№ბს-966(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 აგვისტოს გ. ქ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივლისის №MIA 6 1801686272 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელე - გ. ქ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ) გამოცემის დავალება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მოსარჩელე გ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის, მისი დათხოვნის დღიდან (2018 წლის 14 ივლისიდან) თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივლისის №MIA 61801686272 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე გ. ქ-ითან მიმართებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან, სადავო გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის თანახმად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებულად პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და სამინისტროს ავტორიტეტზე, რაც პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა.
კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებებსა და პრაქტიკაზე სახელმწიფო სამსახურის, მათ შორის, საქართველოს შსს სამსახურების მიმართ დისციპლინისა და ქცევის მაღალი სტანდარტების შესახებ.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს მოსამსახურემ გ. ქ-იმა ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს).
კასატორის მითითებით, პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ბუნებრივია, ხორციელდება მისი შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურისათვის — პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც შესაძლებელია, საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.
ამავე კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2018 წლის 14 ივლისს დამტკიცებული (№MIA 6 18 01686119) იქნა ამავე სამინისტროს მოსამსახურე გ. ქ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა.
მითითებული დასკვნის თანახმად, 2018 წლის 12 ივლისს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე, შევიდა ადვოკატ ა. კ-ეის №1660776 შეტყობინება, რომლის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქე კ. კ-ეს შს სამინისტროს მოსამსახურეებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანებები და დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. აღნიშნული ფაქტი გაშუქდა მედიის მიერ, გავრცელდა სოციალური ქსელით და გახდა განსჯის საგანი საზოგადოებაში. გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივლისს, მოქალაქე კ. კ-ე იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან ბინაში მივიდა ორი მისთვის უცნობი პოლიციელი, რომლებმაც იკითხეს კ. კ-ეის მამა ა. კ-ე, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ. კ. კ-ემ აღნიშნული გარემოება განუმარტა პოლიციელებს, მათ შეადგინეს შესაბამისი ოქმი და ამ თემაზე განაგრძეს საუბარი, რაც გადაიზარდა კონფლიქტში და კ. კ-ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მიერ, სამინისტროს დანაყოფებში დაიწყო გარკვევა იყო თუ არა შს სამინისტროს რომელიმე მოსამსახურე მისული მოქალაქე კ. კ-ეის საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, გენერალური ინსპექციის და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კონტროლის კამერების ჩანაწერების შესწავლა. საკითხის გარკვევაში სრულად იყო ჩართული ...ის სამმართველო, სადაც 2018 წლის 11 ივლისს 21:32 საათზე შესული იყო მოქალაქე კ. კ-ეის შეტყობინება პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დადგენილია, რომ კო. კ-ე ცხოვრობს აღნიშნულ პოლიციელთა სამოქმედო ტერიტორიაზე. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა 2018 წლის 13 ივლისის 18:00 საათამდე ...ში თითქოსდა ვერ დადგინდა იყვნენ თუ არა მათი თანამშრომლები მისული აღნიშნულ მისამართზე.
ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, გაირკვა, რომ 2018 წლის 9–10 ივლისს ...ში ჩატარდა ოპერატიული თათბირი, რა დროსაც დაისახა გეგმა, რომლის საფუძველზეც უნდა ემოქმედა უბნის ინსპექტორების განყოფილებას. გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო ...ს სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ძებნილ პირთა საცხოვრებელ მისამართებზე მისვლა და შესაბამისი ოქმების შედგენა.
2018 წლის 9 ივლისს, შს სამინისტროს მოსამსახურეების მათ შორის გ. ქ-ის მიერ შედგენილ იქნა ძებნილი ა. კ-ეის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმების და ამ უკანასკნელის შვილთან კ. კ-ესთან გასაუბრების ოქმი. გ. ქ-იმა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა აღნიშნული საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი, ასევე ხელმძღვანელობის მაღალი ინტერესი, გაერკვიათ თუ ვინ იყვნენ კ. კ-ეის საცხოვრებელ მისამართზე მისული (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკომუნიკაციო საშუალება „Viber”-ის მეშვეობით ხელმძღვანელობის მხრიდან ჩაშლილი იყო მოთხოვნა გაერკვიათ თუ ვინ იყო მისული კ. კ-ეის საცხოვრებელ მისამართზე), 2018 წლის 13 ივლისის 18:00 საათამდე თითქოსდა ვერ გაარკვია, რომ აღნიშნული ფაქტი ეხებოდა მისი დანაყოფის საქმიანობას, დამალა მომხდარი და დაუყოვნებლივ არ აცნობა ხელმძღვანელობას.
სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული გ. ქ-ის განმარტებით, მან ვერ დაუკავშირა კ. კ-ესთან ბინაზე მისვლის და გასაუბრების ფაქტი მასმედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და მათი ხელმძღვანელობის მოთხოვნას, დაედგინათ ვინ მივიდა კ. კ-ეის სახლში.
სამსახურებრივი შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შს სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის გ. ქ-ი, მას შემდეგ, რაც დატოვეს კ. კ-ეის ბინა, გადავიდნენ იმავე კორპუსის I სადარბაზოში, სადაც №2 ბინაში მათი ინფორმაციით ცხოვრობდა ძებნილი ზ. ფ-ეის მამა ა. მ-ი. აღნიშნულ მისამართზე მათ კარი არ გაუღეს, მხოლოდ დახურული კარიდან გაესაუბრათ მცირეწლოვანი, რომლის განმარტებითაც ის გვარად იყო გ-ი, ხოლო მ-ები აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით მათ დააკაკუნეს მეზობელ №1 ბინის კარზე, სადაც დახვდათ მოქალაქე მ. გ-ე, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მ-ები აღარ ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, ვინაიდან რამოდენიმე თვის წინ გაყიდეს ბინა. მისივე განმარტებით ამჟამად აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა თ. გ-ი. ამის შემდეგ გ. ქ-იმა შეადგინა ოქმი, სადაც მიუთითა ცრუ ინფორმაცია, თითქოს №2 ბინის მისამართზე მათ დახვდათ თ. გ-ი, რომელმაც განმარტა, რომ ბინა იყიდა რამდენიმე თვის წინ, ამჟამად მ-ები აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდნენ და მათი მისამართი ან/და საკონტაქტო ინფორმაცია არ გააჩნდა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს გ. ქ-ი და მოქალაქე მ. გ-ე, ხოლო მოქალაქე თ. გ-ის ხელის მოწერა არ ფიქსირდება, ვინაიდან ოქმი შედგენილია თ. გ-ის მეზობელთან მ. გ-ესთან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო შინაარსში მითითებულია, თითქოსდა გასაუბრება მოხდა თ. გ-ითან. აღნიშნული ოქმი შემდგომ დამაგრებულ იქნა ზ. ფ-ეის სამძებრო საქმეზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში 2018 წლის 14 ივლისს გ. ქ-ის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების თანახმად, გ. ქ-ი 2018 წლის 11 ივლისს თანამშრომელთან ერთად, დაახლოებით 13:00 საათზე იმყოფებოდა ქ. თბილისში ...ის მე-... მ/რ, კორპ №..., ბინა №...-ში, სადაც ცხოვრობდა მათ მიერ ძებნილი ა. კ-ეის ოჯახი. ბინის კარებზე ზარის მიცემის შემდგომ მათ კარი გაუღო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ჰკითხეს გვარი, რაზედაც ახალგაზრდამ უპასუხა, რომ იყო კ. კ-ე და მიიწვია სახლში. მათ კ. კ-ეს განუმარტეს, რომ სახლში მისვლის მიზეზი იყო აღნიშნულ მისამართზე წარსულში მცხოვრები ა. კ-ეის ამჟამად ძებნილობის სტატუსი, რის შესახებაც უნდა შეედგინათ ოქმი, რაზედაც ახალგაზრდმა განუცხადათ, რომ ა. კ-ე იყო მამამისი და არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა ოქმის შედგენის მიმართ. ოქმის დასრულების შემდეგ კ. კ-ემ წაიკითხა ოქმის შინაარსი და დაადასტურა თავისი ხელმოწერით, რის შემდეგაც დაემშვიდობნენ ერთმანეთს და წამოვიდნენ. გ. ქ-ი აღნიშნავს,რომ იმ პერიოდში, რაც ისინი იმყოფებოდნენ კ-ეის ბინაში, ადგილი არ ჰქონია არანაირ კონფლიქტს, უთანხმოებას, შელაპარაკებას თუ შეურაცხყოფას, ურთიერთობა მიმდინარეობდა მშვიდად, ზრდილობიან ფორმებში და საერთოდ კ. კ-ეს არანაირი წინააღმდეგობა ან პრეტენზია არ განუცხადებია მათ ვიზიტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ბინაში მათ დაჰყვეს 5-10 წუთი, რის შემდგომ გამოვიდნენ და გაემართნენ შემდგომი ძებნილის ბინაში, რომელიც მდებარეობს იმავე კორპუსში პირველ სადარბაზოს №1 ბინაში. აღნიშნულ ბინაში უნდა ეცხოვრა ძებნილი ზ. ფ-ეის მამას ა. მ-ს, ზ. ფ-ეეს გვარი აქვს შეცვლილი, იგი ადრე იწოდებოდა მ-ად, რის გამოც ისინი ესაუბრნენ №1 ბინაში მცხოვრებ მ. გ-ეს და თხოვეს მას მიეწოდებინა ინფორმაცია მე-2 ბინაში მცხოვრები მ-ების შესახებ, რაზეც მან თანხმობა განაცხდა და შეუშვა ბინაში. სადაც ასევე იმყოფებოდნენ 5-10 წუთი, რის შემდგომაც წავიდნენ სხვა მისამართებზე. ახსნა-განმარტებაში გ. ქ-ი მიუთითებს, რომ 13 ივლისს სამსახურში ყოფნისას მას დაუკავშირდა ყოფილი თანამშრომელი და უთხრა, რომ ,,ფეისბუქში“ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ...ში მე-... მიკრორაიონში მცხოვრები კანონიერი ქურდის ,,...ს“ ოჯახში პოლიციელებსა და ოჯახის წევრებს შორის მომხდარა კონფლიქტი. აღნიშნულით ის დაინტერესდა, რამეთუ 11 ივლისს თავად იყო კ-ეეების ბინაში, რის შემდეგადაც უფროსთან უყურა საინფორმაციოს, სადაც ნათქვამი იყო, რომ კ. კ-ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა, რის საფუძველზეც იგი მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ უსაფუძვლო ცილისწამებას, რის შესახებაც დაუყონებლივ განუცხადა განყოფილების უფროსს. გ. ქ-იმა ასევე მიუთითა, რომ 11 ივლისიდან 13 ივლისამდე, მისთვის არავის, მათ შორის არც კოლეგებს, არც ხელმძღვანელობას არ უკითხავთ იმყოფებოდა თუ არა ის და მისი თანამშრომელი კ-ეეების ბინაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში 2018 წლის 14 ივლისს გ. ქ-ის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების თანახმად, ის ეთანხმება ინსპექციისათვის უკვე გაკეთებულ ახსნა-განმარტებას და დამატებით მიუთითებს, რომ 2018 წლის 11 ივლისს ქ. თბილისში ...ის მე-... მ/რ, კორპ №..., ბინა №...-ში ყოფნის შემდგომ ის გადავიდა იმავე კორპუსში პირველ სადარბაზოში მდებარე ბინა №2-ში, ვინაიდან აღნიშნული მისამართზე ცხოვრობდა ძებნილი ზ. ფ-ეის მამა ა. მ-ი. აღნიშნულ ბინაზე დაკაკუნებისას შიგნიდან უპასუხა პატარა გოგონამ, რომელმაც კარი არ გაუღო, ვინაიდან მიხვდა, რომ იყო არასრულწლოვანი არც მოუთხოვია მისგან კარების გაღება. გოგონასთან ზეპირსიტყვიერი გასაუბრებით გაიგეს, რომ იგი იყო გ-ი და მის ოჯახში მ-ები არ ცხოვრობდნენ, ამის შემდეგ მათ დააკაკუნეს ბინა №1-ში, სადაც დახვდათ საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა მ. გ-ე. მან განუმარტა, რომ ბინა №2-ში ნამდვილად ცხოვრობდა მ-ების ოჯახი, თუმცა მათ ბინა გაყიდეს რამოდენიმე თვის წინ. მანვე მიუთითა, რომ მის რეაგირების ოქმში, სადაც დაფიქსირებული აქვს, რომ ბინა №2-ში დახვდა თ. გ-ი, რომელმაც განმარტა, რომ ბინა შეიძინა 4-5 თვის წინ არ შეესაბამება სიმართლეს და შესაბამისად მის ოქმზე ამიტომაც არის მხოლოდ მ. გ-ეის ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო „დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 ივლისის №MIA 6 1801686272 ბრძანებას საფუძვლად დაედო - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: „ბ“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ ქვეპუნქტი (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ ქვეპუნქტი (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების შესაბამისად, საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში... პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის №ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილება).
თუმცა, საკასაციო სასამართლო ხასგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციელისათვის ქცევისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, არ გულისხმობს პოლიციელის მიმართ, დისციპლინური დევნის განხორციელების პირობებში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებისა და სახდელის გამოყენების შესაძლებლობას, არამედ პირიქით, პოლიციის მუშაკის მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში, მის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელებისა და სახდელის შეფარდებისას, ასევე აუციელებლია დასაბუთებულობისა და სიცხადის მაღალი სტანდარტდებით დაცვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ. ქ-ის მიმართ გამოყენებულ სახდელის ზომას - სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო, მის მიერ, შემოწმებისას შედგენილი ოქმის სიმცდარე და სამსახურში შიდა მოკვლევისას ინფორმაციის დამალვა/არასწორი ინფორმაციის წარდგენა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკციებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით, ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ დასტურდება გ. ქ-ის მიერ გასვლითი შემოწმების ადგილას შედგენილი ოქმის უზუსტობა. ამავდროულად, მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, მოსარჩელის მიერ ინფორმაციის დამალვის შესახებ, გ. ქ-ის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების პირობებში, რომ მისთვის უცნობი იყო მომხდარი ფაქტების გახმაურებული ამბების შესახებ, ხოლო, 2018 წლის 11 ივლისიდან - 13 ივლისამდე პერიოდში არავის, მათ შორის არც კოლეგებს, არც ხელმძღვანელობას მისთვის არ უკითხავთ იმყოფებოდა თუ არა ის და მისი თანამშრომელი კ-ეეების ბინაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის №ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა (იგივე სახის სახდელებია განსაზღვრული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლით).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, მოპასუხემ უნდა დაადგინოს და შეაფასოს, სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათ საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძვლების არსებობისა და ასეთი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გამოსაყენებელი თანაზომიერი დისციპლინური სახდელის სახის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა