ბს-475(კ-19) 13 ივლისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
დავის საგანი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-ამ 20.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 11.05.2017წ. ოქმის, 30.05.2017წ. წერილის ბათილად ცნობის, ბ. ბ-ას (გარდაცვლილი 26.09.1993წ.) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ პირად აღიარების და მოპასუხისთვის მ. ნ-ას ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მ. ნ-ამ მოითხოვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 11.05.2017წ. N174-26 სხდომის ოქმის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 30.05.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. ნ-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1983 წლიდან, ქორწინებაში შეეძინა ორი შვილი (დაბ.: ...წ. და ...წ.). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.02.2014წ. წერილით ირკვევა, რომ ქორწინების აქტის ჩანაწერი დაცულია ადმინისტრაციულ ორგანოში, დღეის მდგომარეობით ქორწინება შეწყვეტილია მოსარჩელის მეუღლის ბ. ბ-ას გარდაცვალების გამო, ამასთანავე, მოსარჩელე სხვა ქორწინებაში არ ყოფილა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992-1993 წლებში ბ. ბ-ა ირიცხებოდა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სპეცდანიშნულების ბატალიონის რიგებში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომენდატურის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. ბ. ბ-ა დაიღუპა 26.09.1993წ. საბრძოლო დავალების შესრულების დროს სოხუმში, სოფელ ...თან, რაც უტყუარად დასტურდება საბრძოლო მოკვლევითა და ბ. ბ-ას გარდაცვალების მოწმობით
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ-ა და ბ. ბ-ა 01.11.1983წ. დაქორწინდნენ, რის შესახებაც სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ქორწინების აქტის ჩანაწერი, დღევანდელი მდგომარეობით ქორწინება შეწყვეტილია მეუღლის - ბ. ბ-ას გარდაცვალების გამო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება მ. ნ-ას მიმართ სხვა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. 06.06.1994წ. გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ბ. ბ-ა 26.09.1993წ. გარდაიცვალა საბრძოლო დავალების შესრულების დროს, სოხუმის რაიონის სოფელ ...ში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 13.01.2016წ. ცნობის თანახმად, ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში ბ. ბ-ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. 09.03.2017წ. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაური გ. მ-ი, ამავე ბატალიონის შტაბის უფროსი მ. გ-ა, ამავე ბატალიონის ოცეულის მეთაური რ. ნ-ა ადასტურებენ, რომ ბ-ა ბ., დაბადებული ...წ., მცხოვრები ...ის რაიონის სოფელ ...აში, ირიცხებოდა ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის რიგებში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომენდატურის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, იგი 26.09.1993 წ. დაიღუპა სოფელ ...თან. ამასთანავე, 14.03.2014 წ. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, ყოფილი ... ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის ათეულის მეთაურმა დ. შ-ამ, ... ბრიგადის მე-6 სატანკო
ბატალიონის სერჟანტმა ვ. კ-ამ და ყოფილი ... ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის რიგითმა პ. ხ-ამ დაადასტურეს, რომ რიგითი ბ. ბ-ა (დაბადებული ... წ.,
რეგისტრირებული მისამართზე: ...ის რაიონი, სოფელი ...ა) ნამდვილად იყო ... ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის შემადგენლობაში, ირიცხებოდა რიგითად 1992 წლის 25 სექტემბრიდან 1993 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი, დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულების დროს - 26.09.1993წ.. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 11.05.2017 წ. №174-26 ოქმით, ბ. ბ-ას მეუღლეს - მ. ნ-ას უარი ეთქვა ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 30.05.2017წ. №3060/02-03-14/04-01 წერილით მ. ნ-ას წარმომადგენელს აცნობა, რომ ,,ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის’’ წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია მ. ნ-ას მეუღლის ბ. ბ-ას საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ მოიპოვება, ასევე იმის გამო, რომ 11.05.2017 წ. გამართულ კომისიის სხდომაზე პასუხისმგებელმა პირმა ვერ დაადასტურა ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი, უარი ითქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დადგენაზე, შესაბამისად მ. ნ-ას მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოს 13.12.2017წ. №528/01-18 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის (აფხაზეთის ა/რ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტი, აფხაზეთის ა/რ სახალხო დამცველის აპარატი) საარქივო ფონდში დაცულია გენოციდის მსხვერპლის სია, სადაც რიგით 487-ე ნომრად შეყვანილია ბ-ა ბ., 31 წლის, მცხოვრები სოფელი ...ში, რომელიც 1993 წლის ნოემბერში დახვრიტეს აფხაზმა მებრძოლებმა, გარდაცვალების თარიღად მითითებულია მხოლოდ ნოემბერი. საქართველოს მთავარი პროკურატურის 24.11.2017წ. №13/75972 წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის №074200116801 საქმე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზი სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული ბანდების მიერ მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტზე, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 651 და 652 მუხლებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1961 წ. რედაქცია), ხსენებულ საქმეში მოიპოვება აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის 12.03.2015 წ. წერილი, რომელსაც ერთვის ინფორმაცია (სია) ,,1992-1998 წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის თაობაზე’’. დასახელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ...ის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრები, 31 წლის ბ. ბ-ა 1993 წ. ნოემბერში დახვრიტეს აფხაზმა მებრძოლებმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა მ. გ-ამ განმარტა, რომ იყო ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სპეცდანიშნულების ბატალიონის შტაბის უფროსი, ბ. ბ-ა კომენდატურის ერთ-ერთ ბატალიონში (კომენდატურა სამი ბატალიონისაგან შედგებოდა) ირიცხებოდა 1993 წლის აგვისტოს თვემდე, როდესაც გამოცხადდა რომ საომარი მოქმედებები დასრულდა, მებრძოლები დაიშალნენ, ხოლო ბ. ბ-ა ამოირიცხა კომენდატურიდან. საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, მოხალისეებმა დაიწყეს კომენდატურაში დაბრუნება, მათ შორის ბ. ბ-აც დაბრუნდა. გ. გ-ამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია ბ. ბ-ას გარდაცვალების ადგილი და გარემოებები, ბ. ბ-ას გარდაცვალების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. საბრძოლო მოკვლევის შედგენის დროს გაიხსენა, რომ ბ. ბ-ა იყო კომენდატურის შემადგენლობაში (ფოტოს საშუალებით, რომელიც მისმა მეუღლემ წარადგინა), ამიტომ მოაწერა ხელი საბრძოლო მოკვლევას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა გ. მ-მა განმარტა, რომ იყო ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაური, ბ. ბ-ა იყო სამხედრო კომენდატურის რიგებში, დაიღუპა 26.09.1993წ. ...ის ტერიტორიაზე, საბრძოლო ვითარებაში რამდენიმე პირთან ერთად. ბ. ბ-ას გარდაცვალების უშუალო შემსწრე თვითონ არ ყოფილა, ვინაიდან იბრძოდა სხვა მიმართულებით. ბ. ბ-ა მსახურობდა სამხედრო კომენდატურაში, ბ. ბ-ა მოხვდა მის ბატალიონში რამდენიმე ბატალიონის გაერთიანების დროს, ის მისი მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა. ბ. ბ-ა ჩართული იყო საბრძოლო ვითარებაში და გაგზავნილი იყო ...ის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, სამხედრო კომენდატურაში შემავალი ბატალიონების შემადგენლობის სიებში, რომელიც წარდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბ. ბ-ა შეყვანილი არ არის, თუმცა სია არ არის სრულყოფილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის 5.2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში; გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში. კომისიამ მ. ნ-ას უარი უთხრა მეუღლის - ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდა ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. სადავო აქტით მ. ნ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება ბ. ბ-ას საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ამასთანავე 11.05.2017წ. გამართულ კომისიის სხდომაზე პასუხისმგებელმა პირმა ვერ დაადასტურა ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. სასამართლომ სსკ-ის 4.1, 102-ე, 103-ე, 105-ე, სასკ-ის მე-17 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი, ამასთანავე, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 13.01.2016 წ. N MOD 11600034166 წერილის, 09.03.2017წ. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული პირების განმარტებების, 14.03.2014წ. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის შინაარსის, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილობითი ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი, რაც წარმოადგენს მ. ნ-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. სასამართლოს შეფასებით, მ. ნ-ას მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის საფუძლიანობის დადმდგენი მტკიცებულებები წარდგენილი ვერ იქნა, ხოლო რაც შეეხება საბრძოლო მოკვლევის აქტს, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი. ამასთანავე, საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერი პირები ერთმნიშვნელოვად ვერ ადასტურებენ ბ. ბ-ას საომარ მოქმედებებში მონაწილეობის და ომში დაღუპვის ფაქტებს, განსხვავებულად განმარტავენ სამხედრო კომენდატურაში ბ. ბ-ას ჩარიცხვისა და გაწევრიანების გარემოებებს, არ შესწრებიან მის გარდაცვალებას და აღნიშნულის შესახებ სხვა პირებისგან მიიღეს ინფორმაცია ომის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, მოსარჩელემ სხვადასხვა დროს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში წარადგინა ორი საბრძოლო მოკვლევა, რომელთა თანახმად, ერთი და იგივე პერიოდში პირი იმყოფებოდა სხვადასხვა დანაყოფში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე დართული საბრძოლო მოკვლევა არ არის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისა და ომში დაღუპვის ფაქტობრივი გარემოების დამდგენი დოკუმენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სასაპელაციო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.11.2017 წ. N04/72231 წერილის თანახმად, ბ. ბ-ას 1997 წლის 31 მარტიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია, თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მარჩენალი მამის - ბ. ბ-ას გარდაცვალების გამო, რომელიც შეუწყდა 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან, სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 29.10.2018 წ. N447/01-18 წერილის შესაბამისად, არქივის სამმართველოში არ არის დაცული ინფორმაცია, ვინ მიმართა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს გარდაცვალების მოწმობის ასაღებად. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოში დაცულია „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის საარქივო ფონდი N49“, რომელშიც ინახება გენოციდის მსხვერპლის მასალები (ომში დაღუპულთა სია). მოცემულ სიაში ბ. ბ-ასთან დაკავშირებით დაცულია შემდეგი სახის ჩანაწერი - „ბ-ა ბ., 31 წლის, მცხოვრები სოფ. ...ა, 1993 წლის დეკემბერში დახვრიტეს აფხაზმა მებრძოლებმა“. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.11.2018 წ. N01/347642 წერილის შესაბამისად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ბ. ბ-ას სახელზე 06.06.1994 წ. №IV-TИ ... გარდაცვალების მოწმობის გაცემის ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, №IV-TИ ... გარდაცვალების მოწმობაში მითითებული N362 გარდაცვალების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია სხვა პირის მიმართ. პალატამ აღნიშნა, რომ მ. ნ-ას განმარტების თანახმად, მეუღლის გარდაცვალების თაობაზე მისთვის ცნობილი იყო 1993 წელსვე, თუმცა 2017 წლამდე არ მიუმართავს ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის ან ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დასადგენად. პალატამ აღნიშნა, რომ არსებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მისი მეუღლე დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში. ამასთანავე, პირმა უნდა წარადგინოს სადავო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, აუცილებელია, რომ მოთხოვნა წარდგენილი იქნას კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით მიუთითა სკ-ის 128-ე, მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. დადგენილია, რომ 1993 წლიდან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მეუღლის გარდაცვალების ფაქტის და გარდაცვალების მიზეზის თაობაზე. სამართალურთიერთობის წარმოშობა - ბ. ბ-ას საბრძოლო დავალებების შესრულების დროს დაღუპვის ფაქტის დადგენის მიზნით უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა - დამოკიდებული იყო მოსარჩელის მოქმედებაზე. მ. ნ-ამ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურს ბ. ბ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენაზე მიმართა მხოლოდ 2017 წლის აპრილში - 20 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის მე-2 თავით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამდენად, მ. ნ-ამ ფლებამოსილ ორგანოს სადავო ფაქტის გამოსაცემად მიმართა მოთხოვნის ხანდაზმულობის ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის ხანდაზმულობას ადასტურებს. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გარშემო ხანდაზმულობის ვადის ათვლის მსგავსი მიდგომა არის დაფიქსირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2018წ. Nბს-101-100(კ-17) გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნას გაცხადებული მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი იძულებითი აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი, მართალია, მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მეორე პირის სურვილზე ხდება დამოკიდებული და მოთხოვნის აღსრულების იძულებითი მექანიზმები ვერ იქნება გამოყენებული. კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა გასულია, რაც, მართალია, არ ართმევს პირს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ნ-ას მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ბ. ბ-ას მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ბ. ბ-ას სახელზე ჯერ კიდევ 1993წ. გაიცა გარდაცვალების მოწმობა, სადაც იკითხება, რომ ბ. ბ-ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალებების შესრულების დროს, ამასთანავე, მისი შვილები სრულწლოვან ასაკამდე იღებდნენ თავდაცვის სამინისტროს ხაზით მარჩენალდაკარგულის პენსიას, რაც სასამართლომ სრულად უგულებელყო. უცნობია იმ ინფორმაციის წყარო, რომლის თანახმად, ბ. ბ-ა დახვრიტეს 1993წ. ნოემბერში და არის გენოციდის მსხვერპლი. 14.03.2014წ. საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ყოფილი ... ბრიგადის მე-6 ბატალიონის რიგითი მებრძოლები ადასტურებენ, რომ ბ. ბ-ა მათი ბატალიონის რიგებში ირიცხებოდა და 26.09.1993წ. გარდაიცვალა საბრძოლო მოქმედებების შესრულების დროს. ხსენებული მებრძოლები მართალია ბ. ბ-ას იცნობდნენ, უნახავთ საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მათ მიერ გაკეთებულია განაცხადი, სადაც ახსნილია თუ რამ განაპირობა საბრძოლო მოკვლევაზე ხელმოწერა, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებულმა პირებმა დანაყოფის სახელწოდებაც არ იცოდნენ სწორად, რადგან ... ბრიგადა არ არსებობდა, იყო ...-ე ბრიგადა. ომის დროს ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მეომრები სხვა ბატალიონის სიებში იყვნენ შეყვანილნი, თუმცა რეალურად სხვა დანაყოფებთან ერად იბრძოდნენ, მით უფრო 1993 წლის სექტემბერში, როდესაც შეწყვეტილი საომარი მოქმედებები მოულოდნელად განახლდა. საომარი მოქმედებები 1993 წლის 16 სექტემბერს განახლდა და იმავე წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემით დასრულდა, წარმოუდგენელია, რომ იმ დროისთვის აფხაზეთში მცხოვრებ 31 წლის კაცს მონაწილეობა არ მიეღო საბრძოლო მოქმედებებში. კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაურის და ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემულია საბრძოლო მოკვლევა. როგორც აღნიშნული მოკვლევით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დასტურდება ბ. ბ-ას მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, დგინდება აგრეთვე, რომ ბატალიონის სიები იყო არასრულყოფილი, განიმარტა სიებში ბ. ბ-ას მიუთითებლობის შესაძლო მიზეზები. კასატორმა აღნიშნა, რომ 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში განახლდა საომარი მოქმედებები, მებრძოლები დაბრუნდნენ დანაყოფებში, ქალაქი იბომბებოდა, იყო უკიდურესად მძიმე ვითარება, რის გამო არ იყო ბძანებების დაწერის დრო, გადარჩენილმა მებრძოლებმა აფხაზეთი დატოვეს ფეხით, კოდორის ხეობის და უღელტეხილის გავლით, რა დროსაც ასევე მრავალი ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბატალიონის მებრძოლების სიებისა და ჩანაწერების წამოღება შესაძლებელია ვერ მომხდარიყო. ამჟამად არსებული სიები არასრულია, მასში მხოლოდ მებრძოლთა ნახევარია დაფიქსირებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება, კომპენსაციის გაცემა იწყება მიმართვის შემდეგი თვიდან, კომპენსაციის მისაღებად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა შესაბამისი დროიდან. სასამართლოს მითითება ხანდაზმულობის ვადებზე დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრზე, კერძოდ მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა (16.1 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). ოჯახის შეღავათები ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, ოჯახის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში დგინდება და გაცემა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით („საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხ.). საქართველოს მთავრობის 22.08.2014წ. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშის“ თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომში დაღუპულის ოჯახის წევრზე. ოჯახის სოციალური დაცვა მათ შორის ითვალისწინებს საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად და სახელმწიფო კომპენსაციის უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის შესაბამისად („საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-7 მუხ. „ბ“, „ბ1“ ქვ.პ.). განსახილველ შემთხვევაში მ. ნ-ას ინტერესს შეადგენს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მოპოვება შემდგომში კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის მიზნით. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მ. ნ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ისე, რომ არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის რეალური ინტერესი, არ შეუფასებია სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიეთითა ხანდაზმულობა.
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, მათი გაზიარების თუ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლებზე მითითებას.
სააპელაციო პალატამ სკ-ის 128-ე, 130-ე, 131-ე მუხლებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.2018წ. Nბს-101-100(კ-17) განჩინებაზე მითითებით მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს რა კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს რა სამართლებრივ საკითხებს, ახდენს კაზუალურ განმარტებას, ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებული უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში ენიჭება საკასაციო სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს მნიშვნელობა კონკრეტული საქმის განხილვისათვის. ამდენად, დადგენას საჭიროებს განხილული და განსახილველი დავების ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებითი მსგავსება. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავის და სააპელაციო პალატის მიერ მითითებული დავის ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან არსობრივად განსხვავდება სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ საკასაციო სასამართლოს 05.06.2018წ. Nბს-101-100(კ-17) გადაწყვეტილების მიხედვით მოსარჩელე ითხოვდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შვილის გარდაცვალების გამო ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებას „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლეოდა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ 05.06.2018წ. Nბს-101-100(კ-17) საქმეში გადასაწყვეტი იყო არა პერიოდული გასაცემლის, კომპენსაციის, არამედ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი, ხოლო განსახილველ დავაში საკითხი ეხება საბრძოლო მოქმედებების შესრულებისას დაღუპული პირის ოჯახის წევრის სოციალური უზრუნველყოფის მიღების მიზნით პირისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების საკითხს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტები არიან. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს წარმოეშვათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 27.12.2013წ. N1896-რს კანონით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას. კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 5.2 მუხ. „ა“ ქვ.პ., მე-4 მუხ. „დ“ ქვ.პ.), კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს („სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 6.3 მუხ.), რაც ადასტურებს პირის უფლებას ხანდაზმულობის საერთო ვადის მიუხედავად, კომპენსაციის გაცემის საფუძვლების არსებობისას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დანიშვნა. მსგავსი დანაწესი არ არსებობს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნის უფლებასთან მიმართებით, რის გამო მასზე ხანდაზმულობის საერთო ვადა ვრცელდება. პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრზე ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა, ისევე როგორც ოჯახის წევრის ყოველთვიური გასაცემლით უზრუნველყოფა, წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ კანონისმიერ ვალდებულებას, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მათზე ხანდაზმულობის ვადის ერთნაირად ათვლისა და გავრცელების შესაძლებლობას. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ამასთანავე, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს (სკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწ.), თუმცა არსებული ზოგადი წესიდან გამონკალისია ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ნორმატიულად გამოირიცხება. კომპენსაციის დასანიშნად მიმართვის შესაძლებლობას აღნიშნული უფლების მქონე პირს კანონმდებელი ანიჭებს უვადოდ, სამისდღემშიოდ, ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნის წარდგენისაგან განსხვავებით პერიოდული გასაცემლის გაცემა იწყება მიმართვის შემდეგი თვიდან (სკ-ის 129.2 მუხლის მიხედვით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, რის გამო თანხა გაიცემა მოთხოვნის წარდგენიდან უკუსვლით 3 წლის ფარგლებში). ამდენად, ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ მითითებული საქმის და განსახილველი დავის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მოთხოვნათა სამართლებრივ საფუძვლებს შორის არსებითი სხვაობაა, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ დავაზე დამდგარი შედეგის დასასაბუთებლად 05.06.2018წ. Nბს-101-100(კ-17) გადაწყვეტილების მითითება და მასში ასახული სამართლებრივი შეფასებების გამოყენება არ არის რელევანტური.
სარჩელის ხანდაზმულობას არ ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს არა უშუალოდ კომპენსაციის გაცემა, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება და შესაბამისად, პირის საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაა, რადგან აღნიშნული გარემოებების გამორკვევა საბოლოოდ სწორედ კომპენსაციის დანიშვნის მიზანს ემსახურება, რასაც მ. ნ-ა არაერთგზის აღნიშნავს (მათ შორის სარჩელში). უკეთუ შესაძლებლად იქნება მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის გავრცელება პირის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპვის ფაქტის დადასტურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ირიბად მოხდება კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის უფლებაზეც, რადგან კომპენსაციის მიღების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება და შესაბამისად, პირის საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაა (,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის 5.2 მუხლის „ნ“ ქვ.პ., 6.1 მუხ.). დაუშვებელია ნორმათა ისეთი განმარტება, რომელიც ხანდაზმულობის ვადით შეზღუდავს პირის ისეთ უფლებას, რომელზეც ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ნორმატიულად არ არის დაშვებული, რადგან მსგავსი განმარტება მოთხოვნის უფლების მქონე პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების არალეგიტიმურ, დაუსაბუთებელ შეზღუდვას გამოიწვევს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ საქართველოში უკანასკნელი საბრძოლო შეიარაღებული დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ამ პერიოდიდან გასულია ათ წელზე მეტი, თუმცა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის გაუქმების ან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ რაიმე მონაცემი საქმეში არ მოიპოვება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა კვლავ ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას და განსაზღვრავს სათანადო პროცედურებს, ამასთანავე, რაიმე მითითება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის თარიღთან მიმართებით არ ხდება. სააპელაციო პალატის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, საქართველოში უკანასკნელი საბრძოლო მოქმედებებიდან ათ წელზე მეტი ვადის გასვლის გამო ამჟამად (2018 წლის შემდეგ პერიოდში) ომში/საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული ვერც ერთი პირის ოჯახის წევრი ვეღარ მოითხოვდა კომპენსაციის დანიშვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ ეფუძნება შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას და უგულებელყოფს არსებული სამართალურთიერთობის ბუნებას, აუქმებს უფლების მქონე პირის მიერ კომპენსაციის ნებისმიერ დროს მოთხოვნის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ ნორმატიულ დანაწესს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ნ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მართალია, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თავადაც დამატებით უთითებს გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ გარემოებათა უმეტესობა მოიცავს არა კონკრეტული ფაქტზე მითითებას, არამედ სხვადასხვა ორგანოებიდან გამოთხოვილი დოკუმენტების შინაარსის აღწერას. მტკიცებულებათა შინაარსის სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახვა არ ადასტურებს მათ გამოკვლევასა და შეფასებას, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. სასამართლოსთვის არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ამასთანავე, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (სსკ-ის 105-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და მათ შინაარსზე მითითებას, თუმცა სასამართლოს მიერ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა არ იკვეთება. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას მტკიცებულებათა შეფასების შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
„ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი იმ დოკუმენტების ჩამონათვალშია მითითებული, რომელიც საჭიროა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის სტატუსის მისაღებად („ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხ. „ე.ი“ ქვ.პ.). შესაბამისად, კომისიის სადავო 11.05.2017წ. N174-26 ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 30.05.2017წ. N3060/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს სზაკ-ით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან მიმართებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სადავო ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 30.05.2017წ. წერილის კანონიერება უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ფორმალური თვალსაზრისითაც. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. აღნიშნული ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.), რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 18.1 მუხ.) მნიშვნელოვანი პირობაა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცულია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარდგენილი ორი DVD დისკი, რომელზეც ასახულია სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ჩანაწერი, ჩანაწერიდან არ იკვეთება წარმოებაში დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობა. საქმეში მატერიალური სახით დაცულ 11.05.2017წ. ოქმში ასევე შეუვსებელია გრაფა, რომელშიც სტატუსის მაძიებლის მონაცემები უნდა იყოს მითითებული. სზაკ-ის 101.1 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილი აქვს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია მისცეს განმცხადებელს ამ გარემოებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, უკეთუ: უარი ეფუძნება ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ ან ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია განსხვავდება განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული წინაპირობების არსებობა სადავო არ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მ. ნ-ას ან მის წარმომადგენელს აღნიშნული შესაძლებლობა მიეცა.
არ დასტურდება აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმეთა გამოკითხვის პროცესში მ. ნ-ას ან მისი წარმომადგენლის ჩართულობა. სზაკ-ის 103.1 მუხლის თანახმად, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური მოწესრიგებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 97.2 მუხლის მიხედვით, მარტივი ადმინისტრაციული წამოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა მოწმისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად. სამოქალაქო პროცესში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, მოწმე უნდა დაიკითხოს ღია სასამართლო სხდომაზე, უკეთუ მისი ავადმყოფობა ან სხვა ობიექტური გარემოებები საჭიროს არ ხდის მოწმის თავისივე ადგილსამყოფელზე დაკითხვას (სსკ-ის 147-ე მუხ.). მოწმის დაკითხვა იწყება მისი პიროვნების გარკვევით, თავდაპირველად მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის საქმის გარემოებათა შესახებ, რის შემდეგ მას ეძლევა შეკითხვები. მოწმეს პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე ან მხარის წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ - მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი (სსკ-ის 148-ე მუხ. მე-2, მე-3, მე-4 ნაწ.). ამასთანავე, მხარეთა საპროცესო უფლებებს შორის სახელდება მოწმისათვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა (სსკ-ის 83.1 მუხ.). ამდენად, სზაკ-ის 97.2 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, ვინაიდან მოწმის დაკითხვის მიზნებისათვის მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მხარისა და სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის უფლებები გათანაბრებულია, ამიტომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისას მხარეს უნდა მიეცეს მოწმის დაკითხვაში მონაწილეობის მიღების და მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, ისევე როგორც ეს ხორციელდება სასამართლო წარმოებისას.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ერთ-ერთ ჩანაწერში სხდომაში მონაწილე ორი პირი გადმოსცემს სხვა პირებთან (მათი მითითებით, ბ. ბ-ას თანასოფლელებთან) პირადი საუბრის შინაარსს, რის შედეგადაც კომისიას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ. ბ-ა არ დაღუპულა საბრძოლო მოქმედებებისას და იგი დახვრიტეს აფხაზებმა 29 სექტემბერს სოფლის დატოვების დროს. საქმეში არ არის დაცული იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც კი, რომელთაგან აღნიშნული განმარტების მიღება მოხდა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეაგროვოს დამატებითი ცნობები (სზაკ-ის 97-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მათ შორის ჩამოართვას მოწმეს ახსნა-განმარტება, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად (სზაკ-ის 97.2 მუხ.) ან ნორმატიულად განსაზღვრული სხვა სპეციალური წესით და არა ინფორმაციის მქონე პირთან პირადი სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში სადავო ოქმით დამდგარი შედეგი, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა დაეყრდნო იმ პირთა განმარტებებს, რომელთა ვინაობა და მიცემული განმარტების ზუსტი შინაარსი უცნობია. კომისიის სხდომაში მონაწილე პირთა მითითება, რომ ბ. ბ-ას თანასოფლელებს ესაუბრნენ და მათ კონკრეტული შინაარსის ინფორმაცია გასცეს, არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით. ამასთანავე, არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნული პირები არ გამოკითხულან, მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს არ მისცემია მათთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა.
ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად ჩატარების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ სზაკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის N174-26 ოქმის თანახმად, კომისია შედგება 18 წევრისაგან, სხდომას ესწრებოდა 9 წევრი (ს.ფ. 19). ამდენად, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 30.06.2017წ. N3060/02-03-14/04-01 გადაწყვეტილებაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კომისიის წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით საკითხის გადაწყვეტაზე მითითება საფუძველს არის მოკლებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სადავო 30.05.2017წ. წერილის მიხედვით, 11.05.2017წ. გამართულ სხდომაზე პასუხისმგებელმა პირმა ვერ დაადასტურა ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტი, თუმცა საქმეში დაცული კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გამოკითხვისას განიმარტა, რომ ბ. ბ-ა კომენდატურის დაცვის ბატალიონში იყო, 12-15 კაციანი რაზმი წავიდა იმ რაიონში, რომელშიც ბ. ბ-ა დაიღუპა, რაზმის შემადგენლობაში შედიოდა ბ. ბ-აც. სხდომაზე აღინიშნა აგრეთვე, რომ 1993წ. აგვისტოში შერიგების პერიოდში ბატალიონი დაიშალა, თუმცა ომის განახლებისთანავე ბატალიონის წევრები დაბრუნდნენ, მათ შორის იყო ბ. ბ-აც. აღნიშნული განმარტების არასარწმუნოდ მიჩნევა კომისიას სათანადოდ არ დაუსაბუთებია. არ არის დასაბუთებული აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოში მ. ნ-ას მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა, მათ შორის გარდაცვალების მოწმობისა და საბრძოლო მოკვლევის გაზიარებაზე უარი, აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასება ფაქტობრივად არ მომხდარა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია სამი საბრძოლო მოკვლევა, რომელთა ერთობლივი თუ ინდივიდუალური შეფასება მათი სარწმუნოობისა და სათანადოობის კუთხით სასამართლოს არ მოუხდენია. გასათვალისწინებელია, რომ სამივე საბრძოლო მოკვლევაში ბ. ბ-ას გარდაცვალების გარემოებები და თარიღი ერთგვაროვნად არის მითითებული,-აღნიშნულია, რომ ბ. ბ-ა 26.09.1993წ. დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების შესრულების დროს. გარდაცვალების თარიღად იგივე დღეა მითითებული საქმეში დაცულ გარდაცვალების მოწმობებშიც, 06.06.1994წ. გაცემულ გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების ადგილად მითითებულია სოფელი ...ა, ხოლო გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულია, რომ ბ. ბ-ა გარდაიცვალა საბრძოლო დავალებების შესრულების დროს. მართალია საბრძოლო მოკვლევები შეიცავს სხვადასხვა ინფორმაციას იმ ბატალიონთან დაკავშირებით, რომელშიც ბ. ბ-ა მსახურობდა, თუმცა სასამართლოს არ დაუსაბუთებია საბრძოლო მოკვლევევბში სხვადასხვა ბატალიონების მითითების გამო იმ გარემოებათა გაზიარებაზე უარი, რომლებიც სამივე მოკლვევაში ერთნაირად არის მითითებული, კერძოდ, გარდაცვალების თარიღი და გარემოებები. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში დაცულია მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი ახსნა-განმარტებები საბრძოლო მოკვლევებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ საბრძოლო მოკვლევაზე ხელმომწერი ორი პირი: ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაური და შტაბის უფროსი დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პირებმა: მ. გ-ამ და გ. მ-მა სასამართლოს წინაშეც დაადასტურეს, რომ ბ. ბ-ა ირიცხებოდა კომენდატურის რიგებში და დაიღუპა 26.09.1993წ. სოფ. ...ის ტერიტორიაზე, საბრძოლო ვითარებაში რამდენიმე პირთან ერთად. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 1993 წლის აგვისტოში ე. წ. „შერიგების“ დროს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, რის გამო ბატალიონი დაიშალა, თუმცა ომის განახლებისთანავე მებრძოლები დაბრუნდნენ, მათ დაურიგდათ იარაღი და ისინი ჩაერთვნენ საბრძოლო მოქმედებებში. მოწმე გ. მ-ი აღნიშნავს, რომ 16 სექტემბერს, ბრძოლის დაწყების შემდეგ სხვა ქვედანაყოფები მიემაგრა კომენდატურას, კომენდატურაში იყო ორი ძირითადი ბატალიონი და 11-მდე დამხმარე ბატალიონი. ორივე მოწმე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ბ. ბ-ა ნამდვილად ირიცხებოდა კომენდატურის რიგებში, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და 26.09.1993წ. სოფ. ...თან დაიღუპა. მოწმეები უთითებენ აგრეთვე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი სიები არ იყო სრულყოფილი, სიებიდან ხდებოდა გარდაცვლილი პირების ამოშლა, ასევე ამოიშალნენ ის პირები, ვინც აგვისტოში ე. წ. „შერიგების“ პერიოდში ბატალიონი დატოვეს, შესაბამისად, სიაში მითითებული არ ყოფილა საბრძოლო მოქმედებების ყველა მონაწილე.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში წარდგენილ მეორე საბრძოლო მოკვლევას, რომლის მიხედვით ბ. ბ-ა ... სატანკო ბატალიონში მსახურობდა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მოკვლევის შემდგენელი პირების: დ. შ-ას და პ. ხ-ას ნოტარიალურად დამოწმებულ, საქალაქო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში ახსნილია დ. შ-ას და პ. ხ-ას მიერ კონკრეტული შინაარსის საბრძოლო მოკვლევის გაცემის საფუძვლები. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ბ. ბ-ა ნამდვილად იღებდა მონაწილეობას აფხაზეთის ომში, საბრძოლო მოქმედებებში, გარკვეული პერიოდი მათთან ერთად იბრძოდა, ხოლო შემდგომ გადავიდა სხვა ბატალიონში, ბ. ბ-ას ხშირად ხედავდნენ საბრძოლო იარაღითა და სამხედრო ფორმით. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ მართალია მათ ზუსტად არ იცოდნენ რომელ ბატალიონში ირიცხებოდა ბ. ბ-ა, თუმცა 26.09.1993წ. ქ.სოხუმში, სოფ....თან მათ პირადად დაინახეს ბ. ბ-ა, რომელიც გარდაცვლილი იყო, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა საბრძოლო მოკვლევაზე ხელმოწერა. აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო პალატის მიერ არ შეფასებულა. სააპელაციო პალატის შეფასების მიღმა დარჩა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მესამე საბრძოლო მოკვლევა, რომელშიც გარდაცვალების ადგილიდან ბ. ბ-ას გამოსვენების განმახორციელებელი პირები და დაკრძალვის ადგილიც არის მითითებული, ამასთანავე, საბრძოლო მოკვლევაზე დატანილია ხელმოწერები, ბეჭდები და შტამპი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ბ-ას გარდაცვალების თარიღის, ადგილისა და გარემოებების დასადგენად, ერთობლივ შეფასებას საჭიროებს აღნიშნული საბრძოლო მოკვლევები, გარკვევას საჭიროებს აგრეთვე ბატალიონის ფორმირების წესი, 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში განახლებული საომარი მოქმედებების დროს არსებული ვითარება. ის გარემოება, რომ კონკრეტული პირი შესაძლოა უშუალოდ არ შესწრებია ბ. ბ-ას გარდაცვალების ფაქტს, არ გამორიცხავს ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალებას, რადგან უკეთუ დადასტურდება ბ. ბ-ას სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა და ერთ-ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ ბ. ბ-ას გარდაცვალება, აღნიშნული იმთავითვე პრეზუმირებს ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალებას, საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. აფხაზეთში განვითარებული საყოველთაოდ ცნობილი მოვლენების, საომარი ვითარების, აფხაზეთის ოკუპაციის, პირების იძულებით გადაადგილების და სხვ. გარემოებების გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ მოიპოვებოდეს ბ. ბ-ას კონკრეტულ გარემოებებში გარდაცვალების უტყუარი და ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, შეაფასოს მათი სათანადოობა, სარწმუნოობა, საჭიროების შემთხვევაში შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, უზრუნველყოს მტკიცებულებათა გამოთხოვა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 30.05.2017წ. აქტის მიხედვით, მ. ნ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება ინფორმაცია ბ. ბ-ას საბრძოლო ქვედანაყოფებში ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია აფხაზეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პროცესში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირების აღრიცხვის, სამხედრო დანაყოფების ფორმირების: დაყოფის, გაერთიანების, მათში პირების ჩარიცხვისა და ამორიცხვის წესი, არ დადგენილა ამ მიმართებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული მონაცემების სისრულე. მოწმეთა განმარტებით, თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებული სიები იყო არასრულყოფილი, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირთა გარკვეული რაოდენობა არ ყოფილა სიაში მითითებული. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო დანაყოფების ფორმირება ხდებოდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას (დაშლილი ბატალიონები 1993 წლის სექტემბერში, საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, ხელახლა შეიკრიბნენ, ბატალიონები გაერთიანდა), ხოლო საომარი მოქმედებები განახლებიდან მალევე - 1993 წლის სექტემბერში დასრულდა ოკუპაციით, შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის განმარტება, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით რიგ შემთხვევებში პირის ბატალიონში ჩარიცხვასთან დაკავშირებით არ ხდებოდა სათანადო ბრძანებების შედგენა, ამასთანავე, ოკუპირებული აფხაზეთის დევნილთა მიერ იძულებითი დატოვების გარემოებების გათვალისწინებით (აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება მოხდა კოდორის ხეობისა და უღელტეხილის ფეხით გავლით), არ იყო შესაძლებელი სათანადო დოკუმენტაციის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საბრძოლო ქვედანაყოფში ბ. ბ-ას ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანება არ მოიპოვება, არ გამორიცხავს ბ. ბ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტს, მით უფრო, რომ 28.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ“ ინსტრუქცია ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მაძიებლისთვის ითვალისწინებს მოხალისეებზე, რომლებზეც არ მოიპოვება ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვის თაობაზე დოკუმენტაცია, ხელთ არსებული რაიმე შესაძლო დოკუმენტების, საბრძოლო მოკვლევის, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანების სტატუსის მქონე იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი, წარდგენის საჭიროებას, რათა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი იქნეს მოპოვებული (მე-6 მუხ. „დ.ბ“, „ე.ზ“ ქვ.პ.).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 04.01.2018წ. კორესპოდენციაზე, რომლის თანახმად ბ. ბ-ას ვაჟს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა 1997 წლის 31 მარტიდან თავდაცვის სამინისტროს ხაზით - მარჩენალის გარდაცვალების გამო, კომპენსაცია შეწყდა 2007 წლის 01 ოქტომბრიდან, სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. კომპენსაციის დანიშვნისას - 31.03.1997წ. მოქმედი „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონი ითვალისწინებდა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფის გარანტიებს. კანონის მიზნებისთვის ვეტერანებს შორის მოიაზრებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები (6.3 მუხ.), კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები (9.3 მუხ.). აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდებოდა დაღუპული ვეტერანის არასრულწლოვან შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე (მე-16 მუხ. „გ“ ქვ.პ.). დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრებს სოციალური დაცვის მიზნით უწესდებოდათ პენსიის მიღების უფლება (16.1 მუხ.). სოციალური უზრუნველყოფის მიზნით სახსრების გამოყოფა ხდებოდა საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან (1.3 მუხ.). ამდენად, დადგენასა და შეფასებას საჭიროებს ბ. ბ-ას შვილისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 21.11.2017წ. ცნობის მიხედვით კომპენსაცია დანიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მამის - ბ. ბ-ას გარდაცვალების გამო.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს გენოციდის მსხვერპლთა სიაში ბ. ბ-ასთან დაკავშირებული ჩანაწერის არსებობაზე, თუმცა არ დაუსაბუთებიათ აღნიშნული გარემოების კავშირი სარჩელის უარყოფასთან. უშუალოდ ბ. ბ-ასთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ არ იძებნება გენოციდის მსხვერპლთა სიაში მისი შეყვანის ფაქტობრივი საფუძველი, რის გამო გაურკვეველია ბ. ბ-ას გარდაცვალების თარიღად 1993 წლის ნოემბრის მითითების წინაპირობები, აღნიშნული მონაცემის სარწმუნოობა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სათანადოდ არ შეფასებულა აგრეთვე ბ. ბ-ას გარდაცვალების მოწმობები. საქმეში დაცულია ორი გარდაცვალების მოწმობა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ 06.06.1994წ. გაცემული IV-TИ N... გარდაცვალების მოწმობა და თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსხურის მიერ 24.06.2016წ. გაცემული N... გარდაცვალების მოწმობა. ორივე მათგანში ბ. ბ-ას გარდაცვალების თარიღად მითითებულია 26.09.1993წ., ხოლო გარდაცვალების ადგილად - სოხუმი (სოხუმის რ-ნი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მოწმობა ადასტურებს არა მხოლოდ პირის გარდაცვალების ფაქტს, არამედ ადგენს აგრეთვე პირის გარდაცვალების თარიღსა და ადგილს. ორივე გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების იდენტური თარიღისა და ადგილის მითითების მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად არ მიიჩნიეს ბ. ბ-ას გარდაცვალება 26.09.1993წ. სოხუმში (სოხუმის რაიონში). სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე დასაბუთებას არ შეიცავს. ყურადღების მიღმა არის დატოვებული აგრეთვე ის გარემოება, რომ გენოციდის სიაში არსებული მონაცემის მიხედვით ბ. ბ-ა აფხაზმა მებრძოლებმა დახვრიტეს 1993 წლის ნოემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://scara.gov.ge/ka/2010-07-05-08-39-35/352-2013-01-24-20-35-05.html) დაცული გენოცდის სიების მიხედვით, ბ. ბ-ას დახვრეტის ადგილად მითითებულია სოფელი ...ა, ...ის რაიონი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაცულ, ძალაში მყოფ ორივე გარდაცვალების მოწმობაში ბ. ბ-ას გარდაცვალების ადგილად მითითებულია სოხუმი, სოხუმის რაიონი და არა ...ის რაიონი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება მაინც გენოციდის მსხვერპლთა სიაში დაცულ მონაცემზე გაამახვილეს, რაც არ ემყარება რაიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გენოციდის სიაში ბ. ბ-ასთან დაკავშირებით კონკრეტული მონაცემის შეტანის საფუძველი გაურკვეველია.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ აგრეთვე ის გარემოება, რომ 06.06.1994წ. გარდაცვალების მოწმობა გაცემულია 06.06.1994წ. N362 ჩანაწერის საფუძველზე, მმაჩის ბიუროს (მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი ბიუროს) დასახელებად მითითებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. მართალია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.11.2018წ. წერილის მიხედვით სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ბ. ბ-ას სახელზე 06.06.1994წ. გაცემული გარდაცვალების მოწმობა არ ფიქსირდება, თუმცა არ გამოკვლეულა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ დაცული სრული ინფორმაციის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემის საკითხი. ამასთანავე, მართალია სააგენტოს წერილის მიხედვით 06.06.1994წ. გარდაცვალების მოწმობაში მითითებული N362 გარდაცვალების ჩანაწერი ეკუთვნის სხვა პირს, თუმცა არ დადგენილა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული ჩანაწერების ნუმერაციისა და სააგენტოში დაცული სააქტო ჩანაწერების ნუმერაციის ურთიერთმიმართება, მათი იდენტურობა. არ არის დადგენილი, რომ აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები გადაეცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სრულად და ამავე დროს იმ ნუმერაციით, როგორც ეს სამინისტროში იყო დაცული. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ იმ გარემოების მითითება, რომ სააგენტოში დაცული N362 გარდაცვალების აქტის ჩანაწერი სხვა პირს ეკუთვნის, არ ასაბუთებს 06.06.1994წ. გარდაცვალების მოწმობის არასარწმუნოობას.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.11.2018წ. N01/347642 წერილის მიხედვით 24.06.2016წ. გარდაცვალების მოწმობა გაიცა 24.06.2016წ., გარდაცვალების აქტის ჩანაწერის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ დარეგისტრირდა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 21.06.2016წ. N... გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლოების მიერ არ გამოთხოვილა და არ შეფასებულა 24.06.2016წ. გარდაცვალების მოწმობის გაცემის საფუძვლები, სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 21.06.2016წ. N... გადაწყვეტილების შინაარსი. 21.06.2016წ. გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებში შედიოდა არა მხოლოდ პირის გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია, არამედ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა („სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 21.06.2016წ. მოქმედი რედაქციის 4.2 მუხ. „ა“, „ე.ბ“, „ე.დ“ ქვ.პ.). ამდენად, 24.06.2016წ. გარდაცვალების მოწმობის გაცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის შინაარსი შესაძლოა მნიშვნელობის მქონე იყოს განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი