საქმე №ბს-909(კ-22) 8 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 9 თებერვალს ლ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2020 წლის 5 ნოემბრის №..., 2020 წლის 22 დეკემბრის №..., 2021 წლის 27 იანვრის №..., 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება მიწის ნაკვეთის ს/კ ... დაზუსტებული ფართობით რეგისტრაციის თაობაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, 22.12.2020წ. №... გადაწყვეტილება, 2021 წლის 27 იანვრის №... გადაწყვეტილება და 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში „...ში“ მდებარე 1540.81 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია მ. ფ-ის (1/3 ნაწილი) და ლ. ფ-ის (2/3 ნაწილი) საკუთრების უფლება. 2013 წლის 23 დეკემბერს გ. ფ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან არსებული დოკუმენტაცია 2013 წლის 27 დეკემბრის მიმართვით გამოსაკვლევად გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში. 2018 წლის 14 ივნისს გ. ფ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2013 წლის 23 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. 2018 წლი 20 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რაიონულ პროკურატურას მიმართა ინფორმაციის მიწოდების, კერძოდ, 2013 წლის 27 დეკემბერს პროკურატურაში გადაგზავნილ გ. ფ-ის სარეგისტრაციო განცხადებასა და თანდართულ მასალებზე მიმდინარე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. 2018 წლის 14 ივნისს გ. ფ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2013 წლის 23 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2018 წლის 19 ივლისის წერილით დგინდება, რომ საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №016069, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2020 წლის 22 ივნისს გ. ფ-ის მემკვიდრემ - ლ. ფ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ...ში, „...ში“ მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა საკადასტრო/აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.06.2020წ. №... გადაწყვეტილებით, ლ. ფ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაცია გამოითხოვა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 20 ოქტომბრის №16-16202949 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა 2020 წლის 5 ოქტომბრის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00052 ოქმი, რომლის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 22.10.2020წ. წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 4 ნოემბრის წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №016069, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საფუძვლით მიიღო 05.11.2020წ., 22.12.2020წ., 27.01.2021წ. (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის) გადაწყვეტილებები, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. ამავე კანონში 2016 წლის 17 ივნისს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილი ცვლილების თანახმად: 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ ცალსახად დადგენილია სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის შემთხვევაში (მათი კანონიერების შესწავლის მიზნით) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადა (60 კალენდარული დღე), შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების განუსაზღვრელი ვადით შეჩერებით დაირღვა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირი - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა არ იყო წინააღმდეგი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ლ. ფ-ის 22.06.2020წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კასატორის მოსაზრებით ზემოაღნიშნული ფაქტი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოების უგულვებელყოფის შემთხვევაში, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მესაკუთრის მიერ უძრავი ნივთის განკარგვისას, დოკუმენტების სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ სააგენტოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით უნდა მიეღო გადაწყვეტილება. სასამართლოს ამგვარი განმარტება შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული იმ პირთა მიერ, რომლებსაც საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია უკანონოდ აქვთ მოპოვებული.
სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე №ბს-729-721(კ-16), რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 5 ნოემბრის №..., 2020 წლის 22 დეკემბრის №..., 2021 წლის 27 იანვრის №..., 2021 წლის 29 იანვრის (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის დავალება ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობით დარეგისტრირების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ბორჯომის რაიონის, ...ში, ...ში ს/კ ... მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი 1541 კვ.მ, აღრიცხულია ლ. ფ-ის და მ. ფ-ის სახელზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 15.08.2019წ. №... სამკვიდრო მოწმობა, ბორჯომის რაიონის ...ის საკრებულოს 27.04.2000წ. ამონაწერი გადაწყვეტილება №1-იდან, სიაში რიგითი №1102 და ამავე ორგანოს 23.08.2005წ. №752 ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ. მოსარჩელის მამამ - გ. ფ-ემ 2013 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე - ბორჯომის რაიონი, ...ი, ...ი, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან მასალები 2013 წლის 27 დეკემბრის მიმართვით გამოსაკვლევად გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში. 2018 წლის 14 ივნისს ლ. ფ-ემ მამის მიერ წარდგენილ განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის მიმართვით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ეთხოვა ინფორმაციის გაცემა 2013 წლის 27 დეკემბერს პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადაგზავნილ გ. ფ-ის სარეგისტრაციო განცხადებასა და თანდართულ მასალებთან დაკავშირებით. 2018 წლის 19 ივლისს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2020 წლის 22 ივნისს ლ. ფ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ...ში, „...ში“ მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნული სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი წარუდგინა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 24 ივნისის №... წერილით, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა (ს/კ ...) და №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაცია გამოითხოვა. 2020 წლის 5 ოქტომბრის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00052 ოქმის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ დათვალიერდა მიწის ნაკვეთი ს/კ ... და დადგინდა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 4 ნოემბერის წერილით დგინდება, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გრძელდებოდა გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება იმ ეტაპზე მიღებული არ იყო. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2022 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 20 ივნისის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №... (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლის 20 ივნისის №... წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან, რომელზეც საბოლოო პასუხი მიღებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 22 ოქტომბერს გაიგზავნა დამატებითი №... წერილი, რომელზეც ასევე არაა გაცემული საბოლოო პასუხი. პროკურატურიდან მიღებული წერილებით დგინდება, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა არ უნდა იქცეს სარეგისტრაციო სამსახურის თვითნებობის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას სარეგისტრაციო სამსახურს ამის ობიექტური და რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა არ მოხდეს განმცხადებლის ინტერესების დაუსაბუთებელი ხელყოფა სარეგისტრაციო სამსახურის უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №ბს-443-443(კ-18), 18 ოქტომბერი, 2018 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოებისას საეჭვოდ მიიჩნია რა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, გამოსაკვლევად გადაუგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 22 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე. საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნილი მასალების კანონიერების შესწავლის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მაქსიმალურ ვადად კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა 60 დღე. აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება თავისმხრივ უკავშირდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტული დანაშაულებისთვის დადგენილ სისხლისამართლებრივი ხანდაზმულობის ვადებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებაზე. სწორედ ზემოაღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო 05.11.2020წ. №..., 22.12.2020წ. №..., 27.01.2021წ. №... (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ) და 29.01.2021წ. №... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიცის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა იგი შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენიმეჯერ შეჩერება ან/და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისას გამოვლინდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხს, რომ სარეგისტრაციო წარმოება დაიწყო მოსარჩელის მამის განცხადების საფუძველზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.01.2013წ. №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაცია 2013 წლის 27 დეკემბრის №... მიმართვით გამოსაკვლევად გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში, თუმცა არსებული მდგომარეობით ინფორმაცია რომელიმე მათგანის სიყალბის ან მცდარობის თაობაზე წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების 60-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, განუსაზღვრელი ვადით შეჩერებით დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში მიღების ვალდებულება, ვინაიდან დაცული არ არის სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერსს შორის. გამოძიების გაჭიანურებით არ უნდა მოხდეს კერძო პირთა ინტერესების შელახვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ აღარ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/მიმდინარეობის საფუძველი და მარეგისტრირებელ ორგანოს საქმეში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მიეღო უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არსებობდა ამ უფლების/ვალდებულების კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა გარემოება
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა, აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ლ. ფ-ის სახელზე თანასაკუთრებად რეგისტრირებულია ბორჯომის რაიონის, ...ში, ...ში ს/კ ... მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი 1541 კვ.მ. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძველად არსებული - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - 15.08.2019წ. №... სამკვიდრო მოწმობა, ბორჯომის რაიონის ...ის საკრებულოს 27.04.2000წ. ამონაწერი გადაწყვეტილება №1-იდან, სიაში რიგითი №1102 და ამავე ორგანოს 23.08.2005წ. №752 ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ, არ გაუქმებულა, ძალაშია და მოქმედებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების რეგისტრაცია უკვე წარმოშობს საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის ვალდებულებას და საკითხს არ ცვლის რეგისტრაციის დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემებით არსებობის საკითხი. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოებისას გამოიკვლიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობა და სადავო მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობით რეგისტრაციისას უზრუნველყოს ლაშა ფანჯარიკიძის მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების უფლების დაცვა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ დაფიქსირებული პოზიციით, პროკურატურა არ იყო წინააღმდეგი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ლ. ფ-ის 2020 წლის 22 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე. მნიშვნელოვანი გარემოებაა ასევე ისიც, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად, არ ფიქსირდება სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ ყადაღის დადება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები, რის გამოც საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ლ. ფ-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 01.08.2022წ. №45462 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.08.2022წ. №45462 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა