საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1187(კ-22) 12 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. წ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. წ-ემ 2020 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „გ. წ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 15 ივლისის №03-802/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, გ. წ-ის ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობს სტიქიური მოვლენების შედეგად დანგრევის პირას მისულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომლის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და იქ ცხოვრება შეუძლებელია. მოსარჩელემ არაერთხელ ითხოვა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, მაგრამ მიუხედავად მრავალი დაპირებისა, დღემდე მის ოჯახს საცხოვრებელი სახლი სახელმწიფოს მიერ არ გადასცემია. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ სრულიად უკანონოდ დააკლო ეკომიგრანტ ოჯახს 3,5 ქულა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 ქულა, რამაც გამორიცხა მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა, არასაკმარისი ქულების გამო. მოსარჩელემ მიჩნია, რომ სადავო აქტი უკანონო იყო და ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახი - საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 ივლისის №03-802/ო ბრძანება მოსარჩელის ნაწილში; მოპასუხეს გ. წ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გ. წ-ის ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ქულათა არასაკმარისი ოდენობა. აღსანიშნავია, რომ გ. წ-ემ 2014 წელს ოჯახის წევრებთან ერთად (ც. წ-ე, ი. წ-ე, ნ. წ-ე) შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მან წინასწარი შეფასებით დააგროვა 16.0 ქულა (საცხოვრებელ სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა). სააგენტომ შეისწავლა, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ში განხორციელებული შემოწმების შედეგად მოკვლეული ინფორმაცია და მიაჩნია, რომ გ. წ-ეს კანონიერად ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან 2020 წლის 13 ივნისს განხორციელებული შემოწმებისას, საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლი მაღალი ბელეტაჟის ტიპის შენობაა. უკანა მხრიდან სახლთან ორ მეტრში შეინიშნება მეწყრული ჩაქცევა, რის შედეგადაც დანგრეულია დამხმარე ნაგებობები. სახლის ერთი საყრდენი ბოძი დაცურებულია თავისი ადგილიდან დაახლოებით 10 სმ-ით. კედლებზე შეინიშნება მცირე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარები. ნ. და ც. წ-ეები ცხოვრობენ ამავე ადგილზე. შვილი - გ. წ-ე, თავისი ოჯახით, ცხოვრობს თბილისში. მონიტორინგის სამმართველოს აზრით, დაზარალების მდგომარეობა (კატეგორია) შეესაბამება მე-2 კატეგორიას და არა - პირველს. კომისიამ 2020 წლის 6 და 7 ივლისის (სხდომის ოქმი №17) სხდომაზე განიხილა გ. წ-ის ოჯახის განსახლების საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, რადგან საცხოვრებელ სახლს შეეცვალა დაზიანების კატეგორია, ოჯახს დააკლდა სამი ქულა და ქულათა ოდენობა განისაზღვრა 13-ით, რაც, თავის მხრივ, კომისიას არ ხდიდა უფლებამოსილს, განეხილა მხარეთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი, ვინაიდან „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიის“ 2020 წლის 6 და 7 ივლისის სხდომაზე განიხილებოდა იმ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთაც 16 ან მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ მინიჭებული.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. წ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ქულათა არასაკმარისი ოდენობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლეებზე ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, დენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ დასახელებული №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დაზარალებულთა საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დაზარალებულთა საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. დაზარალებული, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლის მიღებისათვის. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ანდა ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა - შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ)დაზარალებულის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ეკომიგრანტი და მისი ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიან მშობლები - ნ. და ც. წ-ეები და და - ი. წ-ე. 2014 წელს სამინისტრომ გადაამოწმა მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახი და მიანიჭა 16.0 ქულა, ხოლო 2020 წელს კვლავ შემოწმებისას დააკლო 3.0 ქულა, რადგან საცხოვრებელ სახლს შეეცვალა დაზიანების კატეგორია. ამდენად, ქულათა არასაკმარისი ოდენობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. წ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში განვითარებული მეწყრული პროცესების შესახებ ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნა, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 2015 წლის ნოემბერში ვიზუალურად შემოწმდა 8 სოფლის 18 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელ სახლებზე არსებული მეწყრული მოვლენებისგან გამოწვეული დაზიანებები. მათ შორის, სოფელ ...ში ც. და ნ. წ-ეების უძრავი ქონებაც. წ-ეების ორსართულიანი, კაპიტალური და 1 სართულიანი ბელეტაჟის ტიპის საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ერთ ეზოში, გვერდი-გვერდ, 25-გრადუსიანი დახრილობის ფერდობის ზედა მოსწორებულ ნაწილში. ორივე სახლზე ფიქსირდება 5-10 სმ. სიგანის ვერტიკალური ბზარები, რომლებიც გამოწვეულია მეწყრული პროცესით. აგრეთვე დაზიანებულია დამხმარე ნაგებობები. მეწყრული მოვლენები ვითარდება სახლებთან ახლოს 2-4 მ-ში ჩაქცევების და მეწყერზედა ფლატეების სახით. 2015 წლის ნოემბერში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა კვლავ გააქტიურა მეწყრული პროცესი, რომელიც სახლებს ძალიან მიუახლოვდა. აღნიშნულ მოსახლეთა საცხოვრებელ სახლებზე გაცემული იყო (2005, 2013წწ.) ვიზუალური-საინჟინრო გეოლოგიური დასკვნები და რეკომენდაციები (გრუნტის წყლების დრენაჟი, ზედაპირული წყლების რეგულირება, ნაგებობების ექსპლუატაციის მკაცრი რეჟიმის დაცვა და სხვა.), რომლებიც არ შესრულებულა. 2014 წლის ოქტომბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილის საფუძველზე, გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგიურმა ჯგუფმა შეაფასა რა გეოდინამიკური პირობების დასკვნა, აღნიშნა, რომ ნ. და ც. წ-ეების საცხოვრებელი სახლები გადატანილი უნდა იქნეს გეოლოგიურად მდგრად ადგილზე. ამ ეტაპზე სახლებზე რაიმე საინჟინრო ღონისძიებების გატარება მიზანშეუწონელია და აღნიშნული მოსახლეები გაყვანილი უნდა იქნენ საცხოვრებლად გეოლოგიურად მდგრად ადგილზე.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაზიანება წარმოადგენს II კატეგორიას და კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის 3 ქულის დაკლება, ვიანიდან სააგენტოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულს. მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის მიერ, სავარაუდოდ, მათი შეხედულებისამებრ გაკეთებული შეფასება დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით, ვერ გააქარწყლებს საქმეში წარმოდგენილ საინჟინრო-გეოდინამიკურ დასკვნას. ამრიგად, გ. წ-ის ეკომიგრანტ ოჯახს უკანონოდ დააკლდა ქულა და ასევე უკანონოდ ეთქვა უარი განსახლებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე