Facebook Twitter
ბს-1031(2კ-21) 21 ივლისი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ტ-იმა 17.10.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა ლ. ტ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 01.04.2019წ. ბრძანების, ლ. ტ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 02.08.2019წ. ბრძანების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.10.2019წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1375 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად მოპასუხედ დასახელდა საქათველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. გადაწყვეტილებით, ლ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 01.04.2019წ. №830782 ბრძანება, ლ. ტ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 02.08.2019წ. №MIA 5 19 02034353 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.10.2019წ. №MIA 4 19 02634392 აქტი, მოსარჩელე - ლ. ტ-ი აღდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის - ლ. ტ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 1 375 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. გადაწყვეტილება მოსარჩელე ლ. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, მოსარჩელე ლ. ტ-ი აღდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ლ. ტ-ის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომში მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის 01.04.2019წ. №829215 საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ბრძანებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოში გაუქმდა 514 საშტატო ერთეული, შეიქმნა ადმინისტრირების მთავარი სამმართველო, რომელშიც შევიდა მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველო 513 საშტატო ერთეულით, ფაქტობრივად იგივე დასახელებით და ფუნქცია-მოვალეობებით. ლ. ტ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროს მართალია შემცირდა საშტატო რაოდენობა ერთი ერთეულით და არსებობდა მთელი სამმართველოს კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი, მაგრამ ახლად შექმნილ სამმართველოში ინსპექტორის შტატი, ანუ ის თანამდებობა, რაზეც იყო დასაქმებული მოსარჩელე, გაიზარდა და 3 ერთეულის ნაცვლად გახდა 8 ერთეული, ხოლო შემცირდა სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კადრების განკარგულებაში გადაყვანის ბრძანება ლ. ტ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში, ასევე უკანონოა 02.08.2019წ. №MIA 5 19 02034353 ბრძანება, რადგან ლ. ტ-ის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ შეეთავაზა მსგავსი ფუნქციების მატარებელ, ანალოგიური დასახელების საშტატო ერთეულზე, კერძოდ, ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნა, ამასთან, ბრძანების გამოცემისას არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რამაც განაპირობა ზემომითითებული ბრძანების გამოცემა. რამდენადაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 01.04.2019წ. №830782 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 02.08.2019წ. №MIA 5 19 02034353 ბრძანება მოსარჩელის ნაწილში, ასევე, ბათილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.10.2019წ. №MIA 4 19 02634392 წერილი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ. ტ-ი აღგენილ იქნა საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე. საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 11.03.2021წ. №MIA 4 21 00588302 პატაკის თანახმად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოში 11.03.2021წ. მდგომარეობით ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16.03.2021წ. წერილით წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ვაკანტურია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1300 ლარს, სამოქალაქო უსაფრთხოების წოდებრივი ზღვარია - კაპიტანი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს (დამსაქმებელს) სადავო აქტების გამოცემისას არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება და ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. დადასტურებულია, რომ რეორგანიზაცია არ ატარებდა რეალურ ხასიათს, უფლებაში ჩარევას არ ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რაც განაპირობებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენას. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ის თანამდებობა რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღდგენილი იქნა ლ. ტ-ი, დღეის მდგომარეობით აღარ არის ვაკანტური. ლ. ტ-ი რეორგანიზაციამდე იკავებდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობას, შესაბამისად, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ შს მინისტრის 01.04.2019წ. ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში, გაუქმდა აღნიშნული სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ყველა თანამდებობა. რეორგანიზაციის საფუძვლით ლ. ტ-ი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამდენად, კადრების განკარგულებაში აყვანა განხორციელდა კანონის შესაბამისად მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში. შს მინისტრის 17.01.2019წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის“ 41.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. კასატორმა მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წ. გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. პირს, რომელიც იკავებს ამა თუ იმ თანამდებობას, უნდა ჰქონდეს შეგნებული, რომ ეს თანამდებობა და შესაბამისი მდგომარეობა მუდმივი არ არის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის შრომის უფლების შეზღუდვა კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
კასატორმა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2018წ. კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა უნდა უზრუნველყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზი და მის საფუძველზე განეხორციელებინა ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია. შს მინისტრის №829215 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით, გაუქმდა ის სამმართველო, სადაც მუშაობდა ლ. ტ-ი, შეიქმნა ახალი სამმართველო. ლ. ტ-ი იკავებდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობას. აღნიშნულ სამმართველოში რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით. ამდენად, აღნიშნული სამმართველოს ყველა თანამშრომელი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ კადრების განკარგულებაში აყვანა განხორციელდა კანონით განსაზღვრული რეორგანიზაციის საფუძველზე, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 52.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძველია შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე კანონის 52.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა ამოიწურა 02.08.2019წ.. ამდენად, კადრების განკარგულებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შს მინისტრის 17.01.2019წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესით“ ზუსტადაა განსაზღვრული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის კონკრეტული მუხლები, რომლებიც ვრცელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებზე, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ლ. ტ-ისათვის საჯარო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 37.2 მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს შს მინისტრის 17.01.2019წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის“ 1.3 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლით კი განმარტებულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შეწყმის არსი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციონალური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად პირის მიერ სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და ა.შ.. რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას (სუსგ 17.04.2019წ. საქმე №ბს-595-595(2კ-18)). საქმის მასალებში დაცული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შს მინისტრის 17.01.2019წ. ბრძანებით შეიცვალა საშტატო განრიგი, კერძოდ, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოში განისაზღვრა სამმართველოს უფროსის 1 შტატი, უფროსის მოადგილის - 1 შტატი, მთავარი ინსპექტორის - 5 შტატი, უფროსი ინსპექტორის - 4 შტატი, ინსპექტორის - 3 შტატი, ალტერნატიული სამხედრო გამსვლელის - 500 შტატი, სულ 514 შტატი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტურქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შს მინისტრის 01.04.2019წ. ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში, კერძოდ, გაუქმდა სამხედრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველო, შემცირდა ყველა თანამდებობა - 514 შტატი, შეიქმნა ადმინისტრირების მთავარი სამმართველო, მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს საშტატო განრიგში განისაზღვრა სამმართველოს უფროსის 1 შტატი, უფროსი ინსპექტორის 2 შტატი, მთავარი ინსპექტორის 2 შტატი, ინსპექტორის - 8 შტატი, ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გამსვლელის 500 შტატი, სულ 513 შტატი. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად მიღებული ბრძანებით სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოში გაუქმდა 514 საშტატო ერთეული, თუმცა შეიქმნა ადმინისტრირების მთავარი სამმართველო, რომელშიც შევიდა მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველო 513 საშტატო ერთეულით. საშტატო განრიგების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოში გათვალისწინებული აღარ იქნა სამმართველოს უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული, თანამდებობა (ინსპექტორის შტატი), რაზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, სამი ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა რვა ერთეულით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ლ. ტ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანის და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანებების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება და ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა, შესაბამისად, კასატორების მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით წარმოშობდა კადრების გაკარგულებაში აყვანისა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის პირობას არ ქმნის. საგულისხმოა, რომ კასატორები არ მიუთითებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის თაობაზე, რომლებიც საჭირო იყო რეორგანიზაციის შემდგომ კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2021წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი