საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-268(კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვ. ბ-ის მიმართ და 2021 წლის 2 ივლისს სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ვ. ბ-ისათვის ჯარიმის სახით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ. ბ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-418 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ზეამოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას.
პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ბ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (სუს 2012 წლის 11 ივლისის №ბს-175-173(კ-12) გადაწყვეტილება და სხვ.).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ბ-ის შორის გაფორებული №195 კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) და შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებაზე (რომელიშიც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 25 ივნისის №389 ბრძანებით) მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შესაბამისად, მისი შემცირების დაუშვებლობის შესახებ, რადგან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რაც ერთმნიშვნელოვნად ქმნის ზემოაღნიშნული კონტრაქტით გათვალიწინებული ჯარიმის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ მიჩნევის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა ვ. ბ-ის მიერ კონტრაქტის საკუთარი სურვილით შეწყვეტაში, აღნიშნული კი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ამავდროულად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით (მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ვ. ბ-ის პირადი პატაკის საფუძველზე და კონტრაქტის დადებიდან (2012 წლის 16 აგვისტოდან) 2018 წლის 23 აპრილამდე ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას), კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული ჯარიმა ადეკვატურია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და სამართლიანობის პრინციპებთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს თანხის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ექვემდებარება გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მართებულად იქნა განსაზღვრული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს შეფასების საგანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება, კერძოდ, მოპასუხის მიმართ კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმის სამართლებრივი ბუნება, განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრულ ბუნებაზე. მიუთითებს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის, გამოთვლის წესის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრის შესაძლებლობაზე, კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლოს არსებობისას კი, მხარეთა შორის მისი გადახდის შეუთანხმებლობის მიუხედავად, მისი სავალდებულო გამოყენების აუცილებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, დაუშვებელია ხსენებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, რამეთუ იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმების პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ბ-ის შორის დაიდო „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი“ №195, რომლის საფუძველზეც ვ. ბ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 05 ოქტომბრის №3010 ბრძანებით გაწვეულ იქნა და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2012 წლის 16 სექტემბრიდან და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი”.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 იანვრის №294 ბრძანებით ვ. ბ-ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ...ის მეთაურად.
2018 წლის 23 აპრილს ვ. ბ-იმა №... პატაკით მიმართა ...ის მეთაურს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის მოითხოვნით.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ...ის შტაბის ...ის 2018 წლის 25 აპრილის №404839 შეტყობინებით ვ. ბ-ი გაფრთხილებულ იქნა კონტრაქტის პირობების დარღვევით გამოწვეული მოსალოდნელი ფინანსური პასუხისმგებლობის (28 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების ღონისძიებების შესახებ.
2018 წლის 2 მაისის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის №2440 ბრძანებით ვ. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ვ. ბ-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ბ-ის შორის არსებული 2012 წლის 16 აგვისტოს №195 კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის შესაბამისად, „თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხიმგებლობის გადახდის ვალდებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის №264 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის №238 დადგენილებაში და პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულეაში ჩასარიცხ პირთან გასაფომებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა 5 000 (ხუთი ათას) ლარამდე - IV კურსზე ყოფნისას, ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვ. ბ-ის მიმართ, სწორედ, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ვ. ბ-ისადმი დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ბ-ის შორის გაფორებული №195 კონტრაქტი, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ვ. ბ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზეამოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №1ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს. 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ვ. ბ-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ვ. ბ-ის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 1 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19 განჩინება და სხვ.).
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე