საქმე №ბს-356(2კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ზ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 7 მაისს ზ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, ზ. ბ-ი დაიბადა ... წლის ...ს საბჭოთა კავშირში (საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში თბილისში). 90-იან წლებში დატოვა საქართველოს ტერიტორია. საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, რის შემდეგაც წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც ლტოლვილი, სადაც მიიღო მუდმივი ცხოვრების უფლება. სარჩელის მიხედვით, ზ. ბ-ი იმყოფებოდა პატიმრობაში პრობაციის ფედერალურ დაწესებულებაში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი განაჩენის მოხდა სრულდებოდა 2020 წლის სექტემბერში. კრიმინალური სამართალწარმოების რეფორმის საფუძველზე ზ. ბ-ის უფლება ჰქონდა დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ვინაიდან არ არსებობდა ოფიციალური დოკუმენტი მისი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შესახებ, საემიგრაციო სტატუსის გარკვევამდე უარი ეთქვა პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.
სარჩელის თანახმად, ზ. ბ-იმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა გაეცათ ცნობა მისი საქართველოს მოქალაქეობის არქონის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წლის 6 იანვარს გაცემულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, ზ. ბ-ი ითვლება საქართველოს მოქალაქედ. აღნიშნული დასკვნა გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი არ დაბადებულა საქართველოს სახელმწიფოში, არც რუსეთის ფედერაციაში ყოფნისას დამდგარა საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით, მას არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნისა და ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ზ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობის არქონის შესახებ ცნობის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნა და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 5 დეკემბერს ზ. ბ-ის წარმომადგენელმა „საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის განსაზღვრის თაობაზე“ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 დეკემბრის №1000695796/7 გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის წარმომადგენელს დაევალა არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით შევსებული განცხადებისა და ხარვეზის წერილით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენა 2019 წლის 27 დეკემბრამდე.
2019 წლის 26 დეკემბერს, დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ზ. ბ-ის წარმომადგენელმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა განცხადება „საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის განსაზღვრის თაობაზე“, ზ. ბ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნის თანახმად, ზ. ბ-ის 2019 წლის 5 დეკემბრის განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარდგენილი და მოპოვებული დოკუმენტებით ზ. ბ-ი (დაბ.: ....... წელს, საქართველოში) ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
2020 წლის 5 თებერვალს ზ. ბ-ის წარმომადგენლმა №19954 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნის ბათილად ცნობა და ზ. ბ-ის მოქალაქეობის არქონის შესახებ დოკუმენტის გაცემა მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ი დაბადებულია საქართველოში, მან აშშ-ში მუდმივი ემიგრაციის მიზნით, დატოვა საქართველოს ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ და ასევე არ ფლობს სხვა ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მოქალაქეობას და აღნიშნული გარემოებები აკმაყოფილებს „საქართველოს მოქალქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ზ. ბ-ი მიჩნეულ იქნა საქართველოს მოქალაქედ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვინაიდან იგი დაიბადა საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში, ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ, 1991 წლის შემდგომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე გაემგზავრა საქართველოდან და არც შესაბამისი ორგანოსთვის მიუმართავს აღნიშნული მოთხოვნით, რის გამოც არ არსებობდა მისი საქართველოს მოქალაქედ მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებაზე“, მოიხმო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილებებით ზ. ბ-ი მიჩნეულ იქნა საქართველოს მოქალაქედ იმ საფუძვლით, რომ იგი დაბადებულია საქართველოში, საქართველოს ტერიტორია დატოვა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ და ასევე არ ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას („საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, საქმე №ბს-463-451(კ-13).
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის სახელზე საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი ბოლო დოკუმენტია (ზ. ბ-ის მიერ 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე) პასპორტი №..., გაცემული 1991 წლის 1 მარტს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ზ. ბ-ის სახელზე 1991 წლის 1 მარტს გაცემული №... პასპორტით ირკვევა, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის მოქალაქის პასპორტს (საბჭოთა მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი). ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე (1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ) და მას შემდეგ ზ. ბ-ის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს და მასზე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაცემულა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ზ. ბ-იმა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის №94, 16.12.2019 წლის ზ. ბ-ის ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებული „პირის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპიური დებულების“ მე-7 მუხლის შესაბამისად, პირის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის №40 ოქმისა და ამავე კომისიის 2019 წლის 13 დეკემბრის №40 განკარგულების საფუძველზე დადგინდა ზ. ბ-ის (დაბ. ... წლის ...ი) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვების ფაქტი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.01.2020 წლის №1000695796 დასკვნის (ზ. ბ-ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შეახებ) თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ №2 დებულების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განიხილა ზ. ბ-ის 2019 წლის 5 დეკემბრის №1000695796 განცხადება საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე. აღინიშნა, რომ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარდგენილი და მოპოვებული დოკუმენტებით ზ. ბ-ი (დაბ. ....... წელს, საქართველოში) ითვლება საქართველოს მოქალაქედ. დასკვნა განთავსდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე sda.gov.ge. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილების (ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) თანახმად: 1) არ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივარი. განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ განიხილა (შემდგომში სააგენტო) განიხილა ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივარი „ზ. ბ-ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ“ სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნის ბათილად ცნობისა და ზ. ბ-ის მიერ მოქალაქეობის არქონის შესახებ დოკუმენტის გაცემის თაობაზე. მიეთითა 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნაზე, აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოკვლევის შედეგად გამოირკვა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ. ბ-ი არ ფლობდა არცერთი ქვეყნის მოქალაქეობას: რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი 2019 წლის 23 მაისის №14288 წერილის თანახმად, განმცხადებელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არ ჰქონდა მოპოვებული, სადაც იგი ცხოვრობდა 1992 წლის აპრილიდან 1994 წლის 27 მაისამდე. ასევე განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, მართვის მოწმობა და ვ. ნ-აზე გაცემული გენერალური მინდობილობა, დამტკიცებული 2019 წლის 30 ოქტომბერს აშშ-ში, ...ის შტატში, საჯარო ნოტარიუსის მიერ) ვერ იქნა დადასტურებული ზ. ბ-ის ამჟამინდელი ბინადრობის ქვეყნის - აშშ-ის მოქალაქეობის ფლობის ფაქტი. ზ. ბ-ის დაბადების მოწმობით ირკვეოდა, რომ იგი დაბადებულია ქალაქ თბილისში ... წლის ...ს. 2019 წლის 6 დეკემბერს გაცემული №7020619024003 საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, ზ. ბ-ის სახელზე საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი ბოლო დოკუმენტია პასპორტი №..., გაცემული 1991 წლის 1 მარტს, ხოლო ბოლო რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №55 (რეგისტრაციის თარიღი: 1991 წლის 25 ივლისი). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენმა კომისიამ დაადგინა ზ. ბ-ის მიერ 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვების ფაქტი, რაზედაც გასცა 2019 წლის 16 დეკემბრის №94 ცნობა. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნით, ზ. ბ-ის დაუდგინდა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. სამართლებრივი დასაბუთება: მიეთითა, რომ ზ. ბ-ის მიმართ ვრცელდებოდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30.1.,,გ“ მუხლი (დაბადებულია საქართველოში, საქართველოს ტერიტორია დატოვა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ აშშ-ში მუდმივი ემეიგრაციის მიზნით, არ ფლობდა სხვა ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს მოქალაქეობას). არ იქნა გაზიარებული ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია, რადგან საჩივრის ავტორი მოთხოვნას აფუძნებდა ძალადაკარგულ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონზე და არასწორად განმარტავდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30.1.,,გ“ მუხლს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 19 ნოემბრის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის გადაგზავნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში დაცული ზ. ბ.-ს ძე ბ-ისა და მის ოჯახის წევრების ემიგრაციის/მუდმივ საცხოვრებლად წასვლის შესახებ საქმის მასალები. დანართი 124 ფურცელი.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლით) 32.1. მუხლის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებაზე“.
საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ი დაიბადა ქალაქ თბილისში ... წლის ...ს, რეგისტრირებული (ჩაწერილი) გახლდათ და ცხოვრობდა ქალაქ თბილისში. 1991 წლის 1 მარტს ზ. ბ-იზე გაიცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) დაიშლა 1991 წლის 26 დეკამბერს) №..., საქართველოს ტერიტორია დატოვა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ (მისივე განმარტებით 1992 წლის აპრილში), რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა 1992 წლის აპრილიდან 1994 წლის 27 მაისამდე, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად გაემგზავრა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი და ცხოვრობს დღემდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება 1992 წლის აპრილის შემდეგ ზ. ბ-ის საქართველოში ჩამოსვლის, ცხოვრების და საქართველოსთან კავშირის ფაქტი (საქმის მასალების მიხედვით, მისი ოჯახი - მშობლები, შვილები, მეუღლე, და ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში).
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ზ. ბ-ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის სადავო საკითხის ხელახლი განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, თუმცა არასწორად განმარტა აღნიშნული კანონები და მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და თან არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც ძალადაკარგულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლით.
კასატორის მითითებით, სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა, რომ ზ. ბ-ი არ ფლობდა არცერთი ქვეყნის მოქალაქეობას და ამასთან, ყველა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა დაედგინა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. კასატორის განმარტებით, ზ. ბ-ის, მიუხედავავდ იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღია და არც რაიმე მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულა მასზე - იგი დაბადებულია საქართველოში, 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია და მასზე არცერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტი არ დასტურდება. დღეის მდგომაროებით მოქმედი საქართველოს კანონი „მოქალაქეობის შესახებ“ კი სწორედ ამგვარ შემთხვევას ითვალისწინებს და პირს აძლევს შესაძლებლობას დაიდგინოს საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი და ისარგებლოს საქართველოს მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებებით. სასამართლო გადაწყვეტილებიდან კი მხოლოდ ის იკვეთება, რომ განმცხადებელს, როდესაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ არ მიუღია, სამართლებრივი კავშირის დადგენაზე ეთქვა უარი და ყოველგვარი მფარველობის და დაცვის გარეშე დაეტოვებინა. შესაბამისად, კასატორისთვის გაურკვეველია, რა უნდა გამოიკვლიოს სააგენტომ და რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა უთხრას უარი ზ. ბ-ის საქართველოს მოქალაქეობაზე.
სააგენტო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონის გამოყენებაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს, რადგან იგი გამოცხადებულია ძალადაკარგულად. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ კანონს, სრულყოფილად უნდა შეეფასებინა იგი. კასატორის მითითებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ იგი მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში. ამავე კანონის 33-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. კასატორი მიუთითებს დასახელებული კანონის 35-ე და 36-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების მასალებით, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით არ დასტურდება ზ. ბ-ის მიერ აღნიშნული ნორმებით დადგენილი პროცედურის გავლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფაქტი. ის, რომ ზ. ბ-ის 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საკონსულოსთვის და არ დამდგარა აღიცხვაზე, ავტომატურად არ ნიშნავს ზ. ბ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
კასატორის მითითებით, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ზ. ბ-ის სახელზე 1991 წლის 1 მარტს გაცემულ პასპორტზე №..., თუმცა არ მსჯელობს რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ფაქტმა ზ. ბ-ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენაზე, მაშინ, როდესაც ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ფლობდა საბჭოთა კავშირის პასპორტს.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მიიღო მხედველობაში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 30-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მიიჩნევიან საქართველოს მოქალაქეებად. აღნიშნულ ფაქტს კი ადასტურებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ 2019 წლის 16 დეკემბერს გაცემული №94 ცნობა, რომლითაც დადგინდა ზ. ბ-ის მიერ 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვების ფაქტი. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ვინაიდან ზ. ბ-ი აკმაყოფილებდა კანონმდებლის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, მას სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნით დაუდგინდა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. საქმის განხილვის მიმდინარეობისას არაერთგზის გამახვილდა ყურადღება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლის მიხედვით, ზ. ბ-ი საქართველოდან წავიდა 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ, ასევე არ მოიპოვება საქმის მასალებში მის მიერ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ ინფორმაცია.
კასატორი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულებაა საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან გამომდინარე - მფარველობა გაუწიოს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
კასატორის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ სააგენტოს ყველა გარემოება და მტკიცებულება ჰქონდა იმისათვის, რომ ზ. ბ-ისთვის დაედგინა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. კონსტიტუციით გათვალისწინებული რეგულაცია ასევე ასახულია „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
კასატორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობითა და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ზ. ბ-ი დაბადებულია საქართველოში (საქმის მასალებში წარმოდგენილია ... წლის ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერი შედგენილი ზ. ბ-ის მიმართ), 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ აქვს ქვეყნის ტერიტორია დატოვებული და მას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა, რაც სრულიად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად.
ამასთან, კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის კონვენციაზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2014 წელს, სადაც აღნიშნულია, რომ კონვენცია წევრ-სახელმწიფოებს ავალდებულებს კანონმდებლობაში ჩადონ მექანიზმები ამ ქვეყნებში მოქალაქეობის არქმონე პირთა შემცირებისთვის. კასატორის მითითებით, სწორედ ამ კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით მომზადდა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.
ზ. ბ-იმა წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - ზ. ბ-ის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რომ ზ. ბ-ი დაიბადა საბჭოთა კავშირში, მას ჰქონდა 1991 წლის 1 მარტს გაცემული საბჭოთა მოქალაქის პასპორტი (საბჭოთა მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი), საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ ზ. ბ-ის საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს და მასზე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაცემულა. შესაბამისად, ზ. ბ-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა მოეხდინა საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად დაბრუნება, რადგან საქმეზე გამოკვლეულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დამატებით შეუძლებელია რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, კონკრეტულ შემთხვევაში ის და მოწინააღმდეგე მხარე ვერ თანხმდება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე, რის გამოც სასამართლოს თავად უნდა გადაეწყვიტა სადავო საკითხი.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - ზ. ბ-ის მითითებით, იგი დაიბადა 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ....... წელს საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში და ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ, შესაბამისად, მას დაბადებით საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღია, ამასთან, არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პასპორტი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის უფლება მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა ან უარი ეთქვათ მის მიღებაზე, საქართველოს მოქალაქეობის მიღება დამოკიდებული იყო პირის ნებაზე, რაზეც მიუთითებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილი აქვს, რომ ზ. ბ-ი 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ გაემგზავრა საქართველოდან, მუდმივად ცხოვრობდა სხვა სახელმწიფოში და ორი წლის განმავლობაში არ დამდგარა საკონსულო აღრიცხვაზე. აღნიშნულ შემთხვევაშიც, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ზ. ბ-ი არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ კანონში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებზე და ახლიდან არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
შეგებებული საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ვიდრე ამოქმედდებოდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ახალი ორგანული კანონი, ზ. ბ-ი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე. საქართველოსთან სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა არა 2014 წლის 30 ივნისის შემდეგ, როგორც ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, არამედ 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ, როდესაც ზ. ბ-იმა დატოვა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია და აღნიშნული ურთიერთობა დარეგულირდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონით.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება სააგენტოს მითითებას „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის კონვენციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე.
ამასთან, ზ. ბ-ი მიუთითებს, რომ მისი ოჯახის წევრები - შვილები, მშობლები, დები წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს. შეგებებული საკასაციო საჩივრის მიხედვით, ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირი ზ. ბ-ი ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე, იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ის არის დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე, რასაც ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სამართალში ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ განსაზღვრულია რუსეთის ფედერაცია, ხოლო დანარჩენი წევრი სახელმწიფოები არიან საბჭოთა კავშირამდე არსებული სამართლებრივი რეჟიმის სამართალმემკვიდრეები. ფიზიკური პირი ზ. ბ-ი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე, მისი დაშლის შემდგომ, როცა საქართველოში ამოქმედდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონი, იგი არ იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გამოხატა რა ნება უცხოეთში ყოფნისას არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზ. ბ-ი ითვლება მოქალაქეობის არმქონე პირად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილისა და 25 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2019 წლის 5 დეკემბერს ზ. ბ-ის წარმომადგენელმა „საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის განსაზღვრის თაობაზე“ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 6 დეკემბრის №1000695796/7 გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის წარმომადგენელს დაევალა არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით შევსებული განცხადებისა და ხარვეზის წერილით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენა 2019 წლის 27 დეკემბრამდე. 2019 წლის 26 დეკემბერს, დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ზ. ბ-ის წარმომადგენელმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა განცხადება „საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის განსაზღვრის თაობაზე“, ზ. ბ-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნის თანახმად, ზ. ბ-ის 2019 წლის 5 დეკემბრის განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარდგენილი და მოპოვებული დოკუმენტებით ზ. ბ-ი (დაბ.: ....... წელს, საქართველოში) ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
2020 წლის 5 თებერვალს ზ. ბ-ის წარმომადგენლმა №19954 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნის ბათილად ცნობა და ზ. ბ-ის მოქალაქეობის არქონის შესახებ დოკუმენტის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-ი დაბადებულია საქართველოში, მან აშშ-ში მუდმივი ემიგრაციის მიზნით, დატოვა საქართველოს ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ და ასევე არ ფლობს სხვა ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მოქალაქეობას და აღნიშნული გარემოებები აკმაყოფილებს „საქართველოს მოქალქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც ზ. ბ-ი მიჩნეულ იქნა საქართველოს მოქალაქედ.
მოსარჩელე ზ. ბ-ი მიიჩნევს, რომ ვინაიდან იგი დაიბადა საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში, ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ, 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე გაემგზავრა საქართველოდან და არც შესაბამისი ორგანოსთვის მიუმართავს, რის გამოც არ არსებობდა მისი საქართველოს მოქალაქედ მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში სადავო გახდა ზ. ბ-ის მოქალაქეობის საკითხი.
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული კანონის 3.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი; ხოლო ამავე კანონის 9.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებულია „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება“, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას და განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს. მითითებული ,,დებულების“ 3.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი; ხოლო 4.1. მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. აღნიშნული „დებულების“ II თავით მოწესრიგებულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენის წესი, III თავით კი განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცედურა. მითითებული ,,დებულების“ 18.1. მუხლის მიხედვით, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო დასკვნისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამავე კანონის 34.2. მუხლის თანახმად, ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლები მოქმედებდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე; ხოლო იმავე რეგულაციას ითვალისწინებს დღეს მოქმედი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 302 მუხლი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სადავო დასკვნისა და გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოსთან ზ. ბ-ის სამართლებრივი კავშირის დასადგენად იხელმძღვანელა სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის აღნიშნული რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, სადავო საკითხის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს, რამდენად აკმაყოფილებდა ზ. ბ-ი დასახელებული ნორმის მოთხოვნებს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ზ. ბ-ის დაბადების მოწმობის მიხედვით, ბ-ი ზ. ბ.-ს ძე დაიბადა ... წლის ...ს, ქ. თბილისში; ოლქი, რესპუბლიკა - საქ. სსრ (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა). ის ფაქტი, რომ ზ. ბ-ი დაბადებულია ქ. თბილისში, იმჟამად საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ადასტურებს ზ. ბ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაბადების ფაქტს, შესაბამისად, სახეზე გვაქვს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის აღნიშნული რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
რაც შეეხება ზ. ბ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროს, აღნიშნული მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა, ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის №94, 16.12.2019 წლის ზ. ბ-ის ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებული ,,პირის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ ტიპური დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, „პირის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ 2019 წლის 13 დეკემბრის სხდომის №40 ოქმისა და ამავე კომისიის 2019 წლის 13 დეკემბრის №40 განკარგულების საფუძველზე დადგინდა ზ. ბ-ის (დაბ. ... წლის ...ი) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვების ფაქტი. შესაბამისად, კანონის აღნიშნული მოთხოვნაც სახეზეა.
რაც შეეხება ზ. ბ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტს, აღნიშნული საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დადასტურებულა. საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ. ბ-ის არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება, რომ ზ. ბ-ი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე, 1991 წლის 21 დეკემბრის შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია და მასზე არცერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტი არ დასტურდება. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო დასკვნისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი საქართველოს მოქალაქეობის დადგენის სწორედ ამგვარ შემთხვევას ითვალისწინებდა. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზ. ბ-ის განცხადების განხილვისას ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა დაედგინა საქართველოსთან მისი სამართლებრივი კავშირი, რის გამოც არ არსებობს სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 6 იანვრის №1000695796 დასკვნისა და ზ. ბ-ის წარმომადგენლის, ვ. ნ-ას 2020 წლის 5 თებერვლის №19954 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 აპრილის №01/80006/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტას ზ. ბ-ის სახელზე 1991 წლის 1 მარტს გაცემულ №... პასპორტზე მითითებით, რამდენადაც პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ფლობდა საბჭოთა კავშირის პასპორტს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ზ. ბ-ის მითითებას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას თუ იგი მუდმივად ცხოვრობდა სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში. დასახელებული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი. ამავე კანონის 35-ე მუხლის თანახმად, წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში შეჰქონდა სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ხოლო ამავე კანონის 36-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავდა და შესაბამის დასკვნას ამზადებდა სააგენტო. თუ სააგენტოსთვის ამ კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა მიერ წარდგინების შეტანის გარეშე გახდებოდა ცნობილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განიხილავდა მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენდა საქართველოს პრეზიდენტს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ზ. ბ-ის მიერ აღნიშნული ნორმებით დადგენილი პროცედურის გავლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფაქტი. ის გარემოება, რომ ზ. ბ-ის 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საკონსულოსთვის და არ დამდგარა აღრიცხვაზე, ავტომატურად არ ნიშნავდა ზ. ბ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, აღნიშნულის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 2014 წლის 30 აპრილის საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობის დაკარგვის აღნიშნულ საფუძველს აღარ ითვალისწინებს. კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ“ გაეროს 1961 წლის კონვენციაზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2014 წელს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით მომზადდა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მიხედვით კი საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე. შესაბამისად, ზ. ბ-ის, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების არსებობისას, შესაძლებლობა აქვს გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (150+300) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ზ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. ზ. ბ-ის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა