Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-107(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 28 დეკემბერს დ.კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ გადაცდომის ხარისხის დადასტურების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის დასკვნის ნოტარიუს დ.კ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და ნოტარიუსების მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 1 დეკემბრის №1634 ბრძანების დ.კ-ის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის დასკვნა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 1 დეკემბრის №1634 ბრძანება ნოტარიუს დ.კ-ის ნაწილში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, სადავო აქტები, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის დასკვნა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 1 დეკემბრის №1634 ბრძანება ნოტარიუს დ.კ-ის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის მითითებით, დისციპლინური წარმოება დ.კ-ის მიმართ განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. მისი, როგორც ნოტარიუსის საქმიანობა შესწავლილ იქნა სრულყოფილად. შესაბამისად, სადავო აქტების მიღებისას დაცულ იქნა სადავო საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალები დ.კ-ის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული დარღვევის განსაკუთრებით მძიმე გადაცდომაზე მიუთითებენ.

კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებუსაკასაციო საჩივარი არ არის ლი პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს დ.კ-ის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისციპლინური კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის დასკვნისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 1 დეკემბრის №1634 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს.

ხსენებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამასთან, ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის“ პირველი მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ნოტარიუსის დეფინიციას, კერძოდ, ნოტარიუსი არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ნოტარიუსი თავის ფუნქციებს აღასრულებს თავისუფალი პროფესიის ფარგლებში. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ბ) ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; გ) ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ
საკითხებზე.

განსახილველ შემთხვევაში, სანოტარო საქმიანობის შემოწმების აქტით დადგენილია, რომ ნოტარიუს დ.კ-ის სანოტარო საქმიანობის შემოწმება განხორციელდა შერჩევის პრინციპით, 2014 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში.

დისციპლინური კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის სადავო დასკვნის მიხედვით, ნოტარიუს დ.კ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოთხი სხვადასხვა სახის გადაცდომას, კერძოდ, ერთ სანოტარო აქტში (იპოთეკის ხელშეკრულება) არ იყო სანოტარო მოქმედების მონაწილეების ხელმოწერები; 2014 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე შესრულებულ სანოტარო აქტებში (პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ მინდობილობა/რწმუნებულებებში) სანოტარო მოქმედების მონაწილეები არ იყვნენ გაფრთხილებული მოწმეობის გამომრიცხავი გარემოების შესახებ; ერთ შემთხვევაში დარღვეული იყო ანდერძის გამოქვეყნების წესი, ხოლო ოთხ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობები გაცემული იყო სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. ამავე დასკვნის თანახმად, განისაზღვრა ნოტარიუსის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხარისხი, როგორც განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) შეეფარდება ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, თუ იგი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აქტებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ლახავს ნოტარიუსის პროფესიის პატივსა და ღირსებას, არყევს ნოტარიატისადმი ნდობას. ამავე დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისი სახდელები იყოფა მათი სიმძიმის ხარისხის შესაბამისად. აღნიშნული დებულების მიზნებისათვის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) მსუბუქი გადაცდომა; ბ) საშუალო გადაცდომა; გ) მძიმე გადაცდომა; დ) განსაკუთრებით მძიმე გადაცდომა. განსაკუთრებით მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება გადაცდომა, როდესაც ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ან რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ანდა ასრულებს სანოტარო მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მორალს და/ან საჯარო წესრიგს (დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ხსენებული დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური სახდელის სახეები, რომლის თანახმად, დაშვებული დისციპლინური გადაცდომისათვის, სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსს შეეფარდება შემდეგი დისციპლინური სახდელი: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) უფლებამოსილების შეჩერება; დ) თანამდებობიდან გათავისუფლება. ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრს (13.2 მუხლი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს ნოტარიუსისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1 დეკემბრის №1634 სადავო ბრძანებით, დადასტურებულად იქნა მიჩნეული დისციპლინური კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის დასკვნაში მითითებული ნოტარიუსების (მათ შორის, დ.კ-ის) მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომები. ამავე ბრძანების თანახმად, წარდგენილი დასკვნით დასაბუთებულად განსაზღვრული იქნა ნოტარიუსთა გადაცდომის ხარისხი, რის გამოც ყველა გარემოების ზუსტი შეფასების, კერძოდ, კანონით იმპერატიულად დადგენილი გარემოებების, სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებული დისკრეციის ფარგლების, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთბალანსის გათვალისწინებით და გადაწყვეტილების მხოლოდ კანონის საფუძველზე მიღების პრინციპებზე დაყრდნობით, ნოტარიუს დ.კ-ეს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერება 2017 წლის 2 დეკემბრიდან სამი თვის ვადით.

საკასაციო პალატა იპოთეკის ხელშეკრულებაზე სანოტარო მოქმედების მონაწილეების ხელმოწერების არსებობასთან დაკავშირებით მიუთითებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია სანოტარო აქტზე სანოტარო მოქმედების მონაწილეების ხელმოწერების სავალდებულოობა და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, ნოტარიუსისთვის წარდგენილ იპოთეკის ხელშეკრულებას სანოტარო წესით დამოწმებამდე თან დაერთო ამავე ხელშეკრულებაში არსებული შეცდომების მითითების შესახებ შენიშვნა, რის შედეგადაც ეს შენიშვნა გახდა ხელშეკრულების ნაწილი და მისი, როგორც განუყოფელი დოკუმენტის დამოწმება, განხორციელდა ერთი მთლიანი სანოტარო აქტის სახით. აღსანიშნავია, რომ შენიშვნების გვერდზე შესრულებულია სანოტარო მოქმედების მონაწილეების ხელმოწერები. ამასთან, დადგენილია, რომ ხსენებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეუფერხებლად განხორციელდა იპოთეკის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია. ამდენად, საკასაციო პალატა, სანოტარო აქტთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სანოტარო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერის გარეშე დამოწმების შესახებ.

საკასაციო პალატა, 2014 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში შესრულებულ სანოტარო აქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შესრულებულ მინდობილობა/რწმუნებულებებში, სანოტარო მოქმედების მონაწილეებისათვის მოწმეობის გამომრიცხავი გარემოების შესახებ გაფრთხილებასთან დაკავშირებით გამოვლენილ ნოტარიუსის დარღვევაზე მიუთითებს, რომ ამგვარი გაფრთხილების წერილობითი სახით არსებობის ვალდებულება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი არ არის.

ნოტარიუს დ.კ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ანდერძის გამოქვეყნების წესის დარღვევა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ანდერძის გამოქვეყნების წესს ადგენს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 76-ე მუხლი, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, ანდერძი, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ან სხვა უფლებამოსილ პირს უნდა მიეცეს ანდერძის დამოწმებული ასლი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ანდერძი, რომლის საფუძველზეც ნოტარიუს დ.კ-ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, დამოწმებული იყო სხვა ნოტარიუსის მიერ, რომელიც ვალდებული იყო გამოექვეყნებინა ანდერძი, ხოლო ანდერძის დამოწმებული ასლი, მისი გამოქვეყნების შემდგომ გადაეცა უფლებამოსილი პირისთვის. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნოტარიუს დ.კ-ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით წარედგინა ნოტარიუს ლ.მ-ის მიერ 1995 წლის 21 ივნისს დამოწმებული ანდერძი, არ არსებობდა მის მიერ აღნიშნული ანდერძის გამოქვეყნების ვალდებულება.

რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობებთან დაკავშირებულ დარღვევებს, საკასაციო პალატა მიუთითებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი ხასიათის არ არის. ხსენებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს შემდეგი გარემოებებითა და/ან დოკუმენტებით: ა) იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი; ბ) მამკვიდრებლის კუთვნილი იმ დოკუმენტების ფაქტობრივად ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციის არსებობას; გ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, სადაზღვევო კომპანიის ცნობა, ბანკის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრემ შეასრულა მამკვიდრებლის შეუსრულებელი საგადასახადო და/ან სახელშეკრულებო ვალდებულებები, ან მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში; დ) კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები, ან ქვითრები, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია; დ1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე; ე) სხვა საჯარო დოკუმენტები.

საქმეში წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ №... სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე იყო მეუღლე, რომელიც ამავდროულად მამკვიდრებლის ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენდა და მამკვიდრებელთან ერთად რეგისტრირებული იყო ერთსა და იმავე მისამართზე; სამკვიდრო მოწმობა №... გაცემული იქნა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის მიმართვით, ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2016 წლის 21 აპრილის ცნობის საფუძველზე, რომლის თანახმად, დასტურდება მემკვიდრის მხრიდან მამკვიდრებლის ქონების დაუფლების ფაქტი; №... სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ერთ-ერთი მემკვიდრე ჯერ კიდევ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო მის სახლში, ხოლო მეორე მემკვიდრე სრულწლოვანების მიღწევიდან 6 თვიან ვადაში დარეგისტრირდა ამავე მისამართზე. შესაბამისად, სამკვიდრო ქონებას ორივე მემკვიდრე დაეუფლა კანონით დადგენილ ვადაში; სადავო დასკვნაში მითითებული მეოთხე სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №...) გაცემულია მემკვიდრეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელთაგან ერთ-ერთი მემკვიდრე რეგისტრირებული იყო მამკვიდრებლის საცხოვრებელ მისამართზე.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში შესაბამისი ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული იყო ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, ხოლო სხვა შემთხვევებში სახეზე იყო იმგვარი გარემოებები, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დამატებითი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას და წარდგენილი მასალები თავისთავად ადასტურებდნენ განმცხადებლების მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1501-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზემოთ მითითებულ შემთხვევებში არ არსებობდა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენის საჭიროება, ვინაიდან გარემოებები, როგორიცაა მამკვიდრებელთან ერთად თანაცხოვრება, ასევე იმავე მისამართზე რეგისტრაცია, ქმნიდა სამკვიდრო მოწმობების გაცემის სათანადო საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის მატარებელია და მისი როლი განსაკუთრებულია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია ზრდის ასეთ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობის ხარისხს და წარმოშობს ნოტარიუსის საქმიანობაზე მკაცრი სამსახურებრივი ზედამხედველობის აუცილებლობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის №ბს-304-302(კ-17) განჩინება).

„ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია, თუმცა დისციპლინური ზომის გამოყენება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნათა დაცვით, ნოტარიუსისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ... ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების შეჩერება უნდა განხორციელდეს იმ შეთხვევაში, როდესაც მისი საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები საზოგადოებრივად საშიშია, ქმნის დაინტერესებული პირების უფლებების შელახვის, მათთვის ზიანის მიყენების მნიშვნელოვან რისკს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის №ბს-560(კ-19) განჩინება).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სანოტარო მოქმედებები დ.კ-ის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა შესრულებული, სახეზე არაა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციით“ დადგენილი სანოტარო მოქმედების შესრულების წესის დარღვევა, რის გამოც, არ არსებობდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მისი საქმიანობის უფლებამოსილების სამი თვის ვადით შეჩერების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე