Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-755(2კ-21) 20 ივლისი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ რ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „რ...-მა“ 2019 წლის 15 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად „არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანების (ჯარიმის დაკისრების ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის №19 მითითებით შპს „რ...-ს“ მიეცა 15-დღიანი ვადა, პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა ობიექტი ან წარედგინა განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდა 1000 ლარით. მოსარჩელემ გათვალისწინებულ ვადაში, ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა პროექტის კორექტირებისათვის დოკუმენტაცია, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა იგი და ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილებით მოსარჩელე დააჯარიმა 1000 ლარით. მითითებული დადგენილება შპს „რ...-მა“ გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებით შპს „რ...-ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; ბათილად ცნო სადავო დადგენილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მან შეასრულა ზედამხედველობის სამსახურის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნა - არქიტექტურის სამსახურში წარადგინა კორექტირებული პროექტი, რაც გამორიცხავდა მისი 1000 ლარით დაჯარიმებას. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო აქტები უკანონო იყო და არსებობდა მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „რ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო- ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის №19 მითითებით, შპს „რ...-ს“ მოეთხოვა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა ან განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც გათვალისწინებული იყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით. მითითების შესასრულებლად განისაზღვრა 15- დღიანი ვადა;
მოსარჩელემ 2019 წლის 15 ივლისს გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში, მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მის მიერ წარდგენილი არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა მითითებით გათვალისწინებული ობიექტი პროექტთან შესაბამისობაში არ მოუყვანია;
მოსარჩელე, მითითებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო- ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის №20 დადგენილებით დაჯარიმდა 1000 ლარით;
სადავო დადგენილება მოსარჩელემ 2019 წლის 12 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებით შპს „რ...-ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; ბათილად ცნო არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება და მასვე დაავალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დასახელებული გარდაწყვეტილებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს „რ...-ის“ მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სადავო დადგენილების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების პროცედურები. 2019 წლის 4 ივლისის №19 მითითებით, დარღვევის სახედ განისაზღვრა შენობა-ნაგებობის „1-5“ და „ე-ა“ ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლა, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. მოსარჩელემ 2019 წლის 15 ივლისს წარადგინა ახალი პროექტი შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით. სამსახურმა შემოწმების აქტით იმსჯელა მითითების შეუსრულებლობაზე ჯერ კიდევ პროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე და მხარეს წერილით მოსთხოვა ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენა პროექტის შესათანხმებლად, აღნიშნული წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2019 წლის 5 აგვისტოს, 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილების მიღების შემდეგ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანება კანონშესაბამისი იყო და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გამოცემა მოხდა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის შედეგად, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება უკვე ბათილად იყო ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება კი განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო, დასახელებული დადგენილების 25-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას.
სასამართლომ ასევე მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია, სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამო, დამრღვევის დაჯარიმება. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულობლობა თვითმმართველ ქალაქში გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა.
სასამართლომ დასახელებული ნორმატიული აქტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ ...), მის საკუთრებაში არსებული 181.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე, სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელა საჩრდილობლის რეკონსტრუქცია, რაც გამოიხატა შენობა-ნაგებობის „1-5“ და „ე-ა“ ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლაში. აღნიშნულმა ფაქტმა კი გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, არ იყო ამოწურული დარღვევის გამოსწორების ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, განმეორებითი შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდარღვევა კვლავ არსებობდა, ამასთან, მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა დარღვევის გამოსასწორებლად და რეალურად უკვე წარადგინა ახალი პროექტი, შესაბამისად, აღარ არსებობდა სახდელის დაკისრების დანიშნულება, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებით უკვე ბათილადაა ცნობილი „არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ამ უკანასკნელის სასამართლოს მიერ კვლავ ბათილად ცნობის წინაპირობები, ხოლო რაც შეეხება სადავო - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებას, სასამართლოს მოსაზრებით, იგი მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობდა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს „რ...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „რ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანება (გასაჩივრებულ ნაწილში).
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ გაიზიარა მათი სამართლებრივი დასაბუთება. პალატამ საკითხის გადაწყვეტისთვის მიუთითა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა წესების მარეგულირებელ, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესის განმსაზღვრელ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამის ნორმებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. ნორმატიულად კონკრეტული დარღვევისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებას. სახდელის დაკისრების სწორედ აღნიშნული ფუნქციით არის განპირობებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების შესაბამისი პროცედურის გათვალისწინება, სავარაუდო დამრღვევს უნდა მიეცეს გონივრული, კონკრეტულად განსაზღვრული ვადა გადაცდომის გამოსასწორებლად. უკეთუ პირი დადგენილ ვადაში გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება/ განჩინება (საქმე №ბს-468-465 (კ-17). ამდენად, როდესაც, ერთი მხრივ, არ არის ამოწურული დარღვევის გამოსწორების ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, განმეორებითი შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდარღვევა კვლავ არსებობდა და მოსარჩელე გამოთქვამდა მზადყოფნას - აღმოეფხვრა იგი, რეალურად მის მიერ წარდგენილი იყო უკვე ახალი პროექტი, პალატამ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა სახდელის დაკისრების დანიშნულება, ახალი დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, გამორიცხავდა მის მიმართ სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევას და მისთვის დასახელებული კანონის საფუძველზე შესაბამისი სანქციის დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ბათილად ცნო 2019 წლის 29 ივლისის №20 სადავო დადგენილება, რადგან მიიჩნია, რომ იგი კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს. ამასთან, აღნიშნა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობოდა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობდა იმას, რომ უნდაგამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანება სადავო ნაწილში უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს „რ...-ის“ მიმართ მიღებულ იქნა №20 დადგენილება, რომლის თანახმადაც, რუსთავის... მ/რ-ში, ...ის მიმდებარედ, მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევის გამო, შპს „რ...“ დაჯარიმდა 1000 ლარით.
კასატორები არ იზიარებენ სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობდა სახდელის დაკისრების დანიშნულება, დაჯარიმების თაობაზე ახალი დადგენილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, რეალურად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო ახალი პროექტი. ამასთან, ერთი მხრივ, არ იყო ამოწურული დარღვევის გამოსწორების ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, განმეორებით შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდარღვევა კვლავ არსებობდა და მოსარჩელე გამოთქვამდა მზადყოფნას, აღმოეფხვრა იგი. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ნორმათა საფუძველზე, გამორიცხავდა მოსარჩელის ქმედების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევას და მისთვის სანქციის დაკისრებას.
კასატორების მოსაზრებით, აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას, რადგან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების ტერმინთა განმარტების თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიებად, კერძოდ, I სტადიაა ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება), II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება), ხოლო III სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამშენებლო დოკუმენტები კი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენენ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს. ამასთან, სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა არის შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის სამშენებლო დოკუმენტისაგან ისეთი განსხვავებული განხორციელება, (მშენებლობა), რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. დასახელებული ნორმების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შპს „რ...-მა“ ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შესაბამისად წარუდგინა სამშენებლო დოკუმენტები, აღნიშნული გარემოება არ იძლევა ავტომატურად ნებართვის გაცემისა და არსებული სამართალდარღვევის გამოსწორების საფუძველს, რადგან მშენებლობა განხორციელდა პროექტის ისეთი დარღვევით, რომელიც გამოსწორების საშუალებად ითვალისწინებდა მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის პოზიცია, თუმცა იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა კვლავ არსებობდა და იგი არ იყო გამოსწორებული, ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ პასუხობდა მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის დადგენილ ნორმებს, სამსახურს დაევალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის საკმარისად ჩათვალა მხოლოდ ახალი სამშენებლო პროექტის წარდგენა, თუმცა არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რამდენად აკმაყოფილებდა აღნიშნული პროექტი მშენებლობის ახალი ნებართვის მოპოვებისთვის №57 დადგენილების მოთხოვნებს. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „რ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს, სანებართვო პირობების დარღვევის გამო, მოსარჩელის ქმედების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს მაშინ, როცა შპს „რ...-ისთვის“ მითითების მიცემის შემდეგ მის მიერ წარდგენილია ახალი პროექტი არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2019 წლის 26 მარტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის №არქ-167 ბრძანებით, შპს „ ე...ის“ სახელზე, ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ ...), წარდგენილი პროექტის შესაბამისად, საჩრდილობლის (II კლასი) მშენებლობაზე გაიცა მშენებლობის №59 სანებართვო მოწმობა. სანებართვო მოწმობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 27 ივლისის ჩათვლით. ამავე მშენებლობის ნებართვის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობა განახორციელა ობიექტის ახალმა მესაკუთრემ - შპს „რ...-მა“.
2019 წლის 4 ივლისს, სანებართვო პირობების დარღვევის გამო, მშენებლობის მწარმოებელი პირის - შპს „რ...-ის“ მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. შედგა მითითება და დამრღვევს განესაზღვრა 15-დღიანი ვადა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან ადმინისტრაციულ ორგანოში წარედგინა განხორციელებული ცვლიებების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია. 2019 წლის 15 ივლისს, მითითებით განსაზღვრულ ვადაში, მხარემ წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია და მოითხოვა შესაბამისი ნებართვის გაცემა. ამის შემდეგ, სამსახურმა 2019 წლის 23 ივლისის წერილით მხარეს განუმარტა, რომ მშენებლობის გამცემი ორგანო მხოლოდ მას შემდეგ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, როდესაც დამრღვევი წარადგენდა შესაბამისი დარღვევისთვის გამოცემულ აქტსა და ჯარიმის გადახდის ქვითარს. აღნიშნული წერილი შპს „რ...-ს“ ჩაბარდა 2019 წლის 5 აგვისტოს, მანამდე კი, კერძოდ, 2019 წლის 29 ივლისს მოცემულ „არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის №20 დადგენილებით, შპს „რ...“ ქალაქ რუსთავში, მე-... მ/რ-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ ...) საჩრდილობლის რეკონსტრუქციის წარმოებისას, სანებართვო პირობების დარღვევის გამო (რაც გამოიხატა შენობა-ნაგებობის „1-5“ და „ე-ა“ ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლაში, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება) დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებით, ამავე დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება და ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დასახელებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს „რ...-ის“ მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების პროცედურები. 2019 წლის 4 ივლისის №19 მითითებით, დარღვევის სახედ განისაზღვრა შენობა-ნაგებობის ,,1-5" და ,,ე-ა" ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლა, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. მოსარჩელემ 2019 წლის 15 ივლისს წარადგინა ახალი პროექტი შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა შემოწმების აქტით იმსჯელა მითითების შეუსრულებლობაზე ჯერ კიდევ პროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე და მხარეს წერილით მოსთხოვა ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენა პროექტის შესათანხმებლად, რაც მოსარჩელეს ჩაბარდა 2019 წლის 5 აგვისტოს, 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილების მიღების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამასთანავე, 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტი ითვალისწინებს საქმის განხილვის ვადის არა უმეტეს ორი თვით გაგრძელების შესაძლებლობასაც, რაც არ გულისხმობს ვადის გაგრძელებას ყოველთვის ორი თვით, ადმინისტრაციულ ორგანოს განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შეუძლია შეარჩიოს საქმის წარმოების ვადის გაგრძელების კონკრეტული, მიზანშეწონილი პერიოდი, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს ორ თვეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულობელობა გამოწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, 1000 ლარით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევა კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, ნებართვის მფლობელს დაეკისრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საკასაციო სასამართლო, დასახელებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში მშენებლობის კონტროლი, დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან სამშენებლო საქმიანობაზე დარღვევების გამო ობიექტის მფლობელს ეძლევა მითითება არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კასატორმა შპს „რ...-მა“ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელა საჩრდილობლის რეკონსტრუქცია, რაც გამოიხატა შენობა-ნაგებობის „1-5“ და „ე-ა“ ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლაში, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. 2019 წლის 4 ივლისის №19 მითითებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ განეხორციელებინა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა ან განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა საპროცესო ნორმათა დაუცველად, რის გამოც იგი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. ბრძანებაში აღინიშნა, რომ შპს „რ...“ ახორციელებდა საჩრდილობლის რეკონსტრუქციას, ხოლო მის მიერ მითითების შემდეგ წარდგენილი პროექტი საჭიროებდა ახალ ნებართვას, რომელიც მოსარჩელეს არ გააჩნდა, ხოლო დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებისას დაირღვა მისი გამოცემისთვის კანონით დადგენილი პროცედურული ნორმები, რის გამოც ეს უკანასკნელი უკვე გაუქმდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მსჯელობა სადავო დადგენილების მის მიერ არსებითად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამშენებლო პროექტის წარდგენა არ გამორიცხავს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის შესაძლებლობას, თუმცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანების სახეზე არსებობისას, ეთანხმება ამავე აქტის დასკვნას, პროექტის სრულად შეუფასებლობის პირობებში, პროცედურული ნორმების დარღვევის გამო, სადავო დადგენილების ბათილად ცნობისა და საკითხის ხელახლა განხილვის დავალების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ზემოხსენებული გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განიმარტა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. ნორმატიულად კონკრეტული დარღვევისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებას. სახდელის დაკისრების სწორედ აღნიშნული ფუნქციით არის განპირობებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების შესაბამისი პროცედურის გათვალისწინება, სავარაუდო დამრღვევს უნდა მიეცეს გონივრული, კონკრეტულად განსაზღვრული ვადა გადაცდომის გამოსასწორებლად. უკეთუ პირი დადგენილ ვადაში გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმე №ბს-468-465 (კ-17). ამდენად, როდესაც, ერთი მხრივ, არ არის ამოწურული დარღვევის გამოსწორების ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, განმეორებითი შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდარღვევა კვლავ არსებობდა, თუმცა მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა დარღვევის აღმოსაფხვრელად და უკვე წარდგენილია ახალი პროექტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახდელის დაკისრების წინაპირობა ამ ეტაპზე აღარ არსებობს. წარდგენილი პროექტის კანონშესაბამისობის შეფასებამდე ასევე არ არსებობს დაჯარიმების შესახებ ახალი დადგენილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანების ბათილობის შესახებ, რომლითაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს დაევალა შპს „რ...-ის“ მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შეფასების შემდეგ სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობაზე მსჯელობა, კანონსაწინააღმდეგოა და უნდა გაუქმდეს.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე. ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას, რომელიც წარიმართება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანების საფუძველზე, არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იგი იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში დაშვებული შეცდომის შემჭიდროვებულ ვადაში, ქმედითად გამოსწორების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სადავო საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ამდენად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ ემსჯელა სამართალდარღვევის არსებობაზე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ მისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში წარადგინა პროექტი. რაც შეეხება მოპასუხის არგუმენტაციას საჯარიმო ქვითრის წარდგენის დავალებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა მხარეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №3ბ/2022-17 საქმეზე (მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით) განმარტა, რომ უკანონო მშენებლობის გამო ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა არაკონსტიტუციური იყო, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტს (ამჟამად მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე- 11 პუნქტი).
საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ზემოაღნიშნული მსჯელობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანებით უკვე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2019 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება დაჯარიმების შესახებ, მიიჩნევს, რომ აღარ არსებობდა ამ უკანასკნელის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 16 სექტემბრის №1051 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რაც გულისხმობს შპს „რ...-ის“ მიერ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი პროექტის კანონშესაბამისობის შეფასებას და მის შემდეგ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის დადგენას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ სამშენებლო პროექტის წარდგენა ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად განსახილველი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესაწყვეტად, საჭიროა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი პროექტის სამშენებლო პირობებთან შესაბამისობის შეფასება. ამრიგად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი წარდგენილი პროექტის შეფასებისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, კანონიერია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით ასკვნის, რომ შპს „რ...-ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში, შპს „რ...-ის“ მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 (100+150) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „რ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „რ...-ის“ მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 (100+150) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე