საქმე #ბს-990(კ-21) 23 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 18 იანვარს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 ივნისის #... გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის (ამჟამად ქალაქ ბათუმში შემავალი), სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) დარეგისტრირდა შპს „ჯ...ის“ საკუთრებად. 2010 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე შპს „ჯ...მა“ განათავსა ფიჭური კავშირგაბმულობის 60 მ-იანი მიმღებ-გადამცემი ანძა.
მოსარჩელის მითითებით, რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის პირველი ნოემბრის #... გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ი“ შეერწყა სს „...ს“, ხოლო რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2018 წლის 4 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით ს.კ. ... მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილება და მესაკუთრედ განისაზღვრა სს „...ი“.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 14 დეკემბრის სარეგისტრაციო განაცხადით სს „...მა“ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო საზღვრების დაზუსტება მოითხოვა, რის თაობაზეც ამავე წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება და ხსენებული უძრავი ნივთის წითელი ხაზები სს „...ის“ მიერ წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაზუსტდა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის 2018 წლის 20 დეკემბრის პირობითი განცხადების საფუძველზე (სააგენტოს ინიციატივით) მიღებულ იქნა #... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ #... (17.12.2018წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, გაბათილებულ იქნა სს „...ის“ მიერ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტების თაობაზე საჯარო რეესტრის მანამდე მიღებული გადაწყვეტილება. სააგენტომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად განმარტა, რომ სს „...ის“ მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავედ არსებული თ., ლ., მ. და ს. ბ-ეების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) წითელ ხაზებში (ზედდება).
მოსარჩელის განმარტებით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, იმ ტერიტორიაზე, სადაც #... პირობით განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების ფარგლებში დაფიქსირებულ იქნა ზედდება, სს „...ის“ #... განაცხადს თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და ს.კ. ... მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებს შორის, 2010 წლის მაისის თვიდან განთავსებულია 60მ სიმაღლის ანძა და მასთან დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიჭურ კავშირგაბმულობას ხელვაჩაურისა და მისი მიმდებარე რეგიონებისათვის. ამას მოწმობს შესაბამისი ორთოფოტო და პირობითი აღნიშვნები აზომვით ნახაზზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაცვლად, უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და დაედგინა, თუ როგორ მოხდა, რომ კერძო პირების საკუთრებადაა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებია განთავსებული, ხოლო მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) შესაბამისი საკადასტრო გეგმა კი თავისუფალია ყოველგვარი ინფრასტრუქტურისაგან. სს „...ის“ #... სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთვოდა კვალიფიცური ამზომველის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 დეკემბრის #388 დადგენილების მოთხოვნებთან. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოების საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დასტურდება თავად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ამონაწერით, რაც ამ სარეგისტრაციო განაცხადის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო კანონისმიერი საფუძველია.
მოსარჩელის მოსაზრებით, #... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა გამოვლენილი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება, რომლის სამართლებრივი შეფასებაც საფუძვლად დაედებოდა რეგისტრაციაზე უარის თქმას. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით რომ განეხორციელებინა ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა და მათი შემდგომი სამართლებრივი შეფასება, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ხოლო მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო საზღვრები არ შეესაბამება ობიექტურ მოცემულობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით #... განაცხადზე დართული შპს „დ...-ის“ მიერ 22.08.2018წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავ ნივთზე (ს.კ. ..., მესაკუთრე - სს „...ი“) მართებულად განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სააგენტოს #... გადაწყვეტილება ლახავს სააქციო საზოგადოების ინტერესებსა და კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება ცხადყოფს, რომ სახეზეა სს „...ისათვის“ პირდაპირი და უშუალო ზიანის დადგომის ფაქტი, კერძოდ, საკუთრების უფლების შეზღუდვა, რაც გამოწვეულია სიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილებით.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 29 ივნისის #... და 2016 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების იმ ნაწილში, რომელთანაც ზედდებაშია სს „...ის“ 2018 წლის 14 დეკემბრის #... განაცხადს თანდართული, საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ გადაეგზავნა განსჯად ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 თებერვლის განჩინებით სს „...ის“განცხადება დაკმაყოფილდა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლების გასხვისების შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელება აღნიშნული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელთანაც ზედდებაშია სს „...ის“ 2018 წლის 14 დეკემბრის #... განაცხადს თანდართული საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზი, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ბ-ე, ლ. ბ-ე, მ. ბ-ე და ს. ბ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლების გასხვისების შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელება აღნიშნული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელთანაც ზედდებაშია სს „...ის“ 2018 წლის 14 დეკემბრის #... განაცხადს თანდართული საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზი, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნდა უფლებამოსილება, თავად გადაესინჯა მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი. ამ წესის განმსაზღვრელი ნორმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტი თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა. ის სააგენტოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს, გადასინჯავს თუ არა მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებელი უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, თუ მისი სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან კანონიერი ინტერესები. ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება ან/და ბ) როდესაც დაინტერესებული მხარისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ უკანონო რეგისტრაციით - რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 12 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით (გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, ზედდების ნაწილში) დარეგისტრირდა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც საქმის განხილვის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო სხვა პირთა საკუთრების უფლება, რეგისტრირებული მონაცემების მიმართ სს „...ის“ კანონიერი ნდობა სახეზე არ იყო.
ამდენად, გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.12.2018წ. #... გადაწყვეტილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან და არ შეიცავდა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და მისი მიღების დროს არ იყო დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 29 ივნისის #... და 2016 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ კანონშესაბამისობის საკითხის შემოწმებას ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების იმ ნაწილში, რომელთანაც ზედდებაშია სს „...ის“ 2018 წლის 14 დეკემბრის #... განაცხადზე თანდართული, საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზი, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სს „...ის“ წინამორბედმა მესაკუთრემ - შპს „ჯ...მა“ უძრავი ქონების დაყოფის შემდეგ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება თ., ლ., მ. და ს. ბ-ეებთან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) და 2009 წლის 30 ივნისს საჯარო რეესტრში ნაკვეთზე დარეგისტრირდა შპს „ჯ...ის“ საკუთრების უფლება (ს.კ. ....), რომელზედაც შპს „ჯ...ი“ გეგმავდა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების განთავსება-მშენებლობას.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე მხარე 2016 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებას სადავოდ მიიჩნევდა იმ საფუძვლით, რომ სს „...ის“ 2018 წლის 14 დეკემბრის #... სარეგისტრაციო განაცხადს თანდართულ, საკადასტრო აზომვით (აგეგმვით) ნახაზსა და მესამე პირების (თ., მ. და ს. ბ-ეების) 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო ერთეულს შორის დადგინდა ზედდება, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს, საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის შედეგად თავისი საკადასტრო ერთეულის საზღვრებში მოექცია 2010 წლის აპრილში შპს „ჯ...ის“ მიერ განთავსებული ფიჭური კავშირგაბმულობის 60 მ-იანი მიმღებ-გადამცემი ანძა, რომლის ნაწილი 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო ერთეულის საზღვრებშია მოქცეული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილი ორი საკადასტრო ერთეულის - 2301 კვ.მ (ს.კ. ...) და 500 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებასთან (მათი ფართობის, მდებარეობის, საკადასტრო საზღვრების, თუ კონფიგურაციის მხრივ) დაკავშირებით თანამესაკუთრეებს შორის რაიმე პრეტენზიას ან დავას ადგილი არ ჰქონია. არც შპს „ჯ...ს“ გამოუხატავს პრეტენზია თ., ლ., მ. და ს. ბ-ეებისაგან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ საკადასტრო ერთეულის საზღვრების თაობაზე. ასევე, დაყოფის რეგისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 29.06.2009წ. #... და 29.06.2009წ. #... გადაწყვეტილებების მიღების დროს არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 23 ივნისის #... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ... წარმოიშვა თ., ლ., მ. და ს. ბ-ეების თანასაკუთრების უფლება, ასევე სადავოდ არ იყო გამხდარი ამ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლებადამდგენი დოკუმენტი - ჩუქების ხელშეკრულება.
ამდენად, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა-გამოკვლევის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რის გამოც არ არსებობდა სს „...ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც #... პირობით განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების ფარგლებში დაფიქსირებულ იქნა ზედდება სს „...ის“ განაცხადს თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) წითელ ხაზებს შორის, 2010 წლის მაისის თვიდან განთავსებულია 60 მ სიმაღლის ანძა და მასთან დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, რასაც მოწმობს შესაბამისი ორთოფოთო და პირობითი აღნიშვნები აზომვით ნახაზზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრირების შემთხვევაში, #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაცვლად უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და დაედგინა, თუ როგორ მოხდა, რომ კერძო პირების საკუთრებადაა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, სადაც სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებია განთავსებული, ხოლო მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) შესაბამისი საკადასტრო გეგმა კი თავისუფალია ყოველგვარი ინფრასტრუქტურისაგან.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით რომ განეხორციელებინა ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა და მათი შემდგომი სამართლებრივი შეფასება, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, ხოლო მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო საზღვრები არ შეესაბამება ობიექტურ მდგომარეობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებას, რაც გახდებოდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სააპელაციო პალატამ მხოლოდ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 52-ე - 53-ე მუხლებზე, თუმცა არ შეაფასა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი დაცულობის საკითხი. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად გამორიცხა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის ვალდებულების არსებობა და დააკანონა მისი მხრიდან თვითნებობა. შესაბამისად, რამდენადაც სახეზეა კანონის არასწორი ინტერპრეტირება, კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 დეკემბრის #... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 29 ივნისის #... და 2016 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ კანონიერება (საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების იმ ნაწილში, რომელთანაც ზედდებაშია სს „...ის“ 2018 წლის 14 დეკემბრის #... განაცხადს თანდართული, საკადასტრო აზომვითი (აგეგმვითი) ნახაზი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 9 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #... განცხადებით მიმართა მ. ბ-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე, ...ში (ზონა: ხელვაჩაური, საკადასტრო კოდი: ...); განცხადებას დაერთო - დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შპს „გ...ს“ მიერ 02.06.2009წ. შესრულებული) და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 23 ივნისის #... გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2801 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა თ., ლ., მ. და ს. ბ-ეების სახელზე; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 02.06.2009წ. #108/ბ ცნობა.
დადგენილია, რომ #... (24.06.2009წ.) განცხადებით მ. ბ-ემ მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრს მოეხდინა უძრავი ნივთის, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2801 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის დაყოფის (2300 კვ.მ და 500 კვ.მ) საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო - დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი შესაბამისი (საგადასახადო/ იუსტიციის) რეესტრიდან, საერთო საკუთრების უძრავი ნივთის დაყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები (შპს „გ...ს“ მიერ 15.06.2009წ. შესრულებული) და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 29 ივნისის #... და ამავე თარიღის #... გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ მ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2801 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) დაიყო 2301 კვ.მ (ს.კ. ...) და 500 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთებად, ერთიან კოორდინატთა სისტემაში მოყვანილი დაზუსტებული მონაცემებით. ზემოაღნიშნულ ნაკვეთებზე უცვლელად გადავიდა თ., ლ., მ. და ს. ბ-ეების თანასაკუთრების უფლება. სარეგიტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით სრულად იყო შესაძლებელი, დაყოფის შედეგად, ახლად წარმოქმნილი საკადასტრო ერთეულების (ს.კ. ... და ს.კ. ...) იდენტიფიცირება, მათი ფართობის, მდებარეობის, საკადასტრო საზღვრებისა თუ კონფიგურაციის მხრივ და თანამესაკუთრეებს შორის ამასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიას ან დავას ადგილი არ ჰქონია.
საქმეში არსებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ., ლ., მ. და ს. ბ-ეებმა შპს „ჯ...ს“ 25 000 აშშ დოლარად მიყიდეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...). 2009 წლის 30 ივნისს საჯარო რეესტრში ნაკვეთზე (ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე) დარეგისტრირდა შპს „ჯ...ის“ საკუთრების უფლება.
საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 20 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლ. ბ-ემ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) აჩუქა თ., მ. და ს. ბ-ეებს. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დამოწმების თარიღი 20.10.2016წ. და 21.10.2016წ.) საფუძველზე, ლ. ბ-ის თანასაკუთრების ნაწილში აღირიცხა თ. ბ-ის, მ. ბ-ისა და ს. ბ-ის თანასაკუთრების უფლება (ახალი ს.კ. ...).
ამასთან, რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 1 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ი“ შეერწყა სს „...ს“, ხოლო რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილება და მესაკუთრედ განისაზღვრა სს „...ი“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს სს „...ის“ წარმომადგენელმა #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, საკადასტრო საზღვრების დაზუსტება მოითხოვა. განცხადებას დაერთო: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შპს „დ...-ის“ განმარტებითი ბარათი, სს „...ის“ მიერ გაცემული რწმუნებულება #4564/01-8, მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია.
რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 17 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) #... განაცხადზე დართული შპს „დ...-ის“ მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს თარიღით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სს „...ის“ მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის მიხედვით, ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავედ არსებული, მესამე პირთა თანასაკუთრებაში რიცხული 2031 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) წითელ ხაზებში და ამდენად, ადგილი ჰქონდა ინსტრუქციით გათვალისწინებულ ზედდებას, რაც გამოიწვია, სს „...ის“ მიერ რეესტრისათვის წარდგენილი ნახაზის შეუსაბამობამ და უსწორობამ. კერძოდ, #... განაცხადზე დართული, შპს „დ...-ის“ მიერ 22.08.2018წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება 2009 წლის 30 ივნისის #... გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ საკუთრებაში დარეგისტრირებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და აცდენილია მისგან, ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის მხრივ.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 დეკემბრის პირობითი განცხადების საფუძველზე (სააგენტოს ინიციატივით), მიღებულ იქნა #... გადწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 17 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ, გაბათილებულ იქნა სს „...ის“ მიერ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო საზღვრების დაზუსტების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სს „...ის“ მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) წითელ ხაზებში (ზედდება).
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება, თავად გადასინჯოს მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი. ამ წესის განმსაზღვრელი ნორმა - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტი, თავისი არსით დისკრეციული ხასიათისაა, რამდენადაც სააგენტოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად გადაწყვიტოს, გადასინჯავს თუ არა მის მიერვე გამოცემული აქტის კანონიერების საკითხს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ კანონმდებელი უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, თუ მისი სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან კანონიერი ინტერესები. ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება ან/და ბ) როდესაც დაინტერესებული მხარისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ უკანონო რეგისტრაციით - რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 12 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით (გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, ზედდების ნაწილში) დარეგისტრირდა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც საქმის განხილვის მდგომარეობით რეგისტრირებულია სხვა პირთა საკუთრების უფლება, რეგისტრირებული მონაცემების მიმართ სს „...ის“ კანონიერი ნდობა სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლო სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით ხაზგასმით მიუთითებს, რომ სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2801 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) 2301 კვ.მ (ს.კ. ...) და 500 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთებად დაყოფის შედეგად, წარმოქმნილი ორივე უძრავი ქონება დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს „...ის“ წინამორბედი მესაკუთრის - შპს „ჯ...ისათვის“ მიყიდვის მომენტში 2301 კვ.მ და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები ერთმანეთისაგან ღობით რეალურად არ იქნა გამიჯნული, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთთა საზღვრები აღრიცხულ იქნა დაზუსტებული მონაცემებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გაყოფის შედეგად წარმოქმნილი ორი საკადასტრო ერთეულის - 2301 კვ.მ (ს.კ. ...) და 500 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებასთან (მათი ფართობის, მდებარეობის, საკადასტრო საზღვრების, თუ კონფიგურაციის მხრივ) დაკავშირებით თანამესაკუთრეებს შორის რაიმე პრეტენზიას ან დავას ადგილი არ ჰქონია. არც შპს „ჯ...ს“ გამოუხატავს პრეტენზია თ., ლ., მ. და ს. ბ-ეებისაგან 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ მიწის ნაკვეთის საზღვრების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დავა საზღვრებთან მიმართებით წარმოიშვა იმის გამო, რომ 2010 წლის აპრილში შპს „ჯ...ის“ მიერ განთავსებული ფიჭური კავშირგაბმულობის 60 მ-იანი მიმღებ-გადამცემი ანძის ნაწილი მოექცა 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საკადასტრო ერთეულის საზღვრებში. სწორედ აღნიშნული ზედდების კორექციის მიზნით იქნა მოთხოვნილი სს „...ის“ მიერ ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია - საკადასტრო საზღვრების დაზუსტება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მესამე პირთა განმარტებაზე, კერძოდ, ისინი სამართალწარმოების საწყის ეტაპზევე აღნიშნავდნენ, რომ შპს „ჯ...მა“ თ., ლ., მ. და ს. ბ-ეებისაგან შეიძინა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რა დროსაც მხარეები შეთანხმებული იყვნენ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და საზღვრებზე. შემდგომში, შპს „ჯ...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაიცა ანძის მშენებლობის ნებართვა, თუმცა მესაკუთრემ იგი ააშენა ისე, რომ ნაცვლად მის საკუთრებაში რეგისტრირებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა, ანძის საძირკვლის ნაწილი მოექცა მესამე პირთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო სასამართლო ასევე განმეორებით მიუთითებს, რომ მესამე პირთა მხრიდან შპს „ჯ...ისათვის“ (სს „...ის“ წინამორბედი) მიყიდული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეესტრში რეგისტრირებული იყო დაზუსტებული მონაცემებით, შესაბამისად, 2301 კვ.მ და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები ზუსტად იყო დადგენილი და არ იყო სადავო მხარეთა შორის. ანძის მშენებლობის შემდგომ, სს „...მა“ სცადა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის გზით შენობა (ანძა) მოექცია მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ერთეულის საზღვრებში, თუმცა რამდენადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოშობილ იქნა თავდაპირველად მესამე პირთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებული 2801 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად, სს „...ის“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექციამ გამოიწვია 2301 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობის შემცირება და შესაბამისად, მესამე პირთა საკუთრების უფლების შელახვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითებას იმის თაობაზე, რომ სს „...ის“ მხრიდან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტში დაფიქსირებული ზედდება გამოწვეული იყო სს „...ის“ მიერ რეესტრისათვის წარდგენილი ნახაზის შეუსაბამობითა და უსწორობით. კერძოდ, #... განაცხადზე დართული, შპს „დ...-ის“ მიერ 22.08.2018წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება 2009 წლის 30 ივნისის #... გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ საკუთრებაში დარეგისტრირებული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და აცდენილია მისგან ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის მხრივ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ს“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 10.12.2021წ. #116043047 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება;
3. სს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.12.2021წ. #116043047 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა