Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-682(კ-21) 24 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ბ-ე

მესამე პირი - ხ.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 3 ივლისს ნ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №2 საოქმო გადაწყვეტილების - ხ.გ-ისათვის ,,საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 თვის ვადით შეჩერების ნაწილში, ბათილად ცნობა და ხ.გ-ისთვის „საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №2 საოქმო გადაწყვეტილება, ხ.გ-ისათვის ,,საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების 3 თვის ვადით შეჩერების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოწმის ჩვენებას და არ გაითვალისწინა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და რეცენზენტების განმარტებები. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, „ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება.“ ამავე კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, „მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ დასახელებული კანონის 104-ე მუხლი კი ადგენს პაციენტის/მისი ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის უფლებას, გაასაჩივროს მცდარი სამედიცინო საქმიანობით მისთვის მიყენებული ზიანის შედეგები, კერძოდ: „პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში.“ მცდარი სამედიცინო საქმიანობა, რის გამოც პირს გასაჩივრების უფლება მიენიჭება, განსაზღვრულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, კერძოდ, „მცდარი სამედიცინო ქმედება არის ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.“

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასა და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74.1 მუხლი ჩამოთვლის პროფესიული პასუხისმგებლობის სახეებს: დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 76-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა. ამავე კანონის 77-ე მუხლით კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია: ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და რეცენზენტთა დასკვნიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ შემთხვევას და გამომდინარე იქიდან, რომ ექიმ ხ.გ-ის მიმართ, რეცენზენტების მიერ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებს არ მოჰყოლია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მიიღო გადაწყვეტილება - ექიმისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 4 მაისის №2 საოქმო გადაწყვეტილების, რომლითაც ექიმ ხ.გ-ს „საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა სამი თვის ვადით, კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის - ხ.გ-ისთვის „საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

სადავო სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა პაციენტ თ.გ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ არასწორად შეირჩა ექიმ ხ.გ-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახე. მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი და მისი ქმედება უნდა შეფასებულიყო „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევად. ამასთანავე, პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული უნდა ყოფილიყო არა ,,საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, არამედ - ,,საოჯახო მედიცინის“ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საბჭოს მეშვეობით ახორციელებს სამინისტრო.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, ასევე, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება. ხოლო ამავე კანონის 79-ე მუხლით რეგლამენტირებულია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება, კერძოდ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის №01/-4ო ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლის - „ქალა-ტვინის ტრავმების შეფასება და მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლში“, 8.2. პუნქტზე, რომელიც დეტალურად ადგენს რეკომენდაციებს ქალა - ტვინის ტრავმის როგორც საწყის შეფასებას და მის მართვას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე, საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან, პრეჰოსპიტალურ მართვასთან, თავის ტვინის გამოსახვით კვლევასთან და ხანგრძლივ მართვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებული პროტოკოლის R1 ქვეპუნქტის თანახმად, თავის ტრავმის მქონე პაციენტთა საწყისი მართვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სწრაფი და სრულყოფილი ფიზიოლოგიური რეანიმაცია. თავის მცირე ტრავმების უმრავლესობის დროს პაციენტს ცნობიერების ნორმალური დონე აღენიშნება. თუ მისი ნევროლოგიური გასინჯვის და საჭიროების შემთხვევაში გამოსახვითი კვლევის შედეგები ნორმალურია, შესაძლებელია პაციენტი იმართოს ამბულატორიულად პირველი 24 საათის განმავლობაში მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ხოლო პროტოკოლის R3 ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმ პაციენტების მდგომარეობის შეფასება და კლასიფიცირება, რომელთაც გადაიტანეს ქალა-ტვინის ტრავმა, მოზრდილისა და პედიატრიული გლაზგოს კომის შკალის (GCS) მიხედვით უნდა განხორციელდეს (დანართი 2). მითითებული პროტოკოლის R9 ქვეპუნქტი ადგენს ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის ინსტრუქციას, კერძოდ, ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანისას რეკომენდებულია მას თან ახლდეს კომპეტენტური მოზრდილი პირი. ექიმი, რომელიც განსაზღვრავს რეფერალს, პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის საჭიროებას. თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის საჭიროება არ აღინიშნება, თანმხლები პირის არსებობის შემთხვევაში გადაყვანა პირადი ავტომობილის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით მისაღები ალტერნატივაა. გამომგზავნმა ექიმმა მოსალოდნელი რეფერალის შესახებ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს მიმღები საავადმყოფო (ტელეფონის საშუალებით) და არა სასწრაფო სიტუაციაში პაციენტთან ერთად დაწესებულებაში გააგზავნოს სიმპტომებისა და ნიშნების შემაჯამებელი წერილობითი ფორმა (ფორმა №100). პროტოკოლის R11, R12 და R14 ქვეპუნქტებით განსაზღვრულია ის შემთხვევები, რომელთა არსებობისას, მოზრდილ პაციენტებს თავის ტრავმით, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ კომპიუტერული ტომოგრაფია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაზე, განსაზღვრავს გადაყვანის საშუალებას და მოსალოდნელი რეფერალის შესახებ საქმის კურსში აყენებს სათანადო მიმღებ საავადმყოფოს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 იანვარს, 14:09 საათზე მიღებული ტრავმის გამო, თ.გ-ე მიყვანილ იქნა ...ს მუნიციპალიტეტის ...ო ...ზე არსებულ შპს „ე...ის“ სამედიცინო ბრიგადის ამბულატორიაში. ექიმმა ხ.გ-მა დაათვალიერა პაციენტის სახე და თავი, დაამუშავა ჭრილობა, დაადო ნაკერი, მისცა მედიკამენტი და შეკრიბა ანამნეზი, თუმცა პაციენტის მდგომარეობა გლაზგოს კომის შკალის მიხედვით არ შეუფასებია, რაც დასტურდება მის მიერ შევსებული პაციენტის სამედიცინო ბარათით. ექიმ ხ.გ-ის ახსნა - განმარტებითაც, დადგინდა, რომ პირველ ეტაპზე პაციენტს არ აღენიშნებოდა ყურიდან და ცხვირიდან სისხლდენა, გულისრევა, ღებინება და თავბრუსხვევა. პაციენტი იყო კონტაქტური, დროსა და სივრცეში ორიენტირებული, ადეკვატური, მეტყველება ჰქონდა გამართული, თუმცა მოგვიანებით განვითარდა ფტოზი, ბრადიკარდია და დაბალი სატურაცია. პაციენტს აღენიშნებოდა ღებინება და სოპორისკენ მიდრეკილება. შესაბამისად, დაისვა წინასწარი დიაგნოზი - ინტრაკრანიალური ტრავმა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ ხ.გ-მა, ერთი მხრივ, დაგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაზე, მეორე მხრივ კი, არ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა სრულყოფილად. აგრეთვე, მიმღებ საავადმყოფოსთან წინასწარ არ შეათანხმა შეეძლო თუ არა ამ უკანასკნელს კონკრეტული დიაგნოზის მქონე პაციენტის მიღება და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოხსენებული პროტოკოლით, ასევე, საქალაქო სასამართლოში სხდომებზე გამოკითხული სპეციალისტების განმარტებით, ქალა-ტვინის ტრავმის დროს პაციენტისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება 11-12 საათის შემდეგ დაგვიანებულია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრების განხილვა, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პროფესიული პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. პროფესიული პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციის სფეროში მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. მსჯელობის შედეგად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცხადად უნდა აისახოს თუ რა მოსაზრებები გაიზიარა საბჭომ საკითხზე მსჯელობისას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს შეფასებით, შპს „ე...ის“ მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, სამედიცინო პუნქტში მოხვედრიდან 2 საათის შემდეგ, შპს „ე...ის“ მიერ ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები იყო არაადეკვატური, ვინაიდან, ავადმყოფს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები თავის არეში, ასევე, გონების დაკარგვის რამდენიმე წუთიანი ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლდენის შეჩერება და დაუყოვნებლივ ტრანსპორტირება სპეციალიზებულ კლინიკაში, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. სპეციალიზირებულ კლინიკაში ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მაშინ, როდესაც ავადმყოფს დაეწყო გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დათრგუნვა და მიდრეკილება ბრადიკარდიისაკენ. ამასთან, შპს „უ...ის“ ...ს სამედიცინო ცენტრში ასეთი პაციენტი არ უნდა მოხვედრილიყო, რადგან კლინიკას არ გააჩნდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა (კომპიუტერული ტომოგრაფია). კატასტროფის ბრიგადის მოლოდინში ავადმყოფმა დაჰყო 2 საათი.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, შპს „ე...ის“ სამედიცინო ბრიგადის მიერ, შპს „უ...ის“ ...ს სამედიცინო ცენტრსა და შპს „უ...ის“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტ თ.გ-ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლისას ექიმ ხ.გ-ის მიმართ გამოავლინა შემდეგი სახის დარღვევა - ნაკლოვანებები: 1. შპს „ე...ის“ ექიმ ხ.გ-ს, რომელიც დანიშნული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმის პოზიციაზე, არ ჰქონდა გავლილი „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი ანდა აღნიშნულ თანამდებობაზე 1 წლის მუშაობის სტაჟი (სალიცენზიო პირობების აღნიშნული დარღვევის გამო, შპს „ე...ის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი); 2. შპს „ე...ის“ გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში (...ზე) პაციენტი დაყოვნდა დაახლოებით 3 საათი. რეცენზენტების შეფასებით, შპს „ე...ის“ ექიმ ხ.გ-ის მიერ „სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ხოლო ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები იყო არაადეკვატური. ვინაიდან ავადმყოფს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, ასევე, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზებულ კლინიკაში, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად“.

საქმის მასალებში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №000238517 ექსპერტის დასკვნის თანახმად, თ.გ-ის სიკვდილის მიზეზი გახდა თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, ტვინის ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა, განვითარებული ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმის შედეგად თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევით, ქალას სარქვლის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობების გამო, თავის ტვინზე ზეწოლით. თ.გ-ის სიკვდილი კონსტატირებულია 2017 წლის 13 იანვარს 00:30 საათზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობას და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას ჩადენილ გადაცდომასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა დამდგარი არასასურველი შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული მცდარი სამედიცინო ქმედების რეზულტატად. მცდარი სამედიცინო ქმედება სათანადო შეფასებას საჭიროებს, რაც უპირველესად მკურნალობის უარყოფითი შედეგის დადგომაში ექიმის წვლილის დეტალურ შემოწმებას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო შეცდომად განიხილება ისეთი არასწორი ქმედება, რომელიც მიყენებულ ზიანთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. ამავე კანონის 50-ე მუხლით, მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქმის მასალებიდან გამომდინარე კი, ცალსახაა, რომ ხ.გ-მა, ერთი მხრივ, დაგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაზე, მეორეს მხრივ კი, არ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა სრულყოფილად და მისი არსებული სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანის მიზანშეწონილობა, როგორც უშუალოდ მანქანის სათანადო აღჭურვის, ასევე, გზის გათვალისწინებით. აგრეთვე, მიმღებ საავადმყოფოსთან წინასწარ არ შეათანხმა შეეძლო თუ არა ამ უკანასკნელს კონკრეტული დიაგნოზის მქონე პაციენტის მიღება და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, მათ შორის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოხსენებული პროტოკოლით, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომებზე გამოკითხული სპეციალისტების განმარტებით, ქალა ტვინის ტრავმის დროს პაციენტისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება 11-12 საათის შემდეგ დაგვიანებულია. ამასთან, რეცენზენტების შეფასებითაც, შპს „ე...-ის“ ექიმი ხ.გ-ის მიერ „სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი იყო არაადეკვატური. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების განმარტებას, რომ სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა უარყოფილი რეცენზენტთა დასკვნა, რომლითაც ექიმ ხ.გ-ის ქმედებები უარყოფითად შეფასდა. აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას ასევე არ გაითვალისწინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, მხედველობაში არ მიიღო სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები და ა.შ., რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა სანქციის არაადეკვატურობა. პროფესიული განვითარების საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ ქმედებებს საბოლოოდ მოჰყვა უმძიმესი შედეგი - პაციენტის გარდაცვალება. მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ...-ის“ 2019 წლის 1 მაისის N01-04/09 დასკვნაშიც მითითებულია, რომ სამივე სამედიცინო დაწესებულებაში თ.გ-ის მიმართ დროული, სრულფასოვანი და ადექვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა სასიკვდილო შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მართალია, სამედიცინო დოკუმენტაციაში პირდაპირ არ არის მითითებული პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, თუმცა საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ხ.გ-მა საწყის ეტაპზე სათანადოდ ვერ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა, დაელოდა გარეგნული/კლინიკური სიმპტომების გამოხატვას და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, პაციენტი გადაყვანილ იქნა არასათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანით არასპეციალიზებულ კლინიკაში, საიდანაც იქნა საბოლოოდ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. პალატის შეფასებით, იმ დროს როდესაც სახელმწიფო სტანდარტი ქალა - ტვინის ტრავმის დროს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სწრაფ და სათანადო რეაგირებაზე, მათ შორის, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანაზე, პაციენტის დაგვიანებულმა, არასათანადოდ აღჭურვილი ტრანსპორტით ტრანსპორტირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. პროფესიული განვითარების საბჭო ვალდებული იყო ექიმისთვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრამდე განეხორციელებინა დარღვევათა იდენტიფიცირება და შემდეგ დაედგინა ამ ქმედებებს მოჰყვა თუ არა თ.გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც არ განუხორციელებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიუთითეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარზე 02.06.21წ. №03343 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინება.

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარზე 02.06.21წ. №03343 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. ქადაგიძე