Facebook Twitter
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბ-1113-5(ა-22) 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ა. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 15 მაისს ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #EL067252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #69002014291 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #5248/2/2018) ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ა. მ-ისათვის ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #EL067252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #69002014291 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (საჩივარი #5248/2/2018); დანარჩენ ნაწილში ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
2018 წლის 8 აგვისტოს ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის #EL070077 სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანებისა და #5691/2/2018 საჩივარზე დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. მ-ისათვის 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული 1 000 000 რუსული რუბლის, 300 აშშ დოლარის, 770 ევროს, 757 აზერბაიჯანული მანათის, 2 610 ლარისა და 5 000 რუსული რუბლის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ 2018 წლის 20 თებერვლის #EL070077 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (საჩივარი #5691/2/2018); მოსარჩელე ა. მ-ს დაუბრუნდა 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული საქონელი - 1 000 000 რუსული რუბლი, 300 აშშ დოლარი, 770 ევრო, 757 აზერბაიჯანული მანათი, 2 610 ლარი და 5 000 რუსული რუბლი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 20 თებერვლის #EL070077 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (საჩივარი #5691/2/2018); დანარჩენ ნაწილში ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე #ბს-1022(კ-20) ა. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #EL067252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #69002014291 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #5248/2/2018) ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ა. მ-ისათვის ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის დაბრუნების დავალების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე #ბს-1219(კ-20) ა. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის #EL070077 სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანებისა და #5691/2/2018 საჩივარზე დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. მ-ისათვის 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული 1 000 000 რუსული რუბლის, 300 აშშ დოლარის, 770 ევროს, 757 აზერბაიჯანული მანათის, 2 610 ლარისა და 5 000 რუსული რუბლის დაბრუნების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის; გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი - #ბს-1219(კ-20).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის სარჩელი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #EL067252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის #69002014291 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის #129 ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საჩივარი #5248/2/2018) ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ა. მ-ისათვის ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის დაბრუნების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ა. მ-ის სარჩელი, საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 20 თებერვლის #EL070077 სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის #7854 ბრძანებისა და #5691/2/2018 საჩივარზე დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. მ-ისათვის 2018 წლის 20 თებერვალს ჩამორთმეული 1 000 000 რუსული რუბლის, 300 აშშ დოლარის, 770 ევროს, 757 აზერბაიჯანული მანათის, 2 610 ლარისა და 5 000 რუსული რუბლის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ა. მ-მა, რომელმაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით (საქმე #ბ-1622-6(ა-21)) ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ უპირველესად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ შეაფასა მოსარჩელე ა. მ-ისათვის ჩადენილი ორი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის კანონიერება. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, 2017 წლის 10 დეკემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსი სახელმწიფო ნომრით - ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე - ა. მ-ი (პ/ნ ...). მოსარჩელეს ჩამოერთვა 3 300 000 რუსული რუბლი (148 965.3 ექვივალენტი ლარში), რომელიც ავტობუსის ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ, რეზინების მეშვეობით ქვემოდან ამოკრულ მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი. მეორე შემთხვევაში, 2018 წლის 20 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა იგივე ავტობუსი (საქართველოს სახ. ნომ. ...), რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი - ა. მ-ი. ინტერვიურებისას მოსარჩელემ დაადეკლარირა 1 000 000 რუსული რუბლი, თუმცა ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მას დამატებით აღმოაჩნდა 300 აშშ დოლარი, 770 ევრო, 757 აზარბაიჯანული მანათი, 2 610 ლარი და 5 000 რუსული რუბლი (ჯამში 7 024.45 ექვივალენტი ლარში). ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, არასწორად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 50 714.45 ლარი.
პირველ შემთხვევასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა და წარმოდგენილი განცხადებით თავად განმცხადებელიც ადასტურებდა, რომ ა. მ-ი სამართალწარმოების საწყისი სტადიიდანვე (მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც) ცდილობდა თანხის კანონიერი წარმომავლობის მტკიცებას, ასევე, მიუთითებდა, რომ ჩამორთმეული თანხა არათუ მას, არამედ ე. მ-ს ეკუთვნოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გარემოებათა არსებობის თაობაზე ა. მ-ისათვის მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. მ-ი პირველ სამართალდარღვევასთან მიმართებით წარდგენილი სარჩელის საფუძვლიანობას სწორედ იმ გარემოებას აყრდნობდა, რომ ჩამორთმეული, დაუდეკლარირებელი 3 300 000 რუსული რუბლი ე. მ-ის მხრიდან ბაქოში საცხოვრებელი სახლის რეალიზაციის შედეგად იქნა წარმოშობილი, თუმცა ხანგრძლივი სამართალწარმოების მიმდინარეობის პროცესში მისი მხრიდან არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილებაშიც კი საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ მითითებულ განმარტებებზე თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ჩამორთმეული თანხის კანონიერ წარმომავლობას ან მისი სხვა ფიზიკური პირისათვის კუთვნილებას დაადასტურებდა. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოსარჩელე შემოიფარგლა მარტოოდენ განმარტებებით და მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ქალაქ ბაქოში ე. მ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაყიდვის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მაგალითად, ხელშეკრულება), რომელიც თანხის კანონიერ წარმომავლობას დაადასტურებდა. ა. მ-ს ასევე არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება ე. მ-ის მიერ ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი სახის შეძენის ან მის მიერ ბეს სახით გამყიდველისათვის კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდის შესახებ. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩამორთმეული 3 300 000 რუსული რუბლის ე. მ-ის მიერ ჰ. ხ-ისათვის კონკრეტული დანიშნულებით (მაგალითად, საცხოვრებელი სახლის შეძენის ან რაიმე სხვა კანონიერი მოქმედების განხორციელების მიზნით) გადაცემას. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (მაგალითად, ჰ. ხ-ის ხელწერილი), რომლითაც მოსარჩელე ა. მ-ი დაადასტურებდა, რომ ჩამორთმეული თანხის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას უშუალოდ ჰ. ხ-ი ცდილობდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც ფულადი სახსრების ჩამორთმევის საფუძვლით ჰ. ხ-ის ან ე. მ-ის მიმართ ა. მ-ის რაიმე სახის სავარაუდო ვალის წარმოშობა დადასტურდებოდა. ასეთი ვალის დაუდასტურებლობის პირობებში კი, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ, ერთი მხრივ, თანხის მისთვის კუთვნილების უარყოფას, ხოლო, მეორე მხრივ, ჩამორთმეული თანხის სწორედ მისთვის დაბრუნების დავალების მოთხოვნას.“
ამდენად, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული ზემოაღნიშნული მსჯელობა სწორედ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის ეტაპიდანვე შემოთავაზებულ და უშუალოდ მის მიერ ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ მდგომარეობას დაეფუძნა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობა მოსარჩელის მიერ შექმნილი ფაქტობრივი სურათის სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის მოტივით გამორიცხა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ცხადყოფდა, რომ განმცხადებლისათვის - ა. მ-ისათვის იმთავითვე ცნობილი იყო არსებული ფაქტობრივი ვითარების შესახებ, რომლის მტკიცებაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და განმარტა, რომ განმცხადებელი მიუთითებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის არსებობის დადასტურებასაც იგი არა მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე (მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც), არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის განხილვის დროს ცდილობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, განმცხადებელს არ გაუტარებია დროული და ქმედითი ღონისძიებები მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარმოდგენისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლებოდა ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლის თაობაზეც მხარისათვის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი, რამდენადაც მხარის მიერ მითითებული ის გარემოებები, რომლის დადასტურებაც მოსარჩელეს განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით ჰქონდა განზრახული, ა. მ-ისათვის ცნობილი იყო არა მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე, არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის მიმდინარეობის დროს. უფრო მეტიც, მხარე სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცებას სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით ცდილობდა, თუმცა მას ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესში არ უცდია სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა დასახელებული გარემოებების რეალურად არსებობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა უშუალოდ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეზე, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ა. მ-ისათვის ჩამორთმეული თანხა სწორედ აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად იქნა წარმოშობილი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ფულადი თანხა წარმოადგენს გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ნივთს. შესაბამისად, გვაროვნული თვისებები არ იძლევა მისი ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, უფრო კონკრეტულად, იმის დადგენას, რომ ა. მ-ის მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილი თანხა ზუსტად ის თანხა იყო, რომელიც შესაძლოა ზემოხსენებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოიშვა და რომელიც განკუთვნილი იყო ე. მ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესაძენად. საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა განსახილველ განცხადებაზე თანდართულ ე. მ-ის, ა. ბ-ისა და ჰ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე და საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მითითებული განცხადებები შედგენილი იყო 2018 წლის იანვარში - სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის შემდგომ.
საკასაციო სასამართლომ აგრეთვე საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ განმცხადებელს წარმოდგენილი ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მარტივი (და არა სანოტარო) ფორმით შედგენილი ბეს ხელშეკრულება (და არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდებოდა ნასყიდობის ფაქტი), მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის გათვალისწინებული იყო სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების არსებობის იმპერატივი. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ თანხის წინასწარ გადახდის თაობაზე შეთანხმების შესახებ მარტივი ფორმის ბეს ხელშეკრულება, ცხადია, უტყუარად ვერ ადასტურებდა პირთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ფაქტს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ ა. მ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ვერ გამორიცხავდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რამდენადაც ზემოაღნიშნული გარემოებები ასუსტებდა განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციათა მტკიცებულებით ძალას და სარწმუნოობას.
2022 წლის 6 ივლისს ა. მ-მა კვლავ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელი წარმოდგენილ განცხადებაში თითქმის სრულად იმეორებს იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც მას მითითებული ჰქონდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადებაში. ასევე, ამავე განცხადებაზე წარმოდგენილია იგივე მტკიცებულებები, რომლებიც თანდართულ იქნა 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადებაზე. ამასთან, განმცხადებელმა დამატებით წარმოადგინა ე. მ-ის მიერ მისთვის მიწოდებული, აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად დადებული და ნოტარიულად დამოწმებული ბეს ხელშეკრულება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული მარტივი ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 2022 წლის 22 ივნისის უკვე ნოტარიულად დამოწმებული უძრავი ქონების გასხვისების და ურთიერთვალდებულებების აღიარებითი ხელშეკრულებების (მისი შეფასებით) უტყუარი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თანხა ეკუთვნოდა ე. მ-ს. ამავე ხელშეკრულებით დგინდება, რომ ე. მ-მა ფ. ქ-ისაგან მიიღო სახლის (მდებარე ქ. ...ი, ...ის ქუჩა #12ა) 2017 წლის 2 დეკემბერს გაყიდვის შედეგად 100 000 მანათი ბეს სახით, ხოლო დარჩენილი 80 000 მანათს მიიღებს არაუგვიანეს ამა წლის 30 დეკემბრისა, როდესაც საბოლოოდ გაამზადებს სახლისა და მიწის ნაკვეთის დოკუმენტებს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თანხის კანონიერ წარმომავლობას და ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს იმისათვის, რათა განახლდეს საქმის წარმოება, რამდენადაც ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. მ-ის მიერ 2022 წლის 6 ივლისს წარმოდგენილი განცხადება თითქმის სრულად იმეორებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადების შინაარსს, რომლის საფუძვლიანობაც საკასაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) განჩინებით შეამოწმა. 2022 წლის 6 ივლისის განცხადებაზე თანდართული სახით წარმოდგენილ იქნა ერთადერთი დამატებითი დოკუმენტი - 2022 წლის 22 ივნისს ე. მ-სა და ფ. ქ-ს შორის გაფორმებული „ბეს ხელშეკრულება“.
საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების ახლად აღმოჩენის საფუძვლით. მითითებული სამართლებრივი დანაწესი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებული გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ან/და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის თაობაზე პროცესის მონაწილე პირისათვის ობიექტურად არ იყო ცნობილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს ახლად გამოვლენილი გარემოებებისაგან განასხვავებს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებები ობიექტურად არ არსებობს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში და ისინი წარმოიშობა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებები არსებობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, თუმცა მათ შესახებ მხარისათვის არ არის ცნობილი. საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამ კუთხით გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის #ბ-1825-7(ა-21) განჩინება, სადაც განიმარტა, რომ „საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სადავო აქტების კანონიერება შეაფასა იმჟამად არსებული მდგომარეობით, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები, რაც რეალურად ვერ იარსებებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. შპს „...ს“ მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული გარემოება თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.“
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება შექმნილია 2022 წლის 6 ივლისს, კერძოდ, არა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ მეტიც, ამავე სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) განჩინების მიღების შემდგომ. ამდენად, დასახელებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოტანის მომენტისათვის 2022 წლის 6 ივლისს შედგენილი „ბეს ხელშეკრულების“ ობიექტურად არარსებობის მოტივით, ა. მ-ი ხსენებულ მტკიცებულებას (გარემოებას) სამართალწარმოების მიმდინარეობის ვერც ერთ ეტაპზე სასამართლოს ვერ წარუდგენდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სწორედ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის ეტაპიდანვე შემოთავაზებულ და უშუალოდ მის მიერ ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ მდგომარეობას დაეფუძნა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობა მოსარჩელის მიერ შექმნილი ფაქტობრივი სურათის სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის მოტივით გამორიცხა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ცხადყოფდა, რომ განმცხადებლისათვის - ა. მ-ისათვის იმთავითვე ცნობილი იყო არსებული ფაქტობრივი ვითარების შესახებ, რომლის მტკიცებაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და განმარტა, რომ განმცხადებელი მიუთითებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის არსებობის დადასტურებასაც იგი არა მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე (მათ შორის, საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც), არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის განხილვის დროს ცდილობდა. მიუხედავად აღნიშნულისა, განმცხადებელს არ გაუტარებია დროული და ქმედითი ღონისძიებები მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარმოდგენისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლებოდა ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლის თაობაზეც მხარისათვის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი, რამდენადაც მხარის მიერ მითითებული ის გარემოებები, რომლის დადასტურებაც მოსარჩელეს განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით ჰქონდა განზრახული, ა. მ-ისათვის ცნობილი იყო არა მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე, არამედ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ ორგანოებში დავის მიმდინარეობის დროს. უფრო მეტიც, მხარე სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცებას სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით ცდილობდა, თუმცა მას ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესში არ უცდია სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა დასახელებული გარემოებების რეალურად არსებობა.
საკასაციო პალატა განმცხადებლის საყურადღებოდ განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრეს და უპირველეს მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ ა. მ-მა სამართალწარმოების განმავლობაში ვერ შეძლო სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) განჩინებაში არაორაზროვნად და გარკვევით აღინიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა განმცხადებლის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის დროს, რამდენადაც ა. მ-ისათვის ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გამოტანამდე ცნობილი იყო მის მიერ სარჩელის ეტაპიდან და მთელი სამართალწარმოების მანძილზე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, თუმცა მან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიება, როდესაც საკასაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის უარყოფის ერთ-ერთ საფუძვლად ფაქტობრივი გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობა დაასახელა. ამასთან, 2022 წლის 10 მარტის განჩინებაში საკასაციო პალატამ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი მართებულობის განსამტკიცებლად ასევე მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ადასტურებდა სარჩელის დასაბუთებულობის დასამტკიცებლად მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისათვის არსებითია შემდეგი ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. განმცხადებლის მიერ წარდგენილ გარემოებებსა და მტკიცებულებებს უნდა ეარსება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანამდე; 2. აღნიშნულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს უნდა შეეძლოთ საქმეზე დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლა, კერძოდ, რელევანტური დასაბუთებით უნდა დადასტურდეს, რომ სასამართლოში მათი დროული წარდგენა განაპირობებდა განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით ა. მ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა არა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები არასაკმარისი და არავარგისი იყო მის მიერ დასახელებული გარემოებების დასადასტურებლად, არამედ, ასევე, იმ საფუძვლით, რომ მან არადროულად სცადა უზრუნველეყო იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებსაც ეფუძნებოდა მის მიერ წარმოდგენილი სარჩელი. კერძოდ, ა. მ-მა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობის გაცნობის შემდგომ გააანალიზა მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების საჭიროება. თუმცა საგულისხმოა, რომ მისთვის ამ გარემოებების არსებობის თაობაზე ცნობილი იყო ჯერ კიდევ ადმინისტრაციული წარმოებისა და მთელი სამართალწარმოების მანძილზე. შესაბამისად, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ეზრუნა მის მტკიცების ტვირთში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადასტურებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით, მხარე დაჟინებით ცდილობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოდგენის გზით მოითხოვოს გასაჩივრებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (სუსგ #ბს-1219(კ-20), 01.07.2021წ.) გაუქმება, კერძოდ, ა. მ-ის 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განჩინებით დეტალურად იქნა შეფასებული განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებების არადროულად წარდგენის სამართლებრივი შედეგები. ამავე განჩინებაში, ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხსენებული მტკიცებულებები უტყუარად და სარწმუნოდ ვერ ადასტურებდა ა. მ-ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც რომ ყოფილიყო წარდგენილი, იგი ვერ განაპირობებდა ა. მ-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მიუხედავად ზემოხსენებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის სიცხადისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 6 ივლისს წარმოდგენილ იქნა იმავე მტკიცებულებებით თანდართული 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადების ანალოგიური შინაარსის მქონე განცხადება, ამასთან, დამატებით წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 22 ივნისის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული 2022 წლის 22 ივნისის „ბეს ხელშეკრულების“ გაფორმება ფორმალური თვალსაზრისით წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რის საფუძველზეც საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. გარდა ამისა, მითითებული ხელშეკრულება თვისობრივად (შინაარსობრივად) ემსგავსება საკასაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 10 მარტის განჩინებით ერთხელ უკვე შეფასებულ 2017 წლის 2 დეკემბრის ბეს ხელშეკრულებას (რომელიც 2021 წლის 11 ნოემბრის განცხადებაზე თანდართული სახით იქნა წარმოდგენილი), კერძოდ, შინაარსობრივი თვალსაზრისით, 2022 წლის 22 ივნისის ხელშეკრულება შეიცავს 2017 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების იდენტურ დანაწესებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 2022 წლის 22 ივნისის ხელშეკრულება არის ნოტარიულად დამოწმებული და დამატებით შეიცავს რამდენიმე განსახილველი შემთხვევისათვის უმნიშვნელო ზოგადსახელშეკრულებო დათქმას/პირობას. ამდენად, 2022 წლის 6 ივლისს ა. მ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება არსებითად ანალოგიური შინაარსისაა იმ განცხადებისა, რომლის საფუძვლიანობასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლოს ერთხელ უკვე ნამსჯელი აქვს 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) განჩინებით. მასზე თანდართული დოკუმენტაცია ქმნის აბსოლუტურად იდენტურ მტკიცებულებათა შემადგენლობას/ნუსხას, რომლის თაობაზეც საკასაციო სასამართლომ ზემოხსენებული განჩინების მიღების დროს უკვე იმსჯელა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილული განცხადების ანალოგიური შინაარსის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ცალკე საპროცესო დათქმას, რაც მოცემულ შემთხვევაში, ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საპროცესო (კანონის) ანალოგიის გზით გამოყენების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადებით ა. მ-ი არსობრივად ანალოგიურ გარემოებებზე მითითებით განმეორებით ცდილობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის #ბ-1622-6(ა-21) განჩინებით საკასაციო სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების საფუძვლიანობა, რაც ქმნის არსებითად ანალოგიურ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით წარმოდგენილი განცხადების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა. მ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
ამასთან, ქ. ჯ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ა. მ-ის (პ/ნ ...) განცხადებაზე 06.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 423-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის #ბს-1219(კ-20) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. ქ. ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა. მ-ის (პ/ნ ...) განცხადებაზე 06.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა