Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

Nბს-232(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. შ-ი).

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 17 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. შ-იმა, მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 02 ივლისის N02/21-0988 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 02 ივლისის N02/21-0988 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. შ-ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის ამსახველი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმის შეფასებას, ხოლო საკითხი მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ოჯახთან ურთიერთობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში ქცევის, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თაობაზე, არ არის სათანადოდ შეფასებული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, მან უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ერთი მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საყურადღებოა რესოციალიზაციის მიზანი. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნას, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან. თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია, საბოლოოდ დადგინდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნულ, მსჯავრდებულთან დაკავშირებულ დამცავ ფაქტორებზე (ქცევის შეცვლის მოტივაცია, სოციალური მხარდაჭერა და ა.შ.), რომლის თანახმად, დ. შ-ის პიროვნება დადებითად ფასდება ყველა სხვა შეფასების კრიტერიუმში. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსჯავრდებული იაზრებს ჩადენილი დანაშაულის მძიმე შედეგებს და აღნიშნავს, რომ თავს ცნობს დამნაშავედ; დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არის ნორმალურ დამოკიდებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა რაიმე სახის დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, არ არის კონფლიქტური და აგრესიული; გათავისუფლების შემთხვევაში, დასაქმდება და იზრუნებს ოჯახის კეთილდღეობაზე; სამომავლოდ ავლენს შრომის მოტივაციას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებაში ასახული არ არის მსჯელობა, თუ რატომ მიანიჭა საბჭომ უპირატესობა უარყოფით კრიტერიუმს მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელ, დადებითად შეფასებულ კრიტერიუმებთან შედარებით. საბჭოს ასევე არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ დ. შ-ი განიცდის ჩადენილ დანაშაულს და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. იგი არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ამგვარი დასაბუთების გარეშე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს დაწესებულებაში მსჯავრდებულის დადებითი ქცევის გამოვლენისადმი პირის პოზიტიურ დამოკიდებულებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე, 97-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მართებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის განხილვის დროს სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შემდეგ, მიიღოს დაასაბუთებული გადაწყვეტილება, დ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები ის ხუთი კრიტერიუმია, რომელთა გამოკვლევის საფუძველზეც იღებს საბჭო გადაწყვეტილებას: 1) დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; 2) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია; 3) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; 4) ოჯახური პირობები - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; 5) მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტისას საბჭომ შეაფასა ყველა კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობის არქონის ფაქტი. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ყაჩაღობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის, განსაკუთრებით უარყოფით როლს ასრულებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. შესაბამისად, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანხმლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. სადავო გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, მასში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო არ გაცდენია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.


საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა რუსთავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა - დამტკიცდა პროკურატურასა და დ. შ-ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 26 მარტიდან.

2019 წლის 4 იანვრის N85 ბრძანებით დ. შ-ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და დაუდგინდა საშიშროების საშუალო რისკი. დ. შ-ი 2018 წლის 30 ივნისს შეყვანილ იქნა რუსთავის N... დაწესებულებაში, N... დაწესებულებიდან. სასჯელის დასაწყისი განსაზღვრულია 2018 წლის 26 მარტით, ხოლო დასასრული - 2022 წლის 26 მარტით. სასჯელის 2/3 მოიხადა 2020 წლის 26 ნოემბერს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2021 წლის 2 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ის შუამდგომლობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 2 ივლისის N02/21-0988 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. შ-ის შუამდგომლობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა, მისი ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ყაჩაღობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის). შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

ზემოანიშნულ გადაწყვეტილებაში ასახული მონაცემებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ. შ-ი არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი, რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. სიძის გარდაცვალების შემდეგ, ზრუნავს 4 დისშვილზე.

დ. შ-ის აქვს დიაბეტი, აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემა. შაქრიანი დიაბეტი აქვს მის შვილიშვილს - გ. შ-ისაც.

დ. შ-ითან ინტერვიუირების პერიოდში რაიმე სახის განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა. აქვს საშუალო ტექნიკური განათლება და სამუშაო გამოცდილება. მსჯავრდებულის თქმით, დასაქმებული იყო ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის, ბაქო - თბილისი - სუფსის ტერმინალზე, ...ად. რუსთავისა და გორის
ავტობანზე ...ის ...ად. გათავისუფლების შემდეგ, აპირებს ძველ სამუშაო ადგილას დაბრუნებას და ოჯახზე ზრუნვას.

საქმეზე წარმოდგენილი დ. შ-ის მეზობლებისა და ფერიცვალების ტაძრის წინამძღვრის რეკომენდაცია-დახასიათებების მიხედვით, დ. შ-ი არის კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ზრუნავს ოჯახზე და მეგობრებზე. მას გათვითცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაული და ნანობს მომხდარს.

დ. შ-ი ნასამართლობის არმქონეა. სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრებულის მიმართ დისციპლინური სახდელი არ ყოფილა გამოყენებული. მსჯავრდებული დ. შ-ი იცავს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის -თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.


საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე, 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო განიხილავს ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მითითებული „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა ზემოაღნიშნული „წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. საბჭომ დადებითად შეაფასა მსჯავრდებულის ქცევა, მისი დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობის არქონა, ხოლო მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილა დანაშაული ხასიათსა და სიმძიმეზე, მიუთითა, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ყაჩაღობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაშიც, ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს სხვა დადებითი კრიტერიუმები. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე ხაზგასმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია (პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართული პროცესი), სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, საბოლოოდ უნდა დადგინდეს, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებულის ყოფაქცევა და მისი გამოსწორებისათვის არსებობს თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდის საჭიროება პენიტენციურ დაწესებულებაში. საყურადღებოა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ხაზგასმულია მსჯავრდებულთან დაკავშირებული არაერთი დადებითი გარემოება, მათ შორის - დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან და გამოსწორების სურვილი.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, რატომ მიენიჭა უპირატესობა მსჯავრდებულთან დაკავშირებულ მხოლოდ უარყოფით მხარეს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 02 ივლისის N02/21-0988 გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. შ-ის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე





მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე





გენადი მაკარიძე