Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-165(გ-22) 24 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ...ის რაიონულ სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის რ.ტ-ის საჩივრის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 20 დეკემბერს რ.ტ-ემ საჩივრით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ელექტრონულ ვიდეოჯარიმებზე N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N...და N... გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების გაუქმება და ასევე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 7 დეკემბრის დადგენილების (საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ) კანონიერების შესწავლა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით რ.ტ-ის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება, განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გორის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რ.ტ-ის იურიდიული მისამართია ხაშურის რაიონი, სოფელი ..., რის გამოც საქმე განსჯადობით ხაშურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე: საჩივრის ავტორი - რ.ტ-ე, მოწინააღმდეგე მხარე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1151−1163, 118—123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე, სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებით. საქმის მასალების მიხედვით, რვა შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია რუსთავი, ხოლო ორ შემთხვევაში - თბილისი. საჩივარში სამართალდამრღვევი თვითონ უთითებს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილია რუსთავი, ...ას ..., ბინაN...

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განსჯადი შეიძლება იყოს რუსთავის საქალაქო სასამართლო და თბილისის საქალაქო სასამართლო. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევების დიდი ნაწილი ჩადენილია ქ. რუსთავში და ასევე, საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია რუსთავი, სასამართლომ მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის განსჯადობით რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რუსათვის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, გარდა სამართალდარღვევის ოქმებისა, სასამართლო იხილავს საჩივრებს, რომელიც არის დაინტერესებული მხარის მიერ სასამართლოში წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანლობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გაუგებარია რატომ მიენიჭა რ.ტ-ის მიერ შეტანილ სარჩელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა სტატისტიკური ნომერი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ სადავოდ გახადა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და აღნიშნა, რომ სადავო დადგენილებები წარმოადგენენ რა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქმე მიეკუთვნება სასარჩელო წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებები და ამ დადგენილებების გაუქმების მიზნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმის შესახებ მიღებული შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერების შესწავლაც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული საქმისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გათვალისწინებით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განმხილველ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ხაშურის რაიონული სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრების - N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N...და N... ვიდეოჯარიმებზე გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების გაუქმება. აღნიშნული დადგენილების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი და მე-8 ნაწილების მიხედვით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა. დავის საგანია ასევე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 7 დეკემბრის დადგენილების (საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ) კანონიერების შესწავლა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე, დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა ასკ-ის 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, ასკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული დადგენილებები გამოტანილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 118-ე−1183, 120-ე, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დაკისრების შესახებ დადგენილებების საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით საქმის განხილვის შესაძლებლობას, დასახელებული ნორმა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის გამო მიღებული დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელი მხოლოდ საჩივრის წარდგენის გზით განსაზღვრას (ასკ-ის 278-ე მუხლი), ხოლო საჩივრის განმხილველი ზემდგომი ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე ასევე საჩივრით საჩივრდება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, განსახილველი დავის სასარჩელო სამართალწარმოების წესით განხილვასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ რ.ტ-ის მიმართ შედგენილი რვა საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქ. რუსთავი, ხოლო ორ შემთხვევაში - ქ. თბილისი. რ.ტ-ის იურიდიული მისამართია ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., თუმცა საჩივარში რ.ტ-ემ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა - ქ. რუსთავი, ...ს ქ. N.., ბინა N...

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსჯადობა ალტერნატიულია და საჩივრის ავტორს შეეძლო საჩივარი წარედგინა სამართალდარღვევის ჩადენის ან თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ ,,საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ამასთანავე, ჩაწერის სისტემისაგან განსხვავებით, რეგისტრაცია განიხილება არა სანებართვო სისტემად, არამედ რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში (,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-4 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საცხოვრებლის არჩევის უფლება არ იზღუდება რეგისტრაციის საჭიროებით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.2 მუხლი ამავე კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის შესაძლებლობას ადგენს დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის და არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამდენად, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი. საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს როგორც რეგისტრაციის ადგილს, ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის კონკრეტულ მონაკვეთში პირი შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ საცხოვრებელ ადგილზე, რის გამო პირის საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა პირის საცხოვრებელი ადგილის უგულებელყოფით, მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის გათვალისწინებით საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ენიჭება პირის საცხოვრებელ ადგილს და არა ადგილსამყოფელს. საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელი დროებით სარგებლობაშია და მას პირი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად არ ირჩევს. სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ მას საცხოვრებელი ადგილი არ აქვს (სსკ-ის 15.2 მუხ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯადობის საკითხისათვის გადამწყვეტია პირის საცხოვრებელი ადგილი და არა ადგილსამყოფელი ან რეგისტრაციის ადგილი“ (სუსგ №ბს-1339(გ-20), 29.04.2021წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მართალია რ.ტ-ემ საჩივარი წარადგინა გორის რაიონულ სასამართლოში, თუმცა აღნიშნული სასამართლო არ მდებარეობს არც საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის და არც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის სამოქმედო ტერიტორიაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ.ტ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ვინაიდან რ.ტ-ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი და ასევე სამართალდარღვევის ჩადენის ადგილიც, უმეტეს შემთხვევაში არის ქალაქი რუსთავი.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ტ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე