№ბს-1101(2კ-20) 29 სექტემბერი, 2022
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ გ...“ (მოსარჩელე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 10 მარტს შპს „ გ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ივლისის №... დადგენილებისა („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 მარტის №1-687 ბრძანების („შპს „გ...ს“ წარმომადგენლის მ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 მარტის №1-687 ბრძანება „შპს „გ...ს“ წარმომადგენლის მ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ივლისის №001171 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „გ...ს“ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ იყო ზუსტად განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არ იყო დადგენილი რომელი შენობა-ნაგებობის მოწყობა-განთავსება (მიშენება) მოხდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომელი შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის (მიშენება) დაჯარიმდა შპს ,,გ...’’ და კონკრეტულად რომელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაევალა. აღნიშნულის გამოკვლევა კი არსებითი მნიშვნელობის იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ სამშენებელო სამუშაოები ნებართვის გარეშე არ განხორციელებულა. ხოლო რაც შეეხება შპს „გ...ს“ კუთვნილ ფართში კარის შეცვლას, ვიტრინებისა და ანტრესოლის მოწყობას, - აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მერია აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 23 თებერვალს შპს „გ...ს“ მიმართ შეადგინა მითითება №..., სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ას VI კვარტალი, მე-4 კორპუსის პირველ სართულზე უნებართვოდ ნაწარმოები რეკონსტრუქცია, კერძოდ მიშენებული ფართი, რომლის ნაწილიც გადადიოდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (ს/კ №...) მდებარე მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში და ასევე მომიჯნავედ (ს/კ №...) მდებარე მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში.
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 25 მარტის შემოწმების აქტით დადგინდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევ სუბიექტზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ას VI კვარტალი, კორპ. №...-ში (ს/კ №...) მდებარე ,... სართულზე უნებართვოდ განხორციელდა რეკონსტრუქცია (ფართის მიშენება). მშენებლობის ნაწილი გადადის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. საქმეში წარმოდგენილი დაკვალვის აქტით, აღნიშნული გარემოება უტყუარად დასტურდება, ხოლო მისი შედგენის შემდგომ, მიუხედავად წითელი ხაზების მომზადებისა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეცვლილა, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის ზედდება ხდება თვითმმარველი ერთეულის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან, სწორედ იმ ნაწილში, სადაც განთავსებულია სამართალდარღვევის ობიექტი. ასეთ შემთხვევებში კი, კანონით გათვალისწინებულია ჯარიმის ზუსტი ოდენობა - 10 000 ლარი.
რაც შეეხება სასამართლოს აპელირებას ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 6 ოქტომბრის მშენებლობის სანებართვო მოწმობასა (რომლითაც შპს „გ...ს“ კუთვნილ ფართში კარის შეცვლისა და ვიტრინების მოწყობის უფლება მიეცა) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 16 მარტის სანებართვო მოწმობაზე (რომლითაც შპს „გ...ს“ მიმართ გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა ანტრესოლის მოწყობის თაობაზე), აღნიშნულ სანებართვო მოწმობები არ მოიცავს იმ ტიპის სამუშაოების განხორციელების ნებართვას (რეკონსტრუქცია - ფართის მიშენება), რაც განახორციელა შპს „გ...მა". ამასთან, ხსენებულ სანებართვო მოწმობებს თან ერთვის სადავო ობიექტის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დგინდება რეკონსტრუქციის, კერძოდ ფართის მიშენების ფაქტი.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური აღნიშნავს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ (ყოფილმა - ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა) თავის აქტში (სადავოდ გამხდარი დადგენილება) მიუთითა, თუ რას წარმოადგენდა სამართალდარღვევა. მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევას წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ას VI კვარტალი, კორპ. №...-ში (ს/კ №...) მდებარე, ... სართულზე უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია (მიშენებული ფართი). მოცემული დადგენილებით შპს „გ...ს“ დაევალა უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციის დემონტაჟი. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე, ასევე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ნათლად განმარტეს, თუ რა ნაწილში გადადიოდა უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოები თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ასევე მიუთითეს შენობის საყრდენ კედელზე, რომელთან მიმართებაშიც (მისგან რა მანძილზე) უნდა განსაზღვრულიყო, თუ რა ითვლებოდა უნებართვო რეკონსტრუქციად.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „გ...ს" მიერ განხოციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მათ შორის დამატებითი ფართის მიშენება, რომლის ნაწილიც გადადის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (ს/კ №...) არსებული მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში და ასევე მომიჯნავედ (ს/კ №...) მდებარე მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში (იხ. საქმეში არსებული დაკვალვის აქტი). რეკონსტრუქციის უნებართვოდ განხორციელების ფაქტი, ასევე დგინდება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცულ გეგმებზე ასახული და დადგენილების შედგენის მომენტისათვის არსებული მდგომარეობის შედარებით.
საქმის სრული გამოკვლევისათვის მნიშვნელოვანია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება № 2508890, რომლითაც არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ... განცხადება, სადაც განმცხადებელ მ.დ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ას გამზ, №... არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი: №...) საზღვრების კონფიგურაციაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული განცხადების პასუხად მას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით ...ის რაიონში, ...ას გამზირი №... არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი: №...) გეგმის საზღვრების ცვლილება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა, თუმცა ვინაიდან ცვლილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდებოდა სამსახურის კომპეტენციას, განმცხადებელს განემარტა, რომ თანდართული ესკიზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომში უნდა მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულის რეგისტრაცია არ მომხდარა, ვინაიდან ფიქსირდებოდა ზედდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებასთან და მოთხოვნილი იქნა თვითმმართველი ერთეულის თანხმობა, რაც განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებებით, საქმეში მოპასუხედ მითითებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 06 ოქტომბრის №01/1348 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ...ოს რაიონში, ...ას მე-6 კვარტალი, კორპუსი №4-ში შპს ,,გ...ს’’ კუთვნილი ფართის კარის შეცვლისა და ვიტრინების მოწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა სანებართვო მოწმობა. მითითებული ბრძანების საფუძველზე, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 06 ოქტომბერს, შპს ,,გ...ს’’ სახელზე გაცემული იქნა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №....
ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 16 მარტის №01/264 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, ...ოს რაიონში, ...ას გამზირი 6 კვარტალი, კორპუსი №...-ის ... სართულზე შპს ,,გ...ს’’ საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ ფართში ანტრესოლის მოწყობის არქიტექტურული პროექტი. დასახელებული ბრძანების საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2009 წლის 16 მარტს, შპს ,,გ...ს’’ სახელზე გაცემული იქნა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №....
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,გ...ს“ მიმართ 2016 წლის 23 თებერვალს შედგენილი იქნა მითითება №..., რომლის შესაბამისად, შპს „გ...მა“ აწარმოა ქ.თბილისში, ...ას მე-6 კვარტალი, მე-... კორპუსის ... სართულზე უნებართვო რეკონსტრუქცია, კერძოდ, - მის მიერ მიშენებული ფართის ნაწილი გადადიოდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: №...) მდებარე მიწის ნაკვეთის ხაზებში და ასევე მომიჯნავედ (საკადასტრო კოდი:№...) მდებარე მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. იმავე მითითებაში მშენებლობის ეტაპი მითითებული იყო -„დასრულებული“.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №... შპს ,,გ...ს“ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის №... გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ... განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მ.დ-ე ითხოვდა ქ.თბილისში, ...ის რაიონში, ...ას გამზ, №... არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი: №...) საზღვრების კონფიგურაციაში ცვლილებების შეტანას. აღნიშნული განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ესკიზის მიხედვით ...ის რაიონში, ...ას გამზირი №... არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო ნომერი: №...) გეგმის საზღვრების ცვლილება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნდა. ვინაიდან ცვლილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდებოდა სამსახურის კომპეტენციას, თანდართული ესკიზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომში უნდა მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №... „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც შპს ,,გ...“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ქ.თბილისში, ...ას მე-6 კვარტალი, მე-... კორპუსში (საკადასტრო კოდით: N...), ... სართულზე უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქციის (მიშენებული ფართის) დემონტაჟი.
შპს „გ...მა“ (წარმომადგენლი მ.დ-ე) 2016 წლის 10 აგვისტოს №286280/15 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ივლისის №... დადგენილების („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 მარტის №1-687 ბრძანებით შპს „გ...ს“ წარმომადგენლის მ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ივლისის №001171 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად კი, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია. ხოლო, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით. ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას - სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნა 2-ის შესაბამისად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექცია) მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული და გამოკვეთილი სამშენებლო სამართალდარღვევის ობიექტი, არ არის დადგენილი რომელი შენობა-ნაგებობის მოწყობა-განთავსება (მიშენება) მოხდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რომელი შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის (მიშენება) დაჯარიმდა შპს ,,გ...’’ და კონკრეტულად რომელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაევალა და რა ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების ცოდნა აუცილებელია მოსარჩელისათვის როგორც საკუთარი უფლებების დასაცავად, ასევე შესაძლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნისათვის. შპს ,,გ...ს’’ კუთვნილ ფართში კარის შეცვლისა და ვიტრინებისა და ანტრესოლის მოწყობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებებზე, რომლებთან შეუსაბამობა არ არის დადასტურებული, არც გასაჩივრებული აქტებით, არც სამართალდარღევის საქმის წარმოების ეტაპზე გამოცემული მითითებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შეფასების საგანს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ისნპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი