საქმე #ბს-1035(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 8 მაისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის #კ/რ-102-41, #კ/რ-103-42 და #კ/რ-104-43 რევიზიის აქტების საფუძველზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 130 207.235 ლარის გადახდა. აღნიშნულს არ დაეთანხმა მოსარჩელე, რომლის მიერ გასაჩივრებული იქნა 2019 წლის 22 მარტის #40558 ადმინისტრაციული საჩივრით. 2019 წლის 12 აპრილის #02/20289 გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო სადავო აქტებს მიიჩნევს კანონიერად, მხარეს მაინც არ უნდა დაეკისროს თანხის სრულად გადახდა, ვინაიდან სარევიზიო პერიოდი - 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე ხანდაზმულია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ისინი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო) მიერ მიღებულია საქმის სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის #კ/რ-102-41, #კ/რ-103-42 და #კ/რ-104-43 რევიზიის აქტებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის #02/20289 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი განსახილველად, განსჯადობის წესების დაცვით, გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელე სს „...ის“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის #კ/რ-102-41, #კ/რ-103-42, #კ/რ-104-43 რევიზიის აქტებისა და ამავე სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის #02/20289 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს - საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის #ბს-732(გ-19) განჩინებით მოსარჩელე სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის #კ/რ-102-41, #კ/რ-103-42, #კ/რ-104-43 რევიზიის აქტები და 2019 წლის 12 აპრილის #02/20289 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის #36 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის 2015 წლის 26 ოქტომბრამდე მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთან, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.“
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას „შემმოწმებლების“ მიერ სარევიზიო პერიოდის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 26.10.2015წ.-მდე და 26.10.2015წ.-ს ამოქმედებული რედაქცია ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების შემოწმების ვადებთან მიმართებით. მითითებული საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანო (შემმოწმებელი) უფლებამოსილია 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების შემოწმებისას გამოიყენოს შემოწმების 3-წლიანი ვადა. ამასთან, 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს შემოწმების 5-წლიანი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის სადავო ბრძანებების საფუძველზე ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების შემოწმების სარევიზიო პერიოდი - 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე ხანდაზმული იყო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავდა მითითებას თითოეული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების თარიღზე (არ იყო მითითებული კონკრეტული რიცხვი, თვე, წელი) და შეიცავდა ზოგად მითითებას საქართველოს მთავრობის დადგენილებებით გათვალისწინებულ დარღვევებზე. ამდენად, გასაჩივრებულ აქტებში არ იყო დასაბუთება და მსჯელობა იმ გარემოებებზე, თუ რამ განაპირობა რევიზიის აქტში მითითებული დადგენილებების გამოყენება იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა გამოვლენილი დარღვევის ჩადენის თარიღი და ჰქონდა თუ არა გამოვლენილი დარღვევების ჩადენას ადგილი რევიზიის აქტში მითითებული საქართველოს მთავრობის კონკრეტული დადგენილების მოქმედებისა თუ ამოქმედებამდე პერიოდში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული რევიზიის აქტების მიხედვით, შემოწმებისას გამოვლენილი იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით („ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების დამტკიცების შესახებ“) განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოების წესი. ამასთან, არ იყო დასაბუთებული, წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ტექნიკური ხასიათის დარღვევას და გამოვლენილი დარღვევის არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებს გაეწიათ თუ არა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, რომლის მიხედვითაც, უნდა შეფასებულიყო, გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატებოდა თუ არა პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების ოდენობას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავდა დასაბუთებას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობაზე, რასაც აუცილებლად უნდა წარმოეშვა სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი. საგულისხმო იყო ისიც, რომ საქმის მასალების მიხედვით, შემოწმების ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები. ამასთან, შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები შემოწმების აქტში მხოლოდ ფაქტების სახით იყო ასახული და შესაბამისად, არ იყო დასაბუთებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მეტიც, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მსჯელობს, იყო თუ არა გამოვლენილი დარღვევები ტექნიკური ხასიათის და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებს გაეწიათ თუ არა შესაბამისი მომსახურება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან სადავოდ გამხდარი რევიზიის აქტებით შემოწმებულ იქნა არა ბენეფიციართათვის (პაციენტებისათვის) გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, არამედ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის ფარგლებში, მიმწოდებელსა (სამედიცინო დაწესებულება) და სამედიცინო მომსახურების მიმღებ პირს (პაციენტს) შორის იდება ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანდაზმულობის ვადით.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხზე, კერძოდ, სააგენტო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დაწესებულებაში რევიზიის ღონისძიებების ფარგლებში, დარღვევის გამოვლენის, ანუ რევიზიის აქტის შედგენის მომენტიდან და არა ასანაზღაურებელი შემთხვევის დასრულების მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული რევიზიის აქტები შედგენილია 2019 წლის 15 თებერვალს, შესაბამისად, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, რაც კასატორის შეფასებით, ადასტურებს იმას, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ რევიზია მოხდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 15 თებერვლის #კ/რ-102-41, #კ/რ-103-42 და #კ/რ-104-43 რევიზიის აქტებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის #02/20289 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების შესაბამისად, სს „...ში“ ჩატარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შერჩევითი რევიზია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 05.12.18წ. #02-697/მ, 17.12.18წ. #02-723/მ და 21.12.18წ. #02-737/მ ბრძანებების საფუძველზე. განისაზღვრა სარევიზიო პერიოდი - 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის #36 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის 2015 წლის 26 ოქტომბრამდე მოქმედ რედაქციაზე, რომლის მიხედვით, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთან, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.“
ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3. გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.“
ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების ამოქმედებისა (28.02.2013წ.) და ამავე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 დადგენილების ამოქმედებამდე, ანუ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რევიზიის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილი იყო ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში განეხორციელებინა მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 დადგენილების (რომლითაც ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში) ამოქმედების შემდეგ (26.10.2015წ.) განისაზღვრა რევიზიის ჩატარების (შემოწმების) ფარგლები - ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
ამდენად, ზემოთმითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას „შემოწმებლების“ მიერ სარევიზიო პერიოდის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 26.10.2015წ.-მდე და 26.10.2015წ.-ს ამოქმედებული რედაქცია ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების შემოწმების ვადებთან მიმართებით. მითითებული საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანო (შემმოწმებელი) უფლებამოსილია 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების შემოწმებისას გამოიყენოს შემოწმების 3-წლიანი ვადა. ამასთან, 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს შემოწმების 5-წლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს მითითებას თითოეული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების თარიღზე (არ არის მითითებული კონკრეტული რიცხვი, თვე, წელი) და შეიცავს ზოგად მითითებას საქართველოს მთავრობის დადგენილებებით გათვალისწინებულ დარღვევებზე. ამდენად, გასაჩივრებულ აქტებში არ არის დასაბუთება და მსჯელობა იმ გარემოებებზე, თუ რამ განაპირობა რევიზიის აქტში მითითებული დადგენილებების გამოყენება იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გამოვლენილი დარღვევის ჩადენის თარიღი და ჰქონდა თუ არა გამოვლენილი დარღვევების ჩადენას ადგილი რევიზიის აქტში მითითებული საქართველოს მთავრობის კონკრეტული დადგენილების მოქმედებისა თუ ამოქმედებამდე პერიოდში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართვერლოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე #ბს-818(2კ-18)) განმარტებაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „შემოწმებისას უნდა გამოყენებულიყო ის პროცედურული წესი, რაც შემოწმების პერიოდში მოქმედებდა, რამდენადაც, საჯარიმო სანქციების შესრულებისათვის კონკრეტული ვადის დამდგენი ნორმა წარმოადგენს პროგრამის განხორციელების შემადგენელ შინაარსობრივ დანაწესს, კერძოდ, პროგრამის მიმწოდებლის მხრიდან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შედეგად ნაკისრ ვალდებულებას და არა იმ პროცედურულ დათქმას, რომლის დაცვით და გამოყენებითაც უნდა ჩატარებულიყო პროგრამის მიმწოდებელი სუბიექტის შემოწმება.“
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სარევიზიო შემთხვევებისა და ზოგადად, საკითხის ხელახალი შესწავლის პროცესში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის #ბს-658(კ-19) განჩინება)
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) საკასაციო საჩივარზე 17.09.2021წ. #05981 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 10.12.2021წ. #08373 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟი - 6 210.36 ლარის ოდენობით, სულ - 6 510.36 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 4 557.25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.09.2021წ. #05981 და 10.12.2021წ. #08373 საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 510.36 ლარის 70 პროცენტი - 4 557.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა