საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-155(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 8 აპრილს კ. ს-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის N... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის N658 ბრძანების ბათილად ცნობა, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ამოღებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან, თუმცა იმავე დარღვევისთვის, დღეს მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ანალოგიურ სახდელს. ამდენად, სადავო დარღვევისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობა გაუქმებული არ არის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით (ამჟამად მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაწესებულია ალტერნატიული სანქციები და დადგენილია მათი კუმულაციურად გამოყენების შესაძლებლობა. მათი შერჩევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა სახდელის დაკისრებისას, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპების უგულებელყოფას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი. აპელანტისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი ვერ იქნებოდა მიღწეული.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კ. ს-იმა არ დაადეკლარირა 45 კგ. თევზი, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, თავისი სატრანსპორტო საშუალებითა და დასადეკლარირებელი საქონლით დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა და სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე, შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებლად, უკანონოდ განკარგა აღნიშნული საქონელი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარსულში მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტები განაპირობებს კ. ს-ის მიმართ უფრო მკაცრი სანქციის გამოყენების საჭიროებას. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალების გამოკვლევით დადასტურდა, რომ 2018 წლის განმავლობაში კ. ს-იმა ანალოგიური შინაარსის საგადასახადო სამართალდარღვევა ჩაიდინა უკვე მეოთხედ. ამდენად, წარსულში გამოყენებულმა პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქმა ზომამ ვერ მიაღწია მიზანს. სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შეფარდებისას საგადასახადო ორგანომ უზრუნველყო როგორც პროპორციულობის/თანაზომიერების პრინციპის, ისე საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-იმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მან გულწრფელად აღიარა, რომ არ დაემორჩილა სადახლოს გამშვებ პუნქტში მომუშავე თანამშრომელს და მალულად, მათი თანხმობის გარეშე, გადატვირთა საქართველოში ტვირთი. უკან მიბრუნებისას, მან აღიარა, რომ ნამდვილად ჰქონდა შესაბამისი დასახელების ტვირთი და განაცხადა, რომ თანახმაა, გადაიხადოს მასზე გამოწერილი ჯარიმები, ჩადენილი უკანონო ქმედებებისათვის. შეფარდებული ჯარიმები კანონიერია და აღნიშნულზე მას პრეტენზია არ გააჩნია.
ჩადენილი ქმედებების აღიარებიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მასზე უნდა გავრცელდეს შემამსუბუქებელი გარემოებები, იგი თანახმაა, გადაიხადოს ყველა დაკისრებული ჯარიმა, გადახდის შემდეგ, ჩაიბაროს კუთვნილი ავტომანქანა და გადაკვეთოს საქართველო-სომხეთის საბაჟო ტერიტორია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი აღიარებითი ჩვენება, მძიმე ოჯახური პირობები და არ გამოიყენა არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ მას ყარაბაღის საომარ მოქმედებებში დაეღუპა ერთადერთი შვილი (საქმეს ერთვის შვილის გარდაცვალების მოწმობა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 15 დეკემბერს, სგპ „...ოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა ...-ს მარკის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სომხეთის სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე K. S-N. მებაჟე ოფიცერთან ინტერვიურებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის - კომერციული დანიშნულების საქონელი. დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაში რეალურად იყო კომერციული დანიშნულების შებოლილი თევზი-სიგა. მებაჟე ოფიცრის მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების დროს მძღოლი არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, წარედგინა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი პასპორტი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, კამერით დაეფიქსირებინა მანქანაში მოცემული საქონლის არსებობის ფაქტი, გაიქცა და თვითნებურად მიატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. რამდენიმე საათის შემდეგ, კონტროლის ზონაში გამოცხადდა კ. ს-ი, რომელიც მიემართებოდა სომხეთში. კითხვაზე: რატომ არ დაემორჩილა მოთხოვნას და რატომ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, მან განაცხადა, რომ ავტომანქანაში ჰქონდა 5 ყუთი, დაახლოებით 45კგ. შებოლილი თევზი - სიგა, რომელიც თვითნებურად გადმოტვირთა მანქანიდან და გადასცა სხვა პირს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ, სარეზერვო მეთოდის მიხედვით, შეადგინა 1919.25 ლარი, ხოლო მასზე დარიცხულმა საბაჟო გადასახდელებმა - 345 ლარი).
ზემოაღნიშნულ ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა კ. ს-ის მიმართ 2018 წლის 16 დეკემბერს შეადგინა №..., №..., №..., №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და №... საგადასახადო მოთხოვნა.
2018 წლის 16 დეკემბერს, 09:29 საათზე შედგენილი №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, კ. ს-ი დაჯარიმდა 800 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
2018 წლის 16 დეკემბერს, 09:51 საათზე შედგენილი №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, კ. ს-ის სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება.
2018 წლის 16 დეკემბერს, 10:02 საათზე შედგენილი №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, კ. ს-ი დაჯარიმდა 1000 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
2018 წლის 16 დეკემბერს, 10:22 საათზე შედგენილი №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე, კ. ს-ის სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, საბაჟო გადასახდელის 100%-ის ოდენობით (345 ლარი) და წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 16 დეკემბრის №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კ. ს-ის დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ საბაჟო - 345 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა კ. ს-იმა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 იანვრის N658 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა კ. ს-ის საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 დეკემბრის №..., №..., №..., №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და №... საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 20 მარტის N7550/2/2019 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 იანვრის N658 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 დეკემბრის №..., №..., №..., №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და №... საგადასახადო მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. საგადასახადო სამართალდარღვევად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.
როგორც აღინიშნა, კ. ს-ითან მიმართებაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2018 წლის 16 დეკემბერს ერთდროულად რამდენიმე სამართალდარღვევა გამოავლინა და შეადგინა შესაბამისი ოქმები. აღნიშნულთაგან, მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ №... სამართალდარღვევის ოქმს, იმ ნაწილში, რომლითაც მას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო 2018 წლის 16 დეკემბრის №... სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევდა ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას (საგულისხმოა, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, 289-ე მუხლი ამოღებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან, თუმცა მითითებული მუხლით გათვალისწინებული ანალოგიური ქმედების შინაარსი და ჩადენილი ქმედებისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა ასახულია დღეს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლში (საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა). კერძოდ, ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად -იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სახდელის მიზანს წარმოადგენს სამართალდამრღვევის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილება. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის შეფარდება უნდა მოხდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზუსტი შესაბამისობით, სახდელის დადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით დაწესებულ სანქციათა სახეების (ჯარიმა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა) გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთობლივად. აღნიშნული მიუთითებდა, ჩადენილი ქმედებისათვის ადეკვატური სანქციის განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და მისი მხრიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების მხედველობაში მიღების აუცილებლობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის შემადგენლობის ამსახველი ნორმით ალტერნატიული სანქციების გათვალისწინება, გულისხმობს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შერჩეულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, რომელიც ჩადენილი გადაცდომის შესაბამისი და პროპორციული იქნება. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობის პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა. უნდა განისაზღვროს, ჩადენილი ქმედებით რა სახის ზიანი მიადგა სახელმწიფოს და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი, უფრო მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდა 2018 წლის 16 დეკემბერს გამოვლენილი შემთხვევისა, კ. ს-ი, 2018 წლის განმავლობაში კიდევ სამჯერ იყო გამოვლენილი სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (საქმეს ერთვის შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების დამადასტურებელი 2018 წლის 12 მაისის №..., 2018 წლის 26 ივნისის №... და 2018 წლის 11 დეკემბრის №... ოქმები). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება გამოყენებული სანქციის პროპორციულობასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომა პასუხობს თანაზომიერების პრინციპს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, კ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. კ. ს-ას (პირადი N...) დაუბრუნდეს კ. ს-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 28 მარტს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე