ბს-942(2კ-21) 30 ივნისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2021წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ამ, ნ. კ-ამ და ხ. მ-ემ 28.02.2020წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.10.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2020წ. გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10.10.2019წ. ბრძანება და არქიტექტურის სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეების მოთხოვნასთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 28.07.2020წ. ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავის საგანს შეადგენს მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი 13.09.2019წ. განცხადების განხილვაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენა. განმცხადებელთა მოთხოვნას შეადგენდა მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვოდ დაწყებული მიშენების მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრა შემდგომი ლეგალიზების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის მიხედვით, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება, - ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას (მე-3 პ.). აღნიშნული „წესის“ პირველი მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, წესის მოქმედება ვრცელდება მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. ამდენად, ნორმატიულად დაშვებულია დაუსრულებელი ობიექტის ლეგალიზება, მშენებლობის დასრულების შესაძლებლობის მიცემის გზით, რა დროსაც განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი. ამასთან, განმცხადებელს მრავალბინიან სახლზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენების დასრულებისთვის იმ შემთხვევაში განესაზღვრება ვადა, თუ კუმულატიურად არსებობს ორი გარემოება: მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენება დაწყებულია 2007 წლის 1 იანვრამდე და მშენებლობის (მიშენება-დაშენების) დასასრულებლად განმცხადებლის მიერ წარდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს მიშენების გაზრდას ან/და დამატებითი სართულის (მანსარდის) დაშენებას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა მიზნად ისახავს დაწყებული და დაუმთავრებელი მიშენება-დაშენების მშენებლობის დასრულებას, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს განმცხადებლის მიერ იმ სახის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელიც საჭიროა ობიექტის მშენებლობის დასრულებისთვის, თუმცა, არ იწვევს არსებული, დაუმთავრებელი მიშენების გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც შექმნილია მიშენების მხოლოდ კარკასი, განმცხადებელი უფლებამოსილია ობიექტის მშენებლობის დასრულებისთვის სწორედ აღნიშნული კარკასის კონტურის ფარგლებში აწარმოოს იმგვარი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ გამოიწვევს არსებული კარკასის კონსტრუქციული გაბარიტების გაზრდას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა უნებართვოდ დაწყებული მიშენების მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრა მისი შემდგომი ლეგალიზების მიზნით მოითხოვეს სწორედ N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ შესაბამისად. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებასთან ერთად წარედგინა არქიტექტურული პროექტი და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.08.2019წ. დასკვნა, თუმცა არქიტექტურის სამსახურის სადავო 10.10.2019წ. ბრძანებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ განცხადების არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი პროექტის მიხედვით იგეგმება ფილის დასხმა, რაც გამოიწვევს სართულის მატებას, შეიქმნება ახალი და მანამდე არარსებული ფართი, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ პირველი მუხლის 21 პუნქტში ასახულ მოთხოვნებს. არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ 2016 და 2017 წლებში არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებებსა და 2019 წ. წარდგენილ განცხადებაში ასახული იყო იდენტური მოთხოვნები, არ დასტურდებოდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, სამართლებრივი ან ფაქტობრივი მდგომარეობა არ იყო იმგვარად შეცვლილი, რომ განმცხადებლებისათვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემის წინაპირობები შეექმნა, ამასთანავე, 2016წ. არქიტექტურის სამსახურს უკვე ჰქონდა არსებითად ნამსჯელი წარდგენილ განცხადებაზე, რის გამო აღარ არსებობდა მოსარჩელეთა 2019წ. განცხადების განხილვის საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 102-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ არქიტექტურის სამსახურში 2019წ. წარდგენილ განცხადებაზე თანდართული იყო არქიტექტურული პროექტი და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ...ის ქ. №166, კორპუს №8-ში მდებარე სახლის მეორე სადარბაზოს უკანა ეზოს მხრიდან მეოთხე და მეხუთე სართულზე მიშენება სრულყოფილადაა განხორციელებული, ხოლო პირველი, მეორე და მესამე სართულებზე - ნაწილობრივ, კერძოდ: ამოყვანილია რკინა-ბეტონის სვეტები, რომლებიც როგორც განივი, ისე - გრძივი მიმართულებით შეკრულია ლითონის კოჭებით; აღნიშნული მიშენებული ნაწილის კარკასის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით, მიშენება ხორციელდება არსებული კარკასის კონტურის ფარგლებში, წარდგენილი პროექტი არ გულისხმობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე არსებული დაწყებული და დაუსრულებელი მიშენების გაზრდას ან/და სართულის დამატებას. დასკვნისა და წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელეთა განცხადების არსებითად განხილვის წინაპირობები, რა დროსაც უნდა შეფასებულიყო მათი მოთხოვნის საფუძვლიანობა, თუმცა არქიტექტურის სამსახურს მოსარჩელეთა განცხადება არსებითად არ განუხილავს, არქიტექტურის სამსახური ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. პალატამ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტიც იმ დასაბუთებით, რომ მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, არქიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება ჰქონდა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობდა მის მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, წესის მოქმედება ვრცელდება მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. თუ მითითებული ნორმატიული წინაპირობები არ არის სახეზე განმცხადებელს არ განესაზღვრება ვადა დაწყებული მშენებლობის დასასრულებლად. კასატორებმა აღნიშნეს, რომ 2016, 2017 და 2019 წლებში მოსარჩელეთა მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადებები შეიცავდა იდენტურ მოთხოვნებს. არქიტექტურის სამსახურმა 2016წ. წარდგენილ განცხადებაზე იმსჯელა არსებითად და დაადგინა, რომ პროექტისა და საპროექტო ფოტომონტაჟის მიხედვით მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა ფართის მომატება, ახალი და მანამდე არარსებული ფართის შექმნა, რის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ 1.21 მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელეთა მიერ 2019 წ. წარდგენილი განცხადებით არ დადასტურდა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვლა, ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობა, რაც სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავდა მოსარჩელეთა 2019წ. განცხადების არსებითად განხილვას. მართალია საექსპერტო დასკვნაში მიეთითა, რომ პროექტი არ გულისხმობდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე არსებული დაწყებული და დაუსრულებელი მიშენების გაზრდას ან სართულის დამატებას, თუმცა ექსპერტის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე განიმარტა, რომ მართალია არსებობს კონსტრუქციული სქემა, შექმნილია კარკასი და არ მატულობს კონსტრუქციული გაბარიტი, თუმცა ფილის დასხმის შემთხვევაში ფართი მოიმატებს, სართული შეივსება და მოხდება ახალი სართულის შექმნა იმ ბინების წინ, რომელთა პირდაპირ მოთხოვნილია მშენებლობის დასრულებისთვის ვადის განსაზღვრა. ამდენად, დასკვნით არ დადასტურდა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მოსარჩელეთა სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას წარმოშობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს აგრეთვე სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 16.11.2016წ. მ. კ-ამ, ნ. კ-ამ და ხ. მ-ემ განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვეს უნებართვოდ დაწყებული მიშენების მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრა შემდგომი ლეგალიზების მიზნით. არქიტექტურის სამსახურის 13.12.2016წ. ბრძანებით განმცხადებელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე თანდართული არქიტექტურული პროექტის და საპროექტო ფოტომონტაჟის მიხედვით მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში მოხდება ფართის დამატება, ე.ი. ახალი და მანამდე არარსებული ფართის შექმნა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის 21 პუნქტს, რომლის მიხედვით, წესის მოქმედება ვრცელდება მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების მიმართ, რომელთა დასრულება არ გულისხმობს მიშენების გაზრდას ან/და სართულის (სართულების) დამატებას. 2019 წელს მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს არქიტექტურის სამსახურს იმავე მოთხოვნით, თუმცა განცხადებას დაურთეს სსიპ ს. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, სახლის მეორე სადარბაზოს უკანა ეზოს მხრიდან მეოთხე და მეხუთე სართულზე მიშენება სრულყოფილადაა განხორციელებული, ხოლო პირველი, მეორე და მესამე სართულები - ნაწილობრივ, კერძოდ ამოყვანილია რკინა-ბეტონის სვეტები, რომლებიც როგორც განივი, ასევე გრძივი მიმართულებით შეკრულია ლითონის კოჭებით, მიშენებული კარკასის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ექსპერტიზაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით მიშენება ხორციელდება არსებული კარკასის კონტურის ფარგლებში, წარდგენილი პროექტი არ გულისხმობს საცხოვრებელ სახლზე არსებული დაწყებული და დაუსრულებელი მიშენების გაზრდას ან/და სართულის დამატებას. ამდენად, მოსარჩელეთა განცხადება 2016 წელს არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში მოხდება ფართის დამატება, ხოლო 2019 წელს წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ საექსპერტო დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად მიეთითა, რომ მიშენება ხორციელდება არსებული კარკასის კონტურის ფარგლებში, წარდგენილი პროექტი არ გულისხმობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაწყებული და დაუსრულებელი მიშენების გაზრდას ან/და სართულის დამატებას. ამ პირობებში არქიტექტურის სამსახურის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების ხელახლა განხილვის საფუძვლები, არ არის დასაბთებული. სზაკ-ის 102.1 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს ისეთი განცხადების ხელხლა განხილვის შესაძლებლობას, რომელზეც მართალია არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, თუმცა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც ამ აქტის გამოცემას დაედო საფუძვლად, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითითება, რომ 2019 წლის განცხადებაზე თანდართული საექსპერტო დასკვნა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ქმნიდა წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის წინაპირობებს. განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობებზე მსჯელობა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება უნდა მომხდარიყო განცხადების არსებითად განხილვისას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელოვის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
კასატორთა მითითება, რომ ექსპერტმა ზეპირი მოსმენისას დაადასტურა ფილის დასხმის შემთხვევაში ფართის მომატება, არ ასაბუთებს სადავო აქტების კანონიერებას, რადგან ერთი მხრივ არ დადასტურდა ექსპერტის გამოკითხვის პროცესში მხარეთა ჩართვა, განმცხადებელთათვის ექსპერტის მიმართ კითხვების დასმის შესაძლებლობის მიცემა, ხოლო მეორე მხრივ სათანადოდ არ შეფასდა ექსპერტიზის დასკვნა და მისი განმარტებები. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „წესის“ პირველი მუხლის 21 პუნქტი უთითებს მიშენების გაზრდის ან/და სართულის დამატების დაუშვებლობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია დამატებითი ფართის შექმნა რამდენად გამორიცხავს დაუსრულებელი მიშენების დასრულებისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რადგან პირველი მუხლის 21 პუნქტი უთითებს მიშენების გაზრდის ან/და სართულის დამატების დაუშვებლობაზე და არა ფართის გაზრდის დაუშვებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მიშენება ხორციელდება არსებული კარკასის კონტურის ფარგლებში და წარდგენილი პროექტი არ გულისხმობს დაწყებული და დაუსრულებელი მიშენების გაზრდას ან/და სართულის დამატებას. საქმეში დაცული ფოტოსურათებითა და ფოტომონტაჟით აგრეთვე ირკვევა, რომ მშენებლობა იგეგმება არსებული კონტურის ფარგლებში, კორპუსის საერთო გაბარიტის გათვალისწინებით. მე-4, მე-5 სართულებზე მიშენება დასრულებულია, 1-3 სართულებზე კი მშენებლობის დასრულება იგეგმება მე-4, მე-5 სართულებზე არსებული მიშენების ფარგლების გათვალისწინებით. საწინააღმდეგო გარემოებაზე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მიუთითებიათ, ამ საკითხთან მიმართებით პრეტენზიას არ შეიცავს აგრეთვე საკასაციო საჩივრები. ამ ფონზე მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ფილის დასხმა შექმნის ახალ ფართს, არ ასაბუთებს მოსარჩელეთა მიმართ „წესის“ პირველი მუხლის 21 პუნქტში არსებული გამონაკლისის გავრცელების შესაძლებლობას. ნორმაში მითითებული „მიშენების გაზრდის“ და ინდივიდუალური მესაკუთრეებისთვის „ფართის გაზრდის“ ცნებების იდენტურობა ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ. არ არის დასაბუთებული აგრეთვე კასატორთა მითითება, რომ მიშენების დასრულება შექმნის ახალ სართულს, რადგან დგინდება, რომ მოსარჩელეთა მიერ დაგეგმილი მიშენება გულისხმობს არა დაშენებას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სიმაღლის გაზრდას, არამედ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ფართების წინ, ვერტიკალურად არსებული კარკასის შევსებას, რომლის ჭერსაც მეოთხე სართულზე არსებული დასრულებული მიშენების იატაკი შეადგენს. კასატორებს არ დაუსაბუთებიათ, რომ ერთ ნაგებობაში სხვადასხა სართული შესაძლოა მდებარეობდეს ერთმანეთის გვერდით, ერთ ნიშნულზე და არა სხვადასხვა სიმაღლეზე, ერთმანეთის ზემოთ ან ქვემოთ. კასტორთა მითითებით, ექსპერტმა მათ შორის ზეპირი მოსმენისას დაადასტურა, რომ შექმნილია კარკასი და არ მატულობს კონსტრუქციული გაბარიტი.
ამასთანავე, საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არსებული კონსტრუქციის მდგრადობის საკითხები, ამ კუთხით სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.08.2019წ. დასკვნასა და ი/მ ო. ბ-ის 14.11.2016წ. დასკვნაში ასახული მოსაზრებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2021წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 23.08.2021წ. N01191 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი