№ბს-178(კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ს-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ს-ამ 2021 წლის 29 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება №04-09-09/166 მოსარჩელის - ჯ. ს-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ჯ. ს-ას მოთხოვნა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.
სარჩელის თანახმად, ჯ. ს-ა 1996-1997 წლებში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს, საიდანაც დათხოვნილ იქნა ავადმყოფობის გამო, რადგან 1997 წლის 9 ივლისს, სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, მას მიაყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. ჯ. ს-ა სამხედრო ნაწილში ჩაირიცხა როგორც ახალწვეული და მინიჭებული ჰქონდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურის წოდება „რიგითი“. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2021 წლის 8 აპრილის ცნობის თანახმად დასტურდება, რომ მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებიდან იღებს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ გასაცემელს - 140 ლარს - მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის (სამხედრო ტრავმა) გამო 1997 წლის 25 ნოემბრიდან. სამედიცინო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის შეფასებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით ჯ. ს-ა არის შრომისუუნარო და ეს გამოწვეულია სამხედრო ტრავმის შედეგად.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ს-ას მოთხოვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, რაც ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრდა სათანადო წესით. სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება მოქალაქე ჯ. ს-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ს-ასათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ს-ა 1996 წლის 28 აპრილიდან 1997 წლის 3 დეკემბრამდე მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, როგორც ...-ე სამხედრო ნაწილის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე - რიგითი. შესაბამისად, იგი იყო სამხედრო მოსამსახურე და გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ჯ. ს-ა სამხედრო ნაწილის მეთაურის 1997 წლის 3 დეკემბრის №278 ბრძანებით ვადაზე ადრე დათხოვნილ იქნა თადარიგში ავადმყოფობის გამო. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მან იმსახურა ერთი წელი, შვიდი თვე და ხუთი დღე. სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდში 1997 წლის 9 ივლისს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება - ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, რამაც გამოიწვია მისი შრომისუუნარობა. იგი სამხედრო ნაწილის მეთაურის 1997 წლის 3 დეკემბრის №278 ბრძანებით ვადაზე ადრე დათხოვნილ იქნა თადარიგში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2021 წლის 8 აპრილის №04-09-09/166 გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას განცხადება - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე განსაზღვრული იყო ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ხოლო აღნიშნული კატეგორიის პირთა კომპენსაციის გაანგარიშების პირობები რეგულირდებოდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 3 თებერვალს ჯ. ს-ამ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო განყოფილებას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რასაც დაურთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 28 იანვრის წარდგინება (MIA ...). შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ს-ას სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2019 წლის 14 აგვისტოს №04-09-09/1340 გადაწყვეტილება ჯ. ს-ასათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. ჯ. ს-ას მიერ დამატებით წარდგენილ იქნა თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 2 აგვისტოს შემდეგი შინაარსის №2872 წერილი: ,,თქვენი 2004 წლის 8 დეკემბრის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის თანახმად, მას დაენიშნა პენსია 45 ლარი, ხოლო სამხედრო პენსიონერებზე დამატებით ყოველთვიური ხელფასის დაწესებას საქართველოს კანონმდებლობა არ თვალისწინებს“.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამატებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაცემლების დეპარტამენტიდან (წერილი №04-09-09/120, 16/03/2021 წ) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისაგან (წერილი №04-09-09/133, 23/03/2021 წ). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაცემლების დეპარტამენტის წერილის თანახმად: ჯ. ს-ას (პ/ნ ...) პენსია ინვალიდობის საფუძვლით, როგორც მნიშვნელოვნად (II–ჯგუფი) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, დანიშნული ჰქონდა იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თანხის ოდენობაც განსაზღვრული იყო შესაბამისი წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №MOD ... წერილის თანახმად, საარქივო მასალების მიხედვით, მოქალაქე ჯ. ს-ას სახელზე ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პასუხი გაცემულია დაზღვევის ფონდის ფოთის საქალაქო ფილიალის 2004 წლის 18 მაისის №116 ცნობის საფუძველზე. მითითებული ცნობა შემდეგი შინაარსისაა: „ცნობა ეძლევა ს. ჯ. ჯ.-ის ძეს მასზედ, რომ ის არის სამხედრო ძალების მეორე ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, სოც. დაზღვევის ფონდის ფოთის საქალაქო ფილიალში ღებულობს თვეში 45 ლარს“.
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 და მე-17 მუხლებზე, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31.1, 31.2, 36.3, 29.1 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჯ. ს-ა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულების პერიოდში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი შესაძლებლობის შეზღუდვა, რის გამოც ვადაზე ადრე დათხოვნილ იქნა თადარიგში. შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის რეგულაციები.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.1, მუხლზე, მე-3 მუხლზე, 5.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 5.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 6.1, 6.3, 6.5, 16.1, 17.4, 28.1 და 28.2 მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს, არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შესრულებულა ის მითითებები, რაც იმავე მხარეებს შორის ადრე არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში გამოითქვა. სასამართლოს განმარტებით ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სააპელაციო პალატის შეფასებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო განმცხადებლის მოთხოვნის უარმყოფელი 08.04.2021წ. №04-09-09/166 გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებსა და სასამართლოს დავალებაზე, ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა სრულფასოვნად გამოეყენებინა მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას ემსჯელა საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შელახულიყო დაინტერესებული პირის (მოსარჩელის) კანონით გარანტირებული უფლებები.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ.
კასატორის მითითებით, 2021 წლის 3 თებერვალს ჯ. ს-ამ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო განყოფილებას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამასთან, წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 28 იანვრის წარდგინება (MIA ...), თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 2 აგვისტოს №2872 წერილი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დამატებით გამოთხოვილ იქნა წერილობითი განმარტებები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაცემლების დეპარტამენტიდან (წერილი №04-09-09/120, 16/03/2021 წ) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან (წერილი №04-09-09/133, 23/03/2021 წ). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაცემლების დეპარტამენტის წერილის თანახმად: ჯ. ს-ას პენსია ინვალიდობის საფუძვლით, როგორც მნიშვნელოვნად (II ჯგუფი) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, დანიშნული ჰქონდა იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თანხის ოდენობაც განსაზღვრული იყო შესაბამისი წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მას სამხედრო პენსია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული არ ჰქონია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მარტის №MOD ... წერილის თანახმად: „საარქივო მასალების მიხედვით მოქალაქე ჯ. ს-ას სახელზე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პასუხი გაცემულია დაზღვევის ფონდის ფოთის საქალაქო ფილიალის 2004 წლის 18 მაისის №116 ცნობის საფუძველზე“. მითითებული ცნობა შემდეგი შინაარსისაა: „ცნობა ეძლევა ს. ჯ. ჯ.-ის ძეს მასზედ, რომ ის არის სამხედრო ძალების მეორე ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, სოც. დაზღვევის ფონდის ფოთის საქალაქო ფილიალში ღებულობს თვეში 45 ლარს.“
კასატორის განმარტებით, ჯ. ს-ას, როგორც მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს (სამხედრო ტრავმა), დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი 140 ლარის ოდენობით, ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
კასატორის მითითებით, ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები, მათ შორის, კომპენსაციაზე უფლების მქონე პირთა წრე განსაზღვრულია, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო აღნიშნული კატეგორიის პირთა კომპენსაციის გაანგარიშების პირობები რეგულირდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2006 წლის 1 იანვრამდე ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებისათვის, როგორც კომპენსაციაზე უფლების განმსაზღვრელი პირობები, ასევე მისი გაანგარიშების წესი რეგულირდებოდა მხოლოდ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს, აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების (№2459) შედეგად, გაუქმდა უამრავი ნორმა, მათ შორის, ყველა სახის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების ნორმები და დარჩა მხოლოდ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ ზევადიან სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშების პირობები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა გასაცემლის გაანგარიშების წესი.
კასატორი მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2005 წლის 2 აგვისტოს №2872 წერილი ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება, ვინაიდან მასში არასწორად არის ფორმულირებული ჯ. ს-ასათვის დანიშნული პენსიის საფუძველი, მაშინ როდესაც ჯ. ს-ას პენსია ინვალიდობის საფუძვლით ჰქონდა დანიშნული, როგორც მნიშვნელოვნად (II–ჯგუფი) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თანხის ოდენობაც განსაზღვრული იყო შესაბამისი წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით.
კასატორის განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ჯ. ს-ას მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა სამხედრო ტრავმის შედეგად, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეზე ვრცელდება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის „რიგითი“ განიმარტება როგორც ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურე.
კასატორის მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტსა და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში საუბარია ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე და არა ვადიან, სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებზე, ვინაიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის პირობებს განსაზღვრავს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, რომლის თანახმადაც, შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამავე კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ მოსამსახურეებს, ხოლო კანონის პირველ მუხლში დათქმა კეთდება ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეებზე. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დასანიშნად მოცემულია დამატებითი პირობები („ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზია, დასახიჩრების ან დაავადების გამო).
კასატორი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში იგულისხმება სწორედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები. 2012 წლის 1 სექტემბრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფის საკითხები მოწესრიგებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ჯ. ს-ას, დღეის მდგომარეობით, დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, ხოლო აღნიშნულ პერიოდამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიღებული ჭრილობის ან დაავადების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსამსახურეთა სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირება ხორციელდებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობის შესაბამისად.
კასატორი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში არსებული ჩანაწერი - „ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს“, ტექსტში არ არის გამოყოფილი განცალკევებულად (ანუ მძიმიდან მძიმემდე), როგორც ამის ინტერპრეტაციას ახდენს საჩივრის ავტორი, ვინაიდან ეს ჩანაწერი მიბმულია კონკრეტული სამსახურიდან დათხოვნილ პირებზე, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურში მომუშავე პირებზე, ვინაიდან, თუ დათქმას „ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს“ - განვიხილავთ კონტექსტიდან განცალკევებულად (მძიმიდან მძიმემდე), მაშინ სიტყვა „ზევადიანამდე“, სადაც მოიაზრებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, აზრი არ მთავრდება.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%, ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ამავე ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში საუბარია საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე (ნამდვილი სამხედრო სამსახურის რიგითები და ოფიცერთა შემადგენლობა) და აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შემთხვევით არ არის მითითებული კომპენსაციაზე უფლების მქონე პირთა კატეგორია - საკონტრაქტო/პროფესიული სამხედრო სამსახურისა და კადრის სამხედრო მოსამსახურეები. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისათვის, კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მიუთითებენ კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც ვრცელდება, მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეებზე (ზევადიანი სამხედრო მოსამსახურე) და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
დადგენილია, რომ რიგითი ჯ. ჯ.-ის ძე ს-ა 1996 წლის 28 აპრილიდან 1997 წლის 3 დეკემბრამდე - 1 წლის 7 თვისა და 5 დღის განმავლობაში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში ჯ. ს-ამ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, რის გამოც იგი დათხოვნილ იქნა თადარიგში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ს-ას განცხადება - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, არ დაკმაყოფილდა იმ არგუმენტაციით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით მოსარგებლე კატეგორიას და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიზეზობრივი კავშირისა (სამხედრო ტრავმა), მისი მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იყო უსაფუძვლო.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ჯ. ს-ა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი შესაძლებლობის შეზღუდვა, რის გამოც ვადაზე ადრე დათხოვნილ იქნა თადარიგში.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე -2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს თავდაცვის ძალებში და დათხოვნილი იქნა თადარიგში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია დაენიშნება, თუ შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ჯ. ს-ა იყო სამხედრო პირი, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი შესაძლებლობის შეზღუდვა და აღნიშნულის გამო ვადაზე ადრე დათხოვნილ იქნა თადარიგში. შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა ჯ. ს-ასთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობები, რაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე