Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-484(კ-20) 12 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ა. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. კ-ამ 2018 წლის 30 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №10344 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების (№5894/2/18 და №6263/2/18 საჩივრებზე) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 21 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტ „...ზე“ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში, რა დროსაც იმყოფებოდა სპორტულად ჩაცმული და პირადი სამკაულები შენახული ჰქონდა ხელჩანთაში. მებაჟე ოფიცრის მოთხოვნისთანავე წარადგინა ძვირფასეულობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძვირფასეულობის დეკლარირების გარეშე შემოტანის საფუძვლით, მებაჟე ოფიცრებმა ჩამოართვეს მისი და მისი შვილის პირადი საკუთრება, რომელთა საერთო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 5998.81 ლარი. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ არ იცის ქართული ენა და სამართალდარღვევის ოქმი არ ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება. მითითებული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საჩივართან ერთად წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ჩამორთმეული ნივთები იყო ა. კ-ას პირადი ნივთები და არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რაც უკანონოდ არ იქნა გაზიარებული. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 21 მარტს 13:14 საათზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე-ოფიცრის მიერ ა. კ-ას მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს სგპ „...ის“ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა საქართველოს მოქალაქე კ-ა ა.. ინტერვიუირებისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის არც ძვირფასეულობა, თუმცა მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი. ექსპერტის №002334/2018 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998.81 ლარი. შესაბამისად, ა. კ-ას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე (სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი), სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5998.81 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი ჩაიბარა ა. კ-ამ, რაც მოცემულ ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა.
საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალის მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მებაჟე-ოფიცერი ესაუბრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა ა. კ-ა. მძღოლის განცხადებით, მანქანაში მსხდომი პირები იყვნენ დედა და და. ამასთან, ა. კ-ას მიმართ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე - იცის თუ არა რუსული, მოსარჩელემ მხრების აჩეჩვით უპასუხა, თუმცა მძღოლმა, რომელსაც ესმოდა რუსული ენა, უპასუხა მებაჟე-ოფიცერს. აუდიო-ვიდეო მასალის მიხედვით, მებაჟე-ოფიცერმა სთხოვა მძღოლს, ეთარგმნა მოსარჩელისთვის ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, იგივე შეკითხვით მიმართა თავად ა. კ-ას, რომელმაც ყელსაბამის ჩვენების მიზნით ყელზე მოიკიდა ხელი. მძღოლმა კი განაცხადა, რომ მათ არ გააჩნდათ დასადეკლარირებელი საქონელი. სასამართლომ აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალის შეფასებისას მიიჩნია, რომ ა. კ-ა გამოიკითხა ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ძვირფასეულობა, მისი ჟესტებითა და მძღოლის განმარტებით, მან განაცხადა, რომ არ გააჩნდა დასადეკლარირებელი საქონელი, შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით ა. კ-ას სურდა საბაჟო კონტროლის მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოეტანა დასადეკლარირებელი ოქროს ნაკეთობები.
სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 და 269-ე მუხლის პირველი ნაწილებზე, ასევე, სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედ ამავე კოდექსის 207-ე, 215-ე მუხლებზე, ასევე 289-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და განმარტა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა/გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით/მისგან მალულად, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა პირს ავალდებულებს, წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია საქონლის მიმართ, თუ ეს საქონელი გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და თუ ამ საქონლის ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლების არგუმენტაცია და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადმოსატანი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს, მიუხედავად იმისა, მოცემულ პირს აქვს თუ არა ეკონომიკურ საქმიანობაში მისი გამოყენების მიზანი, იგი ექვემდებარება დეკლარირებას. ამდენად, დასადეკლარირებელი ძვირფასეულობის საბაჟო კონტროლის მალულად შემოტანის დადასტურების გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. კ-ას მიმართ სადავო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე გასაჩივრების შედეგად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყო შედგენილი და არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაცია თარჯიმნის მოწვევის სავალდებულოობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქმეში მონაწილე წარმოების ენის არმცოდნე მხარის თარჯიმნით აღჭურვა, არამედ აღნიშნული წარმოადგენს თავად საგადასახადო პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას, რომლის რეალიზებაც, ასევე მის ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, თუკი მოსარჩელე საჭიროებდა თარჯიმანს, მას გააჩნდა უფლება მიეთითებინა თარჯიმნის მოწვევის საჭიროებაზე, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ვალდებულება, დამატებით, პასუხისგებაში მიცემული პირის ნების გამოვლენისაგან დამოუკიდებლად უზრუნველეყო საქმის განხილვაში თარჯიმნის მოწვევა. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ა. კ-ასთვის თარჯიმნის მოწვევაზე უარის თქმა ან მისი აღნიშნული უფლებით სარგებლობის სხვაგვარი შეზღუდვა და ხსენებულს არც თავად მოსარჩელე ხდიდა სადავოდ, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ჩატარებული წარმოება შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. კ-ას სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 აპრილის №10344 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (№5894/2/18 და №6263/2/18 საჩივრებზე).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით ცალსახად არ დასტურდებოდა ა. კ-ას მხრიდან საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად. პალატის მოსაზრებით, ოქროს სამკაულების რაოდენობა და ღირებულება ცალსახად არ განაპირობებდა მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გადაადგილების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევას. ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნია, თუ ვის ეკისრებოდა კანონმდებლობით კონკრეტული სასაქონლო ოპერაციის შერჩევა და მასში საქონლის მოქცევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს. პალატამ მიიჩნია, რომ გაურკვეველი იყო რამ განაპირობა საგადასახადო ორგანოთა მიერ ა. კ-ას დავალდებულება, საქონელი მოექცია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში და სწორედ, მოსარჩელე იყო ის პირი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა განეხორციელებინა სასაქონლო ოპერაციის შესაბამისი სახის შერჩევა და მასში საქონლის მოქცევა.
სააპელაციო პალატამ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლზე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ასევე საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლზე მითითებით, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალაზე, რომელიც ასახავდა მებაჟე-ოფიცრისა და მოსარჩელის კომუნიკაციის ფაქტს და მასზე დაყრდნობით უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ ა. კ-ა არ საჭიროებდა თარჯიმანს, რადგან იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელშიც იჯდა მოსარჩელე, ესმოდა რუსული ენა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ა. კ-ას შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის №ბს-1536(კ-18) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „მართალია სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას პირი უზრუნველყოფილი იქნეს თარჯიმნის მომსახურებით. ის გარემოება რომ ავტომობილის მძღოლი, რომელშიც იჯდა ა. კ-ა, უზრუნველყოფდა კომუნიკაციას საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ა. კ-ას შორის, არ გამორიცხავდა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას მისთვის უზრუნველეყო თარჯიმანი“.
სააპელაციო პალატამ, ასევე იმსჯელა მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზეც და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ასევე სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლებულია მოსარჩელე, რადგან ზემოაღნიშნული მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის №ბს-626-596(კ-07) გადაწყვეტილებაზე მითითებით, სადავო აქტების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს დააკისრა და მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები, შესაბამისად სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ რა ღირებულების იყო ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონელი და რამდენად იყო იგი განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო წარმოედგინა თარჯიმანი, რათა ა. კ-ას მოეხდინა სათანადოდ თავისი უფლებების დაცვა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშად დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, სადავო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ... კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის“.
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, ფიზიკურ პირს წარმოეშობა დეკლარირების წარდგენის ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 14.05.2018 წლის №650487-21-10 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 21 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „...ის“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ა. კ-ა პ/ნ .... ინტერვიუირებისას აღნიშნულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ მას დეკლარირებას დაქვემდებარებული არაფერი მოჰქონდა, მათ შორის არც ძვირფასეულობა, თუმცა მისი კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი, საერთო წონით 104,26 გრამი. ზემოხსენებული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998,81 ლარი და სამართალდარღვევაზე უფლებამოსილი პირის მიერ შედგა 2018 წლის 13 თებერვლის №ELO71158 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რის მიხედვითაც მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 998,81 ლარის ოდენობით.
ა. კ-ამ ინტერვიუირებისას განაცხადა, რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს არ გადააადგილებდა, თუმცა ხსენებული საქონლის გადაადგილების ფაქტი დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან.
ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქონლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გადაადგილების ფაქტის დაუდასტურებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების მიხედვით დასტურდება, რომ საქონლის რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის მიხედვით არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება (რომელმაც შეადგინა 5998,81 ლარი), აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, რაც, თავის მხრივ, ავალდებულებს ფიზიკურ პირს გადაადგილებული საქონლის დეკლარირებას კანონით დადგენილი წესით. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვარზე 500 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შემოტანისას, საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს კონკრეტული საქონელი ეკონომიკურ საქმიანობაში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულზე მეტყველებს სსკ-ის 199-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ავრცელებს შეღავათს არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ მხოლოდ 500 ლარამდე ღირებულების საქონელზე და არა იმ საქონელზე, რომლის ღირებულება აღემატება ხუთას ლარს. ანუ ნებისმიერი საქონელი, რომელიც შემოტანილი იქნა ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვარზე და რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა იგი ეკონომიკურ საქმიანობაში, ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას საგადასახადო ორგანოს მხრიდან თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს მითითებას თარჯიმნის მოწვევის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რიგს განეკუთვნება, ასეთ ურთიერთობებში გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. კერძოდ, ხსენებული კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები, რომლის პირველი ნაწილი სხვა მოვალეობებთან ერთად ითვალისწინებს პირის უფლებას გამოვიდეს მშობლიურ ენაზე თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ასევე ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. აღნიშნული მუხლი არ მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს სამართალდამრღვევი თარჯიმნის მომსახურებით, არამედ, სამართალდამრღვევის უფლებაზე საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს თარჯიმანი. საქმეზე წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალებით ნათლად ჩანს, რომ სამართალდამრღვევი კომუნიკაციას ამყარებდა ავტომობილის მძღოლთან, ესმოდა მისი საუბარი და პასუხობდა მას რუსულ ენაზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მოყვანილ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება საქმეზე ბს-1536(კ-18)), მასში უზენაესი სასამართლო ხაზს უსვამს არა მოდავე მხარის თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სამართალდარღვევის საქმის წარმოება მხარისათვის გასაგებ ენაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალებით, რომლის მიხედვითაც სამართალდამრღვევი კომუნიკაციას ამყარებდა ავტომობილის მძღოლთან რუსულ ენაზე და ესმოდა საუბრის შინაარსი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაარგუმენტირებულად მიიჩნევს სასამართლოს პოზიციას თარჯიმანთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან, მოსარჩელის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის - ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5998,1 ლარი, რაც აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას, მას წარმოეშვა კუთვნილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიმართ გამოყენებული სანქცია მართლზომიერია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ქონების მიმართ 2018 წლის 22 მარტს წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საკასაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), რომლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა განიმარტებოდა, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი - შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. დღეს მოქმედი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ორგანოს ასევე წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, რომელიც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი განიმარტებოდა როგორც მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებდა როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე დღეს მოქმედი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველ ნაწილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 215-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრებოდა დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქონლის გაფორმების მიზნით უნდა წარდგენილიყო საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრებოდა ამავე კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ოპერაციებში საქონლის მოქცევისა და სასაქონლო ოპერაციების გამოყენების წესებს განსაზღვრავდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგული ფინანსთა მინისტრის 08.09.2019 წლის №257 ბრძანებით) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარებოდა საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულო იყო მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრებოდა დეკლარანტს/საქონლის მფლობელს. ხოლო, ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელი იყო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობოდა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია; თავის მხრივ, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ... კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის; „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანების (ძალადაკარგულია - 18.11.2020 წლის ფინანსთა მინისტრის №275 ბრძანებით) დანართი №1-ის პირველი მუხლის შესაბამისად, 71-ე ჯგუფს განეკუთვნება მარგალიტი ბუნებრივი ან კულტივირებული, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვები; ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონები და მათი ნაწარმი; ბიჟუტერია; მონეტები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისას, მისი მფლობელი/მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; კერძოდ, საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური განხორციელებისათვის უზრუნველყოფისთვის საბაჟო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, სადავო აქტის მიღებისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად (დღეს მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი), იწვევდა ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა პირს ავალდებულებს, წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია ისეთი საქონლის მიმართ, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და თუ ამ საქონლის ღირებულება აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს. მართალია, სკ-ის 289-ე მუხლი 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოღებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან, თუმცა იმავე დარღვევისთვის დღეს მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ანალოგიურ სახდელს, შესაბამისად, სადავო დარღვევისთვის საგადასახადო პასუხისმგებლობა გაუქმებული არ არის.
რაც შეეხება უშუალოდ დარღვევის ჩადენას, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება ერთმანეთისაგან განასხვავებს სამართალდარღვევის ჩადენის ორ ალტერნატიულ შესაძლებლობას - საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა და საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადმოტანის ან გადატანის მიმართ პირის განზრახვა გამოხატულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, მათ გარეთ არსებული სივრციდან სახელმწიფო საზღვრის შიგნით ან, პირიქით, საზღვრებს შიგნიდან - გარეთ საქონლის უკანონო გადაადგილების სურვილში, მაშინ, როდესაც საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების მიმართ არსებული განზრახვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა მისგან ფარულად, საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით ვლინდება“ (სუსგ 22.11.2018 წ. №ბს-572-572(2კ-18)).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეოს მასალისა და საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ 2021 წლის 21 მარტს მოსარჩელე ა. კ-ა გადაადგილდებოდა საბაჟო გამშვები პუნქტი „...ზე“, რა დროსაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მან ჟესტიკულაციის გამოყენებით ანიშნა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთები, მათ შორის, არც ძვირფასეულობა, რაც საბაჟო ორგანოს წარმომადგენელს დაუდასტურა მისმა თანმხლებმა პირმაც, თუმცა მოსარჩლის კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 8 ცალი ბეჭედი, 6 წყვილი საყურე, 6 ცალი სამაჯური და 1 ცალი ყელსაბამი, რომლის ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (002334/2018) გადააჭარბა 500 ლარს და შეადგინა 5998,81 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ საქონლის მფლობელს და მის გადამაადგილებელ პირს ა. კ-ა წარმოადგენდა, რომელსაც საბაჟო კონტროლისათვის საქონლის გადაადგილების შემჩნევისათვის შემაფერხებელი გარემოებების შექმნის მცდელობით საზღვარზე შემოჰქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით (სეს ესნ) დამტკიცებული დანართის 71-ე ჯგუფით გათვალისწინებული 500 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, მას ევალებოდა საქონლის მდებარეობის მიუხედავად (ხელჩანთაში იქნებოდა ის თუ სხეულზე მოთავსებული), მისი წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რასაც მან თავი აარიდა, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის წინაპირობები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ა. კ-ა არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე ივარაუდება, რომ მან იცოდა აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის იმპერატიული დანაწესი.
რაც შეეხება ა. კ-ას მიმართ გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების კანონიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებისა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 21 მარტის №... სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 5998,81 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელებინა მოსარჩელის ქონების მიმართ გირავნობის/იპოთეკის უფლება, შესაბამისად, ის კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საზღვარზე მოსარჩელის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანის მცდელობა და მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, (ძვირფასეულობის მებაჟე-ოფიცრისთვის წარდგენის დასადასტურებლად), სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოსარჩელის მხოლოდ ახსნა-განმარტებას, რაც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ აუდიო-ვიდეო მასალაში ასახულ გარემოებებს, რომელიც როგორც საქმის გარემოებების ობიექტურად ამსახველი წყარო, უტყუარი მტკიცებულებაა და თვალნათლივ ასახავს მოსარჩლისა და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის კომუნიკაციას, შესაბამისად მას სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა.
საკასაციო პალატა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ენასა და თარჯიმნის მოწვევის სავალდებულოობის საკითხის შეფასების მიზნით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც. აღნიშნულის პარალელურად, პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლზე, სადაც ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები, მათ შორის, თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იმ საკითხების მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზედაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი მითითებას არ შეიცავს, გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას საგადასახადო პასუხისგებაში მიცემული პირი უზრუნველყოფილ იქნეს თარჯიმნის მომსახურებით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზებას, თარჯიმნის მოწვევის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირება მასზედ, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ქართულ ენაზე და დეკლარანტს მისთვის გასაგებ ენაზე არ მიეწოდა სათანადო ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული მითითება, თუ რომელი იყო მისთვის გასაგები ენა და ითხოვდა თუ არა თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობას, ა. კ-ას ოქმის შედგენისას არ დაუფიქსირებია, რაც დასტურდება საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო მასალით. როგორც უკვე აღინიშნა, ამავე აუდიო-ვიდეო მასალით დადასტურებულია მებაჟე-ოფიცრისა და ა. კ-ას შორის კომუნიკაციის ფაქტი, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო როგორც დასმული შეკითხვის, ასევე სამართალდარღვევის შინაარსი. თუკი ა. კ-ა საჭიროებდა თარჯიმანს, მას გააჩნდა უფლება მიეთითებინა თარჯიმნის მოწვევის საჭიროებაზე, ხოლო ასეთი მოთხოვნის არარსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, გამორიცხავს საქმის განხილვაში თარჯიმნის მოწვევის სავალდებულოობას ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ა. კ-ასთვის თარჯიმნის მოწვევაზე უარის თქმის ან მისი აღნიშნული უფლებით სარგებლობის სხვაგვარი შეზღუდვის არსებობა მოსარჩელის მიერ სადავო არ არის.
ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქმეში მონაწილე წარმოების ენის არმცოდნე მხარის თარჯიმნით აღჭურვა, არამედ აღნიშნული თავად საგადასახადო პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებას წარმოადგენს, რომლის რეალიზებაც, ასევე, მის ნებაზეა დამოკიდებული“ (სუსგ 22.11.2018 წ. №ბს-572-572(2კ-18)).
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ა. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა