საქმე #ბს-1067(კს-21) 9 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, #3 პენიტენციური დაწესებულება, სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 12 აგვისტოს შ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ შ. ა-ეის სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვასთან, შრომითი საქმიანობისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფასა და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით (კერძოდ, კომპიუტერის სწავლება, ზოგადი და პროფესიული განათლება, ინგლისური ენის შესწავლა, წითელი და შავი ფერის საწერი კალმებით უზრუნველყოფა, დამატებითი სატელეფონო საუბარი და პაემანი) მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის ნების შესაბამისად და თანხმობით, დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, თანამოპასუხეებად მიჩნეულ იქნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შ. ა-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება შ. ა-ეს ჩაბარდა პირადად 2021 წლის 21 ივლისს, ხოლო შ. ა-ეის სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩაბარებულია 2021 წლის 9 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან შ. ა-ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2021 წლის 21 ივლისს ჩაბარდა, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 22 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 4 აგვისტოს, 24 საათზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, რის გამოც არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გაშვებული ვადის აღდგენა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 65-66-ე და 215-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევას ჰქონდა საპატიო მიზეზი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობაზე, როგორიც არის მისი მხრიდან შიმშილობის გამოცხადება, მის ხელთ არსებული და სასამართლოში წარსადგენი მასალების ასლების გადაღების შეზღუდვა, პენიტენციური დაწესებულებიდან მისი საჩივარ-განცხადებების გაგზავნის შეზღუდვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ #6 დაწესებულების ადმინისტრაციამ მას მიუთითა მასალების ასლების მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლისთვის მათი მხოლოდ ერთი ეგზემპლარად გადაცემის შესაძლებლობაზე, რაც მისი მოსაზრებით, შეუძლებელს ხდიდა მისი მხრიდან, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში დოკუმენტებისა და მასალების ასლების ხელმისაწვდომობას იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეს არის საქმეში.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანის ხელშემშლელ გარემოებებს, რის გამოც აღდგენილ უნდა იქნეს მის მიერ გაშვებული ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შ. ა-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის - შ. ტ-ეის მომართვაზე, რომელზე თანდართული შ. ა-ეის ხელწერილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება გაეგზავნა შ. ა-ეს და 2021 წლის 21 ივლისს იგი მას პირადად ჩაბარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შო. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, 2021 წლის 21 ივლისს ჩაბარდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 22 ივლისიდან და ამოიწურა 2021 წლის 4 აგვისტოს, 24 საათზე. შ. ა-ემ კი სააპელაციო საჩივარი, #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მეშვეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2021 წლის 9 აგვისტოს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე თანდართული შპს „...“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების შემდგომ, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში სადავოდ არ გაუხდია მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანის ფაქტი, არამედ მან მიუთითა, რომ მის მიერ ვადის გაშვება განპირობებული იყო ისეთი საპატიო მიზეზების არსებობით, როგორიც არის მისი მხრიდან შიმშილობის გამოცხადება, მის ხელთ არსებული და სასამართლოში წარსადგენი მასალების ასლების გადაღების შეზღუდვა, პენიტენციური დაწესებულებიდან მისი საჩივარ-განცხადებების გაგზავნის შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თავად შ. ა-ეის მიერ შედგენილი განცხადება და თანდართული სააპელაციო საჩივარი თარიღდება 2021 წლის 5 აგვისტოთი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდებოდა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან შეზღუდული იყო მისი საჩივრებისა და განცხადებების გაგზავნა, ცალსახაა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი არა მხოლოდ სასამართლოში წარადგინა, არამედ შეადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომელიც აღნიშნავს, რომ #6 დაწესებულების ადმინისტრაციამ მას მიუთითა მასალების ასლების მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლისთვის მათი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გადაცემის შესაძლებლობაზე, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შეუძლებელს ხდიდა მისი მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებში დოკუმენტებისა და მასალების ასლების ხელმისაწვდომობას იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეც არის საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ჰქონდა მის ხელთ არსებული დოკუმენტების ვადის დაცვით სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობა. სასამართლოს მიერ დოკუმენტების ხარვეზიანად მიჩნევის შემთხვევაში კი, მას მიეცემოდა დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, იმ პირობებშიც კი, თუკი სასამართლო წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ მიიჩნევდა ხარვეზიანად, მხარეს მიეცემოდა ნებისმიერი დოკუმენტის თუ მოსაზრების დამატებით წარდგენის შესაძლებლობაც.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შ. ა-ეის მიერ კერძო საჩივარზე თანდართულ #6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - დ. ნ-ის 2021 წლის 3 აგვისტოს #181915/23 წერილზე, რომელშიც ქსეროასლების გადაღებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, როგორც ადრესატებთან თქვენი კორესპონდენციის გაგზავნას, ასევე განცხადების საფუძველზე ერთი ეგზემპლარის მსჯავრდებულისათვის გადაცემას“. ამდენად, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან გამოხატულია კორესპონდენციის საჭიროებისამებრ გადაგზავნის თაობაზე მზაობა და მხოლოდ განცხადების ეგზემპლარის მსჯავრდებულისათვის გადაცემის რაოდენობა არის შემოსაზღვრული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის მიმართვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების ხელოვნური გაფართოვების შესაძლებლობის დაშვება, განსაკუთრებით შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ეჭვქვეშ დააყენებს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარმოდგენის ფაქტს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად აცხადებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას თუ აღდგენას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ. ა-ეის მიერ გაშვებული, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის იმპერატიულად განსაზღვრული 14-დღიანი ვადა აღდგენას არ ექვემდებარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ა-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ა-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა