Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1187(კს-21) 7 აპრილი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „ო...ი“

მოსარჩელე - შპს „...ი“

მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - განცხადების განუხილველად დატოვება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2020 წლის 10 მარტს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით და „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 სექტემბრის №01-06 663 ბრძანების მოქმედების შეჩერება და შპს „ო...ისთვის“ მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების (განშლის) რეგისტრაციის აკრძალვა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინება და შეჩერდა „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 სექტემბრის №01-06 663 ბრძანების მოქმედება, რომლითაც განხორციელდა შპს „ო...-ის“ არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები და გაიზარდა კ-2 კოეფიციენტი, ასევე, შპს „ო...ს“ აეკრძალა, მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე (ს/კ №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მე-10-დან მე-12 სართულის ჩათვლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება შპს „ო...ი“.
შპს „ო...მა“ 2021 წლის 11 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სარჩელის შეტანისა და ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ (რომელსაც თავის დროზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, რომ კ-2 კოეფიციენტი არის გაზრდილი) არსებითად შეიცვალა მდგომარეობა მიწის ფართთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა ახალი გარემოებას. მეორე გარემოება, რასაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, იყო ის, რომ სასტუმროს - „ზ...ის“ დაზიანება შეუძლებელია შპს „ო...ის“ მიერ მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით ყოფილიყო გამოწვეული, რადგან მათ ჩაატარეს ქობულეთში, ...ოს №46-ში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის შეფასება მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე, რაც გამორიცხავდა სასტუმროს დაზიანებას. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სხვა დარღვევებზე მოთხოვნის უფლება შპს „...ს“ არ აქვს, ვინაიდან დარღვევა ეხება საზოგადოებრივ გზას. უზრუნველყოფის ღონისძიებით კი, ზიანი ადგება შპს „ო...ს“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „ო...ის“ შუამდგომლობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს „ო...ის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი განმცხადებელს დაევალა შემდეგი გარემოებების მითითება: 1. შეტანილია თუ არა განცხადება ერთთვიანი ვადის დაცვით იმ დღიდან, როცა განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა იმ საფუძვლის შესახებ, რაც გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო; 2. განცხადებას დაურთოს მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადასტურდება, რომ განცხადება შეტანილია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში; 3. გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. განმცხადებელს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
შპს „ო...ის“ წარმომადგენელმა 2021 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, სადაც განმცხდებელი მიუთითებს, რომ ქონება გაერთიანდა 2020 წლის 24 ივნისს, განჩინება გამოიცა 2020 წლის 16 სექტემბერს, ხოლო იგი დავაში მესამე პირად ჩაება 2021 წლის 21 მარტს, რომელიც ჩაბარდა 2021 წლის 9 აპრილს. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ზიანი, რის დასადასტურებლადაც წარდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თავის დროზე სასამართლო დაეყრდნო, არის დარღვევევით შედგენილი, რაც მას შემდეგ წარმოიშვა, როცა იგი დავაში მესამე პირად ჩაება. შუამდგომლობა შეტანილი აქვს ამ გარემოების გაგებიდან 1 თვის ვადაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, საქმისწარმოების განახლებას სჭირდება შესაბამისი წანამძღვრების არსებობა. მხოლოდ განმცხადებლის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილილ გარემოების გამო საქმის წარმოების განახლებაზე ვერ გახდება საქმის განახლების წინაპირობა, რადგანაც აღნიშნულ მუხლებში კანონმდებელი მოიაზრებს ისეთ საქმეებს, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებს ან განჩინებებს საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, განხილულ იქნა მხოლოდ მოსარჩელე მხარის კერძო საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ განეკუთვნება იმ განჩინებათა კატეგორიას, რომელზეც დასაშვებია საქმის წარმოების განახლება.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, განმცხადებლის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეს აყენებს ზიანს, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი გარემოებას და განჩინების გაუქმების საფუძველს. ზიანის მიდგომასთან დაკავშირებით მხარეს დაფიქსირებული აქვს ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 11 აგვისტოს წარდგენილ მოსაზრებაში, სადაც მიუთითებს სწორედ იმ ზიანზე, რაც ამ აქტების შეჩერებით მიადგებოდა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით რაიმე ახლი გარემოების არსებობა, რაც მანამდე ცნობილი არ იყო მხარისათვის (ზიანის გაზრდა, გარემოებების შეცვლა), არ დგინდება, ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამომრიცხავი მტკიცებულებების წარდგენა მხარეს შეეძლო სააპელაციო სასამართლოშიც 2020 წლის 16 სექტემბრისათვის, ანდა მოეთხოვა ვადა სასამართლოსათვის მათი წარდგენისათვის.
დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან ისინი არ წარმოადგენდენ ახალ გარემოებებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021წლის 5 ნოემბრის განჩინება შპს „ო...მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება, რომლითაც განხილულ იქნა მხოლოდ მოსარჩელე მხარის კერძო საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ნამდვილად ჩაბარდა შპს „ო...ს“ 2020 წლის სექტემბერში, მაშინ, როცა იგი საქმეში ჩართული არ იყო მესამე პირად. შესაბამისად, მას აღნიშნული განჩინების გასაჩივრების კუთხით, მესამე პირად ჩაბმის შემდეგაც კი (2021 წლის 12 მარტი) არავითარი საპროცესო მოქმედების განხორციელება არ შეეძლო.
რაც შეეხება განცხადების განუხილველად დატოვების ძირითად მოტივს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს, ამასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება დასაშვებია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არამედ სხვა გარემოებების არსებობისას (მაგ. ზიანის გაზრდის, გარემოებათა შეცვლის და სხვ.) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი, თავისი არსით, უფრო ფართო შემთხვევებს მოიცავს და უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. (საქმე №ბს-1174-1168 (კს-17)).
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოში განცხადებით წარდგენილ იქნა შპს „ო...ის“ საკუთრებაში არსებული, ...ოს №...ა-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სივრცითი მოწყობის შეფასება, რომელიც შპს „ო...ს“ გაეგზავნა 2021 წლის 13 ოქტომბერს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სწორედ მშენებლობის ნებართვის მიღების სამივე სტადიაზე კანონშესაბამისობის შეფასებას. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტება, რომ საქმის წარმოების განახლებას სჭირდება შესაბამისი წანამძღვრების არსებობა, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს „ო...ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა, კერძო საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინეს წერილობითი პოზიციები, რომლებშიც მიუთითებენ თავიანთი მოთხოვნების მართებულობაზე.


სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს სააპელაციო პალატის მიერ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „ო...ის“ განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს, რის გამოც დადგენას საჭიროებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინამძღვრების არსებობა. კერძოდ, სახეზეა თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რამდენად არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებით დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვის შესაძლებლობასაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სახით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. ამავე კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასჩივრა შპს „...მა“. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინება და შეჩერდა „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 5 სექტემბრის №01-06 663 ბრძანების მოქმედება, ასევე, შპს „ო...ს“ აეკრძალა, მშენებარე მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე (ს/კ №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მე-10 სართულიდან მე-12 სართულის ჩათვლით.
შპს „ო...მა“ 2021 წლის 11 აგვისტოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. შპს „ო...ი“ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ სარჩელის წარდგენისა და ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ, რომელსაც განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, არსებითად შეიცვალა მდგომარეობა მიწის ფართთან დაკავშირებით, ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანი ადგებოდა შპს „ო...ს“. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება, მართალია, გამოცემული იყო 2020 წლის 16 სექტემბერს, თუმცა შპს „ო...ი“ საქმეში მესამე პირად ჩაერთო მხოლოდ 2021 წლის 12 მარტს. აღნიშნული განჩინება კი მას ჩაბარდა 2021 წლის 9 აპრილს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესთან დაკავშირებით მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება დასაშვებია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არამედ სხვა გარემოებების არსებობისას (მაგ.: ზიანის გაზრდის, გარემოებათა შეცვლის და სხვ). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი თავისი არსით უფრო ფართო შემთხვევებს მოიცავს და უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად უფრო ფართო შემთხვევებს, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით (იხ. სუს 2018 წლის 30 იანვრის განჩინება, საქმეზე №ბს-1174-1168 (კს-17)).
საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს, ასევე, მხარისთვის სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეებზე და აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქტის საფუძველზე განსახორციელებელი ქმედებებით განმცხადებლისთვის არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლება-ინტერესის დაცვის შეუძლებლობის ფაქტი სასამართლომ უნდა შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და კანონის უზენაესობის დაცვის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თავის დროზე სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო განჩინების მიღების დროს, შეიცავდა მთელ რიგ დარღვევებს, რაც მისთვის ცნობილი გახდა საქმეში მესამე პირად ჩართვის - 2021 წლის 12 მარტის შემდეგ. ამასთან, შპს „ო...ი“ მიუთითებს განცხადებაზე თანდართულ მის საკუთრებაში არსებული, ...ოს №...ა-ში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ-სივრცითი მოწყობის შეფასებაზე, რომელიც მომზადებულია არქიტექტორ ჯ. ბ-ის მიერ და რომელიც შპს „ო...ს“ გაეგზავნა 2021 წლის 13 ოქტომბერს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სწორედ მშენებლობის ნებართვის მიღების სამივე სტადიაზე კანონშესაბამისობის შეფასებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით არსებითი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დარღვევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე, რომ მართალია, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია 2020 წლის 16 სექტემბერს, თუმცა შპს „ო...ი“ საქმეში მესამე პირად ჩაერთო 2021 წლის 12 მარტს. შესაბამისად, მას მოცემულ საქმესთან მიმართებით პროცესუალური უფლება-მოვალეობები წარმოეშვა საქმეში მესამე პირად ჩართვის შემდეგ.
დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წანამძღვრებს, რის გამოც შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ო...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება და შპს „ო...ის“ განცხადება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების შესახებ, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე