებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმების მოქმედების შემთხვევაში მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის ალბათობა, მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი, შეიძლება საგრძნობი ზიანი მიაყენოს სამართლებრივ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, სანდოობას იმ ინსტიტუციებისადმი, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის მიღმა მოქმედებდნენ, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23.2 მუხლი, ვინაიდან ამ ნორმას განსახილველ დავასთან კავშირი არ გააჩნია, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობას არ ქმნის. სწორედ, ზემოთ აღნიშნული ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არ შეწყვეტილა, ამჟამად ის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ მასთან შრომითი ურთერთობა არ შეჩერებულა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც იმ დროისათვის გათვალისწინებული იყო შრომის კოდექსის 36-ე მუხლით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შეჩერების საფუძვლებზე (შრომის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის 46-ე მუხლი) მითითება შეუსაბამოა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერით შეჩერდა თვით იმ ორგანოს სადამფუძნებლო და მომწესრიგებელი ნორმების მოქმედება, რომლის საბჭოს წევრადაც კასატორი იქნა არჩეული, შესაბამისად, არ ფუნქციონირებდა დამსაქმებელი ორგანო. იმ ფუნქცია-მოვალეოებებს, რომლებიც კანონში შესული ცვლილებებით სააგენტოს უნდა განეხორციელებინა, ასრულებდა საქართველოს ეროვნული ბანკი. კასატორი ამ უკანასკნელ ორგანოში დასაქმებულ პირს არ წარმოადგენდა. ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება შრომის კოდექსის 32.1 მუხლზე (დღეს მოქმედი რედაქციის 42.1 მუხლი), რომლის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად შესაძლოა განხილული იქნეს იმგვარი ვითარება, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი მოვალეოებების შესრულების საშუალებას არ აძლევს. კანონმდებლობით დამსაქმებელს გარანტირებული აქვს უფლება მოითხოვოს ის ანაზღაურება, რომელსაც ის მიიღებდა, რომ არა დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედება. ...ოს საბჭოს 10.10.2015წ. სხდომის №., ოქმზე მითითებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის ფორმირებული სააგენტოს ამოქმედებისთვის აუცილებელი სტრუქტურული ერთეულები, მათი ფორმირებისთვის სააგენტოს უფროსს მიეცა ერთი თვის ვადა, არ არის დამტკიცებული სააგენტოს საშტატო ნუსხა, ასეთი სტურქტურული ერთეულების ფორმირებამდე სააგენტო ვერ შეუდგება ფუნქციონირებას, ამასთან, ამ დრომდე სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება, როგორც კასატორის მიერ ფუნქციების შესრულება, ასევე დამსაქმებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად სააგენტოს ფუნქციებს საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებდა. ხსენებულ ნორმაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფუნქციების შესრულების 1 თვიანი ვადით შემზღუდავი დებულება („მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა“), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერდა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ განაცდურის ანაზღაურება ის სამართლებრივი შედეგია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. განაცდურის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს უმართლობა, რასაც ადგილი არ აქვს, საქმიანობა შეჩერებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საკასაციო საჩივარში ასახული დასაბუთება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ერთი მხრივ კასატორი მოითხოვს იძულებითი მოცდენის გამო შრომის ანაზღაურებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 2.1 მუხლი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს, რომ ის მის კომპეტენეციაში არსებულ ყველა საკითხს ასრულებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით ამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას ამავე კოდექსის 32-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლი) წარმოადგენს. მოთხოვნის წარმატებას განაპირობებს არა მხოლოდ დამსაქმებლის არამართლზომიერი ნება, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის მტკიცების ტვირთს შეადგენს ისიც, რომ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობის პერიოდში დასაქმებული მზად იყო და ობიექტურად შეეძლო შეესრულებინა სამუშაო, ხოლო იძულებითი მოცდენა განპირობებული იყო მხოლოდ დამსაქმებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ვერც ერთი შემთხვევის დასაბუთება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად დასაბუთებას მოკლებულია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შეჩერებული არ იყო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში დამატებული ამ კანონის 473.21 მუხლის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტები. კასატორის მოსაზრებით ამ ნორმების მოქმედება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას გულისხმობდა, რასაც ასრულებდა კიდეც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 12.10.2015წ. საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს დებულება დამტკიცდა, ჯერ არ არის დამტკიცებული სააგენტოს საშტატო ნუსხა. ამდენად, ვერ იქნებიან დანიშნული თანამშრომლები და, შესაბამისად, არ არის ფორმირებული სტრუქტურული ერთეულები. სადავო ნორმების შეჩერება კი შეაჩერებს ამ პროცესს გადაწყვეტილების მიღებამდე, შედეგად, ზედამხედველობის სააგენტო ვერ შეუდგება ფუნქციონირებას, ამდენად, მისი ფუნქციები გარკვეული დროის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა ეროვნულ ბანკს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 473 მუხლის 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 22-ე პუნქტის, 474 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ეროვნული ბანკი აგრძელებდა საქმიანობას, როგორც ამას სადავო ნორმების მიღებამდე აკეთებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ სასამართლო სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად ცნობს, კვლავ ეროვნული ბანკი იქნება ამ ფუნქციის განმახორციელებლი, ხოლო თუ კონსტიტუციურად ცნობს - უფლებამოსილება გადავა სააგენტოზე, როგორც ეს ნორმების შეჩერების გარეშეც უნდა მომხდარიყო, ოღონდაც იმ რისკების გარეშე, რომ სააგენტოს ნებისმიერი აქტივობა/საქმიანობა პერსპექტივაში ჩაითვლება კონსტიტუციური საფუძვლის არმქონე და, შესაბამისად, სადავო. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 03.09.2015წ. №4188-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ეროვნული ბანკის მიერ სააგენტოს საქმიანობის განხორციელებას შესაძლებლად მიიჩნევს დებულების დამტკიცებიდან მხოლოდ ერთი თვის ვადაში. დებულება 10.10.2015წ. დამტკიცდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმების შეჩერება გულისხმობდა სააგენტოს ამოქმედების შეუძლებლობას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 473 მუხლის 21-ე პუნქტის მხოლოდ „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება არ ადასტურებს სააგენტოს საბჭოს ფუნქციონირებას, ვინაიდან დანარჩენი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბჭოს უფლებამოსილებანი უკავშირდებოდა სააგენტოს საქმიანობას, რომელიც შეჩერებული იყო, რაც შეეხება „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საბჭოსათვის მინიჭებულ საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების პოლიტიკის შემუშავებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერების შედეგად აღნიშნული კვლავ რჩებოდა ეროვნული ბანკის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროდ. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგულირების მთავარი არსი არის შეზღუდვების დაწესება, რაც უმეტეს შემთხვევაში თავისთავად აჩენს შეზღუდვის შედეგად უკმაყოფილო მხარეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ პირებს/სუბიექტებს მიეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ იდავონ სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმ მოტივით, რომ სააგენტოს არსებობა/საქმიანობა არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, ეს ობიექტურად წარმოშობს ათასობით დავას. მხარეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ედავონ სახელმწიფოს არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ეს პროცესები რეალურად შეიძლება გამოუსწორებლად სავალალო იყოს, რადგან სავარაუდო ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა ობიექტურად შეუძლებელი იყოს ამ მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული არ ყოფილა კასატორის მიერ მითითებული ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 473 მუხლის 21-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 22-ე პუნქტის, 474 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერება, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 03.09.2015წ. №4188-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების შეჩერება („...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“) გამორიცხავდა სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებას და ამ პერიოდის განმავლობაში ამ უფლებამოსილებებს ახორციელებდა საქართველოს ეროვნული ბანკი.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება 10.10.2015წ. სხდომაზე (ოქმი ͏№.,) სააგენტოს საბჭოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 12.10.2015წ. გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, 10.10.2015წ. სააგენტოს საბჭოს მიერ სხდომის გამართვის დროისათვის მიღებული არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, თუმცა ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ სარჩელი აღძრული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში (22.09.2015წ.), აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესახებ ცნობილი იყო სააგენტოს საბჭოსათვის, რასაც ადასტურებს 10.10.2015წ. ოქმში ასახული ინფორმაცია (ოქმი №.,), ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ამ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოების დადგენა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას არ ქმნის, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას არ განაპირობებს ასევე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პარლამენტს რეაგირება არ მოუხდენია ხელფასის ანაზღაურების თაობაზე სააგენტოს საბჭოს წევრების 30.11.2015წ. წერილზე. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერების შემდგომ სააგენტოს უფლებამოსილებას ახორციელებდა საქართველოს ეროვნული ბანკი და ამ ნორმების შეჩერება მათი შინაარსისა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით გამორიცხავდა ს.ტ-ის, როგორც საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ დაადგინა მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების სარგო 6500 ლარის ოდენობით. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მე-10 მუხლი ადგენდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სარგოს ოდენობას განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო სააგენტოს საბჭოს წევრის სარგოს ოდენობას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ს.ტ-ისათვის, როგორც სააგენტოს საბჭოს წევრისათვის, სარგოს ოდენობის განსაზღვრა, სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების შეჩერების გამო. ამდენად, არ დასტურდება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 473.20 მუხლი (ნორმის 03.09.2015წ. მოქმედი რედაქცია) სააგენტოს საბჭოს წევრის შეზღუდვის - საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობის აკრძალვის შესახებ. ამავე კანონის 473.12 მუხლის (03.09.2015წ. მოქმედი რედაქცია) „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტით ყოველ პირს ენიჭება შრომითი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება, თუმცა დასაშვებია ამ უფლების განხორციელების დროს გარკვეული შეზღუდვის დაწესება („ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“). აღნიშნული აკრძალვა განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან მოცემული დავის საგანი ეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სარჩელში, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ს.ტ-ი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ...ოს საბჭოში დასაქმების შედეგად მისაღები/მიუღებელი სარგოს ანაზღაურების საჭიროებასა და ოდენობის გაანგარიშების წესზე, რის საფუძვლადაც უთითებს შრომის კოდექსისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამის ნორმებზე. კასატორს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურება, ს.ტ-ი თავისი მოთხოვნების მართლზომიერებას არ ასაბუთებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის დამფუძნებელი ნორმებით. მართალია ს.ტ-ი აღნიშნავს, რომ იგი ...ში დანიშვნამდე დასაქმებული იყო ... ... პოზიციებზე, თუმცა არ უთითებს აღნიშნულიდან გამომდინარე დამდგარ ზიანზე, მისი წარმოშობის დამადასტურებელ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, ზიანის კონკრეტულ ოდენობასა და ანაზღაურების საფუძვლებზე. ს.ტ-ის სასარჩელო მოთხოვნას ერთმნიშვნელოვნად შეადგენს ...ოსთან არსებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე კუთვნილი სარგოს და არა ზიანის - კერძო სექტორში დასაქმების შეუძლებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნები არ არის იდენტური, ეფუძნება განსხვავებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამო განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სარგოს ანაზღაურების მოთხოვნას, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებები აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოებების დადასტურება მოწმეთა ჩვენებებით არარელევანტურია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერების შედეგად საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია დარჩა ეროვნული ბანკის ექსკლუზიურ კომპეტენციათა რიგს განეკუთვნებოდა, რაც გამორიცხავდა ეროვნული ბანკის კონსტიტუციური კომპეტენციების განმახორციელებელი პარალელური ორგანოს - ...ოს საბჭოს საქმიანობას. დადგენილია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების პერიოდში სააგენტოს ფუნქციები უნდა შეესრულებინა ეროვნულ ბანკს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა გამორიცხავდა ს.ტ-ის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები მის მიერ კანონით დადგენილი ყველა ვალდებულების შესრულების თაობაზე, რომელიც მისი მოსაზრებით მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდება, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს.ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ს.ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2019წ. განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს.ტ-ის სააპელაციო საჩივარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
მ. ვაჩაძე