№ბს-406(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. ხ-ემ 2020 წლის 12 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2747 განკარგულება; ბ) დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე ი. ხ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სარჩელის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ი. ხ-ემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი №...-ს მიმდებარედ არსებული ფართის (რომლითაც სარგებლობს და ფლობს 1990 წლიდან) 827,00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. მოპასუხის 2019 წლის 30 დეკემბრის №2747 განკარგულებით ი. ხ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღიარების კომისიამ უარის საფუძვლად მიუთითა, რომ განმცხადებელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ი. ხ-ეის მეირ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, 2005-2010-2014 წლების ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობის არსებობის ფაქტი.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტში მითითებული გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. შენობა, რომლის ორთოფოტოებზე გამოჩენას ხელს უშლის ხეები, აშენებილია 90-იან წლებში მამის მიერ, რომელიც მოგვიანებით თავად მოიყვანა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში და დაახლოებით 12 წელია იქ ცხოვრობს. აღნიშნულ დავასთან მიმართებით საგულისხმოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 1 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №... სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.06.2015 წ. №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც განხორციელდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, 2466 კვ.მ. აღნიშნულ ქონებაში მოქცეულია მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი. იმავე წლის 20 ივლისს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართა ი. ხ-ემ და მოითხოვა ტერიტორიის გამოთავისუფლება მისი შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 16 აგვისტოს მიღებულ იქნა №1424762 გადაწყვეტილება ი. ხ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საკითხი განხილულ იქნა შესაბამისი კომისიის მიერ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება განაცხადის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დავა ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. საყურადღებოა, რომ აღიარების კომისიამ ი. ხ-ეს წარმოება შეუჩერა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირდა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს განცხადებაზე დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველს. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე აუქციონი შეჩერებულია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2747 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2747 განკარგულება, რომლითაც ი. ხ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისში, გასასვლელი ...ის №...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 827.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ განმცხადებელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ი. ხ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, 2005-2010-2014 წლების ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობის არსებობის ფაქტი. ასევე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ი. ხ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით ემყარება 2005-2010-2014 წლების ორთოფოტოებს, რომელზეც არ შეიმჩნევა შენობა-ნაგებობის კვალი. მოცემულ არგუმენტთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ შენობასთან მდებარე ხეები ხელს უშლის ორთოფოტოებზე შენობა-ნაგებობის გამოჩენას. შენობა აშენებულია 90-იან წლებში მამის მიერ და მას მისი ოჯახი ფლობდა. ნაგებობა მოგვიანებით თავად მოიყვანა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში და დაახლოებით 12 წელია, რაც იქ ცხოვრობს. საქმეში დაცულია შპს „...ის“ მიერ 2005 წლის 27 მაისის შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც მითითებულია 9.24 კვ.მ ნაგებობის არსებობა. ამ ნახაზზე პირობით აღნიშვნების ახსნა-განმარტების შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა ან წყლის რეზერვუარი. საყურადღებოა, რომ განცხადების წარდგენის დროს ი. ხ-ეის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 16 კვ.მ ფართისაა (ს.ფ. 19). აღნიშნული გარემოება საფუძვლიანს ხდის აპელანტის მითითებას მასზედ, რომ 2005 წელს დაფიქსირებულ ფართს საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდა მისი ოჯახისათვის. ი. ხ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მასალებში დაცულია 2015 წლის 10 თებერვალს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული განცხადება, რომლითაც ლ. ბ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ .... მისმართი: თბილისი, ...ის ქ. №...), თ. დ-ი (დაბ. ... წ. პ/ნ..., მისამართი: თბილისი, ვ. ...ის გამზ. №...) და თ. ე-ი (დაბ....წ. პ/ნ ...; მისამართი: თბილისი, ...ის ქ. №12) ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ი. ხ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ...) 1990 წლიდან - დღემდე (12.06.2015) ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, გასასვლელი ...ის №...-ს მიმდებარედ - 827 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობებით. თანხმობას აცხადებენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაკანონება-ლეგალიზაციის განხორციელებაზე ი. ხ-ეის სახელზე, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით. საქმის მასალებში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ი. ხ-ეის ოჯახი შემოწმებულ იქნა სწორედ იმ მისამართზე, რომელზეც ითხოვს მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას. დეკლარაციის შევსების თარიღად მითითებულია 2014 წლის 28 სექტემბერი. აღნიშნული დოკუმენტი შეფასებული და გამოკვლეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დროს, რადგან თუ ი. ხ-ე 2014 წელს ცხოვრობდა მოცემულ მისამართზე და ამავე წლის ორთოფოტოთზე არ შეიმჩნევა შენობა-ნაგებობის კვალი, შესაძლებელია, იგივე მიზეზით არ ჩანდეს 2005 და 2010 წელების ორთოფოტოებზე შენობა-ნაგებობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ 2005 წლის დოკუმენტებზე, რომლებიც დ. ა-ეის სახელზე არის გაცემული, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადეემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვის და სწავლების ცენტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №35 ცნობით დასტურდება, რომ რ. ა-ეემ 24.08.2005წ. №34 განცხადებით მიმართა ცენტრს. რ. ა-ეის საცხოვრებლად მითითებულია ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №14. მითითებულია, რომ ნაკვეთი მდებარეობს ყოფილი საქვაბის გვერდით ...ის გასასვლელში. ცნობაში მითითებულია, რომ ცენტრის ექსპერტი ბ. მ-ი ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ რ. ა-ეის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთში (მიწის ფართობი - 0.70) აღმოჩნდა სხვავადსხვა ნარგაობა. ცნობაში მითითებულია 16 დასახელების ხის ნარგავი, წლოვანებით 12-17 წელი. ცნობას ხელს აწერს ცენტრის დირექტორი და ექსპერტი ბ. მ-ი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დ. ა-ეის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. თბილისი ...ის გასასვლელი №..., ფართით 827 კვ.მ, წარმოადგენდა მისი მეუღლის დის ი. ხ-ეის მამის დ. ხ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. დღეის მდგომარეობით მიწაზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მხოლოდ ი. ხ-ე. შესაბამისად, მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ი. ხ-ეის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვის და სწავლების ცენტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №35 ცნობაში მითითებული გარემოებები დამატებით უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. ი. ხ-ე მიუთითებს მისი ოჯახის მიერ 90-იანი წლებიდან სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობაზე. ხსენებული ცნობა საფუძვლიანს ხდის აპელანტის განცხადებას, რადგან დ. ა-ეე მისი ახლო ნათესავია.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღარების კომისიის სხდომის ოქმში დამატებითი ინფორმაციის სახით გაკეთებულ ჩანაწერზე, რომლის თანახმად, თ. დ-ი ადრე ითხოვდა ი. ხ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკანონებას, რაზეც უარი ეთქვა. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს კომისიამ უნდა გაითვალისწინოს თ. დ-ის მიმართ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, ის მტკიცებულებები, რაც საფუძვლად დაედო თ. დ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, საჭიროების შემთხვევაში, მოწმის სახით მოიწვიოს და მიიღოს მისგან ინფორმაცია სადავო მიწის ნაკვეთის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს კომისიამ საკითხი უნდა განიხილოს ი. ხ-ეის ოჯახის ყველა იმ პირის მონაწილეობით, რომლებზეც ი. ხ-ე მიუთითებს და განმარტავს, რომ მისი ოჯახის მიერ თვითნებურად იქნა დაკავებული სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უზრუნველყოფს საქმის გარემოებათა სათანადო და საფუძვლიან გამოკვლევას, ამავე დროს გამორიცხავს ი. ხ-ეის ოჯახის იმ წევრის უფლების დარღვევას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სადავო მიწის ფლობა-სარგებლობასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გაადწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად მიუთითებს მასზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) განთავსების ფაქტს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება ასევე, ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს და მისი ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, მიუხედავად იმისა, მასზე განთავსებული არის თუ არა შენობა. ამასთან, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთი, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.
განმცხადებელია ვალდებული დაადასტუროს მიწის თვითნებურად დაკავების და ფლობა-სარგებლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სწორედ განმცხადებელია ვალდებული წარუდგინოს კომისიას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. სასამართლოს მიერ მითითებული ამონაწერით - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 28 სექტემბერს, შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია. რაც შეეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვის და სწავლების ცენტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №35 ცნობას და თემურ ა-ეის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აქარწყლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება შენობის არსებობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,...ის" მიერ 2005 წლის 27 მაისს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც პირობით აღნიშვნებში მითითებულია წყლის რეზერვუარი. ამდენად სასამართლოს დასკვნები მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მოკლებულია საფუძვლებს და აღნიშნული არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას.
გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია, კომისიის 2019 წლის 16 სექტემბრის №44 სხდომის ოქმი და 2019 წლის 24 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 113,114) რომელთა თანახმად დგინდება, რომ კომისიის მიერ გარდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევისა, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გადაიდო სხდომა და გარემოებების სწორად შეფასებისთვის განხორციელდა ადგილზე გასვლაც. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. სასამართლოს მიერ კი არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).თ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2747 განკარგულება, რომლითაც ი. ხ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, გასასვლელი ...ის ...-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 827.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიამ მიუთითა, რომ განმცხადებელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ი. ხ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, 2005-2010-2014 წლების ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობის არსებობის ფაქტი. ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ი. ხ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესზე“, რომელიც ადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
ზემოაღნიშნული „წესის“ 11.2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ხოლო ამავე „წესის“ 11.4 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
როგორც ზემოთ აღინიშნა კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №2747 განკარგულებას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ განმცხადებელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ი. ხ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, 2005-2010-2014 წლების ორთოფოტოებით არ დგინდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის არსებული შენობის არსებობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ი. ხ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მასალებში დაცულია 2015 წლის 12 ივნისს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული განცხადება, რომლითაც ლ. ბ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ .... მისმართი: თბილისი, ...ის ქ. №...), თ. დ-ი (დაბ. ... წ. პ/ნ .... მისამართი: თბილისი, ვ. ...ის გამზ. №...) და თ. ე-ი (დაბ....წ. პ/ნ .... მისამართი: თბილისი, ...ის ქ. №...) ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ი. ხ-ე (დაბ. ...წ. პ/ნ...) 1990 წლიდან - დღემდე (12.06.2015) ფლობს და სარგებლობს ქ. თბილისში, გასასვლელი ...ის №...-ს მიმდებარედ - 827 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე მდგომი შენობა-ნაგებობებით. თანხმობას აცხადებენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაკანონება - ლეგალიზაციის განხორციელებაზე ი. ხ-ეის სახელზე, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.
საქმის მასალებში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ი. ხ-ეის ოჯახი შემოწმებული იქნა სწორედ იმ მისამართზე, რომელზეც ითხოვს მოსარჩელე საკუთრების უფლების აღიარებას. დეკლარაციის შევსების თარიღად მითითებულია 2014 წლის 28 სექტემბერი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დასახელებული მტკიცებულება შეფასებული და გამოკვლეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დროს, რადგან თუ ი. ხ-ე 2014 წელს ცხოვრობდა მოცემულ მისამართზე და ამავე წლის ორთოფოტოზე არ შეიმჩნევა შენობა-ნაგებობის კვალი, შესაძლებელია იგივე მიზეზით არ ჩანდეს 2005 და 2010 წელების ორთოფოტოებზე შენობა-ნაგებობა.
ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება სააპელაციო სასამართლომ საქმეში დაცულ 2005 წლის დოკუმენტებზე, რომლებიც დ. ა-ეის სახელზე არის გაცემული, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტირების, დანერგვის და სწავლების ცენტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №35 ცნობით დასტურდება, რომ რ. ა-ეემ 24.08.2005წ. №34 განცხადებით მიმართა ცენტრს. რ. ა-ეის საცხოვრებლად მითითებულია ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №.... მითითებულია, რომ ნაკვეთი მდებარეობს ყოფილი ...ის გვერდით ...ის გასასვლელში. ცნობაში მითითებულია, რომ ცენტრის ექსპერტი ბ. მ-ი ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ რ. ა-ეის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთში (მიწის ფართობი - 0.70) აღმოჩნდა სხვავადსხვა ნარგავები. ცნობაში მითითებულია 16 დასახელების ხის ნარგავი, წლოვანებით 12-17 წელი. ცნობას ხელს აწერს ცენტრის დირექტორი და ექსპერტი ბ. მ-ი. საქმეში წარმოდგენილია დ. ა-ეის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც განმარტებულია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ. თბილისი ...ის გასასვლელი №..., ფართით 827 კვ.მ, წარმოადგენდა მისი მეუღლის დის ი. ხ-ეის მამის დ. ხ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. დღეის მდგომარეობით მიწაზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს მხოლოდ ი. ხ-ე. შესაბამისად, მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს ი. ხ-ეის საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მოწმის სახით თ. დ-ის მოწვევის თაობაზე. ასევე მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს კომისიამ საკითხი უნდა განიხილოს ი. ხ-ეის ოჯახის ყველა იმ პირის მონაწილეობით, რომლებზეც ი. ხ-ე მიუთითებს და განმარტავს, რომ მისი ოჯახის მიერ თვითნებურად იქნა დაკავებული სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უზრუნველყოფს საქმის გარემოებათა სათანადო და საფუძვლიან გამოკვლევას, ამავე დროს გამორიცხავს ი. ხ-ეის ოჯახის იმ წევრის უფლების დარღვევას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სადავო მიწის ფლობა-სარგებლობასთან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართვეელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე