Facebook Twitter
ბს-1020 (კ-19) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინიტროს (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინება

დავის საგანი - გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.მ-მა 02.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ლ.მ-მა მოითხოვა მოპასუხისთვის მეუღლის გ.ბ-ის 2012 წლის გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე გ.ბ-ე დასაქმებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მას 02.04.2012წ. უსრულდებოდა ნამსახურების ზღვრული ასაკი. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. N609 ბრძანებულებით დამტკიცებული "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების მე-9 თავის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო ნაწილის მეთაური ვალდებული იყო გ.ბ-ის ზღვრული ასაკის შესრულების შემდეგ მეთაურისთვის მიემართა წარდგინებით ზღვრული ასაკის გამო სამხედრო სამსახურიდან გ.ბ-ის დათხოვნის შუამდგომლობით. ამავე დებულების მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად, მეთაურის ვალდებულება იყო აგრეთვე გაეშვა გ.ბ-ე 45-დღიან კუთვნილ შვებულებაში. ეს 45-დღიანი პერიოდი საკმარისი იქნებოდა, რათა თავდაცვის მინისტრს გამოეცა ბრძანება გ.ბ-ის გათავისუფლების შესახებ. სამხედრო ნაწილის მეთაურმა დაარღვია აღნიშნული ნორმატიული წესი, 2012 წლის 01 აპრილიდან გ.ბ-ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, ჩამოერთვა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შესასვლელი საშვი და განემარტა, რომ გათავისუფლებული იყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, თუმცა რეალურად გ.ბ-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება 10.05.2012წ. გამოიცა. ბრძანებაში მიეთითა, რომ გ.ბ-ე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად ითვლებოდა 2012 წლის 2 აპრილიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გ.ბ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებისას ეკუთვნოდა 2012 წლის გამოუყენებელი შვებულება 45 დღის ოდენობით, რომლის ანაზღაურება შეადგენდა 1764 ლარს, თუმცა გ.ბ-ეს აუნაზღაურდა მხოლოდ 734 ლარი, შესაბამისად, გ.ბ-ეს მიადგა მატერიალური ზიანი - 1030 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მეუღლის - გ.ბ-ის 2012 წლის კუთვნილი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ბ-ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და მისი ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს. სამხედრო ნაწილი N...-ის მეთაურის 01.04.2012წ. №64 ბრძანებით, სამხედრო ნაწილი N...-ის ...სა და ...ის ასეულის ...ის ...სა და ...ის პუნქტის უფროსი, ... გ.ბ-ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2012 წლის 2 აპრილიდან და წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. 05.04.2012წ. ...ის მე-... ქვეითი ბრიგადის ...ის ...ის მეთაურმა მიმართა ...ის მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზემდგომ ხელმძღვანელობას შუამდგომლობით გ.ბ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით, 2012 წლის 2 აპრილიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.05.2012 წ. №1169 ბრძანებით, ...ის სარდლის მ/შ-ის 21.04.2012წ. №4971 შუამდგომლობის საფუძველზე, გ.ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. გ.ბ-ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 02.04.2012 წ., რის გამო მეთაურის 01.04.2012წ. №64 ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან. ამის შემდეგ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე (2012 წლის 10 მაისი) გ.ბ-ე სამხედრო ნაწილში აღარ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს ასრულებდა. 2012 წლის N3 საშვებულებო უწყისის თანახმად, გ.ბ-ეს გამოუყენებელი შვებულების 25 დღის თანხა - 734 ლარი მიღებული აქვს. გ.ბ-ე ...წ. გარდაიცვალა, მის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა 27.01.2016წ. გაიცა გ.ბ-ის მეუღლის - ლ.მ-ის სახელზე, რომელმაც 2016წ. სექტემბერსა და ოქტომბერში განცხადებები წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 04.11.2016წ. წერილით ლ.მ-ს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს და სამინისტრო მოკლებული იყო მისი მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-12 პუნქტითა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.5 მუხლით დადგენილია ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურისათვის 10 დღემდე ვადით მოკლევადიანი შვებულების მიცემის შესაძლებლობა, მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ამდენად, კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს სამხედრო მოსამსახურეების კუთვნილ შვებულებას და მოკლევადიან შვებულებას, რომელიც მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. საქმეში დაცული სამხედრო ნაწილი N...-ის მეთაურის 18.02.2012 წ. №33 ბრძანებით გ.ბ-ე გაშვებულ იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 23 თებერვლამდე. ამდენად, 2012 წლის თებერვალში გ.ბ-ე იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში და არა კუთვნილ, მორიგ შვებულებაში, რის შესახებაც ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ-ემ 2012 წელს ისარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებიდან 5 დღით.
საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონებით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ ხელქვეითობის წესით, ზღვრული ასაკის მიღწევისას. ამავე თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად, ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ მორიგი კუთვნილი შვებულებები შემდეგი ხანგრძლივობით: ა) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელზე ნაკლები - 30 დღე; ბ) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელს და მეტ ხანს - 45 დღე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2012 წლის 2 აპრილიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო გ.ბ-ის დათხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ ზემდგომ პირებთან შუამდგომლობებით მიმართვა დაიწყო 2012 წლის 5 აპრილს და საბოლოოდ, დასრულდა 17.05.2012წ. ბრძანების გამოცემით 2012 წლის 2 აპრილიდან გ.ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. კანონის იმპერატიული დათქმის მიუხედავად, დათხოვნის წინ გ.ბ-ეს კუთვნილი შვებულება არ მისცემია. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 04.06.1936 წ. კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995წ. დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს გათვალისწინებულ ჯილდოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 10.12.1948წ. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. ამდენად, დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლებისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა (სუსგ 26.03.2010წ. Nას-836-1122). სასამართლომ მიუთითა, რომ გათავისუფლებისას გ.ბ-ეს 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა 734 ლარის ოდენობით, რაც სამინისტროს მოსაზრებით შეადგენდა 25 დღის თანხას იმ დასაბუთებით, რომ გ.ბ-ეს უფლება ჰქონდა კალენდარული წლის განმავლობაში ესარგებლა 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, საიდანაც 5 დღე 2012 წლის თებერვალში გამოიყენა, ამდენად, დარჩა ასანაზღაურებელი 25 დღე, რაც ანაზღაურდა. სასამართლომ სამინისტროს მოსაზრება არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან გ.ბ-ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს, 2012 წლის მორიგი შვებულება ეკუთვნოდა 45 დღე და არა 30 დღე. მართალია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 11.3 მუხლით სამხედრო მოსამსახურის ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ოდენობად მითითებულია 30 კალენდარული დღე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება“ ახდენს სამხედრო მოსამსახურეების დიფერენცირებას სტატუსისა და ნამსახურობის წლების მიხედვით, რის გამო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ამ უკანასკნელ რეგულაციას და მიიჩნია, რომ სწორედ მისი გამოყენება უნდა მომხდარიყო განსახილველი შემთხვევის გადაწყვეტისას. ამდენად, ნამსახურების სტაჟის გათვალისწინებით გ.ბ-ის კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობა შეადგენდა 45 დღეს, თუმცა 2012 წელს მას მორიგი ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია. სასამართლოს მოსაზრებით, სამინისტრომ არ შეასრულა კანონის დანაწესი გ.ბ-ის გათავისუფლებამდე მისთვის 45-დღიანი კუთვნილი შვებულების მიცემის შესახებ, რის გამო წარმოიშვა სამინისტროსათვის გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. საქართველოს შეირაღებული ძალების ...ის … სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის 06.06.2017 წ. ცნობის თანახმად, გ.ბ-ის ხელფასი შეადგენდა 1176 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გ.ბ-ეს 2012 წლის შვებულებით არ უსარგებლია, ამასთან, მას ეკუთვნოდა 45-დღიანი შვებულება, შესაბამისად, ხელფასის თანხა უნდა გაიყოს 1 თვეზე ანუ 30 დღეზე და გამრავლდეს გამოუყენებელი შვებულების დღეებზე ანუ 45 დღეზე (1176/30*45).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.10.17წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.18წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.18წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 11.4 მუხლის თანახმად, სამხედრო სასმახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთანავე, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით, რომელიც არ ითვლება მორიგი შვებულების ანგარიშში. ამდენად, კასატორი თვლის, რომ გ.ბ-ის კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობა იყო 30 და არა 45 დღე, რადგან 45-დღიანი შვებულების მიცემის შესაძლებლობაზე მითითება ხდება საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. N609 ბრძანებულებით დამტკიცებულ „დებულებაში“, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის შესაბამისად იერარქიულად საქართველოს კანონზე დაბლა დგას. კასატორმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ-ეს 2012 წლის შვებულებიდან ნასარგებლები აქვს 5 დღით. მოკლევადიანი შვებულება გაიცემა ოჯახური მდგომარეობის გამო, რასაც ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, აღნიშნული 5-დღიანი შვებულება არ წარმოადგენდა მოკლევადიან შვებულებას. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.04.2019წ. განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე უდავოდ დადგენილად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელის - ლ.მ-ის მეუღლე გ.ბ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, საიდანაც გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.05.2012წ. ბრძანებით 2012 წლის 02 აპრილიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. 2012 წლის საანგარიშო პერიოდში გ.ბ-ემ ისარგებლა კუთვნილი შვებულების 5 დღით, ხოლო 25 დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა, ჯამში - 734 ლარი მიღებული აქვს 2012 წლის N3 საშვებულებო უწყისით. ...წ. გ.ბ-ე გარდაიცვალა, წ. მის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა მეუღლის - ლ.მ-ის სახელზე. 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ლ.მ-მა განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისი ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის, მათ შორის, გ.ბ-ის მიერ 2012 წლის შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურების მოთხოვნით. სამინისტროს მიერ განცხადებების განხილვაზე უარის თქმის შემდგომ - 02.10.2017წ. ლ.მ-მა სარჩელი წარადგინა სასამართლოში და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მეუღლის გ.ბ-ის 2012 წლის გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურება. საქმის მასალებით არ დასტურდება გ.ბ-ის მიერ 2012 წლის შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურების მიღებიდან გარდაცვალებამდე სათანადო წესით რაიმე სახის, სამართლებრივად მნიშვნელობის მქონე პრეტენზიის განცხადება მიღებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის თვალსაზრისით რიგ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროს. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.04.2003წ. N1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, III). ვადა დასაწყისითა და დასრულების მომენტით შემოფარგლული განსაზღვრული ან განსაზღვრებადი დროის შუალედია, იგი უთითებს სამართლებრივად მნიშვნელოვან დროის პერიოდზე, რომლის ფარგლებში სამართლებრივი შედეგის წარმომშობი რაიმე ქმედება ან ნების გამოვლენა უნდა განხორციელდეს. დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ვადებს შორის ერთ-ერთი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა მომეტებულად დაცვის ღირსია (სუსგ 21.06.2022წ. Nას-34-2022, 172 პ.).
მართალია დავის სასამართლოს მიერ განხილვის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ასპექტს შეადგენს, თუმცა მას არ აქვს აბსოლუტური ხასიათი და სათანადო შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან აღნიშნული უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებას გულისხმობს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22.10.1996წ. N22083/93; 22095/93 გადაწყვეტილება საქმეზე „Stubbings and others v. the United Kingdom“). სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების ნორმატიულად დადგენა ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობის ლეგიტიმურ მიზანს, მათი მეშვეობით ერთი მხრივ ხდება პოტენციური მოპასუხეების დაცვა ვადაგასული მოთხოვნებისგან, ხოლო მეორე მხრივ ხდება სასამართლოს გათავისუფლება ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან, რომელიც ეფუძნება დროის ფაქტორის გათვალისწინებით არასრულად და ნაკლებ განსაზღვრულად ქცეულ მტკიცებულებებს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 07.07.2009წ. N1062/07 გადაწყვეტილება საქმეზე „Stagno v. Belgium“). სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება კანონმდებლობის მიერ დადგენილი ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს თავისი უფლების იძულებით განხორციელების ან დაცვის შესაძლებლობა ეძლევა (სუსგ 07.12.2020წ. Nბს-326(კ-19)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელზე უფლება ორ ნაწილს მოიცავს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობა დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადაა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას, რის გამო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობის მიუხედავად სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება არ ხდება (სუსგ 21.06.2022წ. Nას-34-2022, 177, 179 პ.). თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს (სუსგ 13.09.2021წ. Nბს-1320(კ-19)).
ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პირის მოთხოვნის შინაარსსა და სამართლებრივ ბუნებაზე. კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ზოგად და სპეციალურ ვადებს. ხანდაზმულობის სპეციალური ვადის განსაზღვრა და კონკრეტულ მოთხოვნებზე მისი გავრცელების გამორიცხვა ნორმატიულად ხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენს გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება. არსებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა მოთხოვნის სამართლებრივი ბუნების გარკვევას საჭიროებს. უკეთუ მოთხოვნილ თანხას თანამდებობრივ სარგოდ მოვიაზრებთ, იმის გათვალისწინებით, რომ გ.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლება და თანხის ანაზღაურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის მოქმედების პირობებში მოხდა, რომლის 1341 მუხლი სახელფასო დავალიანების კანონისმიერ აღიარებად იყო მიჩნეული (სუსგ 07.12.2020წ. Nბს-326(კ-19)), შესაძლოა განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდებოდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაქმების პერიოდში - სამსახურში მიღების მომენტიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მათ შორის, შვებულებით სარგელობის პერიოდში, პირი იღებს შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. შვებულების დროს პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება, თუმცა მას შესაბამისი თანამდებობრივი სარგო უნარჩუნდება. დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამდენად, შრომითი ურთერთობის არსებობისას გამოყენებული საშვებულებო დღეების ანაზღაურება შრომის ანაზღაურების დეფინიციაში ექცევა, თუმცა ვითარება იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, პირი სამსახურიდან გათავისუფლებულია და მოთხოვნილია იმ შვებულების დღეების ანაზღაურება, რომლის გამოყენებაც დასაქმების პერიოდში მოსამსახურის მიერ ვერ განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში, სათანადო ნორმატიული წინაპირობების არსებობისას, გათავისუფლებული პირი კვლავ იღებს შვებულების დღეების ანაზღაურებას, რომელიც რაოდენობრივად დასაქმების პერიოდში მიღებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ემთხვევა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სრულად იცვლება გასაცემი თანხის სამართლებრივი ბუნება. გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებას ასეთ შემთხვევაში საკომპენსაციო დანიშნულება აქვს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ამ თანხის გაცემით დამსაქმებელი ახდენს არა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას, რომელიც იგულისხმება, რომ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში პირს უკვე მიღებული აქვს, არამედ გასცემს ერთგვარ კომპენსაციას შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მიერ შეწყვეტის შედეგად დასაქმებულის მხრიდან შვებულების გამოყენების შესაძლებლობის მოსპობის სანაცვლოდ. სწორედ დამსაქმებლის მიერ პირის გათავისუფლების შესახებ ნების გამოვლენა გამორიცხავს დასაქმებულის მიერ მიმდინარე წლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც განაპირობებს დამსაქმებლის მიერ გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, რომელიც ეძლევა დასაქმებულს ყოველწლიურად სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნებით,დასაქმების პერიოდში შვებულების გამოუყენებლობის შემთხვევაში დასაქმებული ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და იღებს შესაბამის ანაზღაურებას, ამიტომ დასაქმების პერიოდში წლის მანძილზე გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურებით შეცვლა არ ხდება, თუმცა ვინაიდან დათხოვნილი მუშაკისათვის შვებულების მიცემა უკვე შეუძლებელია, ხდება გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების თანხა არ ექცევა შრომის ანაზღაურების დეფინიციაში და საკომპენსაციო თანხას შეადგენს, რის გამო გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხასთან მიმართებით არ ვრცელდება შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არსებული სპეციფიური წესი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა (მაგ.: სუსგ 06.11.2020წ. Nბს-172(კ-20), 04.03.2021წ. Nბს-1334(კ-19) და სხვ.), ვინაიდან თანხის ანაზღაურებით ხდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების - ანაზღაურებადი შვებულების გაცემის ჩანაცვლება, შვებულების დღეებით სარგებლობის ნაცვლად, პირს ეძლევა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. დასაქმებულისათვის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება ყოველწლიურად ენიჭება, შრომითი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოთხოვნის უფლების მქონე პირმა - დასაქმებულმა ერთიანად, წინსწრებით მოითხოვოს დამსაქმებლისგან მომავალში შესასრულებელი ვალდებულებების - ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გაცემის, შესრულება. ანაზღაურებადი შვებულების გაცემა ყოველწლიურად განმეორებად შესრულებაში გამოიხატება, ეს ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში რეგულარულად თავიდან წარმოიშობა და ამდენად, ერთმნიშვნელოვნად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას შეადგენს. გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება შვებულების გამოუყენებლობით დამდგარ შედეგს აკომპენსირებს და ამდენად, ანაცვლებს შვებულების მოთხოვნის უფლებას, რის გამო გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე სწორედ სკ-ის 129.2 მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა სამართალურთიერთობის დროში ორგანიზების საშუალებაა და დროის კონკრეტულ მონაკვეთს აღნიშნავს, რომლის ფარგლებში მოთხოვნის უფლების მქონე პირი შეუზღუდავად სარგებლობს თავისი უფლებით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი კრედიტორი კარგავს თავისი მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისისა და დასრულების მომენტის ზუსტი განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ (სკ-ის 130-ე მუხ.). საერთო წესის თანახმად, ივარაუდება, რომ დაზარალებულმა უფლების დარღვევისთანავე შეიტყო დამდგარი ზიანის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას (სუსგ 11.05.2016წ. Nბს-710-702(2კ-15)). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული, რომ 2012 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხა - 734 ლარი გ.ბ-ეს მიღებული აქვს 2012 წლის N3 საშვებულებო უწყისით. ამასთანავე, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გ.ბ-ემ თანხის მიღებისთანავე ან შემდგომ პერიოდში, მის გარდაცვალებამდე, სადავო გახადა მიღებული თანხის ოდენობა. საქმეში დაცულ N3 საშვებულებო უწყისზე მის თარიღად მითითებულია 2012 წლის მაისი. ამასთანავე, ლ.მ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში წარდგენილ განცხადებებში (ს.ფ. 17-20, 38-40) ლ.მ-ი ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ გ.ბ-ემ 2012 წლის მაისში დაასრულა სამხედრო სამსახური, მასთან განხორციელდა საბოლოო ანგარიშსწორება და 2012 წლის მაისის N3 უწყისით აუნაზღაურდა 2012 წლის შვებულების გამოუყენებელი დღეების თანხა - 734 ლარი. მართალია საბოლოო ანგარიშსწორებაზე მითითება ხდება იმ კონტექსტში, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა 2012 წლის აპრილის და არა მაისის მდგომარეობით, თუმცა განმსაზღვრელია ის, რომ ლ.მ-ი ადასტურებს საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებას და 2012 წლის მაისის N3 უწყისით გ.ბ-ისათვის 2012 წლის შვებულების გამოუყენებელი დღეების თანხის - 734 ლარის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ.მ-ის განცხადებებში, სარჩელში, სააპელაციო თუ საკასაციო შესაგებლებში არ ხდება მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ-ეს შვებულების გამოუყენებელი დღეების თანხა არა 2012 წლის მაისში, არამედ მოგვიანებით აუნაზღაურდა. ამასთანავე, მსგავსი განმარტების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა საქმეში დაცული რომელიმე მტკიცებულება, რის გამო, საქმის მასალებისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც სავალდებულოდ ითვლება საკასაციო სასამართლოსთვის, ვინაიდან წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსკ-ის 407.2 მუხ.), საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ეს 2012 წლის გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება მიეცა 2012 წლის მაისში, თანხის კონკრეტული ოდენობა გ.ბ-ის მიერ სათანადო წესით სადავო არ გამხდარა იმის მიუხედავად, რომ 2012 წლის მაისში მას ჰქონდა ინფორმაცია მიღებული თანხის ოდენობის და ანაზღაურების გაცემაზე ვალდებული სუბიექტის შესახებ. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების და საშვებულებო კომპენსაციის მიღების შემდეგ, გ.ბ-ეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება სადავოდ გაეხადა ანგარიშსწორების ხარვეზები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გ.ბ-ის აღნიშნული მოთხოვნის რეალიზება ექცეოდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ფარგლებში, რომლის დენაც გ.ბ-ისათვის საშვებულებო კომპენსაციის ანაზღაურების მომენტიდან დაიწყო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საშვებულებო უწყისზე 2012 წლის მაისის კონკრეტული დღის მიუთითებლობა არ ქმნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის დამაბრკოლებელ გარემოებას, რადგან N3 უწყისზე აღნიშნულია საშვებულებო კომპენსაციის ანაზღაურების წელი და თვე, რაც უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ.ბ-ესთან ანგარიშსწორება განხორციელდა მისი გათავისუფლებიდან - 10 მაისიდან 01 ივნისამდე პერიოდში, ყველაზე გვიან გ.ბ-ესთვის საშვებულებო თანხის ანაზღაურება შეიძლება მომხდარიყო 2012 წლის მაისის ბოლო დღეს. შესაბამისად, გ.ბ-ეს მოთხოვნის უფლება შესაძლოა წარმოშობილიყო 2012 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, რომლის მომდევნო დღიდან დაიწყებოდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა (სკ-ის 122-ე მუხ.). სკ-ის 123-ე მუხლის თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. ამდენად, ვინაიდან გ.ბ-ეს გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მაქსიმუმ 2012 წლის 01 ივნისიდან, ხოლო აღნიშნულ მოთხოვნაზე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, ხანდაზმულობის ვადის დენა გაგრძელდებოდა 2015 წლის 01 ივნისამდე, თუმცა სარჩელი აღიძრა 2017 წლის ოქტომბერში, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის მიუხედავად სარჩელის ხანდზმულობა შესაძლოა გამოირიცხოს, რადგან ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე - ...წ. მოთხოვნის უფლების მქონე პირი - გ.ბ-ე გარდაიცვალა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას, შეფასებას საჭიროებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლების არსებობა. როგორც წესი, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩვეულებრივ მიმდინარეობს და მისი ამოწურვის თარიღი მისი ათვლის მომენტიდან კონკრეტულად განსაზღვრული პერიოდის გასვლის კალენდარულ თარიღს ემთხვევა, თუმცა არის გარემოებები, რომელთა დადგომა ხანდაზმულობის ვადის დენის შემაფერხებელ ნორმატიულ საფუძვლებს ქმნის. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ერთ-ერთი კანონისმიერი წინაპირობაა განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალის არსებობა, რაც სარჩელის წარდგენას აბრკოლებს (სკ-ის 132-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ის 132-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალის“ ცნებაში მოაზრებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ სტიქიური თუ საზოგადოებრივი მოვლენები, რომლებიც არღვევენ ...ის, სასამართლოსა თუ სხვა ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმს, არამედ აგრეთვე მოთხოვნის უფლების მქონე პირის გარდაცვალებაც, რადგან სახეზეა წინასწარ გაუთვალისწინებელი, შეუქცევადი და აუცდენელი გარემოების არსებობა, რაც ობიექტურად ქმნის სარჩელის წარდგენის დამაბრკოლებელ პირობას. ამდენად, ზოგადად კრედიტორის გარდაცვალება შესაძლებელია გახდეს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის გარდაცვალება იმთავითვე არ ადასტურებს სამართალურთიერთობიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნის უფლების გაუქმებას. გარდაცვლილი პირის ქონება, რომელიც მათ შორის, მოთხოვნის უფლებებსაც მოიცავს შესაძლოა გადავიდეს მამკვიდრებლის კანონით ან/და ანდერძით მემკვიდრეებზე (სკ-ის 1306-ე მუხ.), რის შედეგად მოთხოვნის უფლებასთან მიმართებით მემკვიდრე მამკვიდრებლის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს. მატერიალური სამართალი ითვალისწინებს ორი სახის უფლებამონაცვლეობას: უნივერსალურს ანუ ზოგად უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა და სინგულარულ (კერძო) უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება-მოვალეობანი. მემკვიდრეობა უნივერსალურ უფლებამონაცვლეობას ადასტურებს, რადგან ამ დროს მემკვიდრეზე გადადის უფლებრივი წინამორბედის - მამკვიდრებლის სრული ქონებრივი უფლება-მოვალეობანი, გარდა იმ უფლება-მოვალეობებისა, რომელთან მიმართებითაც, კონკრეტული სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა. პირის გარდაცვალებით ფაქტობრივად წყდება ყველა ის ურთიერთობა, რომელიც მას აკავშირებდა სხვა პირებთან და ქონებასთან, მაგრამ თავად სამართალურთიერთობა და ქონება აგრძელებს არსებობას. უკეთუ უფლებამონაცვლეობა სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე დასაშვებია, გარდაცვლილი პირის ნაცვლად ურთიერთობაში ჩნდება მისი უფლებამონაცვლე, რომელიც ანაცვლებს მამკვიდრებელს. მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები მემკვიდრეზე გადადის სრულად და უცვლელად, ისეთივე მდგომარეობაში და იმავე სახით, როგორც ეს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე იყო. სწორედ ამიტომ, კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას და არა შეწყვეტას. მემკვიდრეობა არ ქმნის მოთხოვნის ახალ უფლებას, ხდება მხოლოდ მოთხოვნის სუბიექტის ჩანაცვლება, რის გამო მამკვიდრებლის სიცოცხლეში აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები (მათ შორის უმოქმედობა) ძალას ინარჩუნებს და შესაბამის იურიდიულ შედეგს წარმოშობს. უფლების მატარებელი პირის გარდაცვალება არ ქმნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ნორმატიულ საფუძველს, ხანდაზმულობის ვადის ხელახლა ათვლა კი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისას ხორციელდება (სკ-ის 141-ე მუხ.). ამდენად, პირის გარდაცვალება, სკ-ის 132-ე მუხლის გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ზოგად საფუძველს წარმოშობს, თუმცა ხანდაზმულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩერდება, თუ კრედიტორის გარდაცვალება ხდება ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში (სკ-ის 136.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში გ.ბ-ის მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან მის გარდაცვალებამდე გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადიდან დაახლოებით ორი წელი, შესაბამისად, ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 1-წლიანი პერიოდი, ამდენად, უდავოა, რომ სარჩელის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება არ წარმოშობილა ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. თუმცა თუ შემაჩერებელი გარემოება წარმოიშვა ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვს თვემდე, მაგრამ განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაშიც, ხანდაზმულობის დენა მაინც შეჩერდება ვადის ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე (სკ-ის 136-ე მუხ.). ამდენად, შეფასებას საჭიროებს არა მხოლოდ სარჩელის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობის, არამედ მისი აღმოფხვრის - სარჩელის წარდგენის ობიექტური შესაძლებლობის აღდგენის მომენტიც, რადგან სარჩელის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის მომენტი (მოცემულ შემთხვევაში - სამკვიდროს მიღების დრო) შესაძლოა განმსაზღვრელი იყოს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საკითხის დადგენისას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა 6 თვემდე გრძელდება, უკეთუ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე 6თვეზე ნაკლები პერიოდი იყო დარჩენილი (სკ-ის 136-ე მუხ.).
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ გ.ბ-ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა 27.01.2016წ. გაიცა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება შესაძლებელია განხორციელდეს არა მხოლოდ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, არამედ აგრეთვე - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით. ამასთანავე, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სკ-ის 1421-ე მუხ. მე-2, მე-3 ნაწ.). სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალებით (სკ-ის 1319-ე მუხ.), სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან (სკ-ის 1424 მუხ.). სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული ან თუ თანახმაა სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე (სკ-ის 1426.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცულია გ.ბ-ის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუსის მიერ 27.01.2016წ. გაცემული N... სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ლ.მ-მა, როგორც გ.ბ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო გ.ბ-ის სამკვიდრო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (მე-4 პ.). ამასთანავე სანოტარო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვების და შემდგომში მისი აღდგენის მიზნით განხორციელებული რაიმე ქმედებების შესახებ. ამდენად, საქმეში საწინააღმდეგო მტკიცებულებების არსებობის პირობებში, სამკვიდრო მოწმობის შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან ხაზგასმა ხდება სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიღებაზე, მიიჩნევა, რომ ლ.მ-მა სამკვიდრო მიიღო კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში - 2014 წლის 19 ნოემბრამდე (გ.ბ-ის გარდაცვალების თარიღი - ...წ.). ამ დროისათვის გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვამდე - 2015 წლის 01 ივნისამდე, დარჩენილი იყო ექვს თვეზე მეტი. სკ-ის 136.1 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების განმაპირობებელი გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში, ამასთანავე, ვადის დენის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დღიდან ვადის დენა განახლდება და ხანდაზმულობის დარჩენილი ვადა 6 თვემდე გაგრძელდება (სკ-ის 136.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ვადის დენის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოების არსებობა არ დასტურდება, შესაბამისად, გამოირიცხება ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის (23.09.2016წ., 28.10.2016წ.) და სასამართლოსათვის მოთხოვნის წარდგენა (02.10.2017წ.) მოხდა აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის გაცემიდან ექვს თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც კი თუ მიჩნეული იქნება, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდა ლ.მ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, მოთხოვნა მაინც ხანდაზმულია, რადგან სარჩელის აღძვრა (02.10.2017წ.) მოხდა ხანდაზმულობის ვადის განახლებიდან - სამკვიდრო მოწმობის გაცემიდან (27.10.2016წ.) 6 თვის გასვლის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაფერხებელი გარემოებები, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის ნორმატიული საფუძვლების არსებობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ.მ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.
ზემოხსენებულთან ერთად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებას არ აბკოლებს სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითების არარსებობა, რადგან დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები ადმინისტრაციულ პროცესში რიგი თავისებურებებით ხასიათდება. აღნიშნული თავისებურებები თავად სამოქალაქო და ადმინისტრაციული მატერიალური სამართლის არსობრივი სხვაობით არის განპირობებული, რადგან სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მხარეთა ნების ავტონომიის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და სათანადო მახასიათებლებსაც შეიცავს, ხოლო ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციულ მატერიალურ სამართალში მოქმედი პრინციპების გათვალისწინებით გარკვეულ თავისებურებებს ავლენს. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელის ცნობისა და მორიგების უფლებაც კი არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება (სასკ-ის 3.2 მუხ.). ამასთანავე, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში სასამართლოსათვის ადმინისტრაციული ორგანოს ნების კორექტირების შესაძლებლობის მიცემა არ უარყოფს ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც მხარეებს აღჭურავს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სასკ-ის მე-4 მუხ., სსკ-ის 4.1 მუხ.). ადმინისტრაციულ პროცესში, ისევე როგორც სამოქალაქო სასამართლო წარმოებისას მხარეთა აქტიურობას, მათ შორის სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებას, სათანადო ფაქტებზე მითითებას, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან მიმართებით მტკიცებულებების წარდგენას და სხვ., არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში მოსამართლე აღჭურვილია თავისი ინიციატივით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარდგენის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღების (სასკ-ის მე-4 მუხ.), საკუთარი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილებით (სასკ-ის 19.1 მუხ.), იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათზე მხარეებს სასამართლო წარმოების ფარგლებში არ მიუთითებიათ. სამოქალაქო პროცესში მხარეების მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში წარდგენილი ფაქტები ბოჭავს სასამართლოს, ადმინისტრაციული დავებისგან განსხვავებით, სადაც ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე ბევრად ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს. ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ პერიოდს მოიცავს, რომლის ათვლის დასაწყისისა და დასრულების მომენტები ფაქტის კატეგორიას განეკუთვნება, რის გამო ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო, ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარის მითითების მიუხედავად, აღჭურვილია მათი დადგენის უფლებამოსილებით. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოს კანონის საფუძველზე უფლებამოსილების განხორციელებისადმი არსებული საჯარო ინტერესის დაცვა. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის საჭიროება, დავის სამართლებრივი შედეგის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი (სამოქალაქო დავისგან განსხვავებით ადმინისტრაციული დავა შესაძლოა ერთ პირთან მიმართებით გადაწყდეს, თუმცა განსაზღვროს მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი სხვა არაერთი პირის ბედი), ასევე განაპირობებს ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების საჭიროებას. გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილ მოთხოვნებთან მიმართებით სწორედ საჯარო ინტერესში ექცევა. ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრის მნიშვნელოვან მიზნებს შორის სახელდება: სამართლებრივი უსაფრთხოების ...ა, სასამართლოსათვის მიმართვის დროის ფარგლების განსაზღვრა, პოტენციური მოპასუხის დაცვა, სასამართლოს მიერ გარკვეული დროის გასვლის გამო არასრულად ქცეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების გამორიცხვა და სხვ. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 22.10.1996წ. N22083/93; 22095/93 გადაწყვეტილება საქმეზე „Stubbings and others v. the United Kingdom“). სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის უზრუნველყოფა სამართლებრივი სახელმწიფოს მახასიათებელს შეადგენს. უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 27-ე პ.). ხანდაზმულობის ვადების არსებობა სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს (სუსგ 30.10.2014წ. Nბს-312-308(კ-14)). ხანდაზმულობის ვადის გასვლა არა მხოლოდ მოპასუხის იძულებით შესრულებისგან გათავისუფლების წინაპირობაა, არამედ, კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, კრედიტორის მიერ თავისი მოთხოვნის იძულებით განხორციელებაზე უარის თქმასაც მოიაზრებს. მართალია ვალდებულების არსებობისას კრედიტორს აქვს ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინი და ასევე იმის ცოდნა, რომ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი მოთხოვნა იძულებით განხორციელდება, თუმცა დაცვის ღირსი არ არის კრედიტორის მოლოდინი განუსაზღვრელად, ნებისმიერ დროს, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესახებ, რადგან აღნიშნული არ ეფუძნება სათანადო ნორმატიულ დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რის გამო იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი (სკ-ის 3.2 მუხ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება ან ფუნქცია არ აქვს, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეებთან მიმართებით. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული (სუსგ 20.12.2019წ. Nბს-638-634(2კ-17)). აღნიშნულის გათვალისწინებით, კრედიტორის მიერ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარდგენის ნეგატიური შედეგები სწორედ მისი პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა.
საკასაციო პალატა კვლავ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (სუსგ 16.05.2019წ. Nბს-590-590(კ-18)). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გათვალისწინებით, აღარ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ საფუძვლიანობასთან მიმართებით მსჯელობის საჭიროება, თუმცა საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების თანახმად, გ.ბ-ის გათავისუფლების საფუძველი იყო ნორმატიულად დადგენილი ზოგადი წესი - ზღვრული ასაკის მიღწევა და არა დამსაქმებლის ინიციატივა, ამდენად, კონკრეტული ასაკის მიღწევისას სამსახურიდან გათავისუფლება გ.ბ-ისთვის მოსალოდნელი და განჭვრეტადი შედეგი იყო, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან ავადმყოფობის გამო დათხოვნა არ საჭიროებს მოსამსახურის გაფრთხილებას დათხოვნის შესახებ (საქართველოს მთავრობის 18.02.2014წ. N238 დადგენილებით დამტკიცებული "სამხედრო სამსახურის დებულების" XVII თავის მე-6 პუნქტი), მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ "სამხედრო სამსახურის დებულების" X თავის მე-4 პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრულ ასაკთან დაკავშირებით დათხოვნის წინ შეიძლება მიეცეს კუთვნილი შვებულება, ამდენად ზღვრული ასაკის გამო დათხოვნის წინ შვებულების აღება არის მოსამსახურის უფლება და არა ვალდებულება, საქმის მასალებით არ დასტურება გ.ბ-ის მიერ კუთვნილი შვებულების მოთხოვნა და ხელმძღვანელობის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა. გ.ბ-ეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის სურვილი არ გამოუხატავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი