საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1261(კ-20) 28 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ.ჩ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. ბორჯომის მერია
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 04 აგვისტოს განჩნება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 04 მარტს თ.ჩ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 16 იანვრის 02/294 წერილის ბათილად ცნობისა და საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მისი სამშენებლოდ გამოყენების უფლების მიცემის დავალების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩნებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 04 აგვისტოს განჩინებით თ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა თ.ჩ-ის მიერ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემობები და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო ზ.გ-ის განცხადების შინაარსი და მასში გამოხატული ნება. განცხადების მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო განვითარების პირობების დადგენა. კასატორმა მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე და 38-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თუ არსებობდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, იგი წარმოადგენდა მშენებლობის პირველ სტადიას. ზ.გ-ის განცხადებაში განაშენიანების რეგულირების გეგმა მოთხოვნილი იყო სწორედ ზ.გ-ის კუთვნილი ნაკვეთის განაშენიანებისათვის. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნულის შესახებ იცოდა და სწორედ ამიტომ გაუგზავნა წერილი ეკონომიკის სამინისტროს. აღნიშნული წერილის გაგზავნის ფაქტი, რაც არ შეაფასა არცერთმა სასამართლომ, წარმოადგენდა იმის მტკიცებულებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო მშენებლობის პირველი სტადიისათვის აუციელებელი ქმედებები - სამშენებლო პირობების განსაზღვრა კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში უპრობლემოდ გასცემდა განაშენიანების რეგულირების გეგმას. შესაბამისად, მოწინააღმდეგის მტკიცება, რომ ზ.გ-ე ითხოვდა განაშენიანების რეგულირების გეგმას და მეტს არაფერს, უსაფუძვლო იყო. კასატორმა მიუთითა ზემოხსენებული დადგენილების 32-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობდა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში. შესაბამისად, მისთვის ზ.გ-ის განცხადების გადაგზავნა და ამ განცხადების შესაბამისად ინფორმაციის გამოთხოვა, მოქმედი კანონმდებლობით, უკვე ნიშნავდა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის დაწყებას. განცხადების განხილვის პერიოდში - 2018 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე №117 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა: ა) ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად; ბ) ბაკურიანის თემატური გეგმების დამუშავების პირობები; გ) ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები; დ) ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის თემატური რუკები. ამავე დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ: „ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.“ შესაბამისად, აქტითვე დადგინდა, რომ მას უკუძალა არ ჰქონდა. ამდენად, ზ.გ-ის განცხადებასთან მიმართებით არ მოქმედებდა მთავრობის №117 დადგენილება.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის და უკანონო ქმედებების გამო ზ.გ-ეს და მის უფლებამონაცვლეს მიადგათ უმნიშვნელოვანესი ზიანი, შეილახა მათი საკუთრების უფლება, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების გამო ვერ ისარგებლეს კუთვნილი ტერტიტორიით ისე, როგორც ისინი ისარგებლებდნენ და როგორც სურდათ ესარგებლათ მთავრობის №117 დადგენილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 16 იანვრის №02/294 წერილის კანონიერების შეფასება წარმოადგენს. კასატორი სადავო აქტის უკანონობის დამადასტურებლად საკასაციო საჩივარში მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრის - ზ.გ-ის მიერ 2017 წლის 18 ივლისის განცხადებით მოთხოვნილ იქნა სამშენებლო განვითარების პირობების დადგენა, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ეკონომიკის სამინისტროში წერილის გაგზავნის ფაქტი ადასტურებდა იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუციელებელი პროცედურები. ამდენად, არსებობდა ზ.გ-ის განცხადებაზე წარმოების გაგრძელების წინაპირობები და სადავო შემთხვევაზე არ უნდა გამოყენებულიყო „ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №117 დადგენილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.გ-ემ (მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრე) 2017 წლის 18 ივლისს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას და დაბა ...ში ე.წ. ...ის მიმდებარედ 1105 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ. ...) მისი შემდგომი სამშენებლოდ განვითარების მიზნით გრგ-ის არეალის დადგენა მოითხოვა. ბორჯომის მუნციპალიტეტის მერიის მიერ ზ.გ-ის 2017 წლის 18 ივლისს 7270/02 განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წლის 28 ივლისის 1/4734 წერილით აცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტს, რომ ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ იყო მიზანშეწონილი, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტმა აცნობა ზ.გ-ეს. 2018 წლის 21 ნოემბერს ნაკვეთის ახალმა მესაკუთრემ - თ.ჩ-ემ განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტს, რათა განეახლებიათ მისი წინამორბედი მესაკუთრის მიერ 2017 წლის 18 ივლისის განცხადებით დასმული საკითხი, დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა და მოეხდინათ ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 05 დეკემბერს №02/1046 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და თ.ჩ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა მოითხოვა. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული მოსაზრების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 16 იანვრის №02/294 წერილით თ.ჩ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ საქმის წარმოება არ ექვემდებარებოდა ხელახალ განხილვას, რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქე ზ.გ-ის მიერ 2018 წლის 18 ივლისის №7270/02 განცხადებით მოთხოვნილი იყო მხოლოდ ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების თაობაზე (ნაკვეთის №...) და არ ყოფილა წარმოდგენილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ͏№57 დადგენილების შესაბამისად შედგენილი განაცხადი და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხის განხილვისათვის აუცილებელი დოკემენტაცია. განმცხადებელს ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 06 მარტის №117 დადგენილებით დამტკიცებული ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად მდებარეობდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში (ლსზ), რომელიც მოიცავდა განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ტერიტორიას და შეზღუდული იყო სამშენებლოდ განვითარებისათვის. ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, კერძო მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით არა სამშენებლო მიწის ნაკვეთებს დაუდგინდათ პირობითი კოეფიციენტი, განსახილველ შემთხვევაში - კ2-0,4, რაც გულისხმობდა, რომ მიწის ნაკვეთის (ს.კ....) პირობითი კოეფიციენტი შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მშენებლობით დაინტერესებული პირის მიერ სხვა სამშენებლო ტერიტორიაზე, მას შეეძლო შეეძინა თ.ჩ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მიეტოვებინა ის სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო მისთვის განკუთვნილი პირობითი კოეფიციენტი გამოეყენებინა საკუთარ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ უკანასკნელით შესაძლებელი გახდა არა სამშენებლო მიწის ნაკვეთის გასხვისება.
საკასაციო სასამართლო კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ͏№57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 N139 დადგენილებით) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალის დადგენის მოთხოვნა ავტომატურად არ გულისხმობდა სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურების დაწყებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ზ.გ-ის განცხადება განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელმაც ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებამდე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიზანშეუწონლად ჩათვალა, რის თაობაზეც ეცნობა განმცხადებელ ზ.გ-ეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხით ფაქტობრივად დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება ზ.გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 28 ივლისის №1/4734 წერილი არ გასაჩივრებულა, ამდენად, არ არსებობდა ზ.გ-ის განცხადებაზე საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - თ.ჩ-ის 2018 წლის 21 ნოემბრის განცხადებაზე მართებულად დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება და ორგანომ საკითხის გადასაწყვეტად მართებულად გამოიყენა იმ პერიოდში მოქმედი „ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №117 დადგენილება.
საკასაციო პალატა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 38-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ კასატორის მიერ მოხმობილი აღნიშნული ნორმა მშენებლობის პირველი სტადიის გავლას (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მიიჩნევდა აუცილებლად, თუკი კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რა გარემოებასაც მიწის თავდაპირველი მესაკუთრის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია, ხოლო უკვე დამტკიცებული ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით შეიზღუდა კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება (რასაც მხარე კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ ხდის), შესაბამისად აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით კასატორის არგუმენტები პალატის მოსაზრებით უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თ.ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 13.10.2020წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 04 აგვისტოს განჩნება;
3. თ.ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.10.2020წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა