Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით


Nბს-495(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 17 დეკემბერს ლ.უ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს N03/12003 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ნოემბრის N03/18291 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ.უ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.უ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს N03/12003 და 2020 წლის 19 ნოემბრის N03/18291 გადაწყვეტილებები; მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-13, მე-20 მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესზე“, რომლითაც აღიარებულია სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრინციპი.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო, განუხილველად დაეტოვებინა სხდომაზე წარდგენილი საკითხი, ხოლო მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინებოდა სააგენტოს დირექტორს, რომელიც გამოსცემდა შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურას. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე ,,წესის“ მე-6 მუხლი ადგენს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი, ხოლო „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად - გადადოს საკითხის განხილვა ან დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება სააგენტოს დირექტორს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებებით დასტურდება, რომ ლ.უ-ას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნული ჰყავს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირები - ი.ი-ა და მ.ჯ-ე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა კანონისმიერი ვალდებულება, ლ.უ-ასთან ურთიერთობა ეწარმოებინა როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ლ.უ-ას გრძელვადიანი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განუხილველად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ „ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა“, ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკველევისა და შეფასების გარეშე. არ არის გათვალისწინებული, რომ მოსარჩელეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული ჰყავს წარმომადგენლები. ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის - დევნილი ოჯახის საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა უნდა განახორციელოს მოსარჩელისა ან/და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ჩართულობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არასწორად განმარტა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო ობიექტში. მიუხედავად მინდობილი პირისა, რომელთანაც მოხდა მონიტორინგის სამსახურის გასაუბრება და დადასტურდა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლ.უ-ას სადავო ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრება, რაც გამორიცხავს მისი კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოსარჩელის საკითხი კომისიაზე არც კი განხილულა მითითებული მიზეზების გამო და რომც განხილულიყო, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებდა.

კასატორი მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის შედგენას. მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოხდა დევნილი ლ.უ-ას ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლა, ვინაიდან დევნილი განაცხადში მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა (2019 და 2020 წლის მონიტორინგის ოქმებიდან ჩანს რომ მხარე არ იმყოფებოდა საქართველოში). მართალია, მონიტორინგის ფორმა შეივსო მინდობილ პირთან - მ.ჯ-ესთან გასაუბრების შედეგად, თუმცა უშუალოდ მხარის საცხოვრებელი პირობების და საჭიროებების შეფასება სააგენტომ ვერ მოახერხა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

კასატორის განმარტებით, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესიდან“ გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკამაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილებოს ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააგენტომ ვერ მოახერხა მხარის საცხოვრებელი პირობების და საჭიროებების შეფასება, მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კომისიაზე არ განხილულა და სააგენტოს დირექტორს შესაბამისი აქტი არ გამოუცია. სააგენტომ 2020 წლის 24 აგვისტოს N03/12003 და 2020 წლის 19 ნოემბრის N03/18291 წერილებით მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადებებს გასცა პასუხი და განუმარტა, რომ მისი განაცხადი დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონთან და მის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას ჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.უ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა. აღნიშნული პირის დროებითი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ..., ...ის II შესახვევი, კორპუსი 10, ბინა 8.

ლ.უ-ას წარმომადგენელმა ი.ი-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ.უ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით.

2018 წლის 10 იანვარს შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში ლ.უ-ას ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: თბილისი, ...ის ქ. N18, სადარბაზო II, ბინა 17. იურიდიულ მისამართად მითითებულია: თბილისი, ..., ...ის ქუჩა, II შესახვევი, კორპუსი 10, ბინა 8. ოჯახის კრიტერიუმები შეფასდა 8.50 ქულით (1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახში; 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი რომელიც შედგება ხანდაზმული წევრისაგან; 3 ქულა - ომში დაღუპული ოჯახის წევრი, რომელიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში; 3 ქულა - ომში დაღუპული ოჯახის წევრი, რომელიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

2019 წლის 27 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, მისამართის დაზუსტების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი დაუკავშირდა აპლიკანტს. ტელეფონის ნომერზე უპასუხა მისმა მინდობილმა პირმა - მ.ჯ-ემ, რომლის განმარტებით, ლ.უ-ა იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მინდობილობა გაცემული აქვს მ.ჯ-ეზე. როცა სამსახურიდან გათავისუფლდებოდა, დაუკავშირდებოდა და დახვდებოდა მისამართზე.

მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 30 ივლისის დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის აღწერის დოკუმენტის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N18, II სადარბაზო, ბინა 17-ში განხორციელდა მონიტორინგი. დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ი.ი-ა, რომელიც არის დაოჯახებული. იგი ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, თბილისში, ...ის ქ. N18-ში, II სადარბაზოში მე-17 ბინის გვერდით. ლ.უ-ას დამისართების ადგილია: თბილისი, ..., ...ის ქუჩა, II შესახვევი, კორპუსი 10, ბინა 8. მონიტორინგის ფორმა შეივსო მინდობილ პირთან - მ.ჯ-ესთან ერთად. აპლიკანტი არ იყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მ.ჯ-ე არის ლ.უ-ას დის შვილიშვილი.

ლ.უ-ას საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ი.ი-ა, რომელიც ცხოვრობს ოჯახთან ერთად, იმავე მისამართზე, მეორე სადარბაზოში, ბინა N17-ში. განმცხადებელს ჰყავს ომში დაღუპული ოჯახის წევრები. განაცხადი შეავსო მინდობილმა პირმა - ლ.უ-ას დის შვილმა მ.ჯ-ემ, რომელიც არის დასაოჯახებელი. მამა არის განქორწინებული და ცხოვრობს რუსეთში. მ.ჯ-ე ცხოვრობს დედასთან ერთად, თბილისში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 18 თებერვლის N001149920 დასკვნის მიხედვით, ქალაქი თბილისში, ...ის N18-ში არსებული ლ.უ-ას საცხოვრებელი ფართი არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნებს.

2020 წლის 20 თებერვალს ლ.უ-ას წარომადგენელმა მ.ჯ-ემ სამინისტროში დამატებით წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან. განმცხადებელმა მიუთითა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, რომ ლ.უ-ას საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით მძიმეა და არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს. შესაბამისად, არსებობდა დამატებითი ქულის მინიჭებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობები.

2020 წლის 21 თებერვალს შევსებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ლ.უ-ას ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, ...ის ქ. N18, სადარბაზო II, ბინა 17. იურიდიულ მისამართად მითითებულია: თბილისი, ..., ...ის ქუჩა, II შესახვევი, კორპუსი 10, ბინა 8. ოჯახის კრიტერიუმები შეფასდა 10.50 ქულით: 2 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში. შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია); 1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად; 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი რომელიც შედგება ხანდაზმული წევრისაგან; 3 ქულა - ნ.უ-ა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში; 3 ქულა - ბ.უ-ა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

2020 წლის 9 ივნისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა თბილისში, ...ის 18, ბინა 17-ში. ადგილზე იმყოფებოდა ნ.ჯ-ა, რომლის განმარტებით, ლ.უ-ა და მისი ოჯახი ცხოვრობდა მასთან ახლოს, მაგრამ ერთი თვეა არ უნახავს. სად არის წასული, არ იცის.

2020 წლის 18 ივნისს განხორციელებული გრძელვდიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, აპლიკანტი ცხოვრობს თბილისში, ...ის N18-ში მდებარე კორპუსის სარდაფში. მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2013-2019 წლებში. მონიტორინგის დროს არ იმყოფებოდა საქართველოში. არის რუსეთში, ძმის შვილებთან.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის N36 საოქმო გადაწყვეტილების მიხედვით, ერთოთახიანი ბინით უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კომისიას არ განუხილავს იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომელთა მიმართაც, მისამართზე არყოფნის გამო, ვერ განხორციელდა საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების შესწავლა. მათ შორის - განუხილველად დარჩა ლ.უ-ას განცხადებაც.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს N03/12003 წერილით ლ.უ-ას წარმომადგენელს - მ.ჯ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, შევსებული განაცხადი განხილულ იქნა დევნილთა საკითხთა შემსწვლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის სხდომაზე. კომისიის N36 საოქმო გადაწყვეტილებით, ლ.უ-ას განცხადება დარჩა განუხილველად, ვინაიდან ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა. დაინტერესებულ პირს დამატებით ეცნობა, რომ ლ.უ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე, თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახების სულადობის გათვალისწინებით. ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სააგენტომ ლ.უ-ას წარმომადგენელს - მ.ჯ-ეს, 2020 წლის 19 ნოემბრის N03/18291 წერილით, 2020 წლის 12 ოქტომბრის N44186 განცხადების პასუხად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. ამავე კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

პალტა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ლ.უ-ა არ მონაწილეობდა, თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ წარმოების ყველა ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო საკითხთთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფდნენ ლ.უ-ას მინდობილი პირები. კერძოდ: ლ.უ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნა სამინისტროში წარდგენილი აქვს ლ.უ-ას წარმომადგენელს - ი.ი-ას, ხოლო 2019 წლის 27 ივლისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, ასევე მონიტორინგის ჯგუფის 2019 წლის 30 ივლისის დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის აღწერის დოკუმენტისა და 2020 წლის 18 ივნისის გრძელვდიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის შესაბამისად, ლ.უ-ასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყო მისმა მინდობილმა პირმა - მ.ჯ-ემ, რომელიც ამავდროულად არის ლ.უ-ას ნათესავი (დის შვილი). ამავე პირის მეშვეობით იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოში, 2020 წლის 20 თებერვალს (ექსპერტიზის დასკვნა და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან).

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინსიტრაციული ორგანოს მხრიდან ლ.უ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განუხილველად დატოვება, დევნილი ოჯახის საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლის განხორციელების შეუძლებლობის გამო, უსაფუძვლოა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა შესაძლებელი იყო როგორც უშუალოდ მოსარჩელის, ისე იმ პირების ჩართულობით, რომლისთვისაც მოსარჩელეს მინიჭებული აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებაში, თუმცა, აღნიშნულ პირთა წარმოებაში აქტიური ჩართულობის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ სადავო საკითხის არსებითად შეფასება შეუძლებელია (ლ.უ-ას შესაბამისი მოთხოვნის შემცველი განცხადება განუხილველად დარჩა, რამდენადაც მისი მისამართზე არყოფნის გამო, დევნილი ოჯახის საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა ვერ განხორციელდა). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობა - ლ.უ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს N03/12003, 2020 წლის 19 ნოემბრის N03/18291 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე




მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე




გენადი მაკარიძე