№ბს-1269(გ-22) 14 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - შპს „ბ...ი“
მოპასუხეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; შპს „ტ...ი“
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ბ...მა“ 2022 წლის 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ტ...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) შპს „ტ...სა“ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სოლიდარულად დაეკისროთ 942600 ლარის გადახდა შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ; ბ) შპს „ტ...ს“ შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 225478 ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, 2017 წლის 30 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე შპს „ბ...მა“ შეიძინა უძრავი ქონება (მისამართი: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, ...ი ...ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 30022 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი, საკადასტრო კოდით: ...), რომლის ღირებულება 942600 ლარის ოდენობით კომპანიის მიერ ჩაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა შპს „ბ...ი“. კომპანიის მიერ შეძენილი უძრავი ქონება, აუქციონზე გასხვისებამდე, დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით - შპს „ტ...ის“ საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით. ქონების შეძენის შემდგომ შპს „ბ...მა“ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს არსებული დავალიანების გადახდის გადავადების თაობაზე. 2021 წლის 26 ივლისის №24480 ბრძანებით შპს „ბ...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ტ...ის“ დავალიანების 614923 ლარის ოდენობით, დაფარვა გადავადდა 2024 წლის 10 ივლისამდე, ხოლო გადახდის ვალდებულება განაწილვადდა ბრძანებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ბრძანების მიღების შემდგომ შპს „ბ...მა“ 11-ჯერ განახორციელა გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა შპს „ტ...ის“ საგადასახადო დავალიანება, კერძოდ, შპს „ბ...ის“ მიერ წინამდებარე სარჩელის წარდგენის მომენტამდე გადახდილია ჯამში 187902 ლარი, მითითებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით. გარდა საგადასახადო დავალიანებისა, შპს „ბ...ის“ მიერ გადახდილია ქონების (მიწის) გადასახადი ჯამში 37576,4 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს „ტ...ის“ მიერ 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის მოქმედების გაუქმება №A... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A... განკარგულების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ტ...ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით. 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღირიცხა შპს „ტ...ი“ ისე, რომ შპს „ბ...ს“ არ დაბრუნებია მის მიერ გაწეული ხარჯები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ...ის“ სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ტ...ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტზე, მე-10 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ბ...ის“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2022 წლის 19 აგვისტოს, - შპს „ტ...ის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ, - შესაბამისად, იგი განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტზე, მე-16 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავა, საგნობრივად, მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას. რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილებების არამართლზომიერი განხორციელებისას მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დავის გადაწყვეტაც საგნობრივად ადმინისტრაციული სამართალწარმოებით უნდა განხორციელდეს და, ამდენად, შპს „ბ...ის“ სარჩელისა გამო წარმოდგენილი საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ...ის“ სარჩელი მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ტ...ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ სარჩელებს განიხილავს მხოლოდ ორ შემთხვევაში: I. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან და II. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელშიც მოვალეა მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება. პირველ შემთხვევაში მოთხოვნა უნდა იყოს მიმართული გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან, ხოლო კონკრეტულ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის ფულადი თანხის დაკისრება, რაც სამოქალაქო კოდექსში მოცემული განმარტებიდან გამომდინარე ვერ იქნება განხილული „ნივთად“, რომელიც შესაძლებელია გამოთხოვილი იქნეს გადახდისუუნარობის მასიდან. მეორე შემთხვევაში მოვალე უნდა იყოს მოსარჩელე და დავა გადახდისუუნარობის მასას უნდა უკავშირდებოდეს. ზემოაღნიშნული ნორმა თავისი შინაარსით კუმულაციურია და პირველ რიგში, განსაზღვრავს სუბიექტს, თუ ვის აქვს სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება და ადგენს დავის საგანს, რომლის მიმართაც შესაძლებელია აღიძრას სარჩელი. გადახდისუუნარობის მასას შესაძლებელია უკავშირდებოდეს ფულადი სახსრებიც, თუმცა კანონმდებელი აკონკრეტებს სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილია აღძრას ამგვარი სარჩელი და ამ სუბიექტს წარმოადგენს „მოვალე“. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე „მოვალეს“ წარმოადგენს ის სუბიექტი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს რეაბილიტაციის ან/და გაკოტრების რეჟიმი (კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ტ...ი“), შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის მოსარჩელე შპს „ბ...ი“ არ წარმოადგენს მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იმ სუბიექტს, რომლის მიერ აღძრული სარჩელის განხილვა უნდა განახორციელოს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველმა სასამართლომ. სასარჩელო მოთხოვნები არ უკავშირდება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვას და წარმოდგენილი სარჩელის ავტორი შპს „ბ...ი“ არ წარმოადგენს მოვალეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული წარმოების ფარგლებში, სადაც მოვალეს წარმოადგენს შპს „ტ...ი“ და მის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი, რითაც დასტურდება, რომ სახეზე არ არის სუბიექტი (მოვალე), რომლის სარჩელის განხილვის შესაძლებლობასაც ადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ, შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.
სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ტერიტორიული ნიშნით განსჯადობის საკითხი, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განსჯად სასამართლოდ განხილული უნდა იქნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ის შემადგენლობა, რომლის წარმოებაშიცაა კონკრეტული მოვალის მიმართ მიმდინარე რეაბილიტაციის ან/და გაკოტრების სამართალწარმოება.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს ზიანის - უძრავი ქონების აუქციონზე შეძენის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული 942600 ლარის ანაზღაურებას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს ,,ტ...ისგან’’ სოლიდარულად (პირველი სასარჩელო მოთხოვნა). აღნიშნული მოთხოვნა გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს, ვინაიდან თუ მხარე მიიჩნევს, რომ მას ზიანი მიადგა ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედებით, გაურკვეველი რჩება კერძო სამართლის იურიდიული პირის სოლიდარული ბრალეულობა ამ ქმედებაში. მეორე სასარჩელო მოთხოვნა - დაეკისროს მოპასუხე შპს „ტრასკავკასიის კრისტალს“ შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ 225478 ლარის გადახდა, მიმართულია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ და უკავშირდება უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხების დაბრუნებას, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ მოთხოვნის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში განხილული უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., ხოლო შპს „ტ...ის“ მისამართია: ბათუმი, ხელვაჩაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლო მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოდ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე ამ ეტაპზე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
განსახილველი დავის ფარგლებში მოთხოვნილია შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ შპს „ტ...ისა“ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სოლიდარულად 942600 ლარის დაკისრება (პირველი სასარჩელო მოთხოვნა) და შპს „ტ...ის“ მიმართ შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ 225478 ლარის დაკისრება (მეორე სასარჩელო მოთხოვნა).
საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინება, რომლის საფუძველზეც შპს „ტ...ის“ განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი; შპს „ტ...ის“ დირექტორი, ნ. გ-ი დარჩა მართვაში; რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი გ. ბ-ე, რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, ეკონომიკური სტაბილურობა სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა, აუცილებელია ისეთი მოქნილი მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი საწარმოს ფუნქციონირების შენარჩუნებას. შესაბამისად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. გათვალისწინებით იმისა, რომ გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის უუნარობას, შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები, ცხადია, რომ გადახდისუუნარობის პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია დაცული იქნას, როგორც თავად საწარმოს, ასევე კრედიტორთა ინტერესები. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია (მუხლი 2): ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა. ამდენად, დასახელებული კანონის მიზნად იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა განისაზღვრა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონის მიზანია კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით მოხდეს ფინასური პრობლემების დაძლევა და რეაბილიტაციის გზით კომპანიისათვის წარმოების შენარჩუნება.
გათვალისწინებით იმისა, რომ გადახდისუუნარობის კანონის მიზანია დაიცვას ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი და უზრუნველყოს თანაბარ მდგომარეობაში მათი ჩაყენება, მნიშვნელოვანია ამ პროცესში სასამართლოს როლი, რაც, გარდა იმისა, რომ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების პროცესს დროში უფრო ეფექტიანს ხდის, ამავდროულად წარმოადგენს მოვალეთა და კრედიტორთა თანაბარუფლებიანი დაცვის შესაძლებლობას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. სწორედ ამ მიზნით, სასამართლოს მონაწილეობით ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა, მმართველისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნა, კრედიტორთა კრების მომზადება და მისი ჩატარების ორგანიზაციულად უზრუნველყოფა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების/თვითაცილების საკითხის განხილვა, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოსთვის წარდგენა, რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე საჩივრის განხილვა, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედების ან გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვა, რეგულირებული შეთანხმების საფუძველზე და მის შესრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრის შესახებ საჩივრის განხილვა, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება, დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებამდე მისაღები ანაზღაურების შესახებ ანგარიშის დამტკიცება, კრედიტორთა კომიტეტის წევრის საქმიანობის ანაზღაურების საკითხის განხილვა, მმართველის შუამდგომლობის განხილვა მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, მმართველის მიერ გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვალის განცხადების განხილვა ნებართვის გაცემის თაობაზე, მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების/დადასტურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოვალისათვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭება, გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობაზე განსახორციელებელი კონტროლის ერთ-ერთი გამოვლინებაა გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლოთა მიერ იმ საქმეთა სასარჩელო წესით განხილვა, რომელიც დაკავშირებულია მოვალე კომპანიის ქონებასთან, ანუ გადახდისუუნარობის მასასთან. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავა არის გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოყოფის ან გადახდისუუნარობის მასიდან თანხის დაკისრების შესახებ დავა, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე არსებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მოვალის მთელ ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის, ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას, მათ შორის, გადაცემად ლიცენზიებსა და ნებართვებს, აგრეთვე ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალისთვის დაბრუნებულ ქონებას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლების გარეთ.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავას განიხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის განმარტება ვერ მოხდება მხოლოდ მის ფორმალურ საწყისებზე დაფუძნებით და საკანონმდებლო ორგანოს მიერ ნორმის შემოტანის რეალური მიზნის უგულებელყოფით. ერთიანობის პრინციპის თანახმად, ყოველი ნორმა განმარტებულ უნდა იქნას არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით - კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის სასამართლო კონტროლის გზით განხორციელდეს როგორც მოვალის უფლებების დაცვა მისი ბიზნესის გადარჩენის მიზნით, ასევე კრედიტორთა ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა („რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი), არ შეიძლება გაგებული იქნას იმდაგვარად, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრული დავა, რომელიც უკავშირდება გადახდისუუნარობის მასას შესაძლოა განიხილოს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლოს გარდა სხვა სასამართლომ, თუ დავაში მოვალე არ მონაწილეობს, როგორც მოსარჩელე. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ დღეის მდგომარეობით მოქმედი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე მოქმედებდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია - 18.09.2020, №7165), რომლის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემოდა ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებს.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად: (1) ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა მიმართ დადგენილია სპეციალური სასამართლო განსჯადობა; (2) ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები; (3) ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა განხილვის მიზნებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს; (4) სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეს განიხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო საქართველოში მოვალის იურიდიული მისამართის არარსებობის შემთხვევაში − მისი მთავარი ინტერესების ცენტრის მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ბ...ის“ სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც იგი მოითხოვს შპს „ტ...ს“ დაეკისროს 225478 ლარის გადახდა, განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს „ტ...ის“ განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - შპს „ტ...სა“ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სოლიდარულად დაეკისროთ 942600 ლარის გადახდა შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: მოსარჩელის მითითებით მის მიერ მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროსაგან, ასევე შპს „ტ...ისგან“ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით: ა) 2017 წლის 30 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე შპს „ბ...მა“ შეიძინა უძრავი ქონება (მისამართი: ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, ...ი ...ი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობით: 30022.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი, საკადასტრო კოდით: ...) და 2017 წლის 13 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული №... გადაწყვეტილებით შპს „ბ...ი“ აღირიცხა მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ. უძრავი ქონების შეძენის მიზნით შპს „ბ...მა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 942600 ლარი; ბ) მოსარჩელის მიერ შეძენილი უძრავი ქონება აუქციონზე გასხვისებამდე დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით შპს „ტ...ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით. ქონების შეძენის შემდგომ შპს „ბ...მა“ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს არსებული დავალიანების გადახდის გადავადების თაობაზე. შპს „ბ...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ტ...ის“ დავალიანების 614923 ლარის დაფარვა გადავადდა 2024 წლის 10 ივლისამდე, გადახდის ვალდებულება განაწილვადდა გრაფიკის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის მომენტამდე გადახდილია ჯამში 187902 ლარი. გარდა საგადასახადო დავალიანებისა, მოსარჩელის მიერ გადახდილია ქონების (მიწის) გადასახადი 37576.40 ლარის ოდენობით; გ) შპს „ტ...ის“ მიერ 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 28 თებერვლის №841 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 6 მარტის მოქმედების გაუქმება №A... სააღსრულებო საქმეზე აუქციონის დანიშვნის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის №A... განკარგულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ტ...ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით. 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები. უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა შპს „ტ...ი“, თუმცა შპს „ბ...ს“ არ დაბრუნებია მის მიერ გაწეული ხარჯები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „ტ...ის“ მიერ გასაჩივრებული აქტები, რომლებიც გახდა საფუძველი შპს „ბ...ის“ მიერ განხორციელებული გადახდებისა, დღეის მდგომარეობით ბათილი აქტებია და მათ (აქტების) უკანონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ მათ გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული სამართლის კონკრეტული ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს კონკრეტული საკითხების (ამ შემთხვევაში იძულებითი აღსრულების პროცესის) ადმინისტრირების, ანუ მოგვარების, გადაწყვეტის უფლებამოსილებას, რაც თავისთავად გულისხმობს ამ უფლებამოსილების კეთილსინდისიერად, კანონის მიზნების შესაბამისად გამოყენების ვალდებულებას და როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ამ ვალდებულებას, იგულისხმება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოქმედებს ბრალეულად განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ბრალეულობა განზრახია თუ უხეშად გაუფრთხილებელი, ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არ არის, რადგან როგორც განზრახვის, ისე უხეში გაუფრთხილებლობის დროს ზიანი უნდა ანაზღაურდეს და თანაც სრულად.
რაც შეეხება ამავე მოთხოვნასთან მიმართებით შპს ,,ბ...ის’’ პოზიციას შპს „ტ...ისათვის“ თანხის დაკისრებაზე, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-987-ე მუხლებს და მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „ტ...ის“ ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად დაფარულ იქნა ამ უკანასკნელის ვალდებულებები, შესაბამისად, თუ მას ქონება უკან დაუბრუნდა, უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა იმ ვალდებულებებთან მიმართებაში, რომელიც არსებობდა ქონების გასხვისებამდე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გაისტუმრა მოპასუხე შპს „ტ...ის“ ვალები, რითაც ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს, რომ შპს „ტ...სა“ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სოლიდარულად დაეკისროთ 942600 ლარის ანაზღაურება (პირველი სასარჩელო მოთხოვნა). ამასთან, კომპანიის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე (შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება) და 987-ე (შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე) მუხლებს. ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მოთხოვნას, აღნიშნულს მოსარჩელე უკავშირებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას მის მიერ გამოცემული აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდესის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ბ...ი“ ითხოვს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ტ...სა“ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 942600 ლარი (პირველი სასარჩელო მოთხოვნა), საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოსარჩელე უკავშირებს სასამართლო გადაწყვეტილებით იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლითაც მას საკუთრების უფლება ჰქონდა მოპოვებული უძრავ ნივთზე და ამ აქტების ბათილად ცნობის შედეგად ეს საკუთრების უფლება დაკარგა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც შპს „ბ...ის“ მიერ მოთხოვნილია ადმინისტრაციული ორგანოსაგან ამ უკანასკნელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ბუნდოვანია კერძო სამართლის იურიდიული პირის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული დავის განხილვა ვერ მოხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილსამყოფელს წარმოადგენს ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №99 და მის წინააღმდეგ მიმართული დავა არ უკავშირდება შპს „ტ...ის“ გადახდისუუნარობის მასას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს „ბ...ის“ სარჩელზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს 942600 ლარი (პირველი სასარჩელო მოთხოვნა), განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, თუმცა ამ ეტაპზე საქმის აღნიშნული სასამართლოსათვის დაქვემდებარება ვერ მოხდება, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, სოლიდარულ მოვალედ ასევე დასახელებულია შპს „ტ...ი“, რომლის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც უნდა დაადგინოს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი ითხოვს მის სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ...ს“ 942600 ლარი (პირველი სასარჩელო მოთხოვნა), აღნიშნული მოთხოვნაც, მსგავსად მეორე სასარჩელო მოთხოვნისა (შპს „ტ...ს“ შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 225478 ლარის გადახდა), განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.
მოცემულ შემთხვევაში, განსჯადობის წესების დაცვიდან გამომდინარე არსებობს საფუძველი გამოყოფილი იქნას ერთმანეთისაგან ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები, თუმცა საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს აღნიშნული. შესაბამისად, ამ ეტაპზე დავა უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც შპს „ბ...ის“ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით - შპს „ტ...სა“ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სოლიდარულად დაეკისროთ 942600 ლარის გადახდა შპს „ბ...ის“ სასარგებლოდ, უნდა დაადგინოს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მხოლოდ ადმინსტრაციული ორგანოსგან, რა შემთხვევაშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს დავა (დადებით შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს შპს „ბ...ის“ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და აღნიშნულ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას), თუ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირისგან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე შპს „ბ...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ...ის“ სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ტ...ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე