Facebook Twitter
ბს-1189(კ-21) 18 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ი-იმა 11.08.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ კ. ი-იმა მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2020წ. N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.08.2020წ. N22673 ბრძანების გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხეებისათვის არბალეტის კ. ი-ისათვის გადაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2020წ. N... წერილი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.08.2020წ. N22673 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა კ. ი-ისათვის მის მიერ შეძენილი არბალეტის დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 21.05.2020წ. N MIA ... წერილის მიხედვით, კ. ი-ის ეცნობა, რომ მომსახურების სააგენტო არბალეტის შეძენის ნებართვას (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) არ გასცემდა. სსიპ შემოსავლების სამსახურში აღნიშნული წერილის წარდგენის შემდგომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 04.06.2020წ. N... წერილით, კ. ი-ის ეცნობა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სპორტული და სანადირო ცივი სასროლო იარაღი (მშვილდ-ისარი, არბალეტი და სხვ.) მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის კატეგორიას, კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო და საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს, ვინაიდან ზემოაღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დღემდე არ არის განსაზღვრული, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო არბალეტის იმპორტში მოქცევის საბაჟო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული წერილი კ. ი-ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა, რომლის 05.08.2020წ. N22673 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მიეთითა, რომ არბალეტი განეკუთვნება ისეთ იარაღს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის, სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო გადაწყვეტილება სამოქალაქო ბრუნვაში შეზღუდულად დაშვებულ საქონელზე სათანადო ორგანოს ნებართვის არ არსებობის პირობებში საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გაშვების თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის მიხედვით, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იმავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. სამოქალაქო იარაღის სახეებია: თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო და სასიგნალო. კანონის 6.1 მუხლის შესაბამისად, სპორტულ იარაღს წარმოადგენს იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპორტული იარაღის სახეებია: სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი. ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის, სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი. „იარაღის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არბალეტი მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის კატეგორიას. პალატის მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვების საკითხი, რადგან ზემოთდასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არბალეტი არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში, მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს ნებართვას. არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვების საკითხი წყდება მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონის მე-12 და 141 მუხლებით დადგენილ იქნა ცალკეულ იარაღთა ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრის აუცილებლობა, თუმცა აღნიშნული მუხლებისა და „იარაღის შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის პირველ ნაწილი ცხაყოფს, რომ ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა შეეხება, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღს და არა ყველა სახის სამოქალაქო იარაღს. საგულისხმოა, რომ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის ჩამონათვალში არ გვხვდება არბალეტი (მშვილდ-ისარი). ამდენად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიაჩნია, არბალეტის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის მოთხოვნა. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წ. N257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ან ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. პალატამ აღნიშნა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში პირის ქცევის სახელმძღვანელოდ აღიარებულია პრინციპი, რომ „ის, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია“. განსხვავებით ადმინისტრაციული ორგანოსგან, მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ პრინციპს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის დროსაც დაეყრდნოს, კერძოდ, ის რისი ნებართვის საჭიროებაც დადგენილი არ არის, ნებადართულია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა - არის არგუმენტი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს საკუთრების ხელყოფა, თუმცა, ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისაგან, შექმნას საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი და გამჭვირვალე მექანიზმი. ამდენად, ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან იარაღის დეკლარირების მომენტისათვის არბალეტის ტექნიკური მახასიათებლები არ იყო დადგენილი, მას უფლება ჰქონდა არბალეტის შემოტანაზე მოეთხოვა ნებართვა. სზაკ-ის მე-5 მუხლში განმტკიცებული კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რასაც მას განუსაზღვრავს კანონი და მას არა აქვს უფლება თვითნებურად გასცდეს უფლებამოსილების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვალობას, სისწორესა თუ მართლზომიერებას. საკითხის მოწესრიგების არარსებობის ტვირთი უნდა იკისროს სწორედ ვალდებულმა ორგანომ, რომელმაც დაუშვა კონკრეტული საკითხის მოწესრიგების გარეშე დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იქნება საფრთხე იმისა, რომ კანონმდებელი თუ კანონქვემდებარე აქტის გამოცემაზე ვალდებული ორგანო მოწესრიგების გარეშე დატოვებს რიგ საკითხებს და ამ არგუმენტით დაუსაბუთებს მოქალაქეს მისი უფლების შეზღუდვის საჭიროებას. პალატამ მიიჩნია, რომ არბალეტის საქართველოში შემოტანისას ნებართვის საჭიროება არ გამომდინარეობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან. კ. ი-ის კუთვნილი მოწყობილობის ქვეყნის საზღვარზე შემოტანისათვის კანონი არ ადგენს ნებართვის გაცემის წესს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილებით კანონმდებელმა დააკონკრეტა სამოქალაქო იარაღის ის სახეები, რომელთა საქართველოში შემოტანა საჭიროებს ნებართვას. კანონისმიერი ჩამონათვალი არის ამომწურავი და ვინაიდან ნუსხაში არ არის არბალეტი, მასზე მითითებული ნორმის გავრცელება ვერ მოხდება. შეუძლებელია მოქალაქემ იმგვარად გაიგოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონების ნორმები, როგორც ამას შემოსავლების სამსახური განმარტავს. თუკი კანონმდებელს სურს, რომ აღნიშნულ ნორმებს სხვაგვარი შინაარსი შესძინოს, მან მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა დაარეგულიროს არბალეტის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხები. სამართალშემფარდებელი ორგანო ნორმის შეფარდებისას ხელმძღვანელობს კანონის ნებით და არა მიზანშეწონილობის მოთხოვნით. პალატამ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის, საბაჟო კოდექსის ნორმებით თუ მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა არბალეტთან მიმართებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება განსახილველ დავაში არ ეფუძნება ნორმატიულ ბაზას. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან. პალატამ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 81-ე მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია. კასატორმა მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. „იარაღის შესახებ“ კანონის მიხედვით, სპორტული და სანადირო ცივი სასროლი იარაღი (მშვილდ-ისარი, არბალეტი და სხვ.) მიეკუთვნება სამოქალაქო იარაღის კატეგორიას. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო იარაღად გამოყენებულ იქნას იარაღი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს. ვინაიდან ზემოაღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები ამ დრომდე დადგენილი არ არის, კ. ი-ისათვის სადავო არბალეტის გადაცემა თავისთავად არის უკანონობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, სასამართლო ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე გასცემს კ. ი-იზე გაურკვეველი შესაძლებლობებისა და მახასიათებლების მქონე ნივთს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის მავნე შედეგები, რაც გადაწყვეტილების აღსრულებას შეიძლება მოჰყვეს. სასამართლოს საქმეში არ ჩაურთავს ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთა კომპეტენციასაც უნდა განეკუთვნებოდეს აღნიშნული ლიცენზიის გაცემა, კერძოდ, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო. კასატორმა აღნიშნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლით დადგენილია ნებართვების სახეები, რომელთა შორის სახელდება სამოქალაქო იარაღის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (მე-17 პ.). არბალეტი არის სამოქალაქო იარაღის სახე და განეკუთვნება ცივი სასროლი იარაღის კატეგორიას, რომლის თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაშვებისთვის შემოსავლების სამსახურს ესაჭიროება შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან გაცემული ნებართვა. მსგავსი ნებართვის არარსებობის პირობებში ვერ მოხდება არბალეტის დაშვება თავისუფალ მიმოქცევაში. ცივი სასროლი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ არბალეტი განეკუთვნება ისეთ იარაღს, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის, რის გამო მისი გადაცემა კ. ი-ისათვის ვერ მოხდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება, რომ ვინაიდან მსგავს საკითხზე უზენაეს სასამართლოს არ უსმჯელია არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, არ არის დასაბუთებული. სათანადო ნორმატიული მოწესრიგების არქონის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკავებული ტვირთის დაბრუნების მოთხოვნით საკასაციო პალატას არაერთი საქმე აქვს განხილული (იხ.: სუს 25.06.2013წ. Nბს-106-99(კ-13) განჩინება, 09.12.2019წ. Nბს-653(კ-19) განჩინება), რომლებშიც განიმარტა, რომ კანონშემოქმედება ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, უკეთუ უფლებამოსილი უწყებების მიერ არ არის შესრულებული „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება კონკრეტული სახის იარაღის ბაზარზე დაშვების წინაპირობების, სტანდარტების, გასხვისების წესების დამდგენი ნორმატიული აქტის მიღების შესახებ, იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავის კანონისმიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, რაც არ შეიძლება გახდეს მხარისათვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველი (სუს 09.12.2019წ. Nბს-653(კ-19) განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. ი-იმა ინტერნეტ მაღაზიაში შეიძინა არბალეტი, რომლის საქართველოში შემოტანას ვერ ახორციელებს საბაჟო პროცედურების შედეგად ტვირთის შეჩერების გამო. კასატორის მოსაზრებით, საქართველოში არბალეტის შემოტანა საჭიროებს ნებართვას, რომლის არარსებობის პირობებში ტვირთის განბაჟება ვერ მოხდება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისათვის ნებართვის მოთხოვნას უნდა ჰქონდეს სათანადო ნორმატიული, მკაფიოდ განსაზღვრული საფუძველი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. მართალია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 24.17 მუხლის მიხედვით ნებართვის სახეებს შორის სახელდება სამოქალაქო იარაღის იმპორტის ნებართვა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს სადავო აქტების კანონიერებას, კ. ი-ის მიერ ნებართვის წარდგენის საჭიროებას.
„იარაღის შესახებ“ კანონის მიხედვით, იარაღის ერთ-ერთი სახეა სამოქალაქო იარაღი (3.1 მუხ.). სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის, სამოქალაქო იარაღის სახეებია: თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო, სასიგნალო (მე-4 მუხ.). სპორტულ და სანადირო იარაღებს შორის სახელდება ცივი და ცივი სასროლი იარაღი (6.2 მუხ. „ბ“ ქვ.პ., 7.2 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ცივი სასროლი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად (მე-2 მუხ. „პ“ ქვ.პ.). დადგენილია, რომ არბალეტი სამოქალაქო იარაღია და განეკუთვნება ცივ სასროლ იარაღთა კატეგორიას. „იარაღის შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო იარაღად გამოყენებულ იქნეს იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს („კ“ ქვ.პ.). ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს (3.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, თავად კასატორივე ადასტურებს, რომ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით რაიმე ნორმატიული აქტი მიღებული არ არის. ნებართვა სწორედ ნორმატიულად დადგენილ მახასიათებლებთან იარაღის შესაბამისობას ადასტურებს, ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახური არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებად კ. ი-ის სთხოვს იმ სტანდარტების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, რომელიც ნორმატიულად დადგენილი არ არის და რომლის დადგენის ვალდებულებაც სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია.
კასატორის მოსაზრება, რომ ვინაიდან ტექნიკური მახასიათებლები ამ დრომდე დადგენილი არ არის, კ. ი-ისათვის არბალეტის გადაცემა თავისთავად არის უკანონობა, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულია ყველა ნივთი, უკეთუ კანონმდებლობა სამოქალაქო ბრუნვიდან მის ამორიცხვას არ ახდენს ან მის მიმართ სპეციალური რეჟიმის გავრცელებას არ ითვალისწინებს, ამდენად, იმ ტექნიკური მოთხოვნების განუსაზღვრელობა, რომლებთან შეუსაბამობის შემთხვევაშიც ნივთი სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, არ გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვიდან მის გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში პირის ქცევის სახელმძღვანელოდ აღიარებულია პრინციპი, რომლის მიხედვით ის, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია. განსხვავებით ადმინისტრაციული ორგანოსგან, მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ პრინციპს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის დროსაც დაეყრდნოს (სუსგ 25.06.2013წ. Nბს-106-99(კ-13)). სზაკ-ის 81-ე მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქალაქისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა (81.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახური კ. ი-ისაგან ითხოვს ნებართვის წარდგენას ისე, რომ ნორმატიულად არა მხოლოდ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ნებართვის წარდგენის საჭიროება, არამედ შემუშავებული არ არის სტანდარტი, რომელთან შესაბამისობის დადასტურების მიზნითაც უნდა გაიცეს ნებართვა, არ არის განსაზღვრული ნებართვის გაცემის პროცედურა და ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო. შესაბამისად, სათანადო ნორმატიული მოწესრიგების არარსებობის პირობებში კ. ი-ის არ შეუძლია რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგადაც ნებართვის მოპოვებას შეძლებს. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 21.05.2020წ. წერილის თანახმად, არბალეტის ან/და მშვილდისრის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების შესახებ ნებართვის გაცემა, ცივი სასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკთხები მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 18.08.2020წ. წერილით ფიზიკური პირის მიერ არბალეტის ან/და მშვილდ-ისრის ან/და ჰარპუნის შეძენის საკითხის განხილვა სცილდება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის კომპეტენციას. თავად კასატორიც ვერ უთითებს ნებართვის გამცემ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოზე, ნებართვის გაცემის პროცედურაზე და ადასტურებს, რომ ტექნიკური მახასიათებლები, რომელთაც არბალეტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ეტაპზე ნორმატიულად დადგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური არბალეტის კ. ი-ისათვის გადაცემის დაყოვნებას ახდენს სათანადო ნორმატიული საფუძვლის არსებობის გარეშე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019წ. N257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის 1.2 მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ან ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მიუთითებია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებზე, რომლებიც კ. ი-ის მიერ შეძენილი არბალეტის საქართველოში შემოტანის აკრძალვას დაასაბუთებს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ სააპელაციო პალატის განმარტების გაზიარება საფრთხის შემცველია, არ ასაბუთებს სარჩელის უსაფუძვლობას და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობას, რადგან სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიებების შეფასებისას, ამოწმებს მათ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. ამასთანავე, უკეთუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო შეასრულებდა თავის ნორმატიულ ვალდებულებას და მიიღებდა ცივი სასროლი იარაღის ბაზარზე დაშვების წინაპირობების, მათ შორის ტექნიკური მახასიათებლების, დამდგენ ნორმატიულ აქტს, კასატორის მიერ მითითებული საფრთხეები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებულ ნორმატიულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ შედეგებს დაინტერესებული მხარისათვის, რომლის არამართლზომიერი მოქმედება არ დგინდება. მართალია საჯარო ინტერესის უზრუნველყოფის მიზნით საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს ვალდებულებას შექმნას საკუთრების უფლების შეზღუდვის განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმი, სათანადოდ დაასაბუთოს საკუთრების შეზღუდვა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დასტურდება არა ერთი შემთხვევა, როდესაც არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმეში დაცული მასალების მიხედვით, აუქციონის ელექტრონული პორტალის მეშვეობით (eauction.ge) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არაერთგზის გამოცხადდა აუქციონი არბალეტების გაყიდვის მიზნით. ამასთანავე, სააუქციონო პირობებში არ ხდება მითითება რაიმე სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების, შესყიდვამდე ან მის შემდეგ რაიმე სახის ნებართვის მიღების საჭიროებაზე. ამდენად, უკეთუ დასაშვებად არის მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ნებისმიერი სახისა და მონაცემების (ნივთის აღწერილობის მიხედვით, აუქციონი გამოცხადებულია მათ შორის სანადირო არბალეტზე) არბალეტის გასხვისება და ამ გზით მისი სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, მით უფრო გაურკვეველია კასატორის განმარტება კ. ი-ის მიერ შეძენილი არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის დაუშვებლობის შესახებ. არ არის დასაბუთებული სამინისტროს მიერ არბალეტის გასხვისების შემთხვევაში, მისი შემძენის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფუძვლები კ. ი-ითან შედარებით, რომელმაც არბალეტი სხვა წყაროსაგან შეიძინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე



მოსამამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი