Facebook Twitter
საქმე №ბს-587(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ...“, შპს „შ...“; მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი - ზ. ძ-ე).


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ...მა“ და შპს „შ...მა“ 2020 წლის 9 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3/28-2020 განსახილველად გადაეცა საჩხერის რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეთა აცილების/თვითაცილების გამო, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ იყო აღნიშნული ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე.

საჩხერის რაიონულ სასამართლოში, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დაკმაყოფილდეს განცხადების მოთხოვნა და ცვლილება შევიდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანებაში, რომლითაც მშენებლობის ნებართვის ვადა გაგრძელდეს 1 წლით, ვადის ათვლა კი დაიწყოს ცვლილების შეტანის დღიდან; ასევე, მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები შევიდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობა №4-ში და ასეთი ცვლილების შეტანა დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას ან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.

დაზუსტებული სარჩელის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქუჩა №...-ში, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი .... ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 თებერვლის №43 117 ბრძანებით დამტკიცდა ხსენებული ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო მერის 2019 წლის 18 თებერვლის №43 127 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა მშენებლობის პროექტი. 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა შპს „მ...სა“ და შპს „შ...ზე“ ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქ. №...-ში, მითითებული საწარმოების საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ავტოგასამართი შენობის დემონტაჟის და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტად) მშენებლობისათვის. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი. №43 128 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურმა გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №4. იმის გამო, რომ ობიექტური მიზეზებით ვერ განხორციელდა ხსენებული ბრძანებითა და მოწმობით დადგენილ 1-წლიან ვადაში მშენებლობის დასრულება, ორგანიზაციების დირექტორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ზესტაფონის მერიას მიმართა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით და წარუდგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები. აღნიშნულ განცხადებაზე მოსარჩელეს არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია, რის გამოც 2020 წლის 13 იანვარს მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას და გამოითხოვა მერიაში 2019 წლის 21 ნოემბერს წარდგენილი განცხადება, მასზე დართული დოკუმენტები და განცხადებაზე გაცემული პასუხი. მოსარჩელეს გადაეცა 2020 წლის 29 იანვრით დათარიღებული მერიის პასუხი, მის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები და ეცნობა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ნებართვის ვადის გაგრძელებისათვის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოქმედი ნებართვის ვადის გასვლამდე მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო კანონით დადგენილ ვადაში მიეღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რაც არ განუხორციელებია. მოსარჩელე მხარემ ზესტაფონის მერიას მოსთხოვა 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც მშენებლობის და ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა 1 წლით, 2021 წლის 18 თებერვლამდე. ასევე მოთხოვნილი იყო ცვლილებების შეტანა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №4-ში, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 18.02.2021 წლით და მოხდებოდა სანებართვო მოწმობის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა და განცხადების პასუხად მოსარჩელეს აცნობა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეუწონლად მიაჩნია გაგრძელდეს 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანების და 2019 წლის 18 თებერვლის №4 სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩართულ იქნენ ზ. ძ-ე და დ. მ-ი.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2020 წლის 10 თებერვალს გამოცემული №43/613 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილი წესით და ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „მ...მა“ და შპს „შ...მა“.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,მ...ს’’ და შპს ,,შ...ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ა) გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ) შპს ,,მ...ს’’ და შპს ,,შ...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; გ) ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 წერილი; დ) დაევალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, შეიტანოს ცვლილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №43128 ბრძანებაში, რომლითაც შპს ,,მ...ს’’ (ს/კ ...) და შპს ,,შ...ს’’ (ს/კ ...) ამავე ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის (ქ. ზესტაფონში, ...ს ქ. №...-ში, მითითებული საწარმოების საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ ... ავტოგასამართი შენობის დემონტაჟისა და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის) ვადა გაუგრძელდება 1 (ერთი) წლით და აღნიშნული ვადის ათვლა დაიწყოს ცვლილების შეტანის შესახებ აქტის გამოცემის დღიდან; ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს დაევალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.2 პუნქტის შესრულების შემდეგ, მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს შპს ,,მ...ს’’ (ს/კ ...) და შპს ,,შ...ს’’ (ს/კ ...) №4 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში.

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს „შ...ს“ და შპს „მ...ს“ საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქუჩა №...-ში; მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...; ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 14.02.2019 წლის №43 117 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქუჩა №...-ში, კომერციული კომპლექსისა და ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობისათვის, შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობები; გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 18.02.2019 წლის №43 127 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქუჩა №...-ში, შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟისა და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ სვეტზე) მშენებლობის პროექტი; დ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 18.02.2019 წლის №43 128 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და ამავე ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურმა გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №4 შპს „მ...სა“ და შპს „შ...ზე“ ქალაქ ზესტაფონში ...ს ქუჩა №...-ში, მითითებული საწარმოების საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ავტოგასამართი შენობის დემონტაჟის და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტად) მშენებლობისათვის. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 (ერთი) წელი; ე) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაცემული ნებართვის საფუძველზე განხორციელებულია სამუშაოები; ვ) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით - 2020 წლის 18 თებერვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლამდე, 2019 წლის 21 ნოემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა დამკვეთმა მშენებლობის ვადის გაგრძელების თხოვნით და წარადგინა კანონით დადგენილი დოკუმენტები. მშენებლობის დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის მიზეზად კი მიუთითა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების - ზ. ძ-ეისა და დ. მ-ის წინააღმდეგობები, რომლებმაც არაერთი განცხადება წარადგინეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელე მხარეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისაგან პასუხი არ მიუღია; ზ) 2020 წლის 13 იანვარს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა დამკვეთის 2019 წლის 21 ნოემბრის შეტანილი დოკუმენტების ასლები და წერილზე გაცემული პასუხის ასლი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 29.01.2020 წლის წერილით მუნიციპალიტეტის მერის მ/შემსრულებელმა, დ. მ-ემ შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ წარმომადგენელს განუმარტა, რომ 29.11.2021 წლის განცხადებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ნებართვის ვადის გაგრძელებისათვის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ რეაგირება არ მოახდინა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ განცხადებაზე ნებართვის ვადის გაგრძელების შესახებ. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე არც ხარვეზი დაუდგენია და არც ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაუგრძელებია ადმინისტრაციულ ორგანოს; თ) 2020 წლის 31 იანვარს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას ქმედების განხორციელების შესახებ და განმეორებით მოითხოვეს გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება ერთი წლის ვადით, 2021 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 წერილში, რომელიც მოსარჩელეებმა მიიღეს 2020 წლის 12 თებერვალს, მითითებულია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეუწონლად მიაჩნია, გაგრძელდეს 18.02.2019 წლის №43 128 ბრძანების და 18.02.2019 წლის №4 სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით; ი) მოსარჩელეებმა 2020 წლის 14 თებერვალს მიმართეს ზესტაფონის მერიას და მოითხოვეს შემდეგი სახის ინფორმაცია: „1. ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების 31.01.2020 წლის ქმედების განხორციელების შესახებ განცხადება და ამ ადმინისტრაციული წარმოების საქმის ყველა მასალის ასლი; 2. ეცნობებინათ, როდის მოხდა მათი განცხადების განხილვა და რატომ არ მოიწვიეს ამ ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე; 3. კონკრეტულად მიეთითებინათ რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე ეთქვათ უარი მათი 31.01.2020 წლის ქმედების განხორციელების შესახებ განცხადებაზე; 4. ეცნობებინათ კონკრეტულად, რომელი უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესი იქნა გათვალისწინებული და არის თუ არა აღნიშნული ინტერესი კანონიერი“; კ) მოსარჩელეებმა 20.02.2020 წელს მიიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 19.02.2020 წლის №43/827 წერილი, თანდართული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 17.02.2020 წლის №06/225 წერილით, რომელშიც მითითებულია, რომ მათ განიხილეს ქ. ზესტაფონში, ჭიათურას ქ. №79-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ... ) ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის პროექტის ტექნიკური ნაწილი და გააჩნიათ რამდენიმე შენიშვნა. დადგენილია, რომ მოცემული შენიშვნები შეეხება მოსარჩელეების სახელზე უკვე გაცემულ მშენებლობის ნებართვას და მშენებლობის სანებართვო მოწმობას; ლ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 18.02.2019 წლის №43 128 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვა და ხსენებული ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა №4 ძალაშია განსახილველი პერიოდისათვის. ნებართვის გაცემის შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია მისი კანონიერება და არ შეჩერებულა მისი მოქმედება, მიუხედავად მესამე პირთა მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრისა თუ განცხადებებისა; მ) მოსარჩელეებმა 2020 წლის 22 თებერვალს მიიღეს ზესტაფონის მერიის 21.02.2020 წლით დათარიღებული №48/880 წერილი. ამ წერილში ზესტაფონის მერია უთითებს, რომ: „18.02.2020 წელს დასრულდა მათზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა; ასევე, არ დაკმაყოფილდა მათი თხოვნა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით“. ავტორი ამავე წერილში აღნიშნავს, რომ „გასულია მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების ვადა და უფლება არა აქვთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები“, ამავე განცხადებით რეაგირებისათვის გადმოეგზავნათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის ქონების მართვის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მ.შ - ე. ს-ეის მიერ 20.02.2020 წელს შედგენილი მითითება №1, მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. ასევე ეცნობათ, რომ თუ ისინი არ გაითვალისწინებენ მითითებას უფლებამოსილი პირი მიიღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების თაობაზე და რომ ამ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით; ასევე გასაცნობად გადმოეგზავნათ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 17.02.2020 წლის №06/225 წერილი; ნ) მოსარჩელეებმა 2020 წლის 29 თებერვალს მიიღეს ზესტაფონის მერის 27.02.2020 წლით დათარიღებული №43/1084 წერილი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეებს მიაწოდეს 14.02.2020 წლის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, პასუხი და გადაეცათ მათ მოსარჩელეების მიმართ ნაწარმოები ადმინისტრაციული საქმის მასალები 36 გვერდად. ამავე განცხადებით ეცნობათ სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, ამ წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათი განცხადების განხილვა (საუბარია 31.01.2020 წლის ქმედების განხორციელების შესახებ განცხადებაზე) მოხდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამის გამო არ მიიწვიეს ისინი საქმის განხილვაზე. ამავე განცხადებით ეცნობათ მოსარჩელეებს, რომ მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილების 41-ე მუხლით, სამეზობლო მიჯნის ზონისათვის განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, იზღუდება მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესები.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მეორე მუხლის პირველ პუნქტზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 57-ე და 54-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე, 2019 წლის 21 ნოემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა დამკვეთმა მშენებლობის ვადის გაგრძელების თხოვნით და წარადგინა კანონით დადგენილი დოკუმენტები. მშენებლობის დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის მიზეზად კი მიუთითა მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების - ზ. ძ-ეისა და დ. მ-ის წინააღმდეგობები, რომლებმაც არაერთი განცხადება წარადგინეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებლობის შეჩერების თაობაზე. მიუხედავად მესამე პირთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადებებისა, რომლებიც აპროტესტებდნენ მშენებლობის ნებართვის კანონიერებას, გაცემული ნებართვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ გამხდარა სადავო, მას არ შეუჩერებია მისი მოქმედება, ასევე არ გაუბათილებია სადავო აქტი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დამკვეთი ითხოვდა მხოლოდ სამშენებლო ნებართვის ვადის გაგრძელებას და დადგენილების 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სამშენებლო სამუშაოები არ საჭიროებდა ახალი ნებართვის გაცემას. აღნიშნულზე რაიმე მინიშნებას არც სადავო წერილი შეიცავს. ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ უპასუხოდ დატოვა 21.11.2019 წლის წერილი, მოსარჩელეებმა 2020 წლის 31 იანვარს განმეორებით იმავე მოთხოვნით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელეების 21.11.2019 წლის განცხადებაზე (რომელიც შეეხებოდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას) ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 29.01.2020 წლით დათარიღებული წერილიც. შესაბამისად, მოსარჩელეებს ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მათი განცხადების განხილვის ვადის ამოწურვის შემდეგ დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულ მოლოდინს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ მათ კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს, ე.ი. მანამ, სანამ ამოიწურებოდა ნებართვით განსაზღვრული 1-წლიანი ვადა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად ნაწარმოებია მშენებლობა და მოსარჩელე მხარემ მხოლოდ მშენებლობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა არაერთი მოთხოვნის შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 წერილით მხარეს უარი ეთქვა მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე, საფუძვლად კი მიეთითა ის გარემოება, რომ მშენებლობის გაგრძელებით ირღვეოდა მეზობლების კანონიერი ინტერესები. აგრეთვე ყურადღება იქნა გამახვილებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 17.02.2020 წლის №06/225 წერილზე, რომელიც ეხებოდა უკვე გაცემულ მშენებლობის ნებართვას და მასში მითითებული იყო, რომ წარდგენილი პროექტი მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების პროცესთან შესაბამისობაში არ იყო, მაშინ როდესაც აღნიშნული პროექტი მოწონებულ და შეთანხმებულ იქნა იმავე ადმინისტრაციულ ორგანოსთან და გაცემულ იქნა სამშენებლო ნებართვა, რომელიც ყველა პროცედურის დაცვით კანონიერ ძალაშია და დადგენილია, რომ ხსენებული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე სამუშაოებიცაა განხორციელებული, რაც დასტურდება საქმეში არსებული ფოტომასალით და ამ ფაქტს არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უარყოფს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე მხარის განმარტებები მის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ წინააღმდეგობრივი იყო. ფაქტობრივად იგი სადავოდ ხდიდა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც მას ბათილად არ უცნია, მიუხედავად მესამე პირთა ადმინისტრაციული საჩივრისა და მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნის შემდეგ მიუთითა პროექტის შეუსაბამობასა და მესამე პირთა ინტერესების შელახვაზე.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოებები, რომ სამშენებლო ნებართვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული იყო კანონმდებლობის დაცვით, იგი ძალაშია და არ გაუქმებულა, არც მისი მოქმედება შეჩერებულა, ასევე ის გარემოება, რომ დამკვეთმა კანონით დაცულ ვადაში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით იმაზე აპელირებით, რომ მშენებლობა დაწყებული იყო, თუმცა ერთწლიან ვადაში ვერ ესწრებოდა მისი დასრულება, გასაჩივრებულ აქტთან მიმართებით, ასაბუთებდნენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წანამძღვრების არსებობას, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. მ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, განსახილველი საქმე წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნას, რაც ეფუძნება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 57-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს არა ახალი ნებართვის გაცემას, არამედ მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული 54-ე მუხლი სრულად შეუსაბამოა განსახილველ შემთხვევასთან. დადგენილების 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, განსაკუთრებული შინაარსით და დატვირთვით, კერძოდ, ამ პუნქტის მიხედვით კანონმდებელი აწესებს ჩვეულებრივი საკანონმდებლო წესისაგან განსხვავებულ მოთხოვნას. თუ ჩვეულებრივ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა ითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად, ამ ნორმის მიხედვით აქტის გამოუცემლობა ითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებად. ეს დანაწესი არის განსაზღვრული კონკრეტული ერთი სამართლებრივი ქმედებისთვის და მისი ანალოგად გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის დანაწესი, სრულიად შეუსაბამოა ამ ვითარებაში მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების და სანებართვო მოწმობის ცვლილების დავალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

სააპელაციო სასამართლომ ძირითადად ყურადღება გაამახვილა შპს „შ...ს“ და შპს „მ...ს“ მიერ შეტანილი განცხადების და მასზე პასუხის ფორმალურ ვადებზე მაშინ, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან ქმედებას: კანონმდებლობით მკაცრად დარეგულირებული, საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი ობიექტის მშენებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებლად აუცილებელი სახელმწიფო სტანდარტები, კერძოდ, „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს და ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების ტერიტორიის, შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ. არც სამშენებლო პროექტი და არც ერთი სხვა დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ამ ნებართვასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს იმ იმპერატიული შინაარსის მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება არარა აქტს, რომელიც გამოცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ეწინააღმდეგება კანონს და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ ფორმით და მოცემულობით მშენებლობის განხორციელება პირდაპირ გამოიწვევს კანონდარღვევას, ეს კი პირდაპირ მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა არსებული ვითარებისადმი შეუსაბამო სამართლის ნორმა, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა დაარღვია ვადა და ყველანაირი შინაარსის გათვალისწინების გარეშე განახორციელა გადაწყვეტილების მიღება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მშენებლობის ნებართვა არის კანონსაწინააღმდეგო შინაარსის, საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ საკანონმდებლო სტანდარტს, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წერილით. დოკუმენტი მიღებულია განაშენიანების კოეფიციენტის უხეში დარღვევით, ასევე, მშენებლობის პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სავალდებულო კვლევას, იქნება ეს ტოპოგეოდეზიური, საინჟინრო-გეოლოგიური და მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების და საქალაქო ინფრასტრუქტურის კვლევა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიზანშეუწონლად მიიჩნია ავტოგასამართი სადგურის შენობის დემონტაჟისა და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობისათვის №43 128 ბრძანებისა და №4 სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ თანასაკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ზესტაფონი, ...ს ქ. №..., ს/კ ... (ტ.1. ს.ფ. 39-40); ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 თებერვლის №43 117 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქი ზესტაფონში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობები კომერციული კომპლექსის და ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობისათვის (ტ.1. ს.ფ. 41); გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №43 127 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი ზესტაფონში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული ავტოგასამართი სადგურის დემონტაჟის და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობის პროექტი (ტ.1. ს.ფ. 42); დ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და შესაბამისი სანებართვო მოწმობა შპს „მ...სა“ და შპს „შ...ზე“ ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქ. №...-ში მითითებული საწარმოების საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მდებარე ავტოგასამართი შენობის დემონტაჟის და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობისათვის. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულია მშენებლობის სანებართვო მოწმობა №4 (ტ.1. ს.ფ. 42-45); ე) 2019 წლის 21 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ დირექტორმა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით (ტ.1. ს.ფ. 46-66); ვ) შპს „მ...სა და შპს „შ...ს“ წარმომადგენელმა 2020 წლის 13 იანვრის წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა მოსარჩელე კომპანიების დირექტორის მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს წარდგენილი მიმართვის, მასზე თანდართული დოკუმენტების ასლებისა და მიმართვაზე გაცემული პასუხის გადაცემა (ტ.1. ს.ფ. 67-68); ზ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 იანვარის №43/429 მიმართვით მოსარჩელეების წარმომადგენელს გაეგზავნა 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე წარდგენილი განცხადების თანდართული დოკუმენტების ასლები. ამავე მიმართვით ეცნობა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის ვადის გაგრძელებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა (ტ.1. ს.ფ. 69); თ) შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ წარმომადგენელმა 2020 წლის 31 იანვარს განცხადებით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც მშენებლობის და ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდებოდა 1 წლით, 18.02.2021 წლამდე, ასევე მოითხოვა ცვლილების შეტანა №4 სანებართვო მოწმობაში (ტ.1, ს.ფ 70-74); ი) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 მიმართვით მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლებს ეცნობათ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეუწონლად მიიჩნია შპს „მ...სა“ და შპს „შ...სათვის“ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ავტოგასამართი სადგურის შენობის დემონტაჟისა და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობისათვის, ნებართვის გაცემის თაობაზე 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანებისა და არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გაცემული №4 სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადების გაგრძელება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით (ტ.1, ს.ფ 75); კ) მოსარჩელეებმა 2020 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს შემდეგი სახის ინფორმაცია: „1. ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების 31.01.2020 წლის ქმედების განხორციელების შესახებ განცხადება და ამ ადმინისტრაციული წარმოების საქმის ყველა მასალის ასლი; 2. როდის მოხდა მათი განცხადების განხილვა და რატომ არ მოიწვიეს ამ ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე; 3. კონკრეტულად რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე ეთქვათ უარი მათი 31.01.2020 წლის ქმედების განხორციელების შესახებ განცხადებაზე; 4. კონკრეტულად, რომელი უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესი იქნა გათვალისწინებული და არის თუ არა აღნიშნული ინტერესი კანონიერი“ (ტ.1. ს.ფ 78-79); ლ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 თებერვლის №43/827 მიმართვით მოსარჩელე მხარეს გასაცნობად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილი შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის თაობაზე. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ სააგენტოს ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის პროექტის ტექნოლოგიური ნაწილის მიმართ გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: პროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, რომელი ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა ავტოგასამართი სადგურის დაპროექტება; დარღვეულია ნავთობპროდუქტებისთვის განკუთვნილი რეზერვუარების განთავსების პირობები, კერძოდ, რეზერვუარები უშუალოდ ესაზღვრება საოპერატორო, სავაჭრო და საოფისე შენობა-ნაგებობას, უნდა იყოს არანაკლებ 9 მ; რეზერვუარები უშუალოდ ესაზღვრება საწვავსარიგებელ სვეტებს, უნდა იყოს არანაკლებ 4 მ; სასუნთქი სარქველებისა და ავტოცისტერნის დგომის ადგილი უშუალოდ ესაზღვრება შენობა-ნაგებობას, რაც დაუშვებელია; ტოპოგრაფიულ გეგმაზე არ არის მოცემული 25 მ. რადიუსში არსებულ შენობა-ნაგებობამდე დაცილებები და მათი ფუნქციური დანიშნულება (ტ.1, ს.ფ 82-83); მ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 21 თებერვლის №43/880 მიმართვით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ 18.02.2020 წელს დასრულდა მათზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა. არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსარჩელეებს უფლება არ აქვთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები. ამავე მიმართვით მოსარჩელეებს რეაგირებისათვის გადაეგზავნათ ეკონომიკის, ქონების მართვის და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ 20.02.2020 წელს შედგენილი მითითება №1, მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე და განემარტათ, რომ თუ ისინი არ გაითვალისწინებენ მითითებას, სამსახური მიიღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების თაობაზე და დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 86-87); ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 თებერვლის №43/1084 მიმართვით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათი განცხადების განხილვა მოხდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოება არ ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის გამართვას, არ მიიწვიეს საქმის განხილვაზე. ამავე მიმართვით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილების 41-ე მუხლით, სამეზობლო მიჯნის ზონისათვის განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, იზღუდებოდა მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (ს/კ ...) ინტერესები (ტ.1. ს.ფ. 103-104).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომლის 57-ე მუხლი არეგულირებს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მშენებლობის ახალი ნებართვის საკითხებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, (1) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. (2) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია, თუ პირი ითხოვს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და სამშენებლო ობიექტზე არ განხორციელებულა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართვას მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. ამ მიმართვას უნდა დაერთოს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი და ინფორმაცია ამ გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. ამასთან, ვადის გაგრძელების წინაპირობას წარმოადგენს დამკვეთის ან მისი წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე, დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტის წარდგენა და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის მითითება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 თებერვლის №43 128 ბრძანების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და შესაბამისი სანებართვო მოწმობა შპს „მ...სა“ და შპს „შ...ზე“ ქალაქ ზესტაფონში, ...ს ქ. №...-ში მითითებული საწარმოების საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მდებარე ავტოგასამართი შენობის დემონტაჟის და კომერციული კომპლექსის, აგრეთვე ავტოგასამართი სადგურის (ორ გასამართ სვეტზე) მშენებლობისათვის. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე, 2019 წლის 21 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა შპს „მ...სა“ და შპს „შ...ს“ დირექტორმა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის კალენდარული გეგმა-გრაფიკი. ამასთან, მიუთითა, რომ შესასრულებელი სამუშაოების ჩატარებისათვის ესაჭიროებოდა 1 წელი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 თებერვლის №43/613 აქტით მოსარჩელეთათვის მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესები. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული სამუშაოები არ საჭიროებდა მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემას და საკითხი შეეხებოდა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას, რომელიც გაიცა მოპასუხე მხარის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და პროექტის შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარემ მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ მოსარჩელეთა განცხადების წარდგენის შემდეგ მიუთითა პროექტის შეუსაბამობასა და მესამე პირთა ინტერესების შელახვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, სათანადო ცვლილების შეტანაზე უარის თქმის კანონიერება და დავის საგანს არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების შეფასება. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებები სცდება განსახილველი საქმის ფარგლებს. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებაზე, რომ გაცემული მშენებლობის ნებართვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ გამხდარა სადავო, მას არ შეუჩერებია აღნიშნული აქტების მოქმედება და არც მათი ბათილად ცნობა მოუხდენია. აღნიშული გარემოება კი მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. №13302225840 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. მ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. დ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.05.2022წ. №13302225840 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე