№ბს-368(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ჯ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება და 2021 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 19 აგვისტოს ლ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების 131 910 აშშ დოლარის დაკისრება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ლ. ჯ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2021 წლის 8 ივნისს ლ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურება 148 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით; ბ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ 148 000 აშშ დოლარის, წლიური 10.95 პროცენტის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით ანაზღაურება 2020 წლის 1 მაისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურება 148 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ, მის მიერ, საექსპერტო დასკვნებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ლ. ჯ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის, 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება და 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მცხეთაში, სოფელ ...ში 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) 1998 წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2007 წელს დარეგისტრირდა ლ. ჩ-ას საკუთრების უფლება. 2007 წლის 21 თებერვალს აღნიშნულ უძრავ ნივთზე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ლ. ჯ-ის საკუთრების უფლება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) კვლავ რეგისტრირებულია მოსარჩელეზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით.
ლ. ჯ-ემ 2015 წელს საჯარო რეესტრში წარმოადგინა სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...), მდებარე: მცხეთა, სოფელ ..., საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, რა დროსაც დადგინდა ზედდება ორ მიწის ნაკვეთთან (საკდასტრო კოდები: ... და ...).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის (საქმე №3ბ/1438-16) გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (02.10.2015) გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2004 წლის 19 აგვისტოს №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2006 წლის 8 მაისის №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
2006 წლის 8 მაისის №... განცხადების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა თავდაპირველი მესაკუთრის ჭ. ს-ის (პირადი ნომერი: ..., უფლების დამდგენი დოკუმენტი: 1998 წლის 10 აგვისტოს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №...) საკუთრების უფლება. შემდგომში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა 1175 კვ.მ-მდე (რეგისტრაციის შესახებ №... (11.02.2009) გადაწყვეტილება), ხოლო ნოტარიუს ქ. ო-ის მიერ 2009 წლის 22 ოქტომბერს დამოწმებული №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე დარეგისტრირდა ვ. ა-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის შესახებ №... (28.10.2009) გადაწყვეტილება). რეგისტრაციის შესახებ №... (05.12.2019) გადაწყვეტილებით, საპილოტო პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილება იქნა შეტანილი, რის შედეგადაც მას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: ... და მისამართად მიეთითა მცხეთის მუნიციპალიტეტი, ...ს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი №..., ნაკვეთი №....
2004 წლის 19 აგვისტოს №... განცხადების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა თავდაპირველი მესაკუთრის კ. ქ-ის (პირადი ნომერი: ..., უფლების დამდგენი დოკუმენტი: 1998 წლის 10 აგვისტოს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №...) საკუთრების უფლება. შემდგომში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა 1175 კვ.მ-მდე (რეგისტრაციის შესახებ №... (22.10.2009) გადაწყვეტილება). ნოტარიუს ქ. ო-ის მიერ 2009 წლის 22 ოქტომბერს დამოწმებული №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე დარეგისტრირდა ჭ. ს-ის (პირადი ნომერი: ...) (რეგისტრაციის შესახებ №... (13.11.2009) გადაწყვეტილება), ხოლო შემდეგ - ბ. ჯ-ას (პირადი ნომერი: ...) (რეგისტრაციის შესახებ №... (14.12.2010) გადაწყვეტილება) საკუთრების უფლება. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოიქმნა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად. რეგისტრაციის შესახებ №... (23.10.2019) და №... (22.10.2019) გადაწყვეტილებებით, საპილოტო პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების მონაცემებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ ახალი საკადასტრო კოდები: ... და ..., ხოლო მისამართებად - მცხეთის მუნიციპალიტეტი, ...ს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი №..., №... და №... ნაკვეთები.
რეგისტრაციის შესახებ №... (22.10.2019) გადაწყვეტილებით, საპილოტო პროექტის ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში შეტანილ იქნა ცვლილება, რის შედეგადაც მას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: ... და მისამართად მიეთითა მცხეთის მუნიციპალიტეტი, ...ს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი №..., ნაკვეთი №....
აღნიშნულის შემდგომ, სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (25.09.2018), №... (26.09.2018) და №... (26.09.2018) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე №... (01.05.2020) გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორად იყო აღსრულებული. სააგენტოს №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2020 წლის 8 მაისს მიიღო №... სარეგისტრაციო განცხადება, რეგისტრაციის გაუქმების მიზნით (საკადასტრო კოდი ...). რეგისტრაციის შესახებ №...-03 (12.05.2020) გადაწყვეტილებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, უძრავი ნივთის ფართობად კვლავ მიეთითა 1175 კვ.მ. სააგენტოს №... გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2020 წლის 8 მაისს მიიღო №... სარეგისტრაციო განცხადება, რეგისტრაციის გაუქმების მიზნით (საკადასტრო კოდი ...). რეგისტრაციის შესახებ №...-03 (12.05.2020) გადაწყვეტილებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, უძრავი ნივთის ფართობად კვლავ მიეთითა 2375 კვ.მ.
კასატორის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ზუსტ ადგილმდებარეობას. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად, დგინდება, რომ მოსარჩელეზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია ოთხი მოსაზღვრე, რის საფუძველზეც სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელის ნაკვეთის აღმოსავლეთით რეგისტრირებული უნდა იყოს წივწივაძის, ხოლო სამხრეთით - შ. ნ-ის მიწის ნაკვეთი. თუმცა, ამავე დროს სასამართლო არაფერს ამბობს დანარჩენ ორ მოსაზღვრეზე - გასაცემ ნაკვეთსა და გზაზე. შესაბამისად, მხოლოდ ორი მოსაზღვრის დამთხვევით შეუძლებელია განისაზღვროს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის უტყუარი ადგილმდებარეობა. ამასთან, სასამართლოს პირდაპირ არ დაუდგენია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სადავო კოდების საკადასტრო საზღვრებში უტყუარად ადგილმდებარეობის საკითხი. ამდენად, სადავო შემთხვევაში არ დგინდება რომ რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობილი გადაწყვეტილებები უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან სახეზე არაა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სააგენტოს ქმედებასა და ზიანს შორის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სააგენტოს ზიანი გამომწვევი ქმედება გამოიხატა ... და ... საკადატრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების არასწორი ადგილმდებარეობით რეგისტრაციაში, თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთებზე რეგისტრაციების განხორციელების ეტაპზე სააგენტოში წარმოდგენილი იყო მესაკუთრეთა მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით კი საკადასტრო აზომვით ნახაზზე პასუხისმგებლობა ენიჭებოდა სწორედ უძრავი ნივთის მესაკუთრეს. ამრიგად, ცალსახაა, რომ მესაკუთრეები ინფორმირებული იყვნენ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები არ შეესაბამებოდა მათივე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობას. აღნიშნულით კი სააგენტო შეიყვანეს შეცდომაში, რაც გამორიცხავს სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო, გამიზნულ ქმედების არსებობას, რომელიც შეიძლება წარმოშობდეს ზიანის ანაზღაურების საფუძველს.
კასატორის განმარტებით, ლ. ჯ-ის საკუთრება დღეის მდგომარეობითაც კი რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში და მოსარჩელე წარმოადგენს №... დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებაში, კერძოდ, სააგენტოს დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული №001353221 დასკვნას ერთვის ანალოგების ცხრილი, სადაც მითითებულია შვიდი ანალოგი, მათ შორის, სამი ანალოგი ეხება შეთავაზებას, ხოლო ოთხი - გაყიდვას. შეთავაზებაში იგულისხმება სწორედ სათანადო ინტერნეტ გვერდზე გასასხვისებლად განთავსება, ხოლო გაყიდვაში - უკვე გასხვისებული მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების მითითება, რომ აღნიშნული ანალოგები დასკვნას არ ერთვის. უფრო მეტიც, სსიპ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია შვიდი ანალოგი, მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულია მხოლოდ ოთხი ანალოგი. გარდა ამისა, თანხის განსაზღვრის ეტაპზე სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ორივე დასკვნაში მიწის ნაკვეთის ღირებულება მეტია, ვიდრე სსიპ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაშია მითითებული და აღნიშნულის საფუძველზე ზიანის ოდენობის განსაზღვრაც მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. თუკი სასამართლო არგუმენტად იშველიებს ზემოაღნიშნულ თანხებს შორის განსხვავებას, მას შეფასება უნდა გაეკეთებინა იმ გარემოებაზეც, რომ სსიპ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში გამოყენებულია შვიდი ანალოგი, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გამოყენებულია მხოლოდ ოთხი ანალოგი.
კასატორის განმარტებით, დაკითხული ექსპერტებიდან ორივე მათგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტით არ არის განსაზღვრული ანალოგების რაოდენობის არჩევის პრინციპები, კერძოდ, ის გარემოება, რომ კონკრეტულ დასკვნაში უფრო მეტი ანალოგია მითითებული, თავისთავად არ ნიშნავს აღნიშნული დასკვნის პრივილეგირებულობასა და მეტ სანდოობას. ამასთან, ანალოგი უნდა მდებარეობდეს ობიექტის მიმდებარედ, რაც დაცული იყო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, დამოუკიდებელი შემფასებელი თავის დასკვნაში უთითებს ანალოგ №3-ს და №4-ს, რომლებიც წარმოადგენს ...-ზე გასაყიდად განთავსებულ მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდები: ... და ...). თუმცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 მიწის ნაკვეთის (წინა კოდი ...) ბოლო ტრანზაქციის მიხედვით, უძრავი ნივთი გაიყიდა 18 000 აშშ დოლარად (თვრამეტი ათასი), რაც შეეხება №... კოდით რეგისტრირებულ 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს (წინა საკადასტრო კოდი - ...) (1500 კვ.მ), აღნიშნულის ღირებულება ბოლო ტრანზაქციის მიხედვით, წარმოადგენს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარს. ამასთან, ...-ზე ID ნორმით - ... ძიებისას დგინდება, რომ შეთავაზების ღირებულება განსაზღვრულია 100 000 დოლარით და არა 120 000 დოლარით, როგორც ეს ლ. ლ-ას მიერ არის მითითებული. იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნებში განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო მოპასუხის მიერ, სასამართლომ მაინც არ გაითვალისწინა აღნიშნული და შესაბამისად, ზიანის თანხის ოდენობა არასწორად განსაზღვრა. ამრიგად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არაგონივრულია.
ამასთან, ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა არამარტო სააგენტოს მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, არამედ „ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №21 დადგენილებით განსაზღვრულ მიწის ნორმატიული ფასი. აღიშნული დადგენილების №2 დანართის პირველი მუხლის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი წარმოადგენს 20.3 ლარს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობა განსაზღვრულია საქმეში არსებული მტკიცებულებების, კანონმდებლობის ნორმათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შემადგენლობა, მოსარჩელეს არ უდავია მესამე პირების რეგისტრაციებთან დაკავშირებით და აღნიშნული რეგისტრაციები კვლავ ძალაშია. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მითითებით, სააგენტოს ზიანი გამომწვევი ქმედება გამოიხატა ... და ... საკადატრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების არასწორი ადგილმდებარეობით რეგისტრაციაში, თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთებზე რეგისტრაციების განხორციელების ეტაპზე სააგენტოში წარმოდგენილი იყო მესაკუთრეთა მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით კი, საკადასტრო აზომვით ნახაზზე პასუხისმგებლობა ენიჭებოდა სწორედ უძრავი ნივთის მესაკუთრეს. შესაბამისად, ცხადია, რომ მესაკუთრეები ინფორმირებული იყვნენ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები არ შეესაბამებოდა მათივე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობას. აღნიშნულით კი, სააგენტო შეიყვანეს შეცდომაში, რაც გამორიცხავს სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო, გამიზნული ქმედების არსებობას, რომელიც შეიძლება წარმოშობდეს ზიანის ანაზღაურების საფუძველს. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, შესაძლოა ზიანი სააგენტოს მიერ უფრო ადვილად ანაზღაურდეს, არ უნდა გახდეს სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე, სასამართლოს შეფასების საგანი უნდა გამხდარიყო, თუ ვინ ნახა სარგებელი რეგისტრაციებით და ფაქტია, რომ სააგენტოს სარგებელი არ უნახავს.
კასატორის განმარტებით, საქმეზე დართული დოკუმენტები და კანონის ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ოდენობა, მისი გონივრულობა განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტაციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურება 148 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 21 თებერვლის №... განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ი. ...ის ...ის გვერდით, ლ. ჯ-ის მამკვიდრებლის, ლ. ჩ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის და 2007 წლის 13 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ლ. ჯ-ის საკუთრების უფლებით, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით, რეგისტრირებულ იქნა 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... გაიცა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ...ს სოფლის გამგეობის 1999 წლის 29 აპრილის №23 დადგენილების საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა და შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი, რაც ასევე აისახა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში. 2015 წლის 29 ივლისს მომზადებულ ამონაწერში №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაფიქსირებულ იქნა დაუზუსტებელი სახით. 2015 წლის 7 აგვისტოს №... განცხადების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი. 2015 წლის 7 აგვისტოს №... განაცხადზე 2015 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, .... და .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან წარდგენილი აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემების ზედდების/გადაფარვის მოტივით. 2015 წლის 7 აგვისტოს №... განაცხადზე 2015 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ლ. ჯ-ის სარჩელის საფუძველზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, 2015 წლის 14 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლად დადებული დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოეცა კანონის ნორმების შესაბამისად, დასაბუთებული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 19 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2004 წლის 19 აგვისტოს №.../... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, 2006 წლის 8 მაისის №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლად დადებული დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოეცა კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის 26 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაზუსტებულ ფართობზე - 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ში საკადასტრო კოდი:....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაზუსტების შესახებ და განაახლა მანამდე არსებული საკადასტრო მონაცემების მოქმედება იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გასხვისებული იყო და მისი მესაკუთრეები ითვლებოდნენ კეთილსინდისიერ შემძენებად. აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდგომ, 2020 წლის 10 მაისს, საჯარო რეესტრში განხორციელდა მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და მის საკუთრებად აღირიცხა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ში, საკადასტრო კოდით: ..., რომელიც ფიზიკურად არ არსებობს მოსარჩელის მფლობელობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ საჯარო რეესტრის, როგორც საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნის დანიშნულება განპირობებულია სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან - საკუთრების უფლების დაცვის შესახებ. საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრირებით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისგან. საჯარო რეესტრის ფუნქცია პრევენციულ ხასიათსაც ატარებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი წარმოეშვათ ბრუნვის მონაწილეებს კანონთან. ინფორმაცია, რომელიც დაცულია რეესტრში, დიდწილად იცავს ბრუნვის მონაწილეებს მოტყუებით და თვალთმაქცური გარიგების დადებისგან და შესაბამისად ამ საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტის ჩანაწერების მიმართ არსებობს კანონით დაცული უფლება - კანონიერი ნდობის უფლება, რაც სამოქალაქო კოდექსში განმარტებულია შემდეგი დათქმით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, განსახილველ შემთხვევაში დამდგარი ზიანი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების რეალურ და მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენდა, კერძოდ, ლ. ჯ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე დაარეგისტრირა სხვა პირის საკუთრების უფლება, რასაც შედეგობრივად მოჰყვა ლ. ჯ-ის საკუთრების უფლების გაუქმება, რამდენადაც სხვა პირზე უფლების რეგისტრაციით მოისპო ლ. ჯ-ის საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი ქმედებით (ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციით) განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, სახეზეა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ლ. ჯ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა და ამ მხრივ ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2018 წლის 26 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაზუსტებულ ფართობზე - 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ში საკადასტრო კოდი: .... აღნიშნული რეგისტრაცია მოგვიანებით თავად გააუქმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თუმცა იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გასხვისებული იყო და მისი მესაკუთრეები ითვლებოდნენ კეთილსინდისიერ შემძენებად, ანუ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თავად არ გაუხდია სადავო ლ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ამ საფუძვლით უარი არ უთქვამს რეგისტრაციაზე.
ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ზიანის ოდენობასთან მიმართებაში. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზიანის განსაზღვრა 148 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით დასტურდება საქმის მასალებით და საქმეზე დადგენილი გარემოებებით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის სამი დასკვნა: ა) უძრავი ქონების შემფასებელი საწარმოს - შპს „...ის“ 2020 წლის 26 ივნისის დასკვნით, იმავე თარიღის მდგომარეობით, მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის - მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ში, საკადასტრო კოდით: ... საბაზრო ღირებულება შეადგენდა 131 910 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართულ ლარში; ბ) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 4 მარტის დასკვნით, მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის - მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ში, საკადასტრო კოდით: ... საბაზრო ღირებულება, 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შეადგენდა 69 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართულ ლარში, რაც საერთო ჯამში არის 103 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართულ ლარში; ბ) დამოუკიდებელი შემფასებლის - ლ. ლ-ას 2021 წლის 20 მაისის დასკვნით, მოსარჩელე ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის - მცხეთის მუნიციპალიტეტში, ...ში, საკადასტრო კოდით: ... საბაზრო ღირებულება, 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით, შეადგენდა 148 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართულ ლარში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას არავითარი მტკიცებულება არ იძენს წინასწარ დადგენილ ძალას. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებს საკუთარი შინაგანი რწმენით აფასებდეს, რომელიც თავის მხრივ, მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნათა შეფასებისას საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების არგუმენტაციას დამოუკიდებელი შემფასებლის - ლ. ლ-ას მიერ შედგენილი დასკვნის გაზიარებასთან დაკავშირებით. სასამართლოებმა მართებულად გამახვილეს ყურადღება სადავო მიწის ნაკვეთის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობაზე. შეფასების ობიექტი წარმოადგენს 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, ...ის ...ისა და ...ის...ის სიახლოვეს. ნაკვეთს გააჩნია ფრონტაჟი მთავარ მისასვლელ ქუჩაზე, ყველა საჭირო კომუნიკაცია წარმოდგენილია უახლოეს მანძილზე. შეფასების ობიექტის უშუალო შემოგარენი დაკომპლექტებულია საცხოვრებელი სახლებით. სიახლოვე ტყის მასივთან და ეფექტური ხედები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აღნიშნულ ლოკაციას (ექსპერტის დასკვნა, ტ.2, ს.ფ. 144). დამოუკიდებელი შემფასებლის - ლ. ლ-ას 2021 წლის 20 მაისის დასკვნა ითვალისწინებს როგორც საბაზრო, ისე შემოსავლებისა და დანახარჯების მიდგომის მეთოდებს, ასევე ინფორმაციას ანალოგების შესახებ. ფასის დადგენამდე ექსპერტს გათვალისწინებული აქვს ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განხორციელებული ტრანზაქციები, ადგილმდებარეობა, ფართობი (მაგალითად, ექსპერტი განმარტავს, რომ შეფასების ობიექტთან შედარებით ანალოგ N2-ს და ანალოგ №3-ს გააჩნიათ შედარებით მცირე ფართობი, რაც ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნულ შემთხვევაში მათ ლიკვიდურობაზე დადებითად მოქმედებს), ფრონტაჟი მთავარ ქუჩაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას ლ. ჯ-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ზიანის განსაზღვრა 148 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით დასტურდება საქმის მასალებით და საქმეზე დადგენილი გარემოებებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. ტ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა ლ. ჯ-ის მიერ მისთვის გადახდილი თანხის, 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. თანხა გადახდილია 2021 წლის 25 ნოემბერს. დანიშნულებაში მითითებულია „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ დავის წარმოების საფასური მეორე ინსტანციის სასამართლოში“. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ტ-ეს წარმოდგენილი აქვს საქმეზე სააპელაციო შესაგებელი. გ. ტ-ე მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 16 ნოემბერს და 7 დეკემბერს გამართულ სხდომებში, ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას 23 დეკემბერს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულების, ასევე, საქმის სირთულის, დავის ხანგრძლივობის, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობის, წარმომადგენლის ჩართულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.04.2022წ. №10520 (300 ლარი) და 29.04.2022 №10679 (7700 ლარი) საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება და 2021 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 27 აპრილის №10520 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2022 წლის 29 აპრილის №10679 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 7700 ლარის, სულ 8000 ლარის 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე