№ბს-482(კ-20) 18 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 2 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად, შეამოწმა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „...ა“ (მოსარჩელე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 4 ოქტომბერს ა(ა)იპ „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ.
მოსარჩელემ, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის 2018 წლის 16 აგვისტოს №გ-04/138-18 წერილის პირველი და მეორე პუნქტებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულებებისა და 10 არარეზიდენტ პირთან დადებული ხელშეკრულებების, თითოეულთან თანხის მითითებით, გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა საჯარო ინფორმაციის - 2018 წლის 5 მარტიდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის თანახმად განხორციელებული შესყიდვების შედეგად ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ა(ა)იპ „...ისათვის“ გადაცემა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისათვის დაშტრიხული ფორმით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ა(ა)იპ ...ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა 2018 წლის 16 აგვისტოს №გ04/138-18 წერილით მოთხოვნილი, 10 არარეზიდენტ პირთან დადებული ხელშეკრულების (თითოეულთან თანხის მითითებით) საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დაფუძნებულ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ შეიცავს სპეციალურ მითითებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ამდენად, მაუწყებელი ვალდებული იყო, ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში, გაუცემლობის მიზეზად მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძველი მიეთითებინა და ინფორმაციის გაუცემლობა სათანადოდ დაესაბუთებინა.
განსახილველ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნებისათვის, მხოლოდ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ვერ უზრუნველყოფდა ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს მხრიდან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა ინფორმაციის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით იყო გასაიდუმლოებული. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ შეუფასებია ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებისადმი მიკუთვნების შესაძლებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო ზედაპირულად და ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს, მხარეებს არ მისცა შეჯიბრებით პროცესში მონაწილეობის საშუალება და მხარეთა დაუსწრებლად, გამოსაყენებელი კანონმდებლობის არასწორი განმარტების საფუძველზე, მიიღო არსებითად არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა საჭიროებს ინფორმაციის მფლობელის ნების გამოხატვას. კომერციული საიდუმლოება, როგორც სამართლით დაცული ობიექტი არ არსებობს ინფორმაციის მფლობელის გარეშე. საიდუმლოების მფლობელის გამართლებულ პატივსადებ ინტერესთან და ინფორმაციის გაუვრცელებლობასთან ერთად, საიდუმლო ინფორმაციის ერთ-ერთი ნიშანია აგრეთვე მფლობელის ნება, დაიცვას ინფორმაციის საიდუმლოება მესამე პირებისგან. კონფიდენციალობა არის ინფორმაციის თვისება, მისი ნიშანი, რომელიც მიცემულია მისთვის დაინტერესებული პირის მიერ. შესაბამისად, პირის ვალდებულება არ დაუშვას მისი გავრცელება არის ამ თვისების შედეგი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა კონფიდენციალობის დავალდებულებას, რისი დარღვევაც გამოიწვევდა მაუწყებლის სანქცირებას და პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საქმიანობისა და ფინანსების გამჭვირვალობას. ამავდროულად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარეს მაქსიმალურად გადაეცა ინფორმაცია შეჯამებული სახით, იმ თანხების შესახებ, რაც გადახდილი იქნა 10 არარეზიდენტი პირისათვის, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს, რომ გარდა 10 არარეზიდენტ პირთან დადებული ხელშეკრულებისა, რომელთა გაცემაც ვერ მოხდა მათი შინაარსის კონფიდენციალობის საფუძვლით და გაიცა მხოლოდ ჯამურად გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია, დაუბრკოლებლად მოხდა სხვა ხელშეკრულებების გაცემა, რომლებიც არ შეიცავდნენ კონფიდენციალობის შესახებ პირობას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები აფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის საგანია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულება (ლიცენზიის საფუძველზე ამა თუ იმ კონტენტის ჩვენების უფლების შეძენა და ეთერში გადაცემა და ა.შ., ხოლო, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1(თ) მუხლის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს), ლოგიკურია შეკითხვა - რამდენად არის აუცილებელი და საჭირო დამატებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურის განხორციელება - ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებისადმი მიკუთვნების შესახებ. არარეზიდენტ კონტრაჰენტს ისედაც ჰქონდა ხელშეკრულებით ნება გამოხატული, რომ ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო და ხელმისაწვდომი სხვა პირებისთვის. აღნიშნული პირობის გარეშე კი იგი არ დადებდა მაუწყებელთან ხელშეკრულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის არარეზიდენტ პირებთან დადებული ხელშეკრულებების მოსარჩელისათვის საჯარო ინფორმაციის სახით გადაცემის დავალდებულება წარმოადგენს, იმ პირობებში, როდესაც გაფორმებული ხელშეკრულებები, მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას ითვალისწინებდა, მათ შორის, ხელშეკრულების ფასთან მიმართებაში. კასატორმა გასცა ინფორმაცია ხელშეკრულებათა ფასის შესახებ მხოლოდ ჯამური ოდენობებით (10 ხელშეკრულებასთან მიმართებაში - ლარში, დოლარსა და ევროში ცალ-ცალკე).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ცალსახად ადგენს, საჯარო დაწესებულების ვალდებულებას - საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა (სზაკ 28.1). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საჯარო დაწესებულების მხრიდან, მისი ვალდებულების - საჯარო ინფორმაციის გაცემის განხორციელებაზე უარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისი დასაბუთებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული „ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“,II-5).
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის შეფასებას, რომ მოთხოვნილი ხელშეკრულებების შესახებ ზოგადი მონაცემებისა და დაჯამებული თანხების შესახებ ინფორმაციის გაცემა არ ქმნის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის საფუძვლებს, რადგან ასეთი სახით გაცემული ინფორმაცია არ იძლევა კონკრეტულ პასუხს საკითხის არსებით დეტალებზე, არ ქმნის სრულ და დეტალურ წარმოდგენას სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ადეკვატურობასა და მიზანშეწონილობაზე (კონკრეტულად რა მომსახურებაში რა ოდენობის თანხა გადაიხდება), არ გამოდგება ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების ჯეროვნად განხორციელებისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება უმთავრესი პრინციპია თავად კასატორის - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი) თანახმად, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა, სხვა, მესამე პირთა შესახებ კომერციულ საიდუმლოებას, რაც გამორიცხავდა მოთხოვნილი ინფორმაციის (10 არარეზიდენტ პირთან დადებული ხელშეკრულებების, თითოეულთან თანხის მითითებით) გაცემის შესაძლებლობას. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საფუძველს კი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მომწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება ქმნიდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილია ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის როგორც საფუძვლები და ასევე პროცედურული მხარეც. მითითებული პროცედურების დაცვა, სწორედ მატერიალური კანონიერების კუთხით - ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საფუძვლიანობის შემოწმებისა და დაინტერესებულ მხარეთა, როგორც ინფორმაციის სუბიექტის, ასევე ინფორმაციის მომთხოვნის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-33-32(კ-16); 28.02.2017), რომლის შესაბამისადაც - „ინფორმაციისათვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება მოითხოვს ინფორმაციის კომერციული საიდუმლოებისადმი მიკუთვნების დოკუმენტურ დადასტურებას. პერსონალური მონაცემების დაცვისაგან განსხვავებით კომერციული საიდუმლოების შემთხვევაში მისი დაცვა იმთავითვე არ არის პრეზუმირებული, ინფორმაციის დაცვის ინტერესი ამ შემთხვევაში თავისთავად არ იგულისხმება. პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი რეჟიმისაგან განსხვავებით, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, მისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ნების გამოხატვა. ამასთანავე ინფორმაციის გასაიდუმლოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სუბიექტის ნება-სურვილზე და მოსაზრებაზე. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებისთვის მფლობელს, ნების გამოხატვის გარდა, უნდა გააჩნდეს საჯარო დაწესებულებაში შენახული ინფორმაციის დაცულობის მიმართ გამართლებული, პატივსადები ინტერესი, რაც განპირობებულია საიდუმლოების მფლობელის შესაძლო თვითნებობის შეზღუდვის საჭიროებით, ვინაიდან კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის გამოცხადება აკისრებს სხვებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ვალდებულებას, ანიჭებს ინფორმაციის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებებს, ხოლო სახელმწიფოს ამ უფლებების უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებებს. ინფორმაციის მფლობელის უფლება წინააღმდეგობაში მოვიდოდა თავად უფლების ცნებასთან, უკეთუ იგი მხოლოდ სუბიექტურ შეხედულებაზე იქნება დამოკიდებული და არ დააკმაყოფილებდა რაიმე უნივერსალობის და ობიექტურობის კრიტერიუმს, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი და არა სუბიექტური გრძნობები“.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ კასატორი - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ვალდებული პირი, ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის მიზნისათვის, მხოლოდ თავის და კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილ ნებას - ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ, ვერ დაეყრდნობა. ადმინისტრაციული ორგანოს ნებელობა, კომერციული საიდუმლოების ბუნებიდან გამომდინარე, არარელევანტურია. „ადმინისტრაციულ ორგანოში შესაძლოა სხვა პირთა კომერციული საიდუმლოება ინახებოდეს, საიდუმლოების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფაზე ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული, მაგრამ თავად ამ ორგანოს საკუთარი კომერციული საიდუმლოება არ გააჩნია, ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებული არც ერთი ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად. სხვა პირის კომერციული საიდუმლოება ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკებისათვის სამსახურებრივი საიდუმლოების სტატუსით უნდა ინახებოდეს ანუ ადგილი აქვს კომერციული საიდუმლოების ერთგვარ ტრანსფორმირებას სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმში. სზაკ-ის 273 მუხლის მიხედვით, პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (იხ. იქვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (საქმე №ბს-33-32(კ-16); 28.02.2017)). ამდენად, შეუძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ხელშეკრულების მხარეს გააჩნდეს კომერციული საიდუმლოება, თუნდაც ეს ხელშეკრულების მეორე მხარის მოთხოვნიდან გამომდინარეობდეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საფუძვლიანობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მართალია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 31 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, აგრეთვე ამ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა), თუმცა აღნიშნული გამონაკლისის დაწესება ემსახურება მაუწყებლის მიერ, მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკრეტული შესყიდვების მარტივად და ეფექტურად განხორციელებას და არ უკავშირდება მის ვალდებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, პირიქით, ასეთი გამონაკლისის დაწესება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ვალდებულებების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას მოითხოვს.
ამასთან, რაც შეეხება კასატორის მითითებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული საკანონმდებლო დათქმა ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამავე კანონით დადგენილი გარანტიებისა და სტანდარტების გავრცელებას (მაგ. მუხლი 3.2. - ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება; მუხლი 9.1.თ. -კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას) და არა მისი როგორც საჯარო დაწესებულების მხრიდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების გამორიცხვას. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი ნათლად და ცხადად მიუთითებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო დაწესებულების სტატუსზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს 12/06/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №11831-ით, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს (ს/ნ 204858163) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12/06/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №11831-ით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი