Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-776(კ-21) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ააიპ საქართველოს ...ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ააიპ საქართველოს ...ამ 2019 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, სსიპ საქართველოს ...ის მიერ მოპასუხისთვის 2019 წლის 24 ოქტომბრის №... წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.
აღნიშნული წერილით ელექტრონული სახით (ჩაწერილი CD და DVD დისკებზე) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაცია: 1) რამდენი ლარით დაფინანსდა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 2) ჯამში რამდენი ლარი შეადგინა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, მათ შორის, რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი იყო ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული და რამდენი ერთჯერადი მომსახურებებიდან მიღებული თანხა (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); 3) დეტალურად ანუ სათითაოდ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ კონკრეტული შემოსავლების განმარტება, შესაბამისი თარიღების (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის, და წლის) მითითებით: 4) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული და რომელი სახეობის ცხოველების იზოლირება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 5) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ძუ ძაღლის და რამდენი კატის სტერილიზაცია განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 6) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ხვადი ძაღლის და რამდენი ხვადი კატის კასტრაცია განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარულ რიცხვის, თვის, წლის მითითებით) მიხედვით; 7) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ძაღლის და რამდენი კატის გაჩუქება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის, და წლის მითითებით) მიხედვით; 8) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ძაღლის და რამდენი კატის დაბრუნება განხორციელდა აყვანის ადგილას 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 9) რამდენი ერთეული ძაღლის და რამდენი კატის ევთანაზია განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის დ წლის მითითებით) მიხედვით, თითოეული მათგანისათვის ევთანაზიის მიზეზის განმარტებით; 10) სრული სიის მიწოდება საიდენტიფიკაციო ნომრების დამატებით, იმ ცხოველების საიდენტიფიკაციო ნომრებისა, როლებიც შევიდნენ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 11) უტარდება თუ არა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილ ძაღლებს აგრესიულობის ტესტი და რა მეთოდით, დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფორმაცია გაიცეს შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) ასლების მეშვეობით, რომლებიც შედგენილია 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 12) გაიცეს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული მონაცემები, რომლებიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 13) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მიღებული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის გამგზავნი, როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 14) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაგზავნილი ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, რომელთა მიმღებებიც არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები, გაგზავნილი 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოცემული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი; 15) ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 16) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში არსებული ყველა დოკუმენტის ასლი (მათ შორის, ცხოველების ვეტერინარული აღრიცხვიანობის (მიკვლევადობის) დოკუმენტის ასლები (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების აღრიცხვიანობის ჟურნალის ასლები) და ყველა სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ინახება სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ააიპ საქართველოს ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაევალა მოსარჩელისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რამდენი ერთეული და რომელი სახეობის ცხოველის იზოლირება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან მისთვის მიმართვის დღემდე იმ სახით, რა სახითაც არის დამუშავებული აღნიშნული ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში; მოპასუხეს ასევე დაევალა მოსარჩელისთვის ეცნობებინა, უტარდებოდათ თუ არა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილ ძაღლებს აგრესიულობის ტესტი და რა მეთოდით, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოსარჩელე დაევალა აღნიშნულ საკითხზე მასთან არსებული სრული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდება; მოპასუხეს - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაევალა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მიერ მიღებული ბრძანებების გაცემა პერსონალური მონაცემების დაცვით 2015 წლის 1 იანვრიდან მიმართვის დღემდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, ააიპ საქართველოს ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ააიპ საქართველოს ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა ააიპ საქართველოს ...ისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რამდენი ერთეული და რომელი სახეობის ცხოველთა იზოლირება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან მისთვის მიმართვის დღემდე იმ სახით, რა სახითაც არის დამუშავებული აღნიშნული ინფორმაცია სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ საქართველოს ...ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ასევე სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
კასატორის მითითებით, საქმის განხილვის შედეგად დასტურდება, რომ სასამართლო შემადგენლობამ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, არასწორად იმსჯელა დავის საგანთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი საქმის განხილვის ორივე ეტაპზე მიუთითებდნენ იმ ფაქტობრივი გარემოებების და შესაბამისი მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც უცილობლად განაპირობებდნენ სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ საქართველოს ...ა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ააიპ საქართველოს ...ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ საქართველოს ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მოსარჩელისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, §61, Garcia Ruiz v. Spain [GC] §26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], §81).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ააიპ საქართველოს ...ამ 2019 წლის 24 ოქტომბერს №... განცხადებით მიმართა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე, 37-ე, მე-40 და 42-ე მუხლების თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში, არაერთი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული სახით (ჩაწერილი CD და DVD დისკებზე) მიწოდება მოითხოვა.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის №... წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს ...ის თავმჯდომარეს ეცნობა შემდეგი სახის ინფორმაცია: სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსებამ წლების მიხედვით შეადგინა 988450 ლარი, მათ შორის: 2017 წელს - 3158000 ლარი, 2018 წელს - 3325000 ლარი, 2019 წელს - 3401500 ლარი; 2018 წლიდან დღემდე სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსებამ ჯამში შეადგინა 6726500 ლარი; სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ერთჯერადი მომსახურებებიდან და ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთარი სახსრების შემოსავლებმა შეადგინა 81792.51 ლარი, მათ შორის: 2018 წელს - 41767. 61 ლარი, ხოლო 2019 წელს - 40024,90 ლარი; 2018 წელს ჩატარდა 2616 სტერილიზაციის ოპერაცია, მათ შორის, 2381 ძუ ძაღლის და 235 ძუ კატის; 2018 წელს ჩატარდა 2079 კასტრაციის ოპერაცია, მათ შორის, 1950 ხვადი ძაღლის და 129 ხვადი კატის; 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა 4685 ქირურგიული ოპერაცია - სტერილიზაცია /კასტრაცია (დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა დანართში); სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ 2018 წელს გაჩუქდა 575 ძაღლი და 134 კატა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით - 476 ძაღლი და 123 კატა; 2018 წელს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ბუნებრივ არეალში გაშვებულ იქნა 3425 ძაღლი და 93 კატა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით - 3937 ძაღლი და 138 კატა; 2018 წელს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ევთანაზია ჩაუტარდა 825 ძაღლს და 142 კატას, ხოლო 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით - 894 ძაღლსა და 424 კატას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-17 მუხლებზე დაყრდნობით, მოპასუხეს განემარტა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოკლებული იყო უფლებამოსილებას, გაესაჯაროებინა სააგენტოში დაცული კორესპონდენცია, ბრძანებები, რომლებიც შეიცავდა ან შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას და იძლეოდეს პირის იდენტიფიცირების საშუალებას.
საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2020 წლის 20 ივლისის №... წერილით ააიპ საქართველოს ...ის თავმჯდომარეს გაეგზავნა ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის 2 ჟურნალი, რომლებშიც 2018 წლის 2 სექტემბრიდან აღრიცხულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაცემის თარიღი, ოპერაციის ჩატარების ოდენობა კონკრეტული თარიღის მითითებით, ათვისებული მედიკამენტების ოდენობა და დარჩენილი ნაშთი თითოეული დღისთვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის ღიაობა და მასზე ხელმისაწვდომობის თავისუფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამასთან, დასახელებული კოდექსის 10.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობის, აგრეთვე მათი ასლების მიღების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის III თავით. ამდენად, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, აუცილებელი არ არის განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. რაც შეეხება დასახელებული კოდექსის მე-40 მუხლს, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, მათ შორის ელექტრონული ფორმითაც, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა, რომლებზე პასუხის გაცემაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების)“ მე-3 მუხლზე, რომელიც დეტალურად მოიცავს სააგენტოს ფუნქციებს და საქმიანობის საგანს, ასევე ვალდებულებებს. დასახელებული აქტის შესაბამისად, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს მიიღოს კონკრეტული ფუნქციის შესრულების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მიღებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, კონკრეტულად რა ღონისძიებები იქნა დაგეგმილი და შესრულებული, რა სახის შესყიდვები განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რა მიმართულებით და როგორ დახარჯა სახელმწიფო ფინანსები, ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაცია გასაგები და აღქმადი უნდა იყოს თავად ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც ვალდებულია სათანადოდ უპასუხოს საზოგადების ინტერესს, მის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულების ირგვლივ. ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატიულ საზოგადოებაში განხორციელდეს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონიტორინგის ფუნქცია. აღნიშნული მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მოცემულ შემთხვევაში ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, მათი საზოგადოებრივი მეთვალყურეობის ფუნქციებში ჩარევად აღიქმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 24 ოქტომბრის №... წერილით მოითხოვა ინფორმაცია: 1) რამდენი ლარით დაფინანსდა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 2) ჯამში რამდენი ლარი შეადგინა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიღებულმა შემოსავალმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, მათ შორის, რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი იყო ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული და რამდენი ერთჯერადი მომსახურებებიდან მიღებული თანხა (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); 3) დეტალურად ანუ სათითაოდ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ კონკრეტული შემოსავლების განმარტება, შესაბამისი თარიღების (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის, და წლის) მითითებით.
აღნიშნულ წერილზე სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მოსარჩელეს წერილობით მიაწოდა ინფორმაცია, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსებამ წლების მიხედვით შეადგინა 9884500 ლარი, მათ შორის: 2017 წელს - 3158000 ლარი, 2018 წელს - 3325000 ლარი, 2019 წელს - 3401500 ლარი; 2018 წლიდან დღემდე სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსებამ ჯამში შეადგინა 6726500 ლარი; სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ერთჯერადი მომსახურებებიდან და ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთარი სახსრების შემოსავლებმა შეადგინა 81792.51 ლარი, მათ შორის, 2018 წელს - 41767.61 ლარი, ხოლო 2019 წელს - 40024,90 ლარი.
კასატორი ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მის მიერ მოთხოვნილია თითოეული მომსახურების შინაარსისა და მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის საჯარო ინფორმაციის სახით მიწოდება 2017 წლიდან, თუმცა მიწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც ზოგადია და მოიცავს უამრავი ხასიათის და შინაარსის მომსახურების შესწავლას, მით უფრო ამ ინფორმაციის გაცემა 2017 წლიდან თითოეული მომსახურების შინაარსის შესწავლასთან ერთად საჭიროებს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის დამუშავებას, რისი რესურსიც, სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მათ არ გააჩნიათ, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების დავალება გამოიწვევს სააგენტოს პარალიზებას და ფუნქციონირების შეწყვეტას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსებასთან მოთხოვნილი დამუშავებული ინფორმაცია წლების მიხედვით მათ უკვე გადაეცათ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა: 4) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული და რომელი სახეობის ცხოველთა იზოლირება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 5) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ძუ ძაღლის და რამდენი კატის სტერილიზაცია განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 6) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ხვადი ძაღლის და რამდენი ხვადი კატის კასტრაცია განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარულ რიცხვის, თვის, წლის მითითებით) მიხედვით; 7) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ძაღლის და რამდენი კატის გაჩუქება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის, და წლის მითითებით) მიხედვით; 8) სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ რამდენი ერთეული ძაღლის და რამდენი კატის დაბრუნება განხორციელდა აყვანის ადგილას 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით; 9) რამდენი ერთეული ძაღლის და რამდენი კატის ევთანაზია განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის დ წლის მითითებით) მიხედვით, თითოეული მათგანისათვის ევთანაზიის მიზეზის განმარტებით; 10) სრული სიის მიწოდება საიდენტიფიკაციო ნომრების დამატებით, იმ ცხოველების საიდენტიფიკაციო ნომრებისა, როლებიც შევიდნენ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე.
აღნიშნულ მოთხოვნებზე ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს წერილობით აცნობა, რომ 2018 წელს ჩატარდა 2616 სტერილიზაციის ოპერაცია, მათ შორის, 2381 ძუ ძაღლის და 235 ძუ კატის; 2018 წელს ჩატარდა 2079 კასტრაციის ოპერაცია, მათ შორის, 1950 ხვადი ძაღლის და 129 ხვადი კატის; 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა 4685 ქირურგიული ოპერაცია - სტერილიზაცია /კასტრაცია; სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ 2018 წელს გაჩუქდა 575 ძაღლი და 134 კატა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით - 476 ძაღლი და 123 კატა; 2018 წელს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ბუნებრივ არეალში გაშვებული იქნა 3425 ძაღლი და 93 კატა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით - 3937 ძაღლი და 138 კატა; 2018 წელს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ევთანაზია ჩაუტარდა 825 ძაღლს და 142 კატას, ხოლო 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით - 894 ძაღლსა და 424 კატა; დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა დანართით.
ააიპ საქართველოს ...ის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი, რამდენადაც მისთვის გაუგებარი იყო, რას გულისხმობდა ლათინური აღნიშვნები K და S.
საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის მიერ განიმარტა მათი მნიშვნელობა, კერძოდ, K ნიშნავდა კასტრაციას და S - სტერილიზაციას, ხოლო ვინაიდან ინფორმაციის დამუშავება „ექსელის“ ფაილში ხდება, ამიტომ გამოიყენება ლათინური ასოები მათი დასახელების აღნიშვნის მიზნით. საქმის განხილვის ეტაპზე, მოპასუხის მიერ ასევე განიმარტა, რომ ცხოველების იზოლირება ძირითადად ხდება სწორედ სტერილიზაცია/კასტრაციის მიზნით. აღნიშნული არგუმენტი არ გაიზიარეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა და განმარტეს, რომ ცხოველთა იზოლაცია შეიძლება სხვა მიზნითაც განხორციელდეს (მაგ.: ცხოველი დაეკარგა პატრონს და ამ გზით მოხვდა იგი სააგენტოში).
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგს იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაევალა ააიპ საქართველოს ...ას მიაწოდოს ინფორმაცია რამდენი ერთეული და რომელი სახეობის ცხოველთა იზოლირება განხორციელდა 2018 წლის 1 იანვრიდან მისთვის მიმართვის დღემდე იმ სახით, რა სახითაც არის დამუშავებული აღნიშნული ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.
რაც შეეხება მხარის მე-11 მოთხოვნას - გაიცეს ინფორმაცია იმის შესახებ, უტარდება თუ არა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილ ძაღლებს აგრესიულობის ტესტი და რა მეთოდით, დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცეს ინფორმაცია - შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) ასლები, რომლებიც შედგენილია 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებითაც ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხად არაერთხელ განემარტა, რომ აგრესიულობის ტესტი ცხოველებს არ უტარდებათ, აკრედიტირებული ორგანიზაცია საქართველოში ამ მიმართულებით არ არსებობს, ხოლო აგრესიის საფუძვლით ძაღლის დაძინება არ ხდება.
ააიპ საქართველოს ...ის განცხადებაში მითითებულ მე-12 მოთხოვნასთან დაკავშირებით - გაიცეს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე თითოეული ტრანზაქციის დანიშნულებისა და ოდენობის შესახებ (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელდა 3136 ტრანზაქცია, 2018 წელს - 3147, ხოლო 2019 წელს - 2867, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს მონაცემებს 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულებისა და ოდენობის თაობაზე, თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას, მიუხედავად არაერთი მითითებისა, მოსარჩელემ არ დააზუსტა კონკრეტულად რა ხარჯი წარმოადგენდა მისი ინტერესის სფეროს, ასევე რომელი ფუნქციის შესრულებისას მიმართული ფინანსური ტრანზაქცია აინტერესებდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხოლოდ მოთხოვნაც საკმარისია იმისათვის, რომ დამუშავდეს ყველა სახის ინფორმაცია, რასაც ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი ვალდებულია, მოთხოვნა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. საქართველოს კანონმდებლობით, მართალია, არ არის განსაზღვრული წერილობითი ფორმის კონკრეტული სახე, თუმცა მუხედავად ამისა, განცხადების სწორად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები იქნეს დაცული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ყველაფრის დამუშავებას, თუმცა არ აკონკრეტებს რა სახის ინფორმაცია სურს. მართალია, ნებისმიერი განცხადების/დასკვნის მომზადებისათვის მას აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე კონკრეტული ინფორმაციის დამუშავების მოთხოვნით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემს შესაძლებლობას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
რაც შეეხება მოსარჩელის მე-13 მოთხოვნას - გადაეცეს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მიღებული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, გაგზავნილი როგორც ფიზიკური პირების, ისე იურიდიული პირების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ასევე მე-14 სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაგზავნილი ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ასლები, რომელთა მიმღებებიც არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები - გაგზავნილი 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, აღნიშნული მოთხოვნების ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინფორმაციის პერსონალურ მონაცემად კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იდენტიფიკაციის საკითხს, იდენტობის დადგენას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით განმარტებულია „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი“, კერძოდ, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე პერსონალური მონაცემებია ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მოსარჩელის მიერ გასაცნობად მოთხოვნილი დოკუმენტაციის შინაარსის (წერილები, სააგენტოში შესული ნებისმიერი კორესპონდენცია, ასევე სააგენტოდან გასული კორესპონდენცია) გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს კონკრეტული ფიზიკური პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, შესაძლოა წარმოადგენდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საჭიროებს დაკონკრეტებას, დაზუსტებას, თუ რა არის მოსარჩელის ინტერესის სფერო. მოსარჩელე საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს ინფორმაციას, რაზეც მას სურს წვდომა, დამუშავება იმ სახით, რომ სრულად ხელმისაწვდომი იყოს განცხადების შინაარსი მისთვის (ასლი გადაეცეს), კონკრეტული თარიღის მითითებით, როდის შევიდა განცხადება სააგენტოში, მათ შორის, განცხადებები, კონკრეტული მოქალაქეების მისი შინაური ცხოველისათვის აცრის, სტერილიზაციის, კასტრაციის თუ სხვა პროცედურებთან დაკავშირებით და ა.შ., ხოლო მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ მის ინტერესს იმით ასაბუთებს, რომ, შესაძლოა, დასჭირდეს კონკრეტული განცხადების შინაარსი თავისი დასკვნის მოსამზადებლად ან შეიძლება არც დასჭირდეს. საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნული არგუმენტაცია არ ქმნის მოსარჩელის ინტერესისა და პირის კონსტიტუციის გარანტირებული უფლების შეპირისპირების საფუძველს.
მე-15 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით - მოპასუხეს დაევალოს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მიერ მიღებული ყველა ბრძანების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემა 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების)“ მე-4 მუხლის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. მოთხოვნა კი უკავშირდება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არსებულ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია სააგენტოს დირექტორის მიერ მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისაკენ. საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას, არის პირის პერსონალური მონაცემები, შესაბამისად, ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში წარმოდგენილ მოპასუხის იმ განმარტებაზე, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს განუსაზღვრელად ფართო მასშტაბით არსებულ ინფორმაციას, რომლის დახარისხება, დამუშავება და გადაცემა გამოიწვევს მათ მიერ შესასრულებელი პროფესიული ფუნქციების შეფერხებას და სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შეცვლას. საკასაციო პალატის შეფასებით, მათი აღრიცხვა და სისტემატიზაცია, შესაბამისი ნუსხის შედგენა და იმ ვითარებაში, როდესაც ამგვარი ბრძანებების რიცხვი მოსარჩელის მიერ მოთხოვილი მრავალწლიანი პერიოდისათვის შეადგენს მნიშვნელოვან რაოდენობას, ცალსახად გამოიწვევს სააგენტოს მუშაობის პარალიზებას.
რაც შეეხება მე-16 სასარჩელო მოთხოვნას - მოსარჩელეს გადაეცეს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში არსებული ყველა დოკუმენტის ასლი (მათ შორის, ცხოველების ვეტერინარული აღრიცხვიანობის (მიკვლევადობის) დოკუმენტის ასლები (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების აღრიცხვიანობის ჟურნალის ასლები) და ყველა სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ინახება სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში), აღსანიშნავია, რომ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა მოსარჩელეს წარუდგინა ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის 2 ჟურნალი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაცემის თარიღის, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის, ათვისებული და ნაშთში დარჩენილი მედიკამენტების რაოდენობის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით კი, ჟურნალები არ არის სრულად წარმოდგენილი, რადგან ცხოველთა თავშესაფარში არსებობს აღრიცხვიანობის სხვა ჟურნალებიც. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, მოსარჩელემ ვერ დააზუსტა, კონკრეტულად რისი დამუშავება უნდა მოეთხოვა სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №2-107 ბრძანებით დამტკიცებულ „ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესზე“, რომელიც არეგულირებს ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების მიღების, შეძენის, გაცემის, გამოყენების, ჩამოწერისა და განადგურების ზოგად დებულებებს. დასახელებული „წესის“ თანახმად, ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების უფლება აქვს შესაბამის ვეტერინარულ და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელ სამსახურებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ გარეულ და შინაურ ცხოველთა ანესთეზიას, იმობილიზაციას ან/და ევთანაზიას და რეგისტრირებულნი არიან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამის რეესტრში. აღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის მე-11, მე-12, მე-13 პუნქტებზე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მე-6 მუხლზე მითითებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალებთან დაკავშირებით „წესი“ ითვალისწინებს მორიგე ვეტერან ექიმზე გადაბარების ჟურნალს, რომელიც ყოველ არასამუშაო დღეებში მორიგე ვეტერან ექიმისათვის გადასაცემ ნივთიერებათა სავარაუდო მარაგს აღრიცხავს, ასევე აღირიცხება აღნიშნული საშუალებები საგნობრივ - რაოდენობრივად შესაბამის აღრიცხვის ჟურნალში, ცხოველის ავადმყოფობის ისტორიები ასევე შეიცავს ინექციის ან სხვა გზით ამ საშუალებების მიღების თარიღს, მედიკამენტების დასახელებას, დოზის ერთეულის, წამლის ფორმისა და რაოდენობის მითითებით, ამ კუთხით ინფორმაციის დამუშავება გულისხმობს თითოეული ცხოველის ისტორიის შესწავლას და ამოკრებას ინფორმაციის თითოეულ ცხოველზე გამოყენებული ინექციის, მისი გამოყენების დროისა და დოზის თვალსაზრისით, ამასთან, ნარკოტიკული საშუალების გამოყენების შემთხვევაში ცარიელი ამპულა ნადგურდება, რაზეც დგება სპეციალური აქტები.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია საქმის განმხილველი სასამართლოს ის მსჯელობა, რომ წარმოდგენილი ინფორმაციები არის მრავალგვარი და იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს გადაეცა ზემოთ დასახელებული 2 ჟურნალი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია: სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაცემის თარიღის თაობაზე: რამდენი ოპერაცია ჩატარდა მოთხოვნილი პერიოდისათვის, რა რაოდენობის მედიკამენტები იქნა ათვისებული და რამდენი დარჩა ნაშთის სახით. დამატებით, მოსარჩელის მიერ არ იქნა დაზუსტებული იმ ინფორმაციის დასახელება, რა კუთხითაც უნდა დავალებოდა მოპასუხეს ინფირმაციის დამუშავება სასამართლოს მიერ. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ააიპ საქართველოს ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ააიპ საქართველოს ...ას (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 20 ივლისს №11249918253 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე