Facebook Twitter
ბს-672(კ-22) 25 ნოემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-მა 20.02.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ჯ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 17.01.2019წ. ჩატარებული აუქციონის შედეგების, მის საფუძველზე მიღებული №A18077785-013/001 განკარგულების და ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხი, №4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ჯ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე აღნიშნულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. უ-ი და ჯ. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.01.2020წ. გადაწყვეტილებით, მ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინებით, მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. შ-ისთვის ცნობილი იყო სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და იმ გარემოების შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება უნდა განხორციელებულიყო სადავო უძრავი ქონებით. აპელანტს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი, რომლის თაობაზე მას დამატებით არ ეცნობებოდა. ამდენად, მ. შ-ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20.06.2018წ. №A18077785-004/001 გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება, რომლითაც განემარტა ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შედეგები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტი საჯარო აუქციონის თარიღის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 04.06.2016წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საჯარო რეესტრს წარედგინა უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) გაყოფის ხელშეკრულება, კორექტირებული აზომვითი ნახაზები, ასევე იპოთეკარის დ. უ-ის წერილობითი თანხმობა უძრავი ნივთის გაყოფისას იპოთეკის მ. შ-ის (მოვალის) კუთვნილ ფართზე გადასვლის თაობაზე, რის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქ. ბათუმში, ...ის ჩიხი I, №4-ში მდებარე 213კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობზე (№1 საერთო ფართით 107.84კვ.მ., №2 საერთო ფართით 29.46 კვ.მ.) დარეგისტრირდა მ. შ-ის საკუთრების უფლება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის დაზუსტებულ ფართობზე იპოთეკის გავრცელებაზე, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში უძრავი ნივთის (საკადასტრო ...) დაყოფის საფუძველზე დაზუსტდა (გაიზარდა) მ. შ-ის (მოვალის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (იპოთეკის საგნის) ფართის ოდენობა, შესაბამისად იპოთეკა ასევე გავრცელდა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე იპოთეკის საგნის დაზუსტებულ (გაზრდილ) ფართზე.
მოსარჩელეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე (მოვალე) უფლებამოსილი იყო ედავა ქონების ფასზე, თუმცა ამ უფლების რეალიზება მას არ მოუხდენია და არც სასამართლო სხდომაზე წარმოუდგენია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მას არ მიეცა საშუალება თავად მოეხდინა სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღნიშნული მოთხოვნით მიმართვის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნტის მიხედვით, აუქციონზე პასუხისმგებელი ჯგუფის კომპეტენციაში შედის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების წარმოებაში არსებულ საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონის/აუქციონების ჩატარება და აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განაწილება. მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის თანახმად, უძრავი ქონების სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფი სააღსრულებო ბიუროა განსაზღვრული აღსრულების განმახორციელებლად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ბიუროების სისტემა ერთიანია და აღსრულების უზრუნველყოფას ახორციელებს სააღსრულებო ბიურო მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან აუქციონის ჩატარება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს წარმოებაში არსებულ საქმეზე, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობს ჯ. ხ-ის საკუთრების უფლების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული 17.01.2019წ. განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით. იპოთეკის საგანი იყო ქ. ბათუმში, ...ის ჩიხი I, №4-ში მდებარე უძრავი ქონების 5/9 ნაწილი (98,78 კვ.მ.), აუქციონზე რეალიზაციის საგანი კი გახდა 107,84 კვ.მ. და 29,78კვ.მ. შენობები, რომლებიც განლაგებულია 213 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია იპოთეკით დატვირთულ ქონების ფართზე მეტი ოდენობის ფართის მქონე უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასვისების სამართლებრივ საფუძველზე. 117 000 ლარად შეფასებული ქონება აუქციონზე გაიყიდა 5000 ლარად და ქონების რეალიზაციის შედეგად არ იქნა დაფარული კრედიტორის ვალი, რითაც დაირღვა კრედიტორის უფლებები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 62-ე მუხლის მიხედვით აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმყოფება უძრავი ქონება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლება.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. შ-სა (მოვალე) და დ. უ-ს (იპოთეკარი) შორის 04.06.2016წ. დაიდო სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, კერძოდ, ქ. ბათუმში, ...ის I ჩიხში, №4-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ 491 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებული 177.09 კვ.მ. შენობა-ნაგებობის 5/9 ნაწილი - 98,78კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...). საქმეში არსებული მასალებით მითითებულ მისამართზე განლაგებული იყო ოთხი შენობა-ნაგებობა, ხოლო მ. შ-ის საკუთრებად განსაზღვრული იყო 5/9 ნაწილი - 98.78 კვ.მ. (ტ. 1, ს.ფ. 143-144). საჯარო რეესტრის 22.08.2018წ. გადაწყვეტილებით, მიწის და შენობა-ნაგებობის რეალური გაყოფის ხელშეკრულების და დ. უ-ის თანხმობის საფუძველზე ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაიყო ორ ნაწილად, მ. შ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 213 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ორ შენობა-ნაგებობაზე (№1 – 107,84კვ.მ., №2 – 29,46კვ.მ.). საკასაციო პალატა მიუთითებს 04.06.2016წ. სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის ფართობის დაზუსტების, გაერთიანებისა და გაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, მხარეები შეთანხმდენენ, რომ იპოთეკა ვრცელდება იპოთეკის საგანზე სრულად, იპოთეკის საგნის დაზუსტებულ ფართობზე, იპოთეკის საგნის გაერთიანების შედეგად მიღებულ ახალ ნივთზე (იპოთეკის საგანთან შეერთებულ ნაწილზე), იპოთეკის საგანზე დაშენებულ (მიშენებულ) ნაწილზე, ასევე იპოთეკა ვრცელდება იპოთეკის საგნის ყველა გაუმჯობესების მიმართ. სსკ-ის 319.1 მუხლით განმტკიცებულია „ნების ავტონომიის“ პრინციპი, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში აღიარებული მხარეთა ავტონომიურის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება, კერძოდ, ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებებისგან. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას (სუსგ 16.09.2022წ. საქმე №ას-591-2022). განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკის უფლება ასევე ვრცელდებოდა იპოთეკის საგნის დაზუსტების (გაზრდის) შედეგად წარმოშობილ უძრავ ნივთზე, ამასთანავე, კასატორი არ მიუთითებს 04.06.2016წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის საგნის (98,78კვ.მ.) და რეალიზებულ უძრავ ნივთს (№1 – 107,84კვ.მ., №2 – 29,46კვ.მ.) შორის არსებული სხვაობის (ფართობის) მთლიანი უძრავი ნივთიდან გამოცალკევების შესაძლებლობაზე, ცალკე უფლების ობიექტის სახით არსებობაზე, ამდენად, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ იპოთეკის საგანს შეადგენდა 98,78 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, რის გამო რეალიზაცია დაუშვებელი იყო მეტი ოდენობის ფართზე, დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის პრეტენზია უძრავი ქონების შეფასებული თანხის ოდენობასთან (117 000 ლარი) შედარებით ნაკლებ ფასად (5850 ლარი) რეალიზაციის გამო კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალება არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციის გამო დ. უ-ის მიმართ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის კვლავ არსებობაზე, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ განსხვავებულ წესზე, კასატორი ასევე არ მიუთითებს მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტზე დ. უ-ის მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის გამო. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია მოვალის შესაძლებლობები მისთვის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგის თავიდან აცილების მიზნით, მაგ. მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირების წარდგენა (18.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.), აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით ქონების რეალიზაცია მოვალის მიერ (49.4 მუხ.), წინსმწრები სააუქციონო მომსახურება (632 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მ. შ-ს მითითებული ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნებით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის არ მიუმართავს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავალიანებისა და რეალიზაციის სრული ექვივალენტურობის მოლოდინი უმართებულოა. უძრავი ქონების პირველივე იძულებით აუქციონზე პირველადი ფასი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია (75%), საბაზრო ღირებულებასა და პირველად ფასს შორის სხვაობა მატულობს ქონებაზე შემდეგი აუქციონების გამოცხადებისთანავე („სააღსრულები წარმოებათა შესახებ“ კანონის 71-ე მუხ., საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ. №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის“ მე-3 მუხ.). საქმეში დაცული მასალებით სადავო უძრავი ნივთი არ გაიყიდა პირველ აუქციონზე, სადაც ქონების საწყისი ფასი შეადგენა მისი საბაზრო ღირებულების 75%-ს - 87 750 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 303-304), ასევე არ დასტურდება უძრავი ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზე (პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულების 50%-ით). ამდენად, დგინდება, რომ მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - იპოთეკის საგანი აუქციონზე არაერთგზის გატანილი იქნა რეალიზებულზე უფრო მეტი ღირებულებით, თუმცა მისი რეალიზაცია ვერ მოხერდა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია აუქციონზე ქონების საწყისი ფასის განსაზღვრა უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, უძრავი ქონების გასხვისება ვერ მოხერხდა რეალიზებულ ფასთან (5850 ლარი) შედარებით უფრო მეტი ღირებულებით, ასევე მოვალეს (კასატორს) ამ შედეგების აცილების მიზნით არ გამოუყენებია კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობები, კასატორის პრეტენზია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
აღსრულების ეროვნული ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების სისტემას, დებულებებს და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ 9.1, 9.4 მუხ.). თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულების მე-15 მუხლის ე1 პუნქტის მიხედვით, აუქციონზე პასუხისმგებელი ჯგუფის კომპეტენციაში შედის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების წარმოებაში არსებულ საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონის/აუქციონების ჩატარება და აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განაწილება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ბიუროების სისტემა ერთიანია და აღსრულების უზრუნველყოფას ახორციელებს სააღსრულებო ბიურო მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით, შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიურო უფლებამოსილი იყო უზრუნველყო იძულებითი აუქციონის ჩატარება და განკარგულების გამოცემა. აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ. №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების და წესის“ 1.1 მუხ.), ხოლო ისეთი სახის სააღსრულებო ღონისძიებები, რომლებიც როგორც წესი საჭიროებენ უშუალოდ უძრავი ნივთის ადგილზე გასვლას/დათვალიერებას, მაგ. აღწერისა და დაყადაღების აქტები (ტ. 1, ს.ფ. 297-300), შედგენილია აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ. ამდენად, კასატორის მითითება თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აუქციონის ჩატარების დაუშვებლობაზე, არ არის დასაბუთებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.07.2021წ. განჩინება;
3. მ. ც-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.06.2022წ. №28619718 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი