Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-246(კ-21) 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ი...“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შპს „ი...ს“ მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1 034 847,47 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ი...ს“ შორის 2015 წლის 3 აგვისტოს გაფორმდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ...ში, სოფელ ...ში მდებარე 10 728 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ ...), ასევე იმავე სოფელში მდებარე 9 269 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ ...). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ვალდებულებებთან ერთად მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა ავეჯის, ქვის, თაბაშირის, ცემენტის, აზბესტის, ქარსის ან ანალოგიური მასალების ნაწარმის მწარმოებელი საწარმოების შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში. ვალდებულების შესრულების მიზნით მყიდველს უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 1 530 264 ლარის ინვესტიცია.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არ შეასრულა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და 3.1.5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №1/1-1445 ბრძანების საფუძველზე შეწყდა მოპასუხესთან გაფორმებული 2015 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულება. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევა ქმნიდა მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „ი...ს“ მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ი...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს - 500 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშული განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებსა და ამ პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით, კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რაც კასატორის მოსაზრებით, ვალდებულების დამრღვევი მხარისთვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, თუმცა გასაჩივრებული განჩინებიდან არ დგინდება, რა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომლის თანახმადაც, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულ ოდენობად შეაფასა.

კასატორი მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა მყიდველის მიერ შეუსრულებლობის ანდა არაჯეროვნად შესრულებისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო. მოპასუხეს ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და 3.1.5 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ამავე ხელშეკრულების 6.3, 6.4 და 6.8 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ეკისრებოდა, რომლის ჯამი შეადგენდა 906 305.29 ლარს. ამრიგად, პირგასამტეხლოს ოდენობა იმთავითვე იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, რომელშიც მითითებული იყო დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო რეკვიზიტები, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ი...ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის არსებობის დადგენა, დარღვევით გამოწვეული ზიანის ხასიათი, ვალდებულების დარღვევისთვის მხარეთა შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი შესაბამისობა გონივრულ ზღვართან.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ი...ს“ შორის 2015 წლის 3 აგვისტოს გაფორმდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ...ში, სოფელ ...ში მდებარე 10 728 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 ფართით 136 კვ.მ, №2 ფართით 216 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონები) ს/კ ...); 9 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, ფართით 2 211 კვ.მ, №2, ფართით 60 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ...). აღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო ავეჯის, ქვის, თაბაშირის, ცემენტის, აზბესტის, ქარსის ან ანალოგიური მასალების ნაწარმის მწარმოებელი საწარმოების შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში. ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის შესაბამისად, მყიდველი ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოფდა არანაკლებ 1 530 264 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

დასახელებული ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში, კერძოდ, 6.3 მუხლის თანახმად, „ხელშეკრულების“ 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, „მყიდველს“ - შპს ,,ი...ს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 6.4 მუხლის მიხედვით, „ხელშეკრულების“ 3.1.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, „მყიდველს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, 6.8 მუხლის საფუძველზე, „ხელშეკრულებით“ ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისთვის „მყიდველს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქმის მასალებით დასტურდება და მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს შპს „ი...ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება. ამდენად, უდავოა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და 3.1.5 პუნქტებში მითითებული ვალდებულებების დარღვევა, რისთვისაც მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს სახით სულ 906 305.29 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას, მათ შორის, 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის 168 000 ლარის, 3.1.2. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის 653 805.29 ლარის, ხოლო 3.1.5. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის 84 500 ლარის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია შპს „ი...ს“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, აღარ არსებობს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების საჭიროება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისთვის, თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს პირგასამტეხლოს ოდენობის ფორმირებაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აღჭურავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებით. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას, სასამართლო აფასებს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერებასა და გონივრულობას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნაა მოპასუხისათვის კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ არა მარტო ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას, არამედ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით დაკისრების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობასაც. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის 500 000 ლარამდე შემცირება გონივრულია, თუმცა მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაც უნდა იყოს დასაბუთებული და დგინდებოდეს თუ რა მონაცემების საფუძველზე იქნა განსაზღვრული სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების 3.1.1, 3.1.2 და 3.1.5 მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს განსაზღვრის მექანიზმზე, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ამავე ხელშეკრულების 6.3, 6.4. და 6.8. მუხლებით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით ფორმირება - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 500 ლარის ოდენობით დაკისრება, ასევე დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით გადახდევინება, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რაც სასამართლოს მისი შემცირების საფუძველს აძლევს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმად, „პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (სუსგ №ას-1206-2018, 19.12.2018წ.)“.

ამრიგად, პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრული პირგასამტეხლო - განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირებულიყო მეოთხედით და ნაცვლად 0,1%-ისა გონივრულ ოდენობად უნდა მიჩნეულიყო 0,075%. გარდა ამისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრული პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, ასევე შეუსაბამოდ მაღალი იყო ორივე (6.3. და 6.8) შეთხვევაში, რის გამოც 3.1.1. და 3.1.5. მუხლების დარღვევისთვის მოთხოვნილი თანხა (168 000 + 84 500 ლარი) ექვემდებარებოდა მნიშვნელოვნად შემცირებას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 500 000 ლარის ოდენობით მოიცავდა როგორც 6.4. მუხლიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 490 354 ლარს, ასევე 6.3. და 6.8. მუხლების გათვალისწინებით 9 646 ლარს, რაც წარმოადგენდა გონივრულ ოდენობას პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისათვის. ზემოაღნიშნულთან ერთად პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ისეთ ზიანზე, რაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსხვავებულ თანხას განსაზღვრავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო და არა ნორმატიული ხასიათის, მისი სამართლებრივი შინაარსის, ფუნქციისა და დანიშნულების, ასევე კრედიტორისთვის მოსალოდნელი სავარაუდო ზიანის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო საჭიროებდა შემცირებას.

ამრიგად, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე