№ბს-460(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ხ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 აგვისტოს ლ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის ლ. ხ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიისათვის საკონკურსო კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ლ. ხ-ეის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხელახლა მჯელობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ლ. ხ-ეისათვის სწავლის საფასურის (3100 ევროს) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (10000 ევროს) დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმი ლ. ხ-ეის ნაწილში და მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.
მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; ...; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ განაცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
დანართი შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+ დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (10 კომისიის წევრი), განისაზღვრა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.
სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით განაცხადი გადაგზავნილი ჰქონდა 208 კონკურსანტს, მათ შორის ლ. ხ-ეს (ბელგია, ...ის თავისუფალი უნივერსიტეტი, ...).
მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული №2 დანართი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში); 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?); 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 12 ივლისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენის და დაფინანსების გამოყოფის საკითხი.
კომისიის მითითებული სხდომის ოქმის (ოქმი №8) თანახმად, რომ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კომისიამ მესამე - გასაუბრების ეტაპზე მოიწვია: აგრარული მეცნიერებანი - 8 კონკურსანტი; განათლება - 9 კონკურსანტი; ინჟინერია - 6 კონკურსანტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - 2 კონკურსანტი; ... - 25 კონკურსანტი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 13 კონკურსანტი; სამართალი - 20 კონკურსანტი; არქიტექტურა - 9 კონკურსანტი; საჯარო მმართველობა - 7 კონკურსანტი; მენეჯმენტი - 10 კონკურსანტი
ამასთან, ვინაიდან კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად ითხოვდა გაცილებით დიდი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად ესაჭიროებოდა სტუდენტური ცხოვრებისათვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის გაზიარება და ყოველი ქვეყნისათვის საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობის დადგენა. კერძოდ, დადგინდა სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად ელ. განაცხადში მითითებული ყოველი ქვეყნისთვის შემდეგი ზღვრული ოდენობა (კონკურსანტების მიერ მოთხოვნილი ვალუტის გათვალისწინებით): უნგრეთი - 8000 ევრო, ესტონეთი - 8000 ევრო; საფრანგეთი - 10000 ევრო, დანია - 8000 ევრო, აშშ - 12000 აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი - 10000 გირვანქა სტერლინგი, ესპანეთი - 8000 ევრო, ჩეხეთი - 8000 ევრო, კანადა - 15500 კანადური დოლარი, გერმანია - 8000 ევრო, შვედეთი - 9000 შვედური კრონა, ნორვეგია - 80000 ნორვეგიული კრონა, იტალია - 10000 ევრო, ნიდერლანდები - 8000 ევრო.
ამავე სხდომაზე სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში გამარჯვებულებად გამოვლინდნენ რეიტინგით საუკეთესო შედეგების მქონე კონკურსანტები, მიმართულებების მიხედვით: აგრარული მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 6 კონკურსანტი; განათლება - საუკეთესო შედეგის მქონე 6 კონკურსანტი; ინჟინერია - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 2 კონკურსანტი; ... - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი; არქიტექტურა - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; საჯარო მმართველობა - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის დანართის შესაბამისად, ლ. ხ-ეის შეფასება შეადგენდა 66 ქულას და სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში იგი რეიტინგით მე-17 ადგილზე იყო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ ეცნობა ლ. ხ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ. ხ-ე მონაწილებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის სასტიპენდიო კონკურსში. კონკურსის მე-2 ეტაპზე ლ. ხ-ემ მიიღო - 34,7 ქულა, ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) 31,3 ქულა. ამასთან, გასაუბრების ეტაპზე (მე-3 ეტაპი) მოსარჩელემ შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, კერძოდ, თითოეულ კრიტერიუმში საშუალო ქულა მერყეობდა 3-დან 3,5 ქულის ჩათვლით, გარდა ბოლო კრიტერიუმისა (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები), რაშიც მოსარჩელე შეფასდა 6 ქულით. ჯამში ლ. ხ-ეის შეფასებამ შეადგინა - 66 ქულა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში იგი რეიტინგით მე-17 ადგილზე იყო. შედეგად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ლ. ხ-ეს აცნობა, რომ მან ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის №21-17 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. ამავე ბრძანების თანახმად, საკონკურსო კომისია: ა) კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების კრიტერიუმებსა და ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე, მათ შორის კვოტებისა და ქულობრივი ზღვრის დადგენის შესახებ, ასევე უფლებამოსილია კონკურსანტისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა; გ) გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით განიხილავს და აფასებს კონკურსანტის საკონკურსო ელექტრონულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილს; დ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საკონკურსო კომისია კონკურსანტის შეფასებას და შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენას ახორციელებდა ამავე კომისიის მიერ კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადაოდ ხდის სწორედ აპელანტის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებას. კერძოდ, მიუთითებს, რომ კონკურსის მე-3 ეტაპზე, მასთან ჩატარებული გასაუბრება არ შეესაბამებოდა დადგენილ წესს და შესაბამისად, კომისიამ არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (საქმე №ბს-1284(-18)), რომლის მიხედვითაც ,,ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან და არა თავად განუსაზღვროს ორგანოს რამდენიმე ალტერნატიული ღონისძიებიდან რომელი უნდა გამოიყენოს. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით''.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, თუმცა გასაუბრების ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ გასაუბრების მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი გასაუბრების ამსახველი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გასაუბრების პროცესის ანალიზის, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცემული აქტი იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვება გამოირიცხოს. სადავო აქტი კი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესები ლ. ხ-ეისთვის, ისევე როგორც თითოეული დაინტერესებული პირისთვის, წინასწარ იყო ცნობილი.
კასატორი მიუთითებს კონკურსის ეტაპებზე, კონკურსანტთა შეფასების წესსა და კრიტერიუმებზე და აღნიშნავს, რომ სასტიპენდიო პროგრამა არ ითვალისწინებს კომისიის ცალკეული წევრების მიერ მინიჭებული ქულების დასაბუთებას, კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება კონკურსის თითოეულ ეტაპზე ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად, წინასწარ დადგენილი შეფასების ფორმების შესაბამისად და განსაზღვრული ქულობრივი სპექტრის ფარგლებში მინიჭებული ქულების ჯამიდან მიღებულ საშუალო ქულას, რაც უზრუნველყოფს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. საონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს. გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე.
კასატორი ასევე, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საკონკურსო საქმიანობის მარეგულირებელი არცერთი აქტი არ ადგენს საკონკურსო პროცედურის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერის და საკონკურსო კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვების კომისიის სხდომის ოქმში გაწერის ვალდებულებას. რაც ასევე წარმოადგენს მსოფლიოში სასტიპენდიო პროგრამებში დამკვირებულ პრაქტიკას.
კასატორის მითთებით, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს მინიჭებული ქულისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასმული შეკითხვების მიზანშეწონილობის დადგენა. კანონმდებლობით მოწესრიგდა საკონკურსო კომისიის შექმნის საკითხი, ხოლო გადაწყვეტილების მიღება სწორედ კომისიას აქვს მინდობილი. შეფასება ეფუძნება კომისიის წევრთა პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენასა და პირად აღქმას. სასამართლო, უფლებამოსილია შეამოწმოს დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება, თუმცა არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლოს კონტროლის ფარგლებს (იხ. საქმე №37-37(კ-18), 13.02.2018წ.).
კასატორი მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ესთან მიმართებით კომისიამ გამოიკვლია ყველა საკითხი, დადგენილი წესით შეაფასა განაცხადი და გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს დავის საგანს მოსარჩელე - ლ. ხ-ეის მიმართ სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მე-3 ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, რომლის №1 დანართის მე-2 პუნქტის „გ“ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სოციალური ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ, პირი, რომელიც: 1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხს; 2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; 3. სწავლობენ უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა 2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები და მათ შორის იყო სოციალური მეცნიერებები.
ამავე დანართით ასევე განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომელიც მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
მოსარჩელე ლ. ხ-ე მონაწილეობას იღებდა ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და კონკურსში მონაწილეობის მიზნით, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ელექტრონულ მისამართზე წარდგენილი ჰქონდა ელექტრონული განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადალახა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი, რაც გულისხმობდა როგორც ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ასევე, ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია; 2. მიმართულების/დარგის ცოდნა; 3. გამოცდილება; 4. საზოგადოებრივი ხედვა; 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები.
კომისიის წევრებმა განახორციელეს ლ. ხ-ესთან გასაუბრება და იგი შეაფასეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, შეფასების თითოეულ კრიტერიუმში კონკრეტული ქულით. შესაბამისად, ლ. ხ-ე შეფასდა შემდეგ კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ კონკურსის მე-2 ეტაპზე ლ. ხ-ემ მიიღო - 34,7 ქულა, ხოლო მე-3 ეტაპზე (გასაუბრება) 31,3 ქულა. ამასთან, გასაუბრების ეტაპზე (მე-3 ეტაპი) მოსარჩელემ შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, კერძოდ, თითოეულ კრიტერიუმში საშუალო ქულა მერყეობდა 3-დან 3,5 ქულის ჩათვლით, გარდა ბოლო კრიტერიუმისა (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები), რაშიც მოსარჩელე შეფასდა 6 ქულით. ჯამში ლ. ხ-ეის შეფასებამ შეადგინა - 66 ქულა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში იგი რეიტინგით მე-17 ადგილზე იყო. შედეგად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ლ. ხ-ეს აცნობა, რომ მან ვერ გადალახა სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი გასაუბრების ამსახველი მტკიცებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ შეიცავს ინფორმაციას მოსარჩელე ლ. ხ-ესთან ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ. არ ირკვევა დასმული შეკითხვებისა და გაცემული პასუხების შინაარსი თუ ფორმულირება, რის გამოც გაურკვეველია მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების შეფასების საფუძვლები, დასმული კითხვების შემხებლობა შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.02.2022წ. №ბს-914(კ-20) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს 13.02.2018წ. №ბს-37-37(კ-18) განჩინების მითითება არ არის რელევანტური. მართალია აღნიშნული განჩინების მიხედვით კომისიის თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს მ. მ-ესთან ჩატარებული გასაუბრებისა და მისთვის კონკრეტული შეფასების მინიჭების მართლზომიერება და არა მიზანშეწონილობა. სააპელაციო პალატამ თავადვე მიუთითა, რომ იგი არ არის კომისიის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის გადამოწმებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს კომისიის მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლიდან სრულ გამორიცხვას. ამდენად, სუსგ 13.02.2018წ. №ბს-37-37(კ-18) განჩინებაზე მითითება არ ადასტურებს დივერგენციას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებდა შეფასების თავისუფალი სივრცის ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, თუმცა შემფასებლის მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია, შემფასებლის უფლებამოსილება შებოჭილია სქემაში მოცემული კრიტერიუმებით, სქემაში მოცემული ცნებებისათვის იმანენტურია სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. სასამართლო იცავს რა შეფასების თავისუფალ სივრცეს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა (სუსგ 24.12.2021წ. №ბს-590(კ-20)). კონკურსის ჩატარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. კონკურსის შედეგად პირის შეფასება არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღების მოთხოვნა“.
ამავე განჩინებით განიმარტა, რომ „კომისიის წევრების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებთან მიმართებით ქულების ინდივიდუალურად დაწერა, არ ქმნის გასაუბრების ეტაპის ობიექტურად ჩატარებულად მიჩნევის საკმარის საფუძველს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეძლოს კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილების მართლზომიერება და თითოეული კონკურსანტისათვის უპირატესობის მინიჭება (სუსგ 05.10.2017წ. №ბს-365-362(კ-17)), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, მართალია ზოგადად არ გამოირიცხება ერთ კითხვაზე მიღებული პასუხით კონკურსანტის რამდენიმე კრიტერიუმით შეფასების შესაძლებლობა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც გაურკევევლია დასმული კითხვისა და მიღებული პასუხის ფორმულირებები, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ 5 კითხვით ცენტრმა შეძლო მ. მაისურაძის შეფასება შვიდ კრიტერიუმში, რომელთაგან ზოგიერთი კრიტერიუმი თავის თავში ერთ კითხვაზე მეტს აერთიანებდა, ასევე შეუძლებელია იმის დადგენა დასმული კითხვები რამდენად იყო შემხებლობაში გასაუბრების შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან. ის, რომ გასაუბრების მიმდინარეობის დეტალური აღწერის შემცველი ოქმი სხვა კონკურსის ფარგლებშიც არ დგება, არ ადასტურებს სადავო აქტის კანონიერებას და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უსწორობას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრაქტიკა არ არის სასამართლოს განმარტებების სისწორის შეფასებისას განმსაზღვრელი“.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა