ბს-1166 (2კ-19) 28 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ც. ჩ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 18.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ც. ჩ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ც. ჩ-ასთვის ჯარიმის 28 000 ლარის დაკისრება, ასევე 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს 28 000 ლარის 0,2%-ის გადახდის ვალდებულების დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის სრულ ანაზღაურებამდე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა რვა წლით. ც. ჩ-ამ 27.02.2018წ. პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან. ც. ჩ-ას კონტრაქტი შეუწყდა 2018 წლის 09 მარტიდან, ხოლო მხარეთა შორის 09.03.2014. გაფორმებული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის ც. ჩ-ას დაეკისრა ვალდებულება თავდაცვის სამინისტროსათვის კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში გადაეხადა ჯარიმის სახით 28 000 ლარი, რომელიც მის მიერ არ არის გადახდილი, ხოლო ამავე კონტრაქტის 7.4 პუნქტის მიხედვით აღნიშნული თანხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის მხარეს ასევე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ამ თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის სრულ ანაზღაურებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ც. ჩ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარისა და 2018 წლის 19 მარტიდან, დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო კადრების მომზადება, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა. სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. მოსარჩელის მიერ ც. ჩ-ასთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა, მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს. დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა. სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული, შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწინოს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა, რაც ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს, როგორც ფინანსური, ისე თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები, შესაბამისად სახეზეა ც. ჩ-ას მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, ამდენად, არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა ც. ჩ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილებით ც. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2018წ. გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ც. ჩ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოპასუხე ც. ჩ-ას შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხა. ც. ჩ-ა პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში, შესაბამისად, სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისთვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას, სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს (სუს 11.07.2012წ. განჩინება, საქმე №ბს-175-173(კ-12)). თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ 09.03.2014წ. ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც. ჩ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში - 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ც. ჩ-ას მიერ.
კასატორმა ც. ჩ-ამ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს კონტრაქტორის მიერ სამხედრო სამსახურის შეწყვეტას ისე, რომ ეს არ განიხილებოდეს ვალდებულების დარღვევად და მას არ მოჰყვეს პასუხისმგებლობა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაწესის კონტრაქტთან შედარებისას დგინდება, რომ უგულებელყოფილია მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანხმად სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვება პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). საგამონაკლისო, პატივსადები საფუძველი არის არაბრალეული შემთხვევა, რაც იმთავითვე გამორიცხავს პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლიდან გამომდინარე მოვალეს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობისას ჩადენილი ქმედებისთვის და არა ყველა სახის ვალდებულების დარღვევისათვის.
სამხედრო სტატუსის შინაარსიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ფიზიკურ პირს შორის ხელშეკრულების დადებისას სამხედრო სტატუსის მომპოვებელ პირს არ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ამ ხელშეკრულების პირობები, რადგან ხელშეკრულება არის „სამხედრო მომსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი, მინისტრის ბრძანებით წინასწარ ჩამოყალიბებული და დამტკიცებული. ხელშეკრულებით სახელმწიფო თავდაცვის სამინისტროს სახით ადგენს იმ პირობებს, რა პირობებითაც მას აქვს რესურსი და შესაძლებლობა, მიზანი და მზაობა მიიღოს სამხედრო მოსამსახურე. შრომის ხელშეკრულებით არ შეიძლება გაუარესდეს დასაქმებულის მდგომარეობა იმ მდგომარეობასთან მიმართებით, რაც მოცემულია შრომის კოდექსში. სამხედრო საკონტრაქტო სამსახური ახლოს დგას აღნიშნულ სფეროსთან, შესაბამისად, კანონი უნდა განიმარტოს პრინციპის დონეზე და ხელშეკრულებაში ასახვა ჰპოვოს ისე, რომ არ გაუარესდეს სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა კონტრაქტით. კასატორს წაერთვა უფლება კონტრაქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების ფორმულირებით უარი ეთქვა ვალდებულების ობიექტური, არაბრალეული შეუსრულებლობის დროს შეეწყვიტა კონტრაქტი, რადგან მას გაუუარესდა სამართლებრივი მდგომარეობა, მას დაეკისრა პირგასამტეხლო. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის სტანდარტული პირობების ბათილობის მომწესრიგებელი ნორმები, არ იქნა გამოყენებული 346-ე მუხლი, 348-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. სასამართლომ გამოიყენა ვალდებულების ჯეროვნად, კეთისინდისიერად შესრულების მომწესრიგებელი ნორმები, სკ-ის 361-ე მუხლი, თუმცა მასთან ერთობლიობაში არ გამოიყენა სკ-ის 395-ე მუხლი, რომელიც უზოგადესად ადგენს წესს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის ბრალით ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანი. ამ ზოგადი ნორმის დაკონკრეტება არ დაიშვება ბრალეულობის გამორიცხვით.
კასატორმა მიუთითა, რომ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პირობების კონტრაქტში გაუთვალისწინებლობა არ გამორიცხავს მათ მოქმედებას და პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლომ ისინი კომპლექსურად, ერთობლიობაში უნდა განიხილოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ სამხედრო მოსამსახურეებთან დასადები ხელშეკრულებები დამკტიცებულია 18.02.2006წ. №53, 10.06.2009წ. №421, 03.11.2017წ. №896 და სხვ. ბრძანებებით. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა აქვს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლების და მისი ოდენობის განსაზღვრის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო 28 000 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არ იმსჯელა მის შემცირებაზე. მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ ზიანს, რაც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. სახეზეა პირგასამტეხლოს შემცირებისათვის გათვალისწინებული არაერთი გარემოება, მათ შორის მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა, გასათვალისწინებელია შესრულებული სამუშაოს მოცულობაც, ასევე ის გარემოება, რომ კასატორს მიღებული აქვს არა ერთი წახალისება, მედალი და მადლობა, დაწინაურდა თანამდებობრივად. სასამართლომ არ გამოიკვლია ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური და არაბრალეული მიზეზები. ც. ჩ-ას ჰყავს მის კმაყოფაზე მყოფი შვილები, დედა და ბებია. კასატორის ოჯახს აღებული ჰქონდა არა ერთი სესხი, მას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ც. ჩ-ა უცხოეთში გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად.
საკასაციო სასამართლოს 20.10.2021წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეული იქნა დაუშვებლად. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ც. ჩ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ც. ჩ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 22.11.2013წ. №297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით“ (ძალადაკარგულია 12.12.2018წ. №580 საქართველოს მთვარობის დადგენილებით) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად დასახელდა. სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 10.1 მუხ.). სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე (12.1 მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზანს ემსახურება, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება კონტრაქტის პირობების შესრულებას უზრუნველყოფს, თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიერ უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობის მოსაზრებას ემყარება.
საქმეში დაცული მასალების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა 8 წლით (ხელშეკრულების 3.1 მუხ.). ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა შეიარაღებული ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურის მიერ თანხის დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 27.02.2018წ. ც. ჩ-ამ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და შემდგომი სამხედრო კონტრაქტის გაგრძელების სურვილის არქონის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.03.2018წ. ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... მომზადების უფროსი ოფიცერი, მაიორი ც. ჩ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
დაუსაბუთებელია კასატორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა). საქმის მასალებში დაცული 27.02.2018წ. პატაკის (ს.ფ. 20) თანახმად ც. ჩ-ას აღარ ჰქონდა სურვილი გაეგრძელებინა შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევით, კონკრეტულად განმცხადებელს აღარ სურდა შემდგომში სამხედრო სამსახურის შეიარაღებული ძალების რიგებში გაგრძელება, სხვა სახის რაიმე მიზეზის შესახებ პატაკში არ არის მითითებული, ამასთან, ც. ჩ-ა გაცნობილი იყო კონტრაქტის დარღვევის შედეგებს, რაზეც იყო თანახმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.03.2018წ. MOD 6 17 000001195 ბრძანების თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... მომზადების უფროსი ოფიცერი (საშტატო კატეგორია „მაიორი“, შტატი №8/1144-01), მაიორი ც. ჩ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანადებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ც. ჩ-ას მიერ სადავო არ გამხდარა სამხედრო სამსახურიდან მითითებული ნორმით დათხოვნის კანონიერება, ამასთან, მის მიერ წარდგენილი 27.02.2018წ. პატაკი არ შეიცავს, შესაბამის დოკუმენტებზე მითითებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებზე მითითებას. ხსენებული ნორმა სამსახურიდან დათხოვნის საგამონაკლისო შემთხვევად განიხილავს მძიმე ოჯახურ მდგომარეობას, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხორვებლად გადასვლას და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევასა ან დანიშვნას. აღნიშნული რომელიმე გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება, ასეთზე მითითებას არ შეიცავს ც. ჩ-ას პატაკი და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება. ოჯახის წევრების კასატორის კმაყოფაზე ყოფნა, სესხის გადახდის ვალდებულების არსებობა თავისთავად არ ადასტურებს მძიმე ოჯახურ მდგომარეობას, ამასთანავე საქმის მასალებით არ დასტურდება სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, მუდმივი ცხოვრება გულისხმობს პირის მუდმივად ყოფნას კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილას, შესაბამის ადგილთან შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით კავშირს, რაც მხოლოდ სხვა ქვეყანაში გამგზავრების შესახებ პასპორტში ჩანაწერით არ დასტურდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) მიხედვით, ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულებას არ წარმოშობდა სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევა და რეორგანიზაციის ან შტატების შემცირება. უდავოა, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი საფუძველი არ გამხდარა ც. ჩ-ასთან კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. ͏№238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე. საქმეში დაცული დოკუმენტებით არ დგინდება მითითებული მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ც. ჩ-ა ოფიცერთა შემადგენლობაში ირიცხებოდა. ოფიცერთა შემადგენლობის სამსახურიდან დათხოვნა, უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონით, საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულებით“, საერთო-საჯარისო წესდებებით. თავდაცვის ძალების ოფიცერთა შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება მათ შორის კონტრაქტის საფუძველზე ოფიცრებით („სამხედრო სამსახურის დებულების“ თავი X, მე-2 პ., „გ“ ქვ.პ.). სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურად და რეზერვად („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.1 მუხ., 31.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ც. ჩ-ასათვის მაიორის წოდება მიენიჭა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 31.08.2017წ. ბრძანებით, მაიორის წოდების მინიჭებით ც. ჩ-ა ჩაირიცხა კადრის სამხედრო სამსახურში, ანუ კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობაში. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კადრის სამხედრო მოსამსახურესთან კონტრაქტით სამხედრო სამსახურს, ასეთ პირთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას (მე-2 მუხ., 13 პუნქტი). საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ოფიცრის პირადი სურვილით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას, თუ პირმა, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ 09.03.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული პირობა - პირგასამტეხლოს (ჯარიმის) – 28 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს სკ-ის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხ.). ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (სკ-ის 418.1 მუხ.). პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციის ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა. პირგასამტეხლო არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია ხელშეკრულების მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ც. ჩ-ამ 09.03.2014წ. გააფორმა კონტრაქტი რვა წლით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 4 წელი, 27.02.2018წ. პირადად მიმართა უფლებამოსილ პირს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით, ც. ჩ-ა პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა არ უნდა მომხდარიყო კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, შესაბამისად მას არ უნდა დაკისრებოდა ფინანსური პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში ც. ჩ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა კონტრაქტის პირობების, კერძოდ, ვადის დარღვევას, ის ინფორმირებული იყო შესაბამის შედეგებზე, რაც დასტურდება საქმის მასალებში დაცული დოკუმენტებით, შესაბამისად, უსაფუძვლოა აღნიშნულ გარემოებაზე მითითება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კასატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ქმნის ც. ჩ-ასთვის ჯარიმის სახით პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს ც. ჩ-ას მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა, რაც იძლევა მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა არღვევდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები (სუს 02.04.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-570(კ-19)). სზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარეები სარგებლობენ სახელშეკრულებო თავისუფლებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის და დამოუკიდებლად განსაზღვრონ მათი ოდენობა. ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები. განსახილველ შემთხვევაში მართალია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ც. ჩ-ას პირადი პატაკის გამო და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებით დასადგენია მისი გონივრული შესაბამისობა. კანონმდებლობით დადგენილი დანაწესიდან გამომდინარე შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის, კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებლად შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) 28 000 ლარი ჯარიმა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად. ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ პირობებში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით მიზანშეწონილია პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერ ინტერესებსა და უფლებებს. სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა სახის პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა ექვემდებარება შემცირებას. სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა (სუსგ 05.06.2018წ. საქმე №ბს-880-876(კ-17)). მხარეთა შორის გაფორმებული კონტაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას, პირგასამტეხლო 28 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი, რამაც განაპირობა კონტაქტის შეწყვეტა. განსახილველ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით სახეზეა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი. ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში საერთოდ არ მიიღო ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. დადებული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული 8 წლიდან ც. ჩ-ამ იმსახურა 4 წელი, სამინისტრო არ მიუთითებს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (გარდა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისა) ც. ჩ-ას, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, ამასთანავე საქმეში დაცულია კასატორისთვის ვადამდე სამხედრო წოდების მინიჭების და მოვალეობების სისტემატურად, ხარისხიანად და მაღალ დონეზე შესრულებისათვის წახალისების დამადასტურებელი სამსახურებრივი ბარათები. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ 09.03.2014წ. კონტრაქტის დადებამდე ც. ჩ-ა საკონსტრაქტო სამსახურს გადიოდა 2010 წლის 23 ივლისიდან, „ოფიცრის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 23.07.2010წ. №3049 კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს ც. ჩ-ა ასრულებდა ჯეროვნად, მიღებული აქვს არაერთი წახალისება (ს.ფ. 78-81), წინაურდებოდა სამსახურებრივად (ს.ფ. 75-77), ც. ჩ-ამ იმსახურა მეორე კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ნახევარი (4 წელი). ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 3 000 (სამი ათასი) ლარით, რითაც დაცული იქნება, როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ხელშეკრულების სტანდატული პირობებია: სახელშეკრულებო პირობების წინასწარი ჩამოყალიბება; მრავალჯერადი გამოყენების დანიშნულება; პირობების შედგენა ერთი მხარის (შემთავაზებლის) მიერ მეორე მხარისათვის; სტანდარტული პირობების მიერ კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა (იხ. სუსგ 10.09.2012წ. საქმე №ას-755-811-2011). საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.14 მუხლზე, რომლის მიხედვით საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) ფორმა (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ) დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.02.2006წ. №53 ბრძანებით. ზოგადად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები გულისხმობს ერთგვაროვანი შინაარსის მქონე პირობებს, რომელთა გამოყენებაც ხდება მრავალჯერადად. სტანდარტული პირობები არ არის სახელშეკრულებო მოლაპარაკების შედეგად ჩამოყალიბებული პირობები, შემთავაზებლის მიერ წინასწარ მომზადებული პირობები, რომელშიც აღნიშნულია დასადები ხელშეკრულების ყველა პირობა, გარდა კონტრაჰენტის ვინაობისა. განსახილველ შემთხვევაში სკ-ის 346-ე და 348-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორის მოსაზრება 09.03.2014წ. დადებული ხელშეკრულების პირობების, როგორც სტანდარტული პირობების, ბათილობის შესახებ უსაფუძვლოა. სკ-ის 346-ე მუხლით განმტკიცებულია ე.წ. ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მექანიზმი, რომელიც კონკრეტიზდება სკ-ის 347-ე-348-ე მუხლებში. აღნიშნული ნორმები, როგორც სპეციალური და კონკრეტული ნორმები, მიიჩნევა lex specialis-ად 346-ე მუხლთან მიმართებით. ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო პირობა იყო წინასწარ ჩამოყალიბებული და არა სახელშეკრულებო მოპალარაკების შედეგად, არ ადასტურებს სტანდარტული პირობის ბათილობას, კონტრაჰენტის ნების არარსებობას, ვინაიდან კონტრაქტის მეორე მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ხელშეკრულების პირობების შინაარსს და თანხმობის შემთხვევაში მიეღო პირობები. მოცემულ შემთხვევაში თანხმობა დადასტურებულია ც. ჩ-ას ხელმოწერით. სამხედრო მოსამსახურეს განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვება სამსახურის ვადის კომპონენტის მიმართ, სამხედრო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი სწორედ გასაწევი სამსახურის პერიოდს უკავშირდებოდა. კონტრაქტის პირობები არ იყო ბუნდოვანი და არ იყო იმდენად უჩვეულო, რომ კონტრაჰენტს არ შეეძლო მათი გათვალისწინება. ხელშეკრულების მეორე მხარისთვის უფლების შეზღუდვა სამხედრო სამსახურის სპეციფიკით არის განპირობებული. ამასთანავე, განსახილველი დავის საგანს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ შეადგენს, ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია არა ხელშეკრულების ან მისი რომელიმე პუნქტის კანონიერება, არამედ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება სკ-ის 395-ე მუხლით გათვალისწილებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არარსებობაზე. მითითებული ნორმით გათვალისწინებულია მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ეფუძნება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა. მიუხედვად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. პირგასამტეხლოს დასაკისრებლად საკმარისია ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საჭიროებს კრედიტორისთვის ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებას. ზიანის მოთხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არამედ უშუალოდ ზიანის არსებობა. პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია 417-ე-420-ე მუხლებით. სკ-ის 419-ე მუხლი მიუთითებს კრედიტორის უფლებაზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. განსახილველ დავაში ასეთი მოთხოვნა სამინისტროს არ დაუყენებია. ამდენად, პირგასამტეხლო ზიანისგან სრულიად დამოუკიდებელია, შესაბამისად, კასატორის მითითება სკ-ის 395-ე მუხლზე, როგორც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის არარსებობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ იდენტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მქონე საქმეებთან (პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის შეუსაბამოდ და არაგონივრულად მიჩნევის თაობაზე) დაკავშირებით მიღებულ განჩინებებს (იხ. სუსგ 21.02.2019წ. №ბს-814(კ-18), 28.03.2019წ. №ბს-1183(კ-18), 20.06.2019წ. №ბს-417(კ-19)), რომლებითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 01.06.2018წ., 13.06.2018წ. და 21.12.2018წ. განჩინებები, ასევე ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს 11.07.2012წ. გადაწყვეტილებას (საქმე №ბს-175-173(კ-12)), რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სახეზეა დივერგენცია, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 393.2 მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, ც. ჩ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაევალოს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურების თაობაზე ც. ჩ-ას დავალდებულების ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურების თაობაზე ც. ჩ-ას დავალდებულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ც. ჩ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაევალოს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა