ბს-1350(კ-20) 07 ნოემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ბ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სატენდერო კომისიის 28.05.2018წ. N13 სხდომის ოქმის და ადმინსიტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 14.06.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2018წ. განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო 01.08.2018წ. სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური. მოპასუხე დაზუსტდა აგრეთვე სასამართლოს 12.10.2018წ. სხდომაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ნაცვლად მოპასუხედ მიეთითა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტების კანონიერების დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს „ბ...ის“ მიერ განხორციელებულ ქმედებათა კეთილსინდისიერების საკითხი. პალატის მოსაზრებით, პირი კეთილსინდისიერია მაშინ, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით), როდესაც პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, პირი შესაძლებელია მოქმედებდეს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ როდესაც პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ბ...ის“ ქმედებები შეიცავდა არაკეთილსინდისიერების მახასიათებლებს, რადგან შპს „ბ...ისთვის“ ცნობილი იყო დასკვნის დედნის წარდგენის საჭიროება, ამ მიზნით მან ექსპერტიზის დასკვნების წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელებაც კი მოითხოვა, იმ დასაბუთებით რომ საექსპერტო კვლევა და ექსპრეს ფოსტით გამოგზავნის ვადა აღემატებოდა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ტექნიკური პირობის 3.1.1. პუნქტის მიხედვით, ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ნიმუშებს უნდა მოჰყოლოდა ..., ... ან სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნა, რაც პალატის მოსაზრებით სწორედ დოკუმენტის დედნის წარდგენის ვალდებულებას გულისხმობს. სააპელაციო პალატამ, მათ შორის მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ბ...მა“ სატენდერო კომისიას წარუდგინა ლაბორატორია „ე...ის“ მიერ PDF ფაილის სახით შპს ,,ბ...ისათვის“ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის - ტესტირების დასკვნების ფერად პრინტერზე ამობეჭდილი ასლები, დასკვნები წარდგენილ იქნა ,,ე...ის“ სიმბოლიკით გაფორმებული კონვერტით, დასკვნებს აკრული ჰქონდა ქსოვილის ნიმუშები. ამასთანავე, თავად „ე...ის“ ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ტესტის ანგარიშები ლაბორატორიის მიერ შპს ,,ბ...ს“ გაეგზავნა ელ.ფოსტის მეშვეობით - PDF ვერსია, ხოლო ტესტის ავთენტური ანგარიშები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაგზავნილი დამკვეთისათვის. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტის დედანი თავისი არსით არის უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით, თუმცა ელექტრონული დოკუმენტის დედან დოკუმენტად მიჩნევისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონით დადგენილ პირობებს. პალატამ მიუთითა კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ შპს „ბ...ის“ მიერ „ე...ის“ ლაბორატორიის კვლევის PDF დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსიის შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარდგენა არ აკმაყოფილებდა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ტექნიკურ პირობას ორიგინალი - დედანი დასკვნის წარდგენის საჭიროების შესახებ. მატერიალური დოკუმენტის ასლის დედან დოკუმენტთან გათანაბრებისათვის საჭირო იყო უფლებამოსილი პირის მიერ მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმება. ამასთანავე, იმ პირობებში, როცა დასკვნა მომზადდა თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოში წარდგენისას საჭირო იყო მისი აპოსტილით დამოწმება. პალატამ არ გაიზიარა შპს-ს მოსაზრება, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში „ორიგინალი დასკვნის“ და არა „დასკვნის ორიგინალის“ მითითების გამო არსებობდა დასკვნის ასლის წარდგენის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის ასლი არ უთანაბრდება ორიგინალ -დედან დოკუმენტს კანონით დადგენილი წესით დამოწმების/დადასტურების გარეშე. შპს „ბ...მა“ სატენდერო კომისიას წარუდგინა არა დედანი, არამედ ელექტრონული ფოსტით მიღებული და ფერად პრინტერზე ამობეჭდილი დოკუმენტის - საექსპერტო დასკვნის ასლი, რასაც არ გააჩნდა სველი წესით გაკეთებული ხელმოწერა და არც სველი ბეჭდით იყო დამოწმებული. სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობის შესახებ შპს „ბ...ის“ სრულ ინფორმირებას ადასტურებს შპს ,,ბ...ის“ მიერ სატენდერო კომისიაში 07.05.2018 წ. წარდგენილი განცხადებაც, სადაც შპს ,,ბ...მა“ ექსპრეს ფოსტის გამოგზავნის დროის გათვალისწინებით, დადგენილ ვადაში ორიგინალი დოკუმენტების წარდგენის მოსალოდნელი შეფერხების გამო, დოკუმენტების წარსადგენის ვადის გაგრძელება მოითხოვა. ამდენად, უდავოა, რომ დოკუმენტაციის წარდგენის დროს კომპანია სრულად აცნობიერებდა დაშვებულ გადაცდომას, თუმცა თავისი განზრახი მოქმედებით ცდილობდა დოკუმენტის ასლის დედანთან აღრევის გამოწვევას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანის განზრახვის არსებობის შესახებ გონივრული ეჭვის საფუძველს ქმნის ის გარემოებაც, რომ დასკვნის ასლი მეტი დამაჯერებლობისათვის შპს „ბ...მა“ მოათავსა „ე...ის“ ლოგოტიპის მქონე კონვერტში და თავად დაურთო ქსოვილის ისეთი ნიმუშები, რაზეც ლაბორატორიას კვლევა არ აქვს ჩატარებული (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ დასკვნასთან ერთად ამ ნიმუშებს შპს ,,ბ...“ ერთმნიშვნელოვნად ვერ მიიღებდა). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია შპს „ბ...ის“ მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინიდისერი ქმედების ჩადენა, რაც მისი დისკვალიფიკაციის ნორმატიულ საფუძველს ქმნიდა. რაც შეეხება წარდგენილი დოკუმენტების სატენდერო პირობებთან კომისიის მიერ შესაბამისობის დადგენის ვადის დარღვევის საკითხს, პალატამ მიუთითა, რომ ვადის დარღვევას არსებითი გავლენა დამდგარ შედეგზე არ მოუხდენია, რის გამო ვერ გახდება სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. პალატის მოსაზრებით, კომისიის მიერ დამატებით გამოყენებული 3-4 დღე, სადავო საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოხმარდა სადავო საკითხის სრულყოფილ გამოკვლევას, ამასთანავე, დადგენილ ვადაში შპს „ბ...ის“ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი, 24 მაისის შემდგომ დღეებში, ზემოთხსენებული კანონშეუსაბამობის აღმოჩენის პირობებში კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული შპს „ბ...ის“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ამდენად, კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შემთხევაშიც კი შპს „ბ...ისთვის“ არსებითად განსხვავებული შედეგი ვერ დადგებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ...მა“. კასატორმა აღნიშნა, რომ დაირღვა აქტის გამოცემის ვადა, გადაწყვეტილება 24 მაისის ნაცვლად მიღებულ იქნა 28 მაისს, რამაც დამდგარ შედეგზე არსებითი გალენა მოახდინა, რადგან სადავო აქტის საფუძვლად მითითებული მტკიცებულება, ელექტრონულ წერილში ასახული ინფორმაცია მოპოვებულია 25 მაისს, მანამდე შემსყიდველ ორგანიზაციას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, შესაბამისად, გამოირიცხებოდა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღების ვადის გაგრძელების არამართლზომიერება დადასტურებულია საბჭოს 11.06.2018წ. გადაწყვეტილებით. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ არასწორად განამრტა სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1 პუნქტი, რომელშიც მითითებული იყო „ორიგინალი დასკვნის“ და არა „დასკვნის ორიგინალის“ წარდგენის საჭიროებაზე, რაც იდენტური ცნებები არ არის. ორიგინალი დასკვნა შეიძლება გულისხმობდეს როგორც დასკვნის დედანს, ასევე ავთენტურ დასკვნას. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნები გაცემულია კონკრეტული ლაბორატორიის მიერ და მათი შინაარსი ავთენტურია. ის, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერის პრეტენდენტის მიერ გაკეთებული ინტერპრეტაცია არ ემთხვევა შემსყიდველის მოსაზრებას, არ ნიშნავს პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერებას. კასატორმა აღნიშნა, რომ ქსოვილების წარდგენის ვალდებულებას სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1 პუნქტი საერთოდ არ ითვალისწინებდა, პრეტენდენტს უნდა წარედგინა „შესყიდვის ობიექტის“ ნიმუში, რაც მოიაზრებს უკვე გამზადებულ, შეკერილ ტანსაცმელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების თანახმად, სხვადასხვა დასახელების ფორმების (საბადრაგო, სპეც. დანიშნულების და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლის) კომპლექსტების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. ტექნიკური პირობის 3.1.1 პუნქტით დადგინდა მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ, კერძოდ, ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ნიმუშებს უნდა მოჰყოლოდა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნა, სადაც ასახული იქნებოდა ტექნიკურ პირობაში მოთხოვნილი ყველა პარამეტრი. შპს „ბ...ს“ განესაზღვრა გარკვეული ვადა აკრედიტებული ლაბორატორიის ორიგინალი დასკვნის წარსადგენად, თუმცა შპს-მ ითხოვა დამატებითი ვადა იმ დასაბუთებით, რომ საექსპერტო კვლევის და ექსპრეს ფოსტით გამოგზავნისათვის საჭირო ვადა აღემატებოდა ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადას. შპს „ბ...ის“ მოთხოვნა დასკვნის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. დადგენილ ვადაში შპს „ბ...მა“ შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა შესყდვის ნიმუშებთან დაკავშირებით „ე...ის“ მიერ გაცემული დასკვნები, რომლებიც მოთავსებული იყო „ე...ის“ სიმბოლოებით გაფორმებულ კონვერტში და თანდართული ჰქონდა ქსოვილის ნიმუშები. საქმის განხილვისას დადასტურდა აგრეთვე, რომ შპს „ბ...ის“ მიმართვის საფუძველზე კვლევა ნამდვილად ჩაატარა „ე...მა“, თუმცა კვლევის შედეგები შპს „ბ...ს“ გამოეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დასკვნა მატერიალური სახით შპს-ს არ გაგზავნია. ამდენად, საქმის მასალებით, მათ შორის შპს „ბ...ის“ განმარტებებით დასტურდება, რომ კვლევა ჩატარდა „ე...ის“ მიერ, კვლევის შედეგები შპს „ბ...ს“ გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე დასკანერებული სახით, რის შემდეგ შპს „ბ...მა“ კვლევის შედეგები ამობეჭდა ფერად პრინტერზე, მოათავსა „ე...ის“ სიმბოლოებით გაფორმებულ კონვერტში, დაურთო ქსოვილის ნიმუშები და ამ ფორმით წარადგინა შემსყიდველ ორგანიზაციაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ დასაბუთებულ პრეტენზიას (შედავებას) წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ შპს „ბ...მა“ განზრახ შექმნა ისეთი გარემოებები, რასაც შეეძლო გამოეწვია საექპერტო კვლევის შედეგების ასლის დედანთან აღრევა, შემსყიდველი ორგანიზაციის შეცდომაში შეყვანა და შედეგად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 14.06.2017წ. N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ...“ მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რადგან მათ შორის „ე...ის“ სიმბოლოებით გაფორმებული კონვერტის გამოყენებით და კვლევის შედეგებზე ქსოვილის ნიმუშების თვითნებურად დართვით მიზანმიმართულად ცდილობდა დასკვნის ასლის დედანად წარმოჩენას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არ დგინდება დასკვნაზე დართული ნიმუშების იმ ნიმუშებთან იდენტურობა, რომელზეც „ე...ის“ მიერ კვლევა ჩატარდა, რადგან ქსოვილის ნიმუშების ელექტრონული ფოსტით გამოგზავნა ვერ მოხდებოდა, ხოლო დასკვნა მატერიალური ფორმით შპს „ბ...ისთვის“ გაგზავნილი არ ყოფილა.
კასატორის მოსაზრება, რომ ტექნიკურ პირობაში მითითებული ტერმინის - „ორიგინალი დასკვნის“ განმარტებისას პრეტენდენტისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიდგომებს შორის სხვაობის გამო მოხდა მისი არაკეთილსინდისიერად მიჩნევა, არ ასაბუთებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგან უკეთუ შესყიდვის განხორციელების ეტაპზე ტექნიკური პირობის ინტერპრეტაციებს შორის სხვაობა არსებობდა და შპს „ბ...“ მართლაც თვლიდა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაშვები იყო დოკუმენტის ასლის წარდგენა და „ორიგინალი დასკვნის“ მოთხოვნა დასკვნის ორიგინალს - დედანს არ გულისხმობდა, მაშინ გაურკვეველია ერთი მხრივ ექსპრეს ფოსტით დასკვნის გადმოგზავნის საჭიროების გამო შპს „ბ...ის“ მიერ დასკვნის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი გარემოებების განზრახ შექმნა, რომელიც დასკვნის ელექტრონულად გადმოგზავნილ ეგზემპლარს დასკვნის დედანს მიამსგავსებდა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ შპს „ბ...ისთვის“ ცნობილი იყო ორიგინალი დასკვნის, ანუ დასკვნის დედნის წარდგენის საჭიროების შესახებ, რის გამოც მის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ დისკვალიფიკაციის შესახებ 28.05.2018წ. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გამოიკვეთა 25 მაისს, ხოლო გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო 24 მაისს და ამდენად, გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევამ არსებითი გავლენა მოახდინა დამდგარ შედეგზე, აღნიშნული მოსაზრება არ ასაბუთებს სადავო აქტების არამართლზომიერებას, რადგან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლისა და „ე...ის“ ტექნიკურ მენეჯერს შორის არსებული ელექტრონული მიმოწერის მასალებით ირკვევა, რომ 24.05.2018წ. სამინისტროს უკვე ჰქონდა ინფორმაცია შპს „ბ...ისთვის“ კვლევის შედეგების მხოლოდ ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შესახებ. საქმეში დაცული, სარჩელზე თანდართული 24.05.2018წ. (13:49 სთ) დათარიღებული წერილის (ს.ფ. 20, ტ.1) თანახმად, „ე...ის“ ტექნიკური მენეჯერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის საჯარო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს ატყობინებს, რომ კლიენტმა ტესტის ანგარიშების გაგზავნა მოითხოვა ელ. ფოსტით, ტესტის დასკანერებული ვერსია ელ.ფოსტით გაიგზავნა 14.05.2018წ., ხოლო ტესტის ავთენტური ანგარიშები ჯერ კიდევ „ე...შია“. აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ დადასტურდა „ე...ის“ მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ 25.05.2018წ. წერილში (ს.ფ. 21, ტ. 1) და დაკონკრეტდა, რომ ტესტის შედეგები მატერიალური სახით არ გაგზავნილა კლიენტის მიერ საფასურის გადახდის საჭიროების გამო. ამდენად, გადაწყვეტილების მიღების კანონით დადგენილ ვადაში სამინისტროს უკვე ჰქონდა მონაცემები დისკვალიფიკაციის საფუძვლების შესახებ, მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ კვლევის შედეგები მხოლოდ ელექტრონულად გაიგზავნა, 25.05.2018წ. წერილით სამინისტროს ახალი ინფორმაცია არ მიუღია, რის გამო მოსაზრება, რომ ვადის დარღვევამ, გადაწყვეტილების არა 24 მაისს, არამედ 28 მაისს მიღებამ არსებითი გავლენა მოახდინა სადავო გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე, არ არის დასაბუთებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება სადავო ნორმატიული მოწესრიგების მართლწინააღმდეგობა, იგი არ იწვევს პრეტენდენტთა უფლებების დაუსაბუთებელ, არაპროპორციულ შეზღუვას და გამართლებულია სათანადო ლეგიტიმური მიზნით. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2020წ. განჩინება;
3. შპს „ბ...ს“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.02.2021წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი