Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-258(კ-21) 28 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ზ-ი

მესამე პირები - ა. გ-ი, ა. ბ-ე, ს. პ-ე, თ. ც-ი, ც. ბ-ე, თ. ა-ი, მ. ხ-ი და ე. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 28 სექტემბერს დ. ზ-იმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N2, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ახალი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის N2, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ახალი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის N3 სხდომის ოქმების - მ. ჭ-ეის ნაწილში, ასევე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 სექტემბრის N132 (17/18) დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ახალი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის შემაჯამებელი სხდომის N3 ოქმის - მ. ჭ-ეის ნაწილში და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის N133 (17/18) დადგენილების სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 ივნისის N01-04/34 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით - მ. ჭ-ეის ნაწილში ბათილად ცნობა და სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ჭ-ეის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N2, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სააპელაციო კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს N3, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ახალი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის N2 სხდომის ოქმები, ასევე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ახალი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის N3 სხდომის ოქმი, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 04 სექტემბრის N132 (17/18) დადგენილებით შექმნილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ახალი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის შემაჯამებელი N3 სხდომის ოქმი, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის N133 (17/18) დადგენილება სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34 2018 წლის 29 ივნისის ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა ხელახლა გადაეწყვიტა კონკურსანტების - დ. ზ-ის და მ. ჭ-ეის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 ივნისის N01-04/34 ბრძანებით რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირობებთან შესაბამისობის საკითხი და ამ მიზნით ხელახლა შეეფასებინა საკონკურსო მასალა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ზღუდავს სასამართლოს მხრიდან მისი გადამოწმების შესაძლებლობას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ანუ მისი დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება. ყოველივე აღნიშნულიდან და ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი კონტროლი სცილდება სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა, შესაბამისი კრიტერიუმების დადგენა და საკონკურსო მასალების შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილებაა და ემსახურება განათლების სფეროში საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სარგებლობს ავტონომიით, რაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რასაც ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად არამიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რითაც არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი და არ გამოიყენა ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

რაც შეეხება სააპელაციო კომისიის წევრ ნ. შ-ას საკითხს, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო კომისიაში იყო 6 წევრი, ხოლო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. როგორც სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებიდან ჩანს, გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო ერთხმად, შესაბამისად, ნ. შ-ას ხმას არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც გავლენა ექნებოდა შედეგზე (მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ნ. შ-ა იყო კონკურსანტი და ასევე სააპელაციო კომისიის წევრი, ვერ იქნება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. მითითებული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. კონკურსანტთა მონაცემების შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. ამავე წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური საბჭო ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის N111 (17/18) დადგენილებით დამტკიცებული სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებზე, რომლითაც განისაზღვრა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, კონკურსანტის მონაცემების შეფასების, კენჭისყრისა და სხვა საკითხების განხორციელების წესები. დასახელებული წესების 1.3. მუხლით პროფესორი განმარტებულია, როგორც - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე წესის მესამე მუხლით რეგლამენტირებულია უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა წესი, კერძოდ, უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით უნივერსიტეტის რექტორი წარუდგენს დასამტკიცებლად აკადემიურ საბჭოს. საკონკურსო კომისიის წევრი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საკონკურსო თანამდებობის/ თანამდებობების შესაბამისი დარგის სპეციალისტი; ამასთან, საკონკურსო კომისიის წევრს უფლება არა აქვს იყოს აკადემიური თანამდებობის მაძიებელი (კონკურსანტი). წესების მე-8 მუხლით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი და კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმები. აღნიშნული მუხლით კომისია კონკურსანტის მონაცემებს აფასებს შემდეგი კატეგორიებისა და პარამეტრების მიხედვით: I კატეგორია - ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; II კატეგორია - კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან; III კატეგორია - სამეცნიერო კვლევა; IV კატეგორია - სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; V კატეგორია - სამეცნიერო კვლევის კონცეფცია; VI კატეგორია - პედაგოგიურ გამოცდილება და მეშვიდე კატეგორია კონკურსანტთან გასაუბრება პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობისა და აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის დადგენის მიზნით. ამავე მუხლით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებები, რომლის მიხედვითაც საკონკურსო კომისია აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების შეფასების საფუძველზე კონკურსით დადგენილ ვადებში გამოავლენს საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კონკურსანტებს და გაუწევს მათ რეკომენდაციას აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის წესით შერჩევის წესის თანახმად, საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის გზით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსანტს რეკომენდაცია გაუწიოს პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად, თუ მისი შეფასებები კატეგორიის მიხედვით ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: მაღალი ერთ-ერთში მაინც პირველ და მეორე კატეგორიებს შორის, არანაკლებ საშუალო პირველ და მეორე კატეგორიებში. მაღალი სამში მაინც მესამე - მეექვსე კატეგორიებს შორის, არანაკლებ საშუალო მესამე, მეხუთე და მეექვსე კატეგორიებში, არანაკლებ საშუალო მეშვიდე კატეგორიაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N01-04/34 ბრძანებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი.

დ. ზ-იმა 2018 წლის 6 აგვისტოს შეავსო განაცხადი სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

მ. ჭ-ეემ, 2018 წლის 2 აგვისტოს შეავსო განაცხადი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებების 2018 წლის 22 აგვისტოს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის N3 ოქმის შესაბამისად, დ. ზ-იმა მიიღო 4 ხმა, წინაღმდეგი - 0; მ. ჭ-ეემ მიიღო - 0 ხმა, წინააღმდეგი - 4.

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბიზნეს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ფიზიკის კომპიუტერული მეცნიერებების ბიზნესის ადმინისტრირების ტრანსპორტისა და მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგიის მიმართულებების სააპელაციო კომისიის სხდომის N3 ოქმის თანახმად, კონკურსანტ მ. ჭ-ეეს მიეცა რეკომენდაცია პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არ გაითვალისწინა სააპელაციო გადაწყვეტილება და 2018 წლის 4 სექტემბრის N132 (17/18) დადგენილებით დანიშნა ახალი კონკურსი.

2018 წლის 4 სექტემბრის N132 (17/18) დადგენილებით დანიშნულ ახალ კონკურსში ოთხმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა და 2018 წლის 12 სექტემბრის ახალი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი სხდომის N3 ოქმის საფუძველზე, მ. ჭ-ეეს, ა. გ-ის და ა. ბ-ეს მიეცათ რეკომენდაცია პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.

საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - მ. ჭ-ეის 2018 წლის 12 სექტემბრის შეფასების ფორმით ირკვევა შემდეგი: საკონკურსო პოზიცია პროფესორი; I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): 1.1. აკადემიური ხარისხი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; 1.2. სამეცნიერო შრომები შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით არის მაღალი; II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით არის მაღალი; III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არა უმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წელი) შეესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა) შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით არის მაღალი; IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით არის მაღალი; V კატეგორია: სამეცნიერო კვლევის კონცეფცია; საერთო შეფასება V კატეგორიის მიხედვით არის მაღალი; VI კატეგორია; (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; საერთო შეფასება VI კატეგორიის მიხედვით არის მაღალი; VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ-ჩვევები ფლობა: მაღალი; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: მაღალი; საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი; კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: მაღალი; II კატეგორია - მაღალი; III კატეგორია - მაღალი; IV კატეგორია - საშუალო; V კატეგორია - მაღალი; VI კატეგორია - მაღალი; VII კატეგორია-მაღალი; გადაწყვეტილება: მ. ჭ-ეეს მიეცა რეკომენდაცია პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.

საქმეში წარმოდგენილი კონკურსანტის - დ. ზ-ის 2018 წლის 12 სექტემბრის შეფასების ფორმით ირკვევა შემდეგი: საკონკურსო პოზიცია - პროფესორი I კატეგორია (ფორმალური სამეცნიერო კვალიფიკაციისა და სამეცნიერო შრომების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): 1.1. აკადემიური ხარისხი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; 1.2. სამეცნიერო შრომები არ შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; საერთო შეფასება I კატეგორიის მიხედვით არის საშუალო; II კატეგორია (კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან): II.1. სამუშაო სტაჟი შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.2. დაკავებული აკადემიური/და/ან სხვა თანამდებობა შეესაბამება ვაკანსიის პროფილს; II.4. წასაკითხად შემოთავაზებული კურსები და მათი სილაბუსები სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება ნაწილობრივ; საერთო შეფასება II კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო; III კატეგორია (სამეცნიერო კვლევა): III.1. ბოლო 10 წელში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომი ვაკანსიის პროფილს შეესაბამება სრულად; III.2. პუბლიკაციები საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში, ეროვნულ სამეცნიერო გამოცემებში, სამეცნიერო მონოგრაფიები ვაკანსიის პროფილს შეესაბამება ნაწილობრივ; III.3. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლოო 5 წელი) შეესაბამება სრულად; III.4. დამატებითი სამეცნიერო აქტივობები (აკადემიების, სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა, სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა და სხვა) შეესაბამება სრულად; საერთო შეფასება III კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი; IV კატეგორია (სამეცნიერო საგრანტო პროექტები (ბოლო 5 წელი): საერთო შეფასება IV კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო; V კატეგორია: სამეცნიერო კვლევის კონცეფცია; საერთო შეფასება V კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო; VI კატეგორია (პედაგოგიური გამოცდილება): VI.1. დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობა/თანამდებობები, წაკითხული სალექციო კურსები (ბოლო 5 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; VI.2. გამოცემული სახელმძღვანელოები (ბოლო 10 წელი) სრულად შეესაბამება პროფილს; საერთო შეფასება VI კატეგორიის მიხედვით - არის მაღალი; VII კატეგორია (კონკურსანტთან გასაუბრება): VII.1. კონკურსანტის პროფესიული უნარ-ჩვევები ფლობა: საშუალო; VII.2. აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა: საშუალო; საერთო შეფასება VII კატეგორიის მიხედვით - არის საშუალო; კონკურსანტის საბოლოო შეფასება: I კატეგორია: საშუალო; II კატეგორია - საშუალო; III კატეგორია მაღალი; IV კატეგორია საშუალო; V კატეგორია -საშუალო; VI კატეგორია მაღალი; VII კატეგორია საშუალო; გადაწყვეტილება: საკონკურსო კომისია დ. ზ-ის არ უწევს რეკომენდაციას პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად.

დადგენილია, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის N133 (17/18) დადგენილებით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 29.06.2018 წლის N01-04/34 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების საფუძველზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 6 წლის ვადით (2018 წლის 13 სექტემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე) არჩეულ იქნენ: 1. გ-ი ა. - კომპიუტერული მეცნიერებები, პროფესორი (სასწავლო დატვირთვა 500 საათი, სამეცნიერო მეთოდური მუშაობა 1000 სთ.); 2. ბ-ე ა. -კომპიუტერული მეცნიერებები, პროფესორი (სასწავლო დატვირთვა 500 საათი, სამეცნიერო მეთოდური მუშაობა 1000 სთ); 3. ჭ-ე მ. - კომპიუტერული მეცნიერებები სასწავლო დატვირთვა 500 საათი სამეცნიერო მეთოდური მუშაობა 1000 სთ).

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის უზრუნველყოფის და კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირის გამოვლენის დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამის საკონკურსო კომისიას, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კონკრეტული პირის შერჩევის მიზანშეწონილობას, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წყვეტს მხოლოდ საკონკურსო კომისია. ამასთან, ზემოაღნიშნული წესის დანაწესებიდან გამომდინარე, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება უნივერსიტეტის ვალდებულებაა. საკონკურსო კომისიის შექმნისა და საკითხის კენჭისყრის საფუძველზე გადაწყვეტის ნორმატიულ დონეზე გაწერილი სავალდებულოობა ემსახურება ერთადერთ მიზანს, სამართლიანი კონკურენციის პირობებში მოხდეს ერთ-ერთი კანდიდატის დანარჩენებისაგან გამორჩევა, რა დროსაც საკონკურსო კომისია სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. კომისიის თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ კომისიის დისკრეციას (სუსგ ბს-37-37(კ-18), 13.02.2018 წ.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ასევე სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება (დადგენილება და სხდომის ოქმი) არ შეიცავს მსჯელობას, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა აკადემიურმა საბჭომ, აღნიშნული ფორმები არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით ერთი კონკურსანტის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით, სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ კონკურსის პირველი ეტაპი მოსარჩელის მიერ გადალახულ იქნა და განმეორებით დანიშნული კონკურსის ჩატარებისას მიეცა მ. ჭ-ეეს რეკომენდაცია პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. ამდენად, ასეთ ვითარებაში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება საჭიროებდა მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ შინაარსობრივ დასაბუთებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე