Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე Nბს-719(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ვ. ა-ი, ნ. მ-ი, მ. ყ-ი, გ. შ-ე, ლ. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ა-იმა, ლ. თ-ემ, ნ. მ-იმა, მ. ყ-იმა, გ. შ-ემ და ლ. ფ-ემ 2021 წლის 17 აგვისტოს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო მოთხოვნებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ მოპასუხედ დაასახელეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და მოითხოვეს სახელმწიფო კომპენსაციის 900 ლარის (1200 ლარის 75%) ოდენობით დანიშვნაზე უარის შესახებ მათ მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებებისა (2021 წლის 14 აპრილის N04-00-დ/3924, 2021 წლის 16 აპრილის N04-00/4050, 2021 წლის 16 აპრილის N04-00/4051, 2021 წლის 04 მაისის N04-00/4701, 2021 წლის 09 ივნისის N04-00-გ/6062 (ლ. თ-ეის ნაწილში - მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2021 წლის 7 აპრილის N04-12/366)) და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 31 აგვისტოს N04/9083, N04/9085, N4/9086, N04/9091, N04/9092 აქტების ბათილად ცნობა; მოსარჩელეთათვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი - 1200 ლარის 75%) 2021 წლის განცხადებების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალება და მოპასუხისთვის მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი) სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ლ. თ-ეის მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ადგილმდებარეობის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ. ა-ის, ნ. მ-ის, მ. ყ-ის, გ. შ-ეისა და ლ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 14 აპრილის N04-00-დ/3924 გადაწყვეტილება (გ. შ-ეის მიმართ), 2021 წლის 16 აპრილის N04-00/4050 გადაწყვეტილება (ვ. ა-ის მიმართ), 2021 წლის 16 აპრილის N04-00/4051 გადაწყვეტილება (ნ. მ-ის მიმართ), 2021 წლის 04 მაისის N04-00/4701 გადაწყვეტილება (მ. ყ-ის მიმართ), 2021 წლის 09 ივნისის N04-00-გ/6062 გადაწყვეტილება (ლ. ფ-ეის მიმართ); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 31აგვისტოს N04/9085, N04/9083, N4/9086, N04/9091, N04/9092 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ვ. ა-ისთვის, ნ. მ-ისთვის, მ. ყ-ისთვის, გ. შ-ეისთვის და ლ. ფ-ეისთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2021 წლის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი) სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურება; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან აღნიშნული კანონის მე-20 მუხლი განმარტავს კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მე-7 მუხლი ადგენს ზღვარს, ანუ დანიშნული კომპენსაციის გასაცემ მაქსიმალურ ოდენობას, რაც არსებითად და ადმინისტრირების მნიშვნელობით არის ურთიერთდამოკიდებული პირობა. შესაბამისად, დასახელებული ნორმებით მიხედვით, თანხების მოცულობაში არსებული სხვაობის პირობა არ შეიძლება შეფასდეს ნორმათა შორის კოლიზიად, რომელიც განხილულ უნდა იქნას უპირატესი მნიშვნელობით, სპეციალური და ზოგადი შინაარსის ნორმის ბუნების პრინციპით.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, ხოლო აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვართან მიმართებაში, გამონაკლისს უშვებს, მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე, რომელთა შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ოჯახის წევრები არ არიან გათვალისწინებული. შესაბამისად, მითითებულ ნორმებში არსებულ ტერმინებს („დანიშვნა“ - „გაცემა“) გააჩნია სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვა და მოქმედი კანონმდებლობის მიზნების გათვალისწინებით, ამ ტერმინების სწორად გამოყენება წარმოშობს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს. ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა, რომ ამ კანონის მიზნებისათვის კომპენსაცია გულისხმობს, ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, პირის ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას, ხოლო ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს და ადგენს ამ პირთა წრეს და ასეთად მიიჩნევს პირს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია. შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნისას გამოანგარიშებულ (დაანგარიშებულ) სრულ ოდენობაზე უპირობო უფლებით, ისევე როგორც, დანიშნულის გაცემის პირობები, არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს დანიშვნის ეტაპზე. აღნიშნული მუხლები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, თუმცა შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებულ ეტაპებს ასახავს და გასაცემი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია დანიშნულ ოდენობაზე და არა პირიქით. აღნიშნულ პროცესში უნდა შეფასდეს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლი ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის დანიშვნის წესს და ოდენობას, ისევე, როგორც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას სახელმწიფო კომპენსაციის - 1200 ლარის ოდენობით დანიშვნის პირობას. ორივე ეს უკანასკნელი ნორმა, თავად ქმნის დანიშვნის საფუძვლებს, ადგენს წესსა და პირობებს, რაც გამყარებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლების იმ პირობით, სადაც განსახილველი სასამართლოს წევრებისათვის, კომპენსაციის უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება არა აღნიშნული კანონით, არამედ ზემოხსენებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, უგზო - უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას ან გარდაცვლილად გამოცხადებისას მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, ისევე როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრისათვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციას. აღნიშნული პირობით დადგენილია, რომ თუ კომპენსაციის მიმღები პირია არა მოსამართლე ან არა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, არამედ ამ კანონით განსაზღვრული არასრულწლოვანი შვილები ან შრომისუუნარო მეუღლე. აღნიშნული პირები წარმოადგენენ მხოლოდ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ბენეფიციართა წრეს, რომელიც განსაზღვრავს მათთვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებსა და პირობებს, მათ შორის, კომპენსაციის ოდენობებს. შესაბამისად, დადგენილია გარემოება, რომ კომპენსაციის მიმღები ოჯახის წევრები არიან მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული პირები, რომელიც ექცევა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობაში, რომ ამ კანონის ბენეფიციარია პირი, რომელსაც ამავე კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, სადაც არ მოიაზრება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. ასევე, იმ პირობის განსამტკიცებლად, რომ მე-7 მუხლი უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე, უნდა დაკონკრეტდეს „კომპენსაციის“ დეფინიცია, რაც ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი გულისხმობს - „ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა“. სახეზეა ორი პირობა, რომ საჩივრის ავტორები წარმოადგენენ ბენეფიციართა იმ წრეს, რომელსაც ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა დადგენილი აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის წესითა და ოდენობით. მე-7 მუხლი გულისხმობს კომპენსაციის მიმღებ პირს, ანუ ადგენს სუბიექტს, რომელსაც ამავე კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით აქვს დანიშნული კომპენსაცია, მასზე გასაცემი თანხის ოდენობას, რაც ნორმათა ერთობლიობაში გულისხმობს საჩივრის ავტორებისათვის ამ კანონით დადგენილ კომპენსაციაზე, ამავე კანონის მე-7 მუხლით გავრცელებული გასაცემი ოდენობის შეზღუდვის პირობის ლეგიტიმურობას.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ საჩივარში მხარეები ასევე აპელირებდნენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე, რომლის საფუძველზეც ერთსა და იმავე სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ, მიღებულ იქნა დისკრიმინაციული და განსხვავებული გადაწყვეტილება. აღნიშნული მსჯელობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, შინაარსობრივ და ლოგიკურ კავშირს მოკლებულია, ვინაიდან აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს მიერ მსგავს საკითხთან დაკავშირებით მიღებული (იგულისხმება ც. ბ-ის საქმე) გადაწყვეტილება არის კანონიერ ძალაში შესული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი, ხოლო მოსარჩელეების პოზიცია ემყარება მხოლოდ მის წერილობით მოთხოვნას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე, პრეცედენტული მნიშვნელობის შინაარსით, სავალდებულოდ გავრცელების არც სამართლებრივი და არც პრაქტიკული საფუძვლები სახეზე არ არის, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასებაა (ნორმის განმარტება) სავალდებულო, ისიც მხოლოდ ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარი ვრცელდება კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის ვადის მიუხედავად, გარდა ამ წესის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაციებისა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლის ანალიზიდან ცალსახაა, რომ კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი არ ვრცელდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ კატეგორიას. მითითებული ნორმის თანახმად, მაქსიმალური ზღვარი ასევე არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლეებზე და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო დანიშნულ კომპენსაციებზე და არა საქართველოს უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე. ამასთანავე, ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, ცალ-ცალკე აკონკრეტებენ და მიუთითებენ შესაბამის საკანონმდებლო აქტზე, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის დასანიშნი კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვარზე, ვინაიდან მათი კომპენსაციების ოდენობებს არ ადგენს არც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში „შესაბამის საკანონმდებლო აქტზე“ არსებული მითითება, სწორედაც რომ გულისხმობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, განსხვავებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესისა“, განსაზღვრავენ ამ პირთა კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობებს. ამავე პრინციპით არის მოწესრიგებული საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდაცვალების გამო გასაცემი კომპენსაციის ოდენობებთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც განსაზღვრავს მხოლოდ „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი და არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-6 მუხლი (მათ შორის ამ მუხლის მე-2 პუნქტი), გარკვევით და ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, იმპერატიულად და არაორაზროვნად აზუსტებს ამ კანონითა და წესით მოსარგებლე იმ სუბიექტებს, რომლებზეც არ ვრცელდება კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი (560 ლარი), შესაბამისად, მითითებული ნორმების სხვაგვარად განმარტება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან/და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ოჯახის წევრებისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის, კანონის მე-7 მუხლით დადგენილი გასაცემი მაქსიმალურ ფარგლებს რეგულირების მიღმა, დაუშვებელია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ ამოქმედების დღიდან (10.02.2006წ.), ამავე წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მოიაზრებოდნენ ის სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები), რომელთა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი და გასაცემი თანხის ოდენობები განსაზღვრულია (დადგენილია) სხვა საკანონმდებლო აქტებით. შესაბამისად, მითითებული ნორმებით წესში თავიდანვე დაზუსტდა მხოლოდ იმ პირთა შესახებ, რომელთა კომპენსაციის ოდენობებს არასოდეს არ განსაზღვრავდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონი არეგულირებს მხოლოდ მათთვის დანიშნული გასაცემლების შემდგომი ადმინისტრირების საკითხებსა და მათ არ ეხებოდათ ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ მოსარჩელეთა მიმართ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტების ბათილად ცნობას, შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით დეკლარირებული მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად, მოსამართლე მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობს შესაბამისი მატერიალური და სოციალური გარანტიებით, მათ შორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას მოსამართლეთა სახელმწიფო კომპენსაციის სახით - 1200 ლარის ოდენობით უზრუნველყოფა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში გათვალისწინებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ანალოგიურ მითითებას შეიცავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 183 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას ან გარდაცვლილად გამოცხადებისას მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას და ადგენს მის ოდენობას როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაესი და საერთო სასამართლოების მოსამართლის გარდაცვალების გამო მისი ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით, კანონმდებელმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის), აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის) გარდაცვალების შემთხვევაში, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს უნდა დაენიშნოთ კომპენსაცია მოსამართლის კომპენსაციის, 1200 ლარის 75%-ის ოდენობით - 900 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეები - ვ. ა-ი, ნ. მ-ი, მ. ყ-ი, გ. შ-ე არიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების მეუღლეები, ხოლო მოსარჩელე ლ. ფ-ე - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის მეუღლე, შესაბამისად, მათ მიმართ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საკითხი მოწესრიგებულია სპეციალური ნორმით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ზოგადი ნორმის, კერძოდ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლის გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურად, რადგან აღნიშნული დანაწესით დადგენილი კომპენსაციის მაქსიმალური 560 ლარის ოდენობით განსაზღვრა გამოიყენება მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული სადავო საკითხის მოწესრიგებას (სუსგ №ბს-849(კ-20) 04.03.2021წ.).
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი ადგენს კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რამდენადაც აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე და გონივრული განსჯის შედეგად შეუძლებელია მსგავსი შინაარსის დასკვნის გაკეთება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ შემოთავაზებული მსჯელობა ფაქტობრივად აქარწყლებს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით შემოღებულ სოციალური დაცვის გარანტიას, ილუზორულს ხდის საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილ საშეღავათო სოციალურ უფლებას და ეწინააღმდეგება თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზანს, რაც დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეთათვის ზემოაღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის 900 ლარის (1200 ლარის 75%) ოდენობით დანიშვნაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად დასტურდება, რომ სადავო აქტები გამოცემულია მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის შესახებ მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა