საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1046-(კ-19) 16 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორები - ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, კ. კ-ე, ბ. ი-ე, თ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობამ, კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-იმა 2014 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჟ. რ-ეის, ა. ყ-ეისა და ზ. რ-ეის მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირებისთვის - ჟ. რ-ეისთვის, ა. ყ-ეისა და ზ. რ-ეისთვის ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრის დავალდებულება მოითხოვეს. კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის საქმიანობის აღდგენა და ფუნქციონირება, რაც გულისხმობდა შემდეგს: პანსიონის შენობის წინ აღმართული ბარიერის მოხსნას, მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალ შესვლასა და საქმიანობას; მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტების დაუყოვნებლივ აღკვეთას, ასევე, მოპასუხეებისთვის - ჟ. რ-ეისთვის, ა. ყ-ეისა და ზ. რ-ეისთვის პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. მოსარჩელეებმა აგრეთვე მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირებისთვის - ჟ. რ-ეისთვის, ა. ყ-ეისა და ზ. რ-ეისთვის სოლიდარულად მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
2. სარჩელის თანახმად, ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შპს „M...-ს“ დირექტორს - მ. ბ-სა და ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარეს - რ. კ-ეს შორის, 2014 წლის პირველ აგვისტოს, 1 წლის ვადით დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქონება გადაეცა მოიჯარეს. ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა წარმოადგენს უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. აღნიშნულ შენობაში მოსარჩელე ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას გეგმავდა, რისთვისაც 2014 წლის აგვისტოში ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და შენობა აღჭურვეს სათანადო ინვენტარით. მიუხედავად იმისა, რომ ქ....ში, ...ის ქუჩა №...-ში 6 წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება მუსლიმი მოსწავლეებისათვის გახსნილმა პანსიონმა, ახალი პანსიონის გახსნის საჭიროება ძველი შენობის არასაკმარისმა სივრცემ და პანსიონის ეფექტური ფუნქციონირების გამო, მის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
3. მოსარჩელეთა მითითებით, მათ მიზანს წარმოადგენდა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მცხოვრები მუსლიმი ბავშვებისათვის 24-საათიანი მზრუნველობითი პირობების შექმნა და ხარისხიანი სამოქალაქო განათლების მიღების ხელშეწყობა. სასწავლო გეგმის შესაბამისად, დღის განმავლობაში პანსიონის მოსწავლეებს საათნახევარი უნდა დაეთმოთ რელიგიის (ისლამი) შესასწავლად და შეესრულებინათ ხუთგზის ნამაზის ლოცვა, დანარჩენ დროს კი საშინაო დავალებების მომზადებასა და სხვადასხვა სააღმზრდელო ღონისძიებებში მონაწილეობას დაუთმობდნენ. პანსიონის მოსწავლეები სასკოლო განათლებას საჯარო სკოლაში იღებდნენ, პანსიონის მომსახურება კი ითვალისწინებდა მუსლიმი ბავშვებისათვის სასკოლო განათლების მიღების პროცესის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებული იყო სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, მისი გახსნა 2014 წლის 15 სექტემბერს იგეგმებოდა.
4. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეები - ჟ. რ-ეე, ა. ყ-ეე და ზ. რ-ეე მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონის ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმდინარე პერმანენტული აქციების ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ. აქციის მონაწილეები თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებდნენ და საკუთარი რელიგიური მსოფლმხედველობითა და იდენტობით ხსნიდნენ პანსიონის საქმიანობისთვის ხელის შეშლის აუცილებლობას. აქციის მონაწილეების ქცევა კარგად ორგანიზებული და შეთანხმებული იყო. ისინი პანსიონის შენობასთან მორიგეობდნენ და თითქმის სამი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკონტროლებდნენ პანსიონის შენობაში გადაადგილებას. მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი 2014 წლის 10 სექტემბრის მოვლენებამდეც ახორციელებდნენ პანსიონის თანამშრომლების დევნას რელიგიური ნიშნით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებთა 7-8-კაციანი ჯგუფი მათთან ხშირად მიდიოდა და იმუქრებოდა, რომ მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას ...ის ქუჩაზე არ დაუშვებდნენ. გამოვლინდა პანსიონის რემონტისთვის ხელშეშლის, მათ შორის, ინვენტარის შეტანის შეზღუდვის ფაქტები.
5. მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომელთა დიდი ნაწილი აღნიშნული ქუჩის მცხოვრებნი იყვნენ და თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებდნენ, მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი დემონსტრაციულად შენობის კარზე მიაჭედეს. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოქმედება ისლამში ღორზე, როგორც უწმინდურ ცხოველზე მოქმედ აკრძალვას განზრახ დაუკავშირეს. მოსარჩელეების რწმენით, აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ღორის დაკვლის შემდეგ ამ ადგილს უწმინდურად ჩათვლიდნენ და მუსლიმები შენობაში შესვლას აღარ მოისურვებდნენ. მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის ქცევა დემონსტრაციულად რელიგიურ ხასიათს ატარებდა. პანსიონის შენობის წინ მათ რკინის დიდი ჯვარი აღმართეს და რამდენჯერმე ლოცვის რიტუალიც შეასრულეს.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 10 სექტემბრიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებული ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პანსიონის შენობასთან და განგრძობითად აკონტროლებდა როგორც პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ისე უშუალოდ პანსიონის შენობაში შესვლას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ უფრო მეტად მკაცრი და ორგანიზებული ხასიათი 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ მიიღო, როცა აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხის კონსტრუქციებითა და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. ამ დღეს პანსიონში უნდა დაწყებულიყო სწავლა, რის გამოც შეკრებილი მუსლიმი მოსწავლეები და ადმინისტრაცია პანსიონის გახსნის ზეიმისთვის ემზადებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებულმა ჯგუფმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, მათ მიმართ იძულება და მუქარა განახორციელა. 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებულმა ჯგუფმა, პანსიონში დარჩენის შესაძლებლობა პანსიონის 3 წარმომადგენელს მისცა, 27 სექტემბრის შემდეგ კი - მხოლოდ ერთ პირს. აქციის მონაწილეები, მათ შორის, მოპასუხეები მედიასთან საუბრისას პირდაპირ ადასტურებდნენ პანსიონის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და პანსიონის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებს. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდებოდა პანსიონის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მუსლიმ თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისთვის პანსიონის შენობაში შესვლისა და გამოსვლის კონტროლი. მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან გადაადგილების თავისუფლების კონტროლისა და შეზღუდვის ინტენსივობასა და მასშტაბს ამტკიცებს შეზღუდვის არაერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც მოსარჩელეები, მოწმეები და უშუალოდ მოპასუხეებიც ადასტურებენ. მოსარჩელეები და მოწმეები მიუთითებდნენ, რომ ყოველი შემთხვევის დროს პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა უმოქმედობას ავლენდა და სიტუაციაში არ ერეოდა.
7. მოსარჩელეთა მითითებით, 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პოლიციის ჯგუფი პერმანენტულად პანსიონის ახლოს მორიგეობდა და აკონტროლებდა სიტუაციას. ადგილზე პატრულირების მიუხედავად, პოლიცია არ რეაგირებდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, საკუთრების უფლებით სარგებლობის, მუქარის და იძულების ფაქტებზე. პოლიციის წარმომადგენლები სიტყვიერ გაფრთხილებასაც კი არ აძლევდნენ სამართალდამრღვევებს. ამასთან, მუსლიმი თემის აღქმით, პოლიცია პირად ურთიერთობებში ლოიალობას ავლენდა ადგილობრივი მოსახლეობის (აქციის მონაწილეთა) მიმართ. არაეფექტურ პრევენციასთან ერთად პოლიციამ არ უზრუნველყო ეფექტური გამოძიების ჩატარება. 2014 წლის 11 სექტემბერს პოლიციის მიერ დაკავებული სამი პირის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის დადგენილება) საერთოდ არ ჩანს რაიმე კავშირი დაკავებული პირების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასა და პანსიონის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს შორის. შსს-ს თანამშრომლების უმოქმედობის ფაქტზე რეაგირებისა და რელევანტური საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, 2014 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენლმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ორგანიზაციას არ მიუღია.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეის და თ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - ჟ. რ-ეეს, ა. ყ-ეეს და ზ. რ-ეეს დაევალათ ქ. ...ში, ...ის ქუჩის №13-ში მდებარე მოსარჩელე ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, კერძოდ, ჟ. რ-ეეს, ა. ყ-ეეს და ზ. რ-ეეს დაევალათ შეწყვიტონ პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რაც მათ შორის გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში; მოპასუხეებს - ჟ. რ-ეეს, ა. ყ-ეეს და ზ. რ-ეეს დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. რ-ეემ, ა. ყ-ეემ და ზ. რ-ეემ, რომელთაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობამ, კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-იმა, რომელთაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ამ ნაწილში საქმე, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეის, თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ ქ....ში, ...ის ქუჩა №...-ში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მიერ დაფუძნებული პანსიონი, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მუსლიმი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას. პანსიონში ბავშვები ცხოვრობენ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესიდან თავისუფალ დროს და სწავლობენ რელიგიის საფუძვლებს. კ. კ-ე, ბ. ი-ე და თ. ხ-ი არიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ბ. ი-ე არის ქ....ში, ...ის ქ №...-ში მდებარე პანსიონის მასწავლებელი, კ. კ-ე წლების განმავლობაში სწავლობდა აღნიშნულ პანსიონში და დასაქმებულია აქვე, ხოლო თ. ხ-ი არის მუსლიმი თემის წარმომადგენელი და სურვილი აქვს მისი არასრულწლოვანი შვილი სწავლობდეს ამ პანსიონში. ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა გეგმავდა ...ში, ...ის ქუჩა №13-ში შპს „M...-ს“ კუთვნილ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებული იყო სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მიერ ახალი პანსიონის გახსნა იგეგმებოდა 2014 წლის 15 სექტემბრისათვის. ამ მიზნით ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მიერ დაიწყო ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მისი სათანადო ინვენტარით აღჭურვა.
14. ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში პანსიონის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდნენ აღნიშნული შენობის მეზობლად მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში შენობის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო.
15. 2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებდნენ, პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი დემონსტრაციულად პანსიონის შენობის კარზე მიაჭედეს. შენობის წინ კი რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. ...ის ქუჩის მცხოვრებნი ახორციელებდნენ 24-საათიან მორიგეობას პანსიონის შენობასთან და აკონტროლებდნენ ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის წევრების და სხვა მუსლიმი მოქალაქეების მიერ პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ასევე უზღუდავდნენ მათ პანსიონის შენობაში შესვლას.
16. 2014 წლის 15 სექტემბერს, როცა პანსიონი ოფიციალურად უნდა გახსნილიყო, აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხის კონსტრუქციებით და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ მოპასუხე ფიზიკური პირები, მათ არ აძლევდნენ შენობის დატოვების უფლებას, ხოლო მუსლიმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცხადდნენ სწავლის დასაწყებად, შენობის გვერდით მცხოვრებმა მეზობლებმა, მათ შორის, ჟ. რ-ეემ, ა. ყ-ეემ და ზ. რ-ეემ არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება.
17. 2014 წლის სექტემბერში ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის წინ მიმდინარე აქციების დროს მოპასუხეები აკეთებდნენ ისლამოფობიურ განცხადებებს, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პანსიონის გახსნას. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ მოპასუხეების და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდებოდა ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის წევრების, პანსიონის მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მუსლიმ თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისათვის ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში შესვლისა და გამოსვლის კონტროლი, ამასთანავე დაფიქსირდა სასმელი წყლის გადაკეტვის, ასევე მაღაზიის მომსახურების მიღების ხელშეშლის ფაქტები. სასამართლოს მითითებით, როგორც მოწმეების - დ. ც-ეის და რ. გ-ეის ჩვენებებით დგინდება, ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილი პირებისათვის საკვებით უზრუნველყოფაში ხელშეშლას, პანსიონში თავისუფლად გადაადგილების ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებს.
18. 2014 წლის 10 სექტემბერს ...ში მცხოვრებმა, შპს „M...-ის“ წარმომადგენელმა მ. მ-ეემ განცხადებით მიმართა ...ის რაიონულ სამმართველოს აქციის მონაწილეების მხრიდან ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურებისათვის განხორციელებული მუქარის შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე და მიმდინარეობს გამოძიება.
19. ...ის გამგებლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, მოპასუხე ფიზიკურ პირებსა და ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის წევრებს შორის, მორიგების მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ...ის გამგებელი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლები. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის თავმჯდომარემ, რ. კ-ემაც, რომელმაც განმარტა, რომ საკითხის მოგვარების მიზნით იგი არაერთხელ შეხვდა, როგორც ადგილობრივი მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ...ის ქუჩის მცხოვრებნი კვლავ ეწინააღმდეგებოდნენ პანსიონის გახსნას, რის გამოც ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობასთან, 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, მობილიზებულ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდნენ 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტის დროს, როცა ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობაზე ღორის თავი მიაჭედეს, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
20. 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ კი პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა აღნიშნული ტერიტორია, ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის თანამშრომლებისათვის დასახმარებლად ამ პერიოდში არავის მიუმართავს.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების განმარტებებით ირკვევა, რომ ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2014 წლის 15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პოლიციის მინიმუმ ორი თანამშრომელი. როგორც აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც დაარღვევდა წესრიგს და საჭიროს გახდიდა პოლიციის რეაგირებას.
22. მოწმეების - დ. ც-ეის და რ. გ-ეის, ასევე მოსარჩელეების - კ. კ-ეის და ბ. ი-ეის ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილთა საკვებით უზრუნველყოფის ხელშეშლას, ასევე მათ შეურაცხყოფას, თუმცა მათ დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
23. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტები (მოსარჩელეები) მიუთითებდნენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში გამოიხატა, რაც რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ქცევის შეწყნარებასა და დაშვებას განაპირობებს.
24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მუსლიმი თემის უფლებებისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდიფერენტულობითა და ზედაპირული დამოკიდებულებით განხორციელდა მათი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით. პანსიონში არსებული განგრძობადი დისკრიმინაციის შედეგად ხელი შეეშალათ კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მუსლიმი მოსახლეობის მიმართ მუქარისა და დევნის ფაქტებზე არ მომხდარა სამინისტროს მხრიდან დროული რეაგირება, მოპასუხე ვერ ასაბუთებს რამდენად სწორად იყო გამოყენებული მის ხელთ არსებული მექანიზმები მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დასაცავად. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენს - მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; დაუყოვნებლივ აღკვეთოს მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები და დაეკისროს სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით.
25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო დისკრიმინაციული მოტივით. ამდენად, ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეთა დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით, გამოწვეულს საქართველოს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გატარდა რიგი ღონისძიებები, კერძოდ, 2014 წლის 10 სექტემბერს შსს-ს ...ის რაიონულ სამმართველოში შესული განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო ...ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ...ის ქუჩის №13-ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურების მუქარის ფაქტზე, დაწყებულ იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე და მიმდინარეობს გამოძიება. მხოლოდ ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტად, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გამოძიების გაჭიანურება მოხდა განზრახ და იგი გამოწვეულია რომელიმე მხარის რელიგიური კუთვნილების გამო. ასევე, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მითითებულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წერილობით მიმართა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა. გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და წერილობითი მიმართვები შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, აღნიშნული ეცნობა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს.
27. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ...ის გამგებლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აქციის მონაწილეებს ანუ ქ. ...ში, ...ის ქუჩის მცხოვრებლებს, მათ შორის, მოპასუხე ფიზიკურ პირებს და ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის წევრებს შორის მორიგების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ...ის გამგებელი, სახალხო დამცველის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
28. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. ...ში, ...ის ქუჩის №13-ში მდებარე შენობასთან 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ მობილიზებულ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მუდმივად კონტროლდებოდა ტერიტორია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარედ მორიგეობდნენ 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ. 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტის დროს, როცა ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობაზე ღორის თავი მიაჭედეს – პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებდნენ, ისინი გამოიძახეს აღნიშნული ინციდენტის შემდეგ. შესაბამისად, აპელანტების მტკიცება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იჩენდა პასიურ დამოკიდებულებას მოსარჩელეთა უფლებების დარღვევის მიმართ მათი რელიგიური იდენტობის გამო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
29. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა თვით აპელანტების განმარტება, რომ პოლიციას დაწესებული ჰქონდა 24-საათიანი მორიგეობა შემთხვევის ადგილზე, რაც პალატის აზრით, ადასტურებს სამართალდამცავთა მზადყოფნას – არ დაეშვათ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევა და საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად აღეკვეთათ ამ თვალსაზრისით მართლწესრიგის დარღვევის მცდელობის ფაქტები.
30. პალატამ განმარტა, რომ ყველა ის მოქმედება, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან (მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და სხვა) და ის გარემოება, რომ ამგვარი ფაქტები აღკვეთილია, მიუხედავად დაპირისპირებისა, მიუთითებს, რომ პოლიციის მხრიდან ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის განსახორციელებლად.
31. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ასევე იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, შს სამინისტრო მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინტერესების დაცვით.
32. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული უფლება, რომლის სარგებლობაშიც მოსარჩელეებს ხელი შეეშალათ, მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს ქმედებას არ უკავშირდება - ადგილი არ ჰქონია ხსენებული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ასეთი შეუსრულებლობით მოსარჩელეთა უფლების (გამოევლინათ საკუთარი რელიგია და მრწამსი სწავლებით, რაც, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე კავშირშია საკუთრების უფლებასთან, განათლების მიღების უფლებისა და მშობელთა უფლებასთან - ბავშვებმა მიიღონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება) დარღვევას.
33. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობამ, კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-იმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
34. კასატორთა მითითებით, მოცემული დავა შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიური ვალდებულებების განუხორციელებლობას დისკრიმინაციული მოტივით, რომელიც არსებითად განპირობებული იყო მოსარჩელეთა რელიგიური იდენტობით. სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიური ვალდებულებების და განვითარებული მოვლენების კონტექსტში მისი რეაგირების ადეკვატურობა, განსაკუთრებით კი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად გასატარებელი პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში. ასევე, კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს მიერ თითქმის არ არის შეფასებული და, შესაბამისად, დასაბუთებული შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ განგრძობადი დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის კუთხით.
35. კასატორების განმარტებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ როგორ გამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა უფლებების დაცვის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს თავიდანვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში განვითარებული მოვლენების საფრთხე და სწორედ ამის გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის 15 სექტემბრიდან პოლიციის მუდმივი მორიგეობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიური ვალდებულება აღნიშნული შემთხვევის მსგავსი საფრთხეების პირობებში განახორციელოს სამართალდარღვევების პრევენცია, პირთა უფლებების პროაქტიული დაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად პასიური დაკვირვების ინსტრუმენტად აქცია, რომელიც მხოლოდ რეაქციული საქმიანობით შემოიფარგლებოდა.
36. კასატორთა მითითებით, კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხორციელდებოდა განგრძობადი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, რაც გამოიხატებოდა პანსიონის შესასვლელთან მოსახლეობის ქმედებაში, იმ პერიოდში, როდესაც პოლიციის თანამშრომლები 5-10 მეტრის დაშორებით მორიგეობდნენ 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად, მათთვის აღქმადი იყო ეს ყოველივე, რის გამოც კასატორებს დაუსაბუთებლად მიაჩნიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის გამორიცხვა. ამასთან, გამოძიების ეფექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით კასატორები აღნიშნავენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამი პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გამოტანილ იქნა სრულიად სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელსაც შემხებლობა არ ჰქონია მუსლიმების მიერ უფლებების სარგებლობასთან უშუალო ხელშეშლაში. კასატორთა მითითებით, მოცემულ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური რეაგირება საერთოდ არ განხორციელებულა. კასატორთა მოსაზრებით, პოლიციის მხრიდან ხორციელდებოდა არაეფექტური მონიტორინგი.
37. კასატორთა მითითებით, მართალია, პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ 24-საათიან მორიგეობას, მაგრამ მათ მიერ არ განხორციელებულა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-11, მე-16, მე-17 და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში უარყოფენ 24-საათიანი მორიგეობის დროს პანსიონის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტს. მსგავსი სახის უარყოფა კი მიუთითებს პოლიციის არაეფექტურობაზე, მიმდინარე პროცესების მიმართ ინდიფერენტულობასა და ადგილობრივი დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე. კასატორები ასევე მიუთითებდნენ, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ პანსიონის შენობის გახსნასა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება.
39. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია და არ ეწინააღმდეგება, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას, ასევე ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
40. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ნაწილში ეფუძნება დისკრიმინაციის მოტივით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას კუმულაციურად უნდა შეფასდეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების განუხორციელებლობა, ასევე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციის მოტივით. განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტის დაუდასტურებლობის პირობებში, მხოლოდ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა არ ქმნის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
41. საკასაციო სასამართლოს მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები. ამავე კანონის 5.4 მუხლით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით იქნა დაწესებული მუდმივი მორიგეობა და 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორია, რათა არ მომხდარიყო რაიმე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება.
42. ამასთან, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსარჩელეთა უფლებების დაცვას ახორციელებდა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის პარალელურად. საქართველოს კონსტიტუციისა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ასევე იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეენარჩუნებინა ბალანსი ორ დაპირისპირებულ უფლებას შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინტერესების დაცვით.
43. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პოლიცია პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად განახორციელა საპოლიციო ღონისძიებები, მორიგეობდა 24 საათის განმავლობაში და მუდმივად აკონტროლებდა ტერიტორიას, რათა მხარეებს შორის არ მომხდარიყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციას 24-საათიანი მორიგეობის დროს არ დაუშვია დაპირისპირება მოდავე მხარეებს შორის. სწორედ პოლიციის დამსახურებას წარმოადგენდა, რომ ერთჯერადი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციის მხრიდან პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, უფრო მძიმე შედეგი არ დადგა და პოლიციის მობილიზაციის შედეგად მხარეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
44. კასატორთა მტკიცებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალება არ ამართლებდა მიზანს და პოლიციის 24-საათიანი მორიგეობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს პანსიონით სარგებლობა, მიუთითებდა პოლიციის მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში გამოყენებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოობაზე და არ ადასტურებდა პოლიციის დისკრიმინაციულ მიდგომას კასატორთა მიმართ.
45. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, 413-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
46. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
47. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კასატორები მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებდნენ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციის მოტივით პოზიტიური ვალდებულების განუხორციელებლობაზე და განმარტა, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს), ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრონ არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევენციაში.
48. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლზე, რომლითაც დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
49. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორები ვერ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან რელიგიური სიძულვილის საფუძვლით მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა ფიზიკური პირების წინააღმდეგობის გამო. კასატორთა მიერ დასახელებული გარემოებები კი მიუთითებს პოლიციის ქმედებათა არასათანადოობაზე და არ ადასტურებს პოლიციის დისკრიმინაციულ მიდგომას კასატორთა მიმართ. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეზე დადგენილი ის გარემოება, რომ პოლიციის მხრიდან ხდებოდა მორიგეობა 24-საათიან რეჟიმში (რასაც არც მოსარჩელეები უარყოფენ), ამასთან, ის გარემოება, რომ როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ჩართული იყო დაპირისპირებულ მხარეთა მორიგების პროცესში, ასევე ის გარემოება, რომ ქ. ...ში, ...ის გამზირზე შეუფერხებლად ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის პანსიონი, გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ამასთან, განსხვავებით იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული საყოველთაოდ ცნობილი ძალადობის არაერთი ფაქტისა (იხ. საქმე "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", №28490/02, 07.10.2014; "იეჰოვას მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები" საქართველოს წინააღმდეგ, №71156/01, 03.05.2007), აჭარის რეგიონში წლებია თანაცხოვრობენ ქართველი მუსლიმები, სადაც განხორციელდა ათობით მეჩეთის მშენებლობა, რაც ასევე გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან ქართველი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.
50. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობის პირობებშიც, არ დასტურდება ამ ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამორიცხავს მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა მიმართ ფიზიკური პირების (თავდაპირველი მოპასუხეები) მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი კი დადასტურებული იყო სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
51. საკასაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა კასატორთა მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ("ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", №28490/02, 07.10.2014; "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", №73235/12, 12.05.2015), სადაც ადგილი ჰქონდა მოცემული დავისგან რადიკალურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა ევროსასამართლოს შესაბამისი შეფასებები. დასახელებულ საქმეებში, ერთ შემთხვევაში ("იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ") დადგინდა პოლიციის სრული უმოქმედობა, ხოლო მეორე შემთხვევაში ("ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ") თავად პოლიცია ახდენდა მომჩივანთა უფლებების დარღვევას. მითითებულ საქმეებში პოლიციის ორგანოებს არავითარი ღონისძიება არ განუხორციელებიათ მომჩივანთა ინტერესების დასაცავად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
52. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
53. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში აპელანტთა მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ აპელანტთა მოთხოვნას წარმოადგენდა როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება დისკრიმინაციის მოტივით პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ასევე პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა, რაც ასევე მოიცავდა შენობის წინ არსებული ბარიერების მოშლას. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად, აპელანტების წარმომადგენელმა მოცემული დავის ფარგლებში მოითხოვა მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; დაუყოვნებლივ აღეკვეთა მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები და სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით. აპელანტებმა მოთხოვნა მხოლოდ ხელოვნური ბარიერების ნაწილში მოხსნეს, იმ მოტივით, რომ იგი მუნიციპალიტეტმა დაასუფთავა. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არაერთგზის აღნიშნა, რომ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მსჯელობის გარეშე ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას. იმ პირობებში, როდესაც აპელანტების წარმომადგენელი ადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობას, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი ფაქტები აღკვეთილი იყო, რაც ადასტურებს საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევასა და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელის უმთავრეს მიზანს სწორედ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
54. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებისაკენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს (მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე) მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების ვალდებულების დადგენას.
55. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის დავალების წინაპირობას წარმოადგენს საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ვინაიდან სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას საქმეზე უნდა დასტურდებოდეს მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა.
56. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებულ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რა დროსაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია საქმის განხილვის დროს არსებული მდგომარეობა პანსიონით სარგებლობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
57. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინებით, ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ - ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის სარჩელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში.
58. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 1 მარტს ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეის და თ. ხ-ის წარმომადგენელმა დავით ბერძულმა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დააზუსტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა - "პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა" - გულისხმობდა მოპასუხის დავალდებულებას, უზრუნველეყო:
- პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 24-საათიანი მორიგეობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში;
- პანსიონის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ბენეფიციარებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისთვის პანსიონის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნა;
- არ დაეშვა, ხოლო არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღეკვეთა, მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მუქარისა და იძულების ფაქტები.
59. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებისაკენ. მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი სასამართლოს მიმართავს არსებული მდგომარეობის შეცვლის და, შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული საკასაციო პალატის მითითება, რომ მოპასუხე სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას საქმეზე უნდა დასტურდებოდეს საქმის განხილვის დროის მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა.
60. საქმის ხელახალი განხილვისას წარდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 27.02.2019 წლის MIA 1 19 00516851 წერილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონულ სამმართველოში ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მფლობელობაში არსებული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტზე რაიმე სახის შეტყობინება, განცხადება ან მომართვა არ შესულა.
61. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112-ის“ დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 28.02.2019 წლის MIA 9 19 00525831 წერილით დადგინდა, რომ შსს-ს სსიპ ,,112-ში“ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მფლობელობაში არსებული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ იძებნება.
62. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
63. სააპელაციო პალატამ მიუთითა პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, პოლიციის ფუნქციებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებზე და განმარტა, რომ პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების (უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ლ“ ქ/პ)) საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება. პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. საფრთხის აღკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიების არსებობისას საკმარისია ერთ-ერთის გამოყენება (სპშკ-ის მუხ.13).
64. კანონით მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად პოლიცია მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე და თავად წყვეტს - განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება. მას მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ამდენად, პრევენციული ღონისძიების თუ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების შერჩევა, მათი პრიორიტეტულობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას განეკუთვნება, რაშიც სასამართლო ვერ შეიჭრება.
65. სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ გააკონტროლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები - რამდენად ემსახურება კონკრეტული ღონისძიების გამოყენება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, აღნიშნული მიდგომა გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციულია თუ ადგილი აქვს უმოქმედობას, რითაც საფრთხე ექმნება კანონით დაცულ სიკეთეს - საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.
66. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვის დროის მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა არ დასტურდება, სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით აპელანტს (მოსარჩელე) მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი - სასამართლო გადაწყვეტილებით განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება საპოლიციო ღონისძიების განხორციელებაზე - არ არსებობს, რაც წარმოდგენილი სააპელაციო და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას განაპირობებს.
67. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობამ, კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-იმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება მოითხოვეს.
68. კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნა დაეფუძნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობით შექმნილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელმაც ხელი შეუწყო და წაახალისა კერძო პირების მიერ კასატორთა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა - კერძო პირთა მხრიდან რელიგიური კუთვნილებით განპირობებული დისკრიმინაციული ხელშეშლა, რაც გამოიხატა არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი), მფლობელობის უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი), პირადი ცხოვრების უფლების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი) და რელიგიის თავისუფლების (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი), აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლითა და "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის" მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული ბავშვების მშობელთა მრწამსის მიხედვით რელიგიური და ზნეობრივი აღზრდის უფლებების დარღვევებში.
69. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა კერძო პირების მხრიდან კასატორთა უფლებების დარღვევის პრევენციის და აღმოფხვრის ნაწილში პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი, რამაც პირდაპირი ხელშემწყობი გავლენა იქონია კერძო პირთა მხრიდან დადასტურებული დისკრიმინაციული მოტივით რელიგიური ჯგუფის უფლებების დარღვევაზე. სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა აღნიშნული ვალდებულება, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალწარმოებაში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულის შესრულების შეფასების კუთხით. კერძო პირთა მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებული კასატორთა უფლებების განგრძობადი დარღვევა, თავისთავად ნიშნავს შსს-ს მხრიდან პრევენციული ზომების მიუღებლობას და საფუძველს აძლევს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების სადავოობას. მნიშვნელოვანია არსებობდეს ჩამოყალიბებული პრაქტიკა ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით წარმოებულ ისეთ დავებზე, სადაც ქმედების განხორციელებაზე ადმინისტრაციულ ორგანოთა უარი შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულებაზე.
70. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში ავითარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საწინააღმდეგო მიდგომას, რომლის მიხედვით, განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლნი ვალდებული არიან გამუდმებით, ყოველ ჯერზე თავიდან მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს, მაშინაც, როცა სამართალდამცავთა ჩარევას შედეგი არ მოაქვს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სასამართლოში პერსპექტივა მათ მოთხოვნას პოზიტიური ვალდებულების შესრულების მიზნით ქმედების დავალდებულების შესახებ.
71. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმაზე, მიმართავს თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს პირი უფლების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ დააფუძნა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ აპელანტს სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს, ისე რომ მხედველობაში არ მიიღო განგრძობადი დისკრიმინაციული ხელშეშლა, რაც პანსიონატის გახსნის დღიდან მიმდინარეობდა და ის გარემოება, რომ მოცემულ მომენტში პანსიონატი ვერ ახერხებს ფუნქციონირებას, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ("ბეღელური საქართველოს წინააღმდეგ" no. 28490/02, §145, 07.10.214; „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“, №71156/01, §96, 03.05.2007).
72. გასაჩივრებულ განჩინებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიური ვალდებულების როლი, განსაკუთრებით კი პრევენციული ღონისძიების განხორციელების კუთხით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონისა და ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად გასატარებელი ღონისძიებების კონტექსტში ფიზიკურ პირთაგან მომდინარე განგრძობადი დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის თვალსაზრისით.
73. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ იმ პერიოდში როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხორციელდებოდა პანსიონატის საქმიანობისათვის დისკრიმინაციული ხელშეშლა (2014 წლის 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით და 2014 წლის 15 სექტემბრის შემდგომ) პოლიციის თანამშრომლები პერიოდულად, ხოლო 15 სექტემბრის შემდგომ 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხელშეშლის ადგილზე. შესაბამისად, ამ ვითარებაში შსს-ს წარმომადგენლებისათვის აღქმადი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი პირებისგან მოსარჩელეთა მხრიდან პანსიონატით სარგებლობის ხელშეშლა, პანსიონატის თანამშრომელთა შეურაცხყოფა და მათი გადაადგილების კონტროლი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია დისკრიმინაციული ხელშეშლა, ხოლო ხელშეშლის შედეგად სახეზეა პანსიონატით სარგებლობის, მისი ფუნქციონირებისა და საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, რაც იწვევს კასატორთა რიგი ფუნდამენტური უფლებების არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის, მფლობელობის უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებისა და რელიგიის თავისუფლების, ასევე მიმოსვლის თავისუფლებისა და ბავშვების მშობელთა მრწამსის მიხედვით რელიგიური და ზნეობრივი აღზრდის უფლების დარღვევას.
74. კასატორებს მიაჩნიათ, რომ შემდგომ პერიოდში ვითარების უცვლელობაზე მიუთითებდა თავად საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინება. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას წარადგინეს მოწმეთა - ს. მ-ეის, ზ. ხ-ეის, ტ. კ-ეისა და მ. მ-ეის წერილობითი ჩვენებები, სადაც მოწმეები აღწერდნენ 2019 წლის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას - როგორ უშლიდა ხელს ადგილობრივი მოსახლეობა პანსიონის შენობაში შესვლაში, მოქალაქეები უკრძალავდნენ მათ ტერიტორიაზე ყოფნას, აყენებდნენ შეურაცხყოფას და აშკარად ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ პანსიონის ფუნქციონირებას. ადგილობრივი ინტერნეტგამოცემის სტატია და შპს "ქ...ის" მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, დასტურია მოსახლეობის უარყოფითი განწყობისა და აშკარა განზრახვას, ხელი შეუშალონ პანსიონის ამოქმედების ყოველგვარ მცდელობას. მოწმეთა ჩვენებების საქმისათვის დართვაზე სასამართლომ თქვა უარი, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები არ შეაფასა.
75. სააპელაციო სასამართლო, პანსიონით სარგებლობასთან დაკავშირებით საქმის განხილვის დროს არსებული მდგომარეობის გამორკვევისას შემოიფარგლა მხოლოდ იმის დადგენით, იყო თუ არა შსს-ში მიმართვა განხორციელებული ხელშეშლის შესახებ და მიიჩნია, რომ შსს-ს მიმართ ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა მხოლოდ მაშინ იარსებებდა, თუ მას მიმართავდნენ პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის აღმოფხვრის მოთხოვნით და შსს შესაბამის მოქმედებას არ განახორციელებდა, რაც ეწინააღმდეგება პოზიტიური ვალდებულების შესრულების შეფასების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.
76. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო განგრძობადი დისკრიმინაციული ხელშეშლა, რაც პანსიონის გახსნის დღიდან მიმდინარეობდა და ის გარემოება, რომ მოცემულ მომენტში პანსიონატი ვერ ახერხებს ფუნქციონირებას ადგილობრივი მოსახლეობისაგან მომდინარე ხელშეშლის გამო და სწორედ ამ ხელშეშლის მიზეზით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს პანსიონის წყალარინების ქსელზე დაერთებას, რაც გამორიცხავს მის ფუნქციონირებას. ეს მოცემულობა სამოქალაქო საქმეზე დადგენილ დისკრიმინაციული ხელშეშლის ფაქტთან ერთად ქმნის ისეთ შემადგენლობას, რასაც ვერ გადაწონის მხოლოდ ის ფაქტი, რომ კასატორებს შსს-სთვის არ მიუმართავთ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. მით უმეტეს, რომ სარჩელის აღძვრამდე მათ არაერთხელ მიმართეს შსს-ს ამ მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
77. კასატორებს მიაჩნიათ, რომ პანსიონატის გახსნის დღიდან მიმდინარე განგრძობადი ხელშეშლა, ის გარემოება, რომ მოცემულ მომენტში პანსიონატი ვერ ფუნქციონირებს, სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები (ინტერნეტგამოცემის სტატია და სასამართლო გადაწყვეტილება), რომლებიც ადასტურებენ მოსახლეობის უარყოფით განწყობებს და აშკარა განზრახვას ხელი შეუშალონ პანსიონის ამოქმედებას, ამჟამად სასამართლოში მიმდინარე დავა პანსიონატის წყალარინების ქსელზე დაერთებაზე, რასაც შპს "ქ...ი" არ ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ხელშეშლის გამო, ქმნის იმ ერთობლიობას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო, როგორც შსს-თვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის არარსებობის დადგენა იმ ვითარებაში, როდესაც აშკარაა რომ პანსიონატი ვერ ფუნქციონირებს უსაფრთხოების ზომების მიუღებლობისა და კასატორთა უფლებების დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ ქმედების განხორციელების შესახებ სარჩელის უარის საფუძვლად.
78. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2018 წლის 15 მარტის განჩინებაში მიუთითებდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში შერჩეული ღონისძიების სათანადოობის შეფასების აუცილებლობაზე, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ პოლიციის დისკრეციული უფლებამოსილების მიმოხილვით შემოიფარგლა და არ შეუფასებია კასატორთა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის, მფლობელობით შეუფერხებელი სარგებლობის, ბავშვების აღზრდის უფლების დარღვევის მაღალი ინტენსივობა და რამდენად სწორად იყო დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული შსს-ს მხრიდან კასატორთა დასაცავად და იყო თუ არა მათ მიერ განხორციელებული ღონისძიება გამოსადეგი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
79. კასატორების მითითებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ კასატორების მხრიდან მიმართვის განუხორციელებლობის მიზეზი იყო სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება, ვინაიდან გაჩნდა მოლაპარაკების გარკვეული რესურსი. თუმცა, როგორც მათი ჩვენებები და ინტერნეტგამოცემა "...ის" სტატიაც ადასტურებს, პანსიონის ტერიტორიაზე ყოველ შესვლას მაინც მოჰყვებოდა დაძაბულობა და შელაპარაკება.
80. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ მოიპოვება სათანადო დასაბუთება, თუ როგორ გამოირიცხება შსს-ს პასუხისმგებლობა კასატორთა უფლებების დაცვაზე იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულმა ორგანომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის 15 სექტემბრიდან უზრუნველეყო საპატრულო ეკიპაჟის მუდმივი მორიგეობა. მით უმეტეს, რომ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხორციელდებოდა განგრძობადი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, რაც გამოიხატებოდა პანსიონატის საქმიანობის, მისით სარგებლობის ხელშეშლაში, პანსიონატის თანამშრომელთა გადაადგილების და პანსიონატზე წვდომის შეზღუდვასა და კონტროლში. ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როცა ადგილზე, პანსიონატის შესასვლელიდან 5-10 მეტრში მორიგეობდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათთვის ადვილად შესამჩნევი და აღქმადი იყო ეს ქმედებები. თუმცა ეფექტური რეაგირება, რაც უზრუნველყოფდა კასატორთა პანსიონზე თავისუფალ წვდომასა და მის ფუნქციონირებას, არ განხორციელებულა. ამ პირობებში სასამართლოს არ შეუფასებია პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაშიც კი, რამდენად ეფექტური შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მიმართვა შეუძლებლობის აღმოფხვრისთვის, როცა კასატორებს ჰქონდათ თვალსაჩინო მაგალითი, როგორ არ რეაგირებდა იქვე მყოფი პოლიცია მათი უფლებების შეზღუდვაზე.
81. კასატორებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების არსებობას არ უკავშირებს სახელმწიფოსადმი მიმართვის აუცილებლობას. პოზიტიური ვალდებულება სახეზეა მაშინაც, როცა ოფიციალურად მიმართვა დარღვევის თაობაზე არ ხდება, თუმცა სახელმწიფომ იცოდა/უნდა სცოდნოდა დისკრიმინაციული მოტივით კასატორთა მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მფლობელობის უფლების განხორციელებაში ხელშეშლის, რელიგიის თავისუფლებასა და ბავშვების აღზრდის უფლებაში სხვა პირთა ნეგატიური ჩარევის განგრძობადი ფაქტების შესახებ და მაინც არ უზრუნველყო ამ ფაქტების აღმოფხვრით კონკრეტული შედეგის დადგომა.
82. კასატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არამართებულად განმარტა დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ ნორმა, რის გამოც სასამართლო კონტროლს მიღმა დარჩა საქმეში არსებული და დადასტურებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რიგ დარღვევებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა შსს-ს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების არასათანადოობის საკითხზე მსჯელობის აუცილებლობაზე, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ საპოლიციო დისკრიმინაციული უფლებამოსილებისა და სასამართლო კონტროლის ზოგადი სტანდარტის განმარტებით შემოიფარგლა.
83. კასატორები მიუთითებენ, რომ, მართალია, პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ 24-საათიან მორიგეობას, მაგრამ ამას შედეგად არ მოჰყოლია პოლიციის შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულება, არ განხორციელებულა ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, 25-ე მუხლით გათვალისწინებული ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა. პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში უარყოფენ 24-საათიანი მორიგეობის დროს პანსიონის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტს, რაც მიუთითებს პოლიციის მოქმედების არაეფექტურობაზე.
84. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ მიიჩნია, რომ არ უნდა შეეფასებინა მოცემულ საქმეში შსს-ს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება იყო თუ არა გამოსადეგი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ჰქონდა თუ არა ადგილი უმოქმედობას. სააპელაციო სასამართლოს არც ლეგიტიმური მიზნების იდენტიფიცირება მოუხდენია, რასთან მიმართებაშიც უნდა შეფასებულიყო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების სათანადოობა, კერძოდ, ხომ არ ჰქონდა ადგილი შსს-ს მხრიდან გაუმართლებელ პასიურობას, რაც დისკრეციული უფლებამოსილების ნულოვანი რედუქციის შესაძლებლობას იძლევა, მითითებული მიდგომა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოიყენება მაშინ, როცა დასტურდება დარღვევის მაღალი ინტენსივობა და საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან ქონებას. აღნიშნულის შეფასებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ქმედების განხორციელების შესახებ კასატორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხის გადასაწყვეტად.
85. კასატორებმა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობის დასადგენად საკმარისი იყო იმ გარემოების შეფასება, რომ სახელმწიფოს პრევენციული დაცვითი ჩარევის გარეშე პანსიონატი ვერ შეძლებდა ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, კასატორთა მოთხოვნები უკვე მოქცეულია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულის შესრულების სფეროში და სააპელაციო სასამართლოს სწორედ ამ სამართლებრივი მოცემულობის ჭრილში უნდა შეეფასებინა გარემოებები საქმის ხელახალი განხილვისას. პანსიონატის გახსნის დღიდან მიმდინარე განგრძობადი ხელშეშლა, ის გარემოება, რომ მოცემულ მომენტში პანსიონატი ვერ ფუნქციონირებს, კასატორთა მხრიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალ განხილვაზე წარდგენილი და საქმისათვის დართული მტკიცებულებები - ადგილობრივი ინტერნეტგამოცემის სტატია და შპს "ქ...ის" მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ მოსახლეობის უარყოფით განწყობას და აშკარა განზრახვას ხელი შეუშალონ ...ში, ...ის ქუჩა №13-ში პანსიონის ამოქმედებას, ის გარემოება, რომ სასამართლოში მიმდინარეობს დავა პანსიონატის წყალარინების ქსელზე დაერთებასთან დაკავშირებით, რასაც შპს "ქ...ი" არ ახორციელებს მოსახლეობისაგან ხელშეშლის გამო, ქმნის იმ ერთობლიობას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო, როგორც შსს-თვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
86. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
87. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
88. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა პოზიციების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეის და თ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება.
89. საკასაციო სასამართლო უპირველესად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო არ განიხილავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას დისკრიმინაციის საფუძვლით, რადგან აღნიშნულ მოთხოვნაზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა 2018 წლის 15 მარტის განჩინებით და არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეის და თ. ხ-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.
90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2018 წლის 15 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეის და თ. ხ-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში.
91. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის დროს ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობამ, კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-იმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის საქმიანობის აღდგენა და ფუნქციონირება. ამ მიზნით შსს-მ უზრუნველყოს: 1. პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე 24-საათიანი მორიგეობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში; 2. პანსიონატის ადმინისტრაციის თანამშრომლების, ბენეფიციარებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონატის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების პირობების შექმნა; 3. არ დაუშვას, ხოლო არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღკვეთოს მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მუქარისა და იძულების ფაქტები".
92. ამდენად, განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლომ კი უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე მოქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
93. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებისაკენ. რეალაქტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ფუნქციის განხორციელების სამართლებრივი ფორმა, ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ (სპშკ-ის მე-2 მუხლის "ე" პუნქტი; სუსგ. № ბს-260-257(2კ-11), 12.10.2011წ.; Erbguth/Guckelberger, Allgemeines Verwaltungsrecht, 9. Auflage §23, Rn. 9). დაინტერესებული პირის უფლება, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს რაიმე ქმედების განხორციელება, შეიძლება გამომდინარეობდეს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის ნორმიდან, კონკრეტული კანონიდან, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან ან ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებიდან. გარდა აღნიშნულისა, მოთხოვნა ასევე შეიძლება ემყარებოდეს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას (იხ. Friedhelm Hufen, Verwaltungsprozessrecht, 10. Auflage, §17 Rn.8). ამდენად, რეალაქტი უნდა შეესაბამებოდეს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე კონსტიტუციურ-სამართლებრივ ნორმებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ (იხ. Franz-Joseph Peine, Allgemeines Verwaltungsrecht 11. Auflage, §10, Rn. 888).
94. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევებში მმართველობითი ფუნქციის განხორციელების თაობაზე, თუ სახეზეა ასეთი დავალდებულების მოთხოვნით სარჩელის წარდგენის პროცედურული წინაპირობები.
95. სარჩელის საფუძვლიანობისათვის (დასაბუთებულობის შესამოწმებლად) მნიშვნელოვანია მოსარჩელემ დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობამ (უარმა ქმედების განხორციელებაზე) გამოიწვია მოსარჩელეთა უფლებების დარღვევა (იხ. Friedhelm Hufen, Verwaltungsprozessrecht, 10. Auflage, §17 Rn.8). ამასთანავე, მოქმედების განხორციელების დავალების შესახებ სარჩელის აღძვრისას უნდა დადგინდეს - მიმართა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელემ იმ მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომლის დავალებასაც ითხოვს მოპასუხეზე და რაზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ განაცხადა უარი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ასევე შესაძლოა, არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინფორმირებულობის ისეთი ხარისხი (მაგ. მასმედიით არაერთხელ გაჟღერებული ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე), როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს, დამდგარი ან მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, ეკისრება მოქმედების ვალდებულება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა განიმარტება, როგორც უარი მოქმედებაზე, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში ასევე დასაშვებს და დასაბუთებულს გახდის მოქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელს.
96. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა გეგმავდა ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში შპს „M...-ს“ კუთვნილ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებული იყო სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მიერ ახალი პანსიონის გახსნა იგეგმებოდა 2014 წლის 15 სექტემბრისათვის. ამ მიზნით ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მიერ დაიწყო ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მისი სათანადო ინვენტარით აღჭურვა. ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში პანსიონის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდნენ აღნიშნული შენობის მეზობლად მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში შენობის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო.
97. ასევე დადგენილია, რომ ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობასთან, 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, მობილიზებულ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება. 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა აღნიშნული ტერიტორია, ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის თანამშრომლებისათვის დასახმარებლად ამ პერიოდში არავის მიუმართავს. ამ ფაქტობრივ გარემოებას ასევე ადასტურებენ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები - დ. ც-ე და რ. გ-ე, ასევე თავად მოსარჩელეები - კ. კ-ე და ბ. ი-ე, რომლებიც ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილთა საკვებით უზრუნველყოფის ხელშეშლას, ასევე მათ შეურაცხყოფას, თუმცა მათ დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავთ. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება ასევე დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების განმარტებებით, საიდანაც ირკვევა, რომ ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2014 წლის 15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პოლიციის მინიმუმ ორი თანამშრომელი. დასახელებული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მორიგეობის დროს არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც დაარღვევდა წესრიგს და საჭიროს გახდიდა პოლიციის რეაგირებას.
98. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2014 წელს არსებული დაპირისპირების დროს პოლიციამ მიიღო სათანადო ზომები, დააწესა ქ....ში, ...ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივი მორიგეობა, რომელიც გაგრძელდა 2014 წლის სექტემბრის ბოლომდე, რის შედეგადაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები აღარ დარღვეულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის ცნობილ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და უმოქმედობას, რაც შესაძლოა გამხდარიყო მოქმედების განხორციელების დავალების საფუძველი, არ ჰქონდა ადგილი.
99. საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 15 მარტის განჩინებით იმსჯელა რა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაში დისკრიმინაციის ნიშნების არარსებობაზე, სააპელაციო სასამართლოს დაავალა დაედგინა მოსარჩელეთა მიერ, საქმის განხილვის დროისათვის, პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლომ მუთითა, რომ "სააპელაციო სასამართლომ მითითებულ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ამჟამად არსებული მდგომარეობა პანსიონით სარგებლობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე" (სუსგ №ბს-864-860(კ-17).
100. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ პანსიონით სარგებლობასთან დაკავშირებით დაადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 27.02.2019 წლის MIA 1 19 00516851 წერილზე, რომლის თანახმად შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ...ის რაიონულ სამმართველოში ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის მფლობელობაში არსებული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტზე რაიმე სახის შეტყობინება, განცხადება ან მომართვა არ შესულა.
101. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112-ის“ დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 28.02.2019 წლის MIA 9 19 00525831 წერილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-ს სსიპ ,,112-ში“ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ მფლობელობაში არსებული პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ იძებნება.
102. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორებს განემარტათ, რომ პანსიონით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი საჭიროებდა სათანადო დასაბუთებას და მიეცათ შესაძლებლობა, დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებიათ საკასაციო სასამართლოსათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომის ოქმები, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მოადგილის დირექტორის და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის დირექტორის 2022 წლის 13 აპრილის წერილები), თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გამომრიცხველ (საწინააღმდეგო) მტკიცებულებაზე კასატორებმა ვერ მიუთითეს.
103. სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის დაწყების დღიდან საკასაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კასატორებმა მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინეს 2019 წლის 28 თებერვლის ამონაწერი ინტერნეტგამოცემიდან (ტ.5, გვ. 179), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამმართველოს უფროსის 2021 წლის 25 ივნისის N24/6146 წერილი (ტ.5, გვ. 332), საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის 2022 წლის 22 მარტის N19/3152 წერილი (ტ.5, გვ. 390) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2022 წლის 11 აპრილის N25597 წერილი (ტ.5, გვ. 391). კასატორები მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებენ 2014 წლის სექტემბერში ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირებაზე და წყალარინების ქსელზე დაერთების პრობლემაზე, რის გამოც პანსიონმა ვერ დაიწყო ფუნქციონირება.
104. 2014 წლის სექტემბერში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შსს-მ მიიღო შესაბამისი ზომები, კერძოდ, გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და საჭიროებიდან გამომდინარე დააწესა პოლიციის მუდმივი მორიგეობა. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში მდებარე შენობასთან პოლიციის მუდმივი მორიგეობის დაწესების მომენტიდან უფლების დარღვევასთან დაკავშირებით პოლიციისთვის არავის მიუმართავს. თავად პოლიციელები კი არ ადასტურებენ მორიგეობის განმავლობაში კასატორთა უფლებების დარღვევის ფაქტებს (პუნქტი 97). სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რა ინტერესი ამოძრავებდათ კასატორებს, რომ ამ ფაქტის შესახებ არ აცნობეს შემთხვევის ადგილას მყოფ პოლიციელებს და სარჩელის შემოტანის შემდგომ მხოლოდ სასამართლოში განაცხადეს აღნიშნულის თაობაზე. საკასაციო სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს კასატორების მიერ სასამართლოში გაჟღერებულ პოზიციას, პოლიციის თანდასწრებით მათი უფლებების დარღვევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორთა მიერ 2014 წლის სექტემბერში მომხდარ ფაქტებზე, როგორც მოთხოვნის დამადასტურებელ გარემოებაზე მითითებას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან დასახელებულ პერიოდში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა ყველა შესაძლო ღონისძიება, რაც კანონმდებლობით ევალებოდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტზე უმოქმედობას ან მოქმედების განხორციელებაზე უარს ადგილი არ ჰქონია.
105. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ პოლიციისათვის არ მიუმართავთ (პუნქტი 100-101). მეტიც, განსახილველ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი განცხადება პოლიციისადმი, რომლითაც კასატორებმა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვეს კონკრეტული ქმედების განხორციელება. კასატორების მიერ საქმეში წარმოდგენილი განცხადებებით მოთხოვნილია სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიღებულ ან გატარებულ ღონისძიებათა შესახებ და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ (ტ. 2, გვ, 205-228; ტ.3 გვ. 146), ყველა მოთხოვნა უმთავრესად მიმართულია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ქმედების განხორციელებაზე.
106. აღსანიშნავია, რომ განსახილველი სახით მოთხოვნა მოსარჩელეებმა მხოლოდ საკასაციო სასამართლოს მხრიდან სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბეს, ამ მოთხოვნებით მათ მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ მიუმართავთ და მიაჩნდათ, განვლილ პერიოდში არსებული ფაქტები საკმარისი იყო, რათა შსს-ს დავალებოდა მოქმედების განხორციელება.
107. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი სასამართლოს მიმართავს არსებული მდგომარეობის შეცვლის და, შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული საკასაციო პალატის მითითება, რომ მოპასუხე სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას საქმეზე უნდა დასტურდებოდეს მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ მოთხოვნას ქმედების განხორციელების დავალებაზე, რადგან არ არსებობს ქ....ში, ...ის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მხრიდან, კასატორთა მიმართ, უძრავი ქონებით სარგებლობის ან კანონით დაცული უფლებების განხორციელების ხელშეშლის განმეორების საფრთხე, რამეთუ ეს გარემოება არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებით და ძირითადად ემყარება 2014 წლის სექტემბერში მომხდარ დაპირისპირებას, რაზედაც საქართველოს შსს-ს ჰქონდა სათანადო რეაგირება (პუნქტი 97, 104).
108. რაც შეეხება 2019 წლის 5 თებერვალს ინტერნეტგამოცემასთან გაკეთებულ მოქალაქეთა განცხადებებზე კასატორთა მითითებას, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან ადამიანის მიერ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ვერ გახდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ წინამდებარე შემთხვევაში ადგილი აქვს გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დაცვით (რამდენადაც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი) გამოხატულ პოზიციას, რითაც კასატორთა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებები არ ილახება. მეტიც, მოქალაქეთა მიერ გამოთქმული მოსაზრება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგან აზრის გამოთქმით არ წარმოიქმნება დაცული სიკეთისათვის საფრთხე, რომლის დასაცავადაც საქართველოს შსს-ს ევალება მოქმედება.
109. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც ქართულ, ასევე გერმანულ სისხლის სამართალში დანაშაული იყოფა შემდეგ სტადიებად: დანაშაულებრივი განზრახვის გამომჟღავნება, დანაშაულის მომზადება, დანაშაულის მცდელობა და დანაშაულის დამთავრება. სისხლის სამართალში აღიარებულია, რომ განზრახვის გამომჟღავნება დანაშაულის განვითარების სტადიად არ განიხილება, რადგან განზრახვის გამომჟღავნება არავითარ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ მართლწესრიგს (თ. წერეთელი, დანაშაულის მომზადება და მცდელობა, თბ. 1961 წელი გვ.41). ადამიანის მიერ დანაშაულის დაგეგმვა და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება, ისე რომ ადამიანმა არაფერი მოიმოქმედოს, მხოლოდ ადამიანის შინაგანი სფეროა. ამგვარი გადაწყვეტილებისათვის დასჯა ეწინააღმდეგება ქმედების პრინციპს და ლახავს პიროვნების თავისუფლებას, რადგან მხოლოდ გადაწვეტილების მიღება შორეული ეტაპია, რომელიც არ აზიანებს კანონით დაცულ სიკეთეს. ამიტომ, ქმედების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის განხორციელება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რჩება დაუსჯელი (cogitationis poenam nemo patitur – აზრისთვის არავინ ისჯება (ულპიანე)) (იხ. Leipziger Kommentar StGB, 12. Auflage, Band I, §§1-31, Berlin, 2007 S.1379). საკასაციო სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს განზრახვის გამომჟღავნების დასჯადობის გამონაკლის შემთხვევებზე, რადგან ამ საკითხის განხილვა სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და აღნიშნავს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ და არც საქმის მასალებს ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ინტერნეტგამოცემასთან გამოთქმული მოსაზრება (კომენტარი) შეფასდა დანაშაულად (სამართალდარღვევად), რასაც შედეგად მოჰყვა, ან შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც გახდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
110. საკასაციო სასამართლო მოიხმობს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის "ბ" პუნქტს, რომლითაც აზრი განმარტებულია როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
111. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას. ხოლო დასახელებული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით და 1-ლი მუხლის "ფ" პუნქტით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო განთავისუფლებას.
112. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ბურჯს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულია არა მარტო “ინფორმაცია” ან “იდეები”, რომლებიც კეთილმოსურნეა, ანდა აღიქმება როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება” (Handyside v. the United Kingdom, no 5493/72, § 49, 7.12.1976).
113. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს და ადამიანის თვითრეალიზების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ინტერნეტი და სოციალური ქსელი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ადამიანებისათვის ინფორმაციის მიღებისა და მისი გავრცელებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის შენახვისა და კომუნიკაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მიერ ახალი ამბების ან საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში და ზოგადად, ინფორმაციის გავრცელებაში. შესაბამისად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ინტერნეტი, ასევე ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. ევროპული სასამართლოს განმარტებით ინტერნეტი არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ღებულობენ და ავრცელებენ ინფორმაციას. კონვენციის მე-10 მუხლი კი ეხება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს, არამედ გავრცელების საშუალებებსაც, რადგან ამ უკანასკნელზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებლად ახდენს ზეგავლენას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაზე. შესაბამისად, ინტერნეტის, რომელიც სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე ცალსახად ხვდება გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებში, შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (იხ. Cengiz and Others v. Turkey no. 48226/10 and 14027/11, 1.12.2015; Ahmet Yildirim v. Turkey, no. 3111/10, 18.12.2012; Kablis v. Russia, no. 48310/16 59663/17, 30.04.2019; Kalda v. Estonia, no. 17429/10, 19.01.2016).
114. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა მიერ წარმოდგენილი ინტერნეტგამოცემით გავრცელებული ინტერვიუები მოქალაქეებთან წარმოადგენს კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ინტერნეტით გავრცელებულ აზრს, რომლის გამოც ადამიანებს არ დაკისრებიათ პასუხისმგებლობა, აღნიშნულს არ გამოუწვევია სამართლით დაცული სიკეთის ხელყოფა. შესაბამისად, მითითებული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარმოქმნის მოქმედების ვალდებულებას, რამეთუ არ არსებობს ხელყოფილი სიკეთე, რომელიც საქართველოს შსს-ს მხრიდან საჭიროებს დაცვას.
115. კასატორთა მეორე ძირითად არგუმენტს, წარმოადგენს ე.წ. პანსიონატის შენობის წყალარინების ქსელზე დაერთების შეუძლებლობა, რაც, კასატორთა აზრით, გამოწვეულია ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის საფრთხის გამო ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან უმოქმედობით. ამ გარემოების დასადასტურებლად კასატორები მიუთითებენ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ Nბს-1205(კ-19) საქმეზე წარდგენილ საკასაციო საჩივარზე (ტ.5, გვ. 324).
116. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავად კასატორებმა წარმოადგინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განჩინება (საქმე Nბს-1205(კ-19)), რომლითაც ირკვევა, რომ ...ის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება და კანონიერ ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი; ...ის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა შპს"ქ...ისათვის" ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების დავალება, ხოლო შპს "ქ...ს" დაევალა იმავე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება. კასატორების მიერ წარმოდგენილი სახალხო დამცველის აპარატის მთავარი სპეციალისტის N19/4782 განცხადებით ირკვევა, რომ დასახელებულ საქმეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით სახალხო დამცველმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისს მიმართა (ტ. 5, გვ, 337). საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილის 2022 წლის 22 მარტის N19/3152 წერილით ირკვევა, რომ შეიცვალა აღმასრულებელი, რომლის წარმოებაშიც იყო სააღსრულებო ფურცელი და აღნიშნული გარემოებისა და საქმეთა სიმრავლის გამო, ვერ ხერხდებოდა სააღსრულებო წარმოების დასრულება (ტ.5, გვ. 390-392).
117. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების განმარტებას, რომ შენობის წყალარინების ქსელზე დაერთება მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდება, რაც საჭიროებდა მოპასუხე შსს-ს მხრიდან რეაგირებას, კერძოდ, შენობის ადგილას მუდმივად ყოფნას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ინდივიდუალურად ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებისათვის. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არ ასრულებს სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნას, ან, თავის მხრივ, აღმასრულებელი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას, თუნდაც იმ მიზეზით, რომელიც აღინიშნა საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილის 2022 წლის 22 მარტის N19/3152 წერილში, ეს გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოქმედების განხორციელების დაკისრების საფუძველს, რადგან საქართველოს შსს-ს მხოლოდ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ვალდებულებების შესრულება ეკისრება და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ჩაანაცვლებს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილების ფარგლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეებმა საქართველოს შსს-ს მიმართეს რეაგირებისათვის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მოქალაქეთა მხრიდან ხელშეშლის ფაქტზე.
118. რაც შეეხება კასატორთა პოზიციას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შემოწმების ფარგლების არასწორი განმარტების შესახებ, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს და მიუთითებს, რომ პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა (მუხლი 1.1 და 1.2). პოლიცია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხლი 3). პოლიცია თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს (მუხლი 8.1). ამავე კანონის მე-11 მუხლით (2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.
119. საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას პოლიციის დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება ვალდებულება დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
120. საკასაციო პალატა მოიხმობს "საქართველოს პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ ნაწილს, რომლითაც პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით, პოლიციის ერთ-ერთი ფუნქციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმები არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პოლიციის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რადგან ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით.
121. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
122. ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილება ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს მოქმედების და მისაღები გადაწყვეტილების არჩევანის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების პოზიციას და განმარტავს, რომ ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია, არჩევანის შესაძლებლობა ერთ ალტერნატივამდე შემცირდეს. ასეთ შემთხვევას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხოლოდ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება არის მართებული და ყველა სხვა გადაწყვეტილება ჩაითვლება არამართლზომიერად - შეცდომად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში (Franz-Joseph Peine, Allgemeines Verwaltungsrecht, 11. Auflage, Rn. 225; Ehlers, JURA 1991, 208ff). ასეთ ვითარებაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, „აირჩიოს“ და გამოიყენოს მხოლოდ ერთი დარჩენილი ღონისძიება, რასაც დოქტრინაში „დისკრეციული უფლებამოსილების ნულამდე შემცირებას" (შეზღუდვას, რედუცირებას, ნულოვან რედუქციას) უწოდებენ (Maurer/Waldhoff, Allgemeines Vewaltungsrecht, 19. Auflage, § 7. Rn. 24).
123. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიცია, მიუხედავად ზოგადი დისკრეციული უფლებამოსილების თავისუფლების არსებობისა, რაც გათვალისწინებულია სპშკ-ის 13.1 და 16.2 მუხლებით, ვალდებულია მიიღოს ზომები (იმოქმედოს), როდესაც არსებითი საფრთხე ემუქრება სამართლებრივ სიკეთეს (BVerwGE, 11,95,97; Schenke, PolR Rn. 100f.). “დისკრეციული უფლებამოსილების ნულამდე შემცირება“ ასევე იმ შემთხვევაში შეიძლება დასაბუთდეს, როდესაც ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ხელყოფას (ხელყოფის საფრთხეს) აქვს ადგილი. ასეთ შემთხვევაში, უპირველესყოვლისა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ხელყოფა (ხელყოფის საფრთხე) (ქმედების შემადგენლობა), რადგან მხოლოდ ამგვარი გარემოების დადასტურების შემთხვევაში წარმოიშვება პოლიციის ვალდებულება - დაიცვას სამართლით დაცული სიკეთე.
124. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების შეზღუდვა შეიძლება შეეხოს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედების გადაწყვეტილების თავისუფლებას, ასევე რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის შესაძლებლობასაც. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ან ადმინისტრაციული ორგანო „იძულებულია“ იმოქმედოს და ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან სხვა გადაწყვეტილება ჩაითვლება შეცდომად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რამეთუ სამართლებრივად იმდენად მაღალი ღირებულების სიკეთეს ექმნება საფრთხე, რომ პოლიციას არ აქვს მოქმედების ალტერნატივა. ასეთ შემთხვევას განსაკუთრებით მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად პოლიციელი ვალდებულია იმოქმედოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიება (Erbguth/Guckelberger, Allgemeines Verwaltungsrecht 9. Auflage, § 14, Rn. 48; DÖV 1969, 465; დაწვრილებით საკითხთან დაკავშირებით იხ. Gusy, Polizeirecht, 9. Auflage., 2014, Rn. 393ff.).
125. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განსახორციელებლად პოლიციამ უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების სამართლით, რადგან დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების და კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირი მოქმედების შედეგი, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლში. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
126. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვას წინ უნდა უსწრებდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ანდა ასეთი ქმედების განხორციელების საფრთხე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰიპოთეტური საფრთხე ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველს არ წარმოადგენს.
127. განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მთავარ საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, რომ ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე კასატორთა კონსტიტუციით დაცული უფლებების განხორციელებას. სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად დააბრუნა საკასაციო პალატამ საქმე სააპელაციო სასამართლოში. მოსარჩელეებმა კი სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურეს და არც საქმეში მოიპოვება იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კასატორთა უფლებების განხორციელებას რაიმე საფრთხე ემუქრება ან შეიძლება დაემუქროს. მეტიც, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კასატორებს ორჯერ მიეცათ შესაძლებლობა გაებათილებინათ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება რისთვისაც, საქმის განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მათ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორებმა ღირებული ინფორმაცია ვერ წარმოადგინეს და ვერც შესაბამის მტკიცებულებაზე მიუთითეს. კასატორები ძირითად ეყრდნობოდნენ მოქალაქეთა მხრიდან 2014 წლის სექტემბერში განხორციელებულ ქმედებებს, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა რეაგირება და პოლიციის მუდმივი მორიგეობა დაწესდა კასატორების მფლობელობაში არსებულ შენობასთან (პუნქტი 97) . კასატორთა მიერ მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე კი საკასაციო პალატამ უკვე დეტალურად იმსჯელა (პუნქტები 98-107; 108-114; 115-117). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს უმართლობა (ქმედების შემადგენლობა და მართლწინააღმდეგობა), რომლითაც შეილახებოდა კასატორთა უფლებები ან შეიქმნებოდა ისეთი ვითარება, რაც გამოიწვევდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვას და წარმოშობდა მოქმედების სავალდებულოობას.
128. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პოზიციას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე უმოქმედობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც შეიზღუდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება და მას მოქმედების ვალდებულება ეკისრება, რადგან აღარ არსებობს კასატორთა უფლებების დარღვევის ფაქტი და არც მათი უფლებების დარღვევის მყისიერი საფრთხე.
129. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორთა აპელირებას სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევაზე და აღნიშნულის დასტურად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითებას (საქმეები - "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", №28490/02, 07.10.2014; "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", №73235/12, 12.05.2015; „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“, №71156/01, 03.05.2007), რომლებიც ეხებოდა მოცემული დავისგან რადიკალურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი შეფასებები. დასახელებულ საქმეებში, ერთ შემთხვევაში ("იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ") დადგინდა პოლიციის სრული უმოქმედობა, მეორე შემთხვევაში ("ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ") თავად პოლიცია არღვევდა მომჩივანთა უფლებებს, მესამე შემთხვევაში („გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“) პოლიციამ უარი თქვა საქმეში დაუყოვნებლივ ჩარევაზე, ძალადობის აღკვეთასა და მსხვერპლთა დაცვაზე. ხელისუფლებამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა 31 მომჩივნის საჩივარზე, სადაც მითითებული იყო კონკრეტული დეტალები მათი და მათი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და რელიგიური შეკრებებისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით ხელის შეშლის თაობაზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
130. ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს ნამსჯელი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში პოლიციის ვალდებულებების განხორციელების, ადამიანის ქცევის განუჭვრეტელობისა და იმ ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების მიხედვით, პოზიტიური ვალდებულების მასშტაბი არ უნდა იქნეს იმგვარად განმარტებული, რომ შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი დაეკისროს ხელისუფლებას. სიცოცხლისადმი გაცხადებული ყოველი სავარაუდო საფრთხე, ვერ დააკისრებს ხელისუფლებას კონვენცისეულ ვალდებულებას, მიიღოს დაუყოვნებელი ზომები საფრთხის მატერიალიზაციისაგან დასაცავად. იმისათვის, რომ დადგეს პოზიტიური ვალდებულება, უნდა დამტკიცდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა პირის სიცოცხლისადმი მესამე პირის მიერ სისხლისსამართლებრივი ქმედებით გამოწვეული რეალური და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობა მოცემულ დროს და არ მიიღეს ზომები საკუთარი უფლებამოსილების გათვალისწინებით, რომელიც გონივრულობის ფარგლებში მოეთხოვებოდათ საფრთხის თავიდან ასარიდებლად. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი გახლავთ პოლიციის მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა, რათა მოახდინონ დანაშაულის კონტროლი და პრევენცია შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და გარანტიების დაცვით, რომელიც ლეგიტიმურ შეზღუდვას უწესებს მათ მიერ დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავის სასამართლოსადმი წარდგენას, მათ შორის, კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი გარანტიების ჩათვლით. სასამართლოს აზრით, როდესაც არსებობს პრეტენზია მასზედ, რომ ხელისუფლებამ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა სიცოცხლის უფლება ზემოთხსენებული პრევენციისა და აღკვეთის ვალდებულების ფარგლებში, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პირის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა, სასამართლომ უნდა განსაზღვროს რამდენად იცოდა ან უნდა სცოდნოდა კონკრეტულ დროს ადამიანის ან ადამიანთა სიცოცხლის წინააღმდეგ მესამე მხარის სისხლისსამართლებრივი ქმედებებით შექმნილი რეალური და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობა და რამდენად არ გამოიყენა მისი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ზომები, რომელიც, გონივრულად განხილვისას, შესაძლებელია გამოყენებულ ყოფილიყო საფრთხის თავიდან ასაცილებლად (Opus v. Turkey, no. 33401/02, §§ 129-130, 27 ივნისი, 2009 წელი).
131. საკასაციო სასამართლო იზიარებს რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ უკანონო მოქმედებამ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და რომელიც თავდაპირველად არ არის უშუალოდ სახელმწიფოზე მიკუთვნებადი, თუნდაც იმის გამო, რომ წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ ჩადენილ ქმედებას, შესაძლოა, გამოიწვიოს სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევა არა მოქმედების გამო, არამედ იმის გამო, რომ სახელმწიფომ არ განახორციელა ჯეროვანი ქმედებანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან არ გასცა სათანადო პასუხი. თუმცა სასამართლომ არ უნდა შეაფასოს პოლიციის მიერ გამოყენებული ტაქტიკის მიზანშეწონილობა ან ეფექტურობა, არამედ მხოლოდ ის უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა სადავო საბაბი, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მიიღეს საჭირო ზომები (Platform "Ärzte für das Leben v. Austria" №10126, 82 §36, 21 ივნისი, 1998 წელი).
132. საკასაციო სასამართლო შედარებისათვის მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოთა პოზიტიური ვალდებულების ფარგლების შესახებ, რაც ასევე უკავშირდება სხვა კატეგორიის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე სახელმწიფოთა პოზიტიურ ვალდებულებას. საქმეზე "თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ" (Tkhelidze v. Georgia, no.33056/17, 08.07.2021) სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად პირთა კატეგორიას, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს დაცვით (Talpis v. Italy, no. 41237/14, § 99, 02.03.2017). ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, § 165-66, 15.06.2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, § 92, 09.07.2019). სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თანამედროვე საზოგადოების წესრიგის კონტროლის სირთულეების, პირის ქცევის არაპროგნოზირებადობისა და ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებსა და რესურსებთან მიმართებით, პრევენციული ოპერატიული ზომების მიღების ვალდებულება პირის დასაცავად, რომლის სიცოცხლესაც საფრთე ემუქრება სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებების მხრიდან, უნდა განიმარტოს ისე, რომ ხელისუფლებას არ დაეკისროს შეუძლებელი ან არაპროპორციული ტვირთი. შესაბამისად, სიცოცხლის საფრთხის შემცველი ყველა სადავო რისკი ხელისუფლებას არ აკისრებს ვალდებულებას, მიიღოს ოპერატიული ზომები, რომ არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია. ამგვარი პოზიტიური ვალდებულების წარმოშობისთვის უნდა დადგინდეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მესამე პირის მხრიდან მომდინარე სიცოცხლის რეალური და დაუყოვნებლივი საფრთხის არსებობის შესახებ, და თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მიიღო ზომები, რომელიც, გონივრული შეფასებით, შეძლებდა რისკის თავიდან აცილებას. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით. უნდა შეფასდეს რეალური და დაუყოვნებლივი საფრთხის რისკი, ოჯახში ძალადობის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში, საქმე ეხება არა მხოლოდ საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ძალადობის განმეორებითი ეპიზოდების გათვალისწინებას (Tkhelidze v. Georgia, no.33056/17, § 49, 8 ივლისი 2021 წელი). იმისათვის, რომ პოზიტიური ვალდებულება წარმოიშვას, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს რეალური და გარდაუვალი რისკის არსებობის შესახებ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისათვის ამგვარი რისკის არსებობა ცნობილი იყო და არ მიიღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა, შეიძლება საქმე შეეხოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევას (Keenan v. the United Kingdom, no. 27229/95, §90, 03.04.2001; Osman v. United Kingdom, no. 23452/94, §116, 28.10.1998).
133. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ მიუთითებს "რეალური და დაუყოვნებლივი საფრთხის/რისკის" არსებობაზე და ჰიპოთეტურ საფრთხეს არ მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად. პოზიტიური ვალდებულების ამგვარი განმარტება არ იქნებოდა გონივრული, რადგან თუნდაც ოჯახური დანაშაულის თითოეულ საქმეზე, გამომდინარე იქედან, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე დანაშაულებრივი ქმედების განმეორების ჰიპოთეტური საფრთხე მუდამ არსებობს, კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფო იქნებოდა ვალდებული პოზიტიური ვალდებულის შესასრულებლად, მოსალოდნელი საფრთხის შეფასების და სათანადო მტკიცებულებების გარეშე, თითოეული დაზარალებულის დასაცავად დაეწესებინა პოლიციის მუდმივი მორიგეობა დაზარალებულების ადგილსამყოფელთან, მათი ჰიპოთეტური საფრთხისგან დასაცავად, რა დროსაც შეფასების მიღმა რჩება რეალური და დაუყოვნებელი საფრთხის არსებობა.
134. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ საფრთხეზე დაყრდნობით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების მტკიცება დაუშვებელია და იგი უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს, რამეთუ დანაშაულის ჩადენის ან ადამიანის უფლების დარღვევის ჰიპოთეტური საშიშროება არ შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს. მოსალოდნელი საფრთხე დაფუძნებული უნდა იყოს იმგვარ გარემოებებსა და ინფორმაციაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ადამიანის უფლებების მოსალოდნელი დარღვევის საფრთხის რეალურობასა და დაუყოვნებლობაში. ამისათვის კი უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ამხელს პირს ასეთი ქმედების ჩადენაში, საფრთხის შექმნაში ან უნდა იყოს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელებიც მსგავს შედეგს გამოიწვევს, რასაც, როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, განსახილველ საქმეში არ აქვს ადგილი.
135. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მითითებას დისკრიმინაციული ხასიათის ქმედების განგრძობითობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე, თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ "ყურადღება გაამახვილა ქმედების განგრძობითობაზე და აღნიშნა, რომ ძალადობა, რომელიც მომჩივნის ქალიშვილის მიმართ განხორციელდა, არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ და ცალკეულ ეპიზოდებად, არამედ უნდა განიხილებოდეს, როგორც განგრძობითი ხასიათის მქონე ძალადობა. როდესაც ოჯახში ძალადობა განგრძობითი ხასიათისაა, რთულად თუ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მსხვერპლის მიმართ არსებული საფრთხე დაუყოვნებელი (Tkhelidze v. Georgia, no.33056/17, § 53, 08.07.2021; Opus v. Turkey, no. 33401/02, §§ 134-135, 27.06.2009; Talpis v. Italy, no. 41237/14, § 121, 2.03.2017; Branko Tomašić and Others v. Croatia, no. 46598/06, §§ 52-53, 15.01.2009; Tërshana v. Albania, no. 48756/14, § 151, 4.08.2020). მითითებულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "დაუყოვნებელი საფრთხე" დაუკავშირა არაერთხელ განხორციელებულ ძალადობას, რის შესახებ პოლიციას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია დაზარალებულმა, თუმცა პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებას არ ჰქონდა ადგილი. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც უკვე განმარტა საკასაციო სასამართლომ, რამდენიმე წლის განმავლობაში კასატორთა უფლებების ხელყოფას არ ჰქონდა ადგილი (პუნქტი 100, 101, 103, 105), ხოლო პოლიციამ მისთვის ცნობილ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიიღო შესაბამი ზომები (პუნქტი 97).
136. ადამიანის უფლებების დარღვევის რეალური და მოსალოდნელი საფრთხის არარსებობის პირობებში, პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, პოლიციისათვის კონკრეტულ ადგილას დგომის დავალება საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგან ამჟამად, არ არსებობს კასატორთა უფლების შესაძლო დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება შენობის წყალარინებზე დაერთების შეუძლებლობას, როგორც მოქალაქეთა დისკრიმინაციული ქმედების განგრძობითობის დამადასტურებელ გარემოებაზე მითითებას, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს, რადგან მოქალაქეთა ქმედება არ წარმოადგენს შენობის წყალარინების ქსელზე დაერთების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუნდაც თავად ქმედების (წინააღმდეგობის) არარსებობის და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილის 2022 წლის 22 მარტის N19/3152 წერილში აღწერილი კონკრეტული გარემოებების გამო (იხ. პუნქტები 115-117).
137. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება კასატორთა კანონით დაცული უფლებების რეალიზებას და პოლიციისათვის ჰიპოთეტური საფრთხის გამო ქმედების განხორციელების დავალება გამოიწვევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არაგონივრული ტვირთის დაკისრებას. საქმის მასალებით არ დასტურდება ერთი შემთხვევაც კი, რომ კასატორთა უფლებების დასაცავად პოლიციამ არასათანადო ზომები მიიღო ან პოლიციის მხრიდან უმოქმედობას ჰქონდა ადგილი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ ამგვარი განმარტებით თითქოს სასამართლო ითხოვს მოქალაქეებმა საფრთხე შეუქმნან თავიანთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნებისას და შემდგომ საკასაციო საჩივრის განხილვისას მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთი ფაქტობრივი გარემოების გარკვევას - საქმის განხილვის დროისათვის ჰქონდა თუ არა ადგილი კასატორთა უფლებების დარღვევას და ასეთის შემთხვევაში, რაში გამოიხატებოდა იგი. როგორც უკვე აღნიშნა საკასაციო პალატამ, კასატორთა უფლებების ხელყოფის მიმართ პოლიციის უმოქმედობის დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორთა მხრიდან არ არის წარმოდგენილი და არც საქმეში მოიპოვება. საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოდ, საქმეზე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილას 2014 წლის 15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე მუდმივად იმყოფებოდა პოლიცია და უფლების დარღვევის შესახებ პოლიციისთვის არავის მიუმართავს, რასაც თავად კასატორებიც ადასტურებენ (პუნქტი 97). პოლიციის ქმედება ადასტურებს კასატორების უფლებების დაცვის მიზნით კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და საფუძველს აცლის კასატორთა მოსაზრებას პოლიციის უმოქმედების თაობაზე. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ კასატორებმა მიმართეს პოლიციას დახმარებისათვის, ან მოსთხოვეს პოლიციას ქმედების განხორციელება, რაც პოლიციის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დასტურდება სხვა მხრივ კასატორთა უფლებების დარღვევის ფაქტი, რომელიც უნდა სცოდნოდა პოლიციას და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღკვეთა.
138. საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს, რომ ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა ...ში ...ის ქუჩა N13-ში მდებარე შენობას უძრავი ქონების მესაკუთრესთან 2014 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა. ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის 30 ივნისამდე (ტ.1, გვ. 40-42). მეორედ, იმავე მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 24 ივლისს და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2020 წლის 24 ივლისს (ტ.3, გვ. 77-80). აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლომ ამ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე. რა თქმა უნდა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მესამე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დათმობილ ვადას, რომლის ათვლის დაწყებისას მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება მოქმედებდა, თუმცა შეფასების მიღმა ვერ დარჩება საკასაციო საჩივრის განხილვის მომენტისათვის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის საკითხი, რასაც პირდაპირ უკავშირდება ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში მდებარე უძრავი ქონების კასატორთა მხრიდან მფლობელობის უფლება.
139. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ეს მუხლი იცავს არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ - მფლობელსაც. მაშინაც კი, როდესაც შენობა-ნაგებობა საკუთრება არ არის და მხოლოდ სარგებლობაშია. სასამართლოს განმარტებით, მფლობელობის კონცეფცია არ იზღუდება მხოლოდ არსებული მფლობელობით, არამედ იგი ასევე მოიცავს სხვა საშუალებებს, რომელიც დაკავშირებულია განმცხადებლის შესაძლებლობასთან იდავოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებით ეფექტურად სარგებლობის სულ ცოტა გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Saghinadze and Others v. Georgia, no. 18768/05, §103, 27.08.2010). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 ივლისის შემდეგ კასატორები აღარ წარმოადგენენ ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში მდებარე შენობის მართლზომიერ მფლობელებს და დღევანდელი მდგომარეობით ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა სხვისი საკუთრებით არამართლზომიერი მფლობელობის განსახორციელებლად პოლიციისათვის მოქმედების განხორციელების დავალება, რადგან, ერთი მხრივ, უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლას არ აქვს ადგილი, ხოლო მეორე მხრივ, კასატორები 2020 წლის 24 ივლისიდან აღარ წარმოადგენენ უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს. მომავალში გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე კი, როგორც კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან ეს გარემოება არ წარმოადგენს დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას, შეიცავს მხოლოდ ხელშეკრულების ერთი მხარის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომლის უფლებამოსილება არ მოიცავს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე უცნობია თავად უძრავი ქონების მესაკუთრის პოზიცია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში მდებარე შენობის მართლზომიერ მფლობელს აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, კასატორებს, საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების შემდგომ არ უცნობებიათ პოლიციისთვის მათი უფლებების დარღვევაზე, რაც უკავშირდებოდა ქ....ში, ...ის ქუჩა N13-ში მდებარე შენობით შეუფერხებელ სარგებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, 2020 წლის 24 ივლისიდან აღარ აქვთ სამართლებრივი საფუძველი მართლზომიერად ისარგებლონ დასახელებული შენობით, რაც დამატებით უსაფუძვლოდ წარმოაჩენს მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, კასატორების უფლებების დაცვის მიზნით 3 თვით მორიგეობის დაწესებაზე იმ შენობასთან, რომელთანაც კასატორებს სამართლებრივ კავშირი აღარ აქვთ.
140. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მითითებას საქართველოში ისლამოფობიასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი იცავს რელიგიის თავისუფლებას, რომელიც ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება არის „დემოკრატიული საზოგადოების“ ერთ-ერთი საფუძველი. მისი რელიგიური განზომილება მორწმუნეთა იდენტობისა და მათ მიერ სამყაროს აღქმის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ასევე მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს ათეისტებისა და სკეპტიკოსებისთვის. პლურალიზმი დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რელიგიის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, პირადი რწმენის საკითხს წარმოადგენს, რომელიც ასევე მოიცავს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, რელიგიის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა შესაძლებელია არა მარტო სხვებთან ერთად "საჯაროდ", არამედ სიმარტოვეშიც "კერძოდ". უფრო მეტიც, იგი მოიცავს, სწავლების გზით სხვების რწმენაზე ზემოქმედების თავისუფლების პრინციპსაც, რომელის გარეშეც მე-9 მუხლი უბრალოდ მკვდარი ჩანაწერი იქნებოდა (Kokkinakis v. Greece no. 14307/88, §31-§32, 25.05.1993).
141. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომლითაც ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისი და საფუძველია. ყველა სხვა უფლების მსგავსად, ეს თავისუფლებაც ადამიანის ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა. "ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). რწმენის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის შინაგან თავისუფლებას, დამოუკიდებლად, თავად განსაზღვროს საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი თუ მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით განვითარების მიმართულებები, პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს მათ შესაბამისად, საზოგადოებაში იცხოვროს ინდივიდუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობით და ამ განცდით იპოვოს საკუთარი თავი. ამ თვალსაზრისით, რწმენის თავისუფლება არის ადამიანის მოსაზრებების, გრძნობების და მათ შესაბამისად ცხოვრების საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ ის მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ რწმენას და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მხოლოდ რელიგიის თავისუფლების იდენტურ ცნებას. ის მოიცავს რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროს, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/477 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
142. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა და საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების თანაცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება საფუძველს აძლევს საკასაციო სასამართლოს მიუთითოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს სხვადასხვა რელიგიური დაწესებულება და საქართველოში მცხოვრები ადამიანების გამოწვევას რელიგიური კონფლიქტები არ წარმოადგენს. საქართველოში შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს ათობით მეჩეთი, (ასევე სხვა რელიგიური დაწესებულებები), სადაც ისლამის მიმდევრები შეუფერხებლად აღასრულებენ რელიგიურ რიტუალებს. კანონმდებლობით დაცული ადამიანის უფლებების ხელყოფის შემთხვევაში კი, დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს. უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის არარსებობის და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის/შეტყობინების გარეშე, პოზიტიური ვალდებულებაზე მითითებით, სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასება, შეძლებდა თუ არა "პანსიონატი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩარევის გარეშე ფუნქციონირების დაწყებას, როგორც ამას მოითხოვენ კასატორები, სცილდება გონივრული მსჯელობის ფარგლებს და არ გამომდინარეობს პოზიტიური ვალდებულებისგან.
143. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის, კ. კ-ეის, ბ. ი-ეისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე