საქმე №ბს-320(2კ-21) 10 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. კ-ა
მოსარჩელე - ს. მ-ე
მესამე პირი - ლ. შ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 აპრილს ი. კ-ამ და ს. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელეებმა დაჯარიმებისა და ჯარიმის გადახდის დავალების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №259 ბრძანების მე-3 პუნქტის და 8000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექცია) მიერ გამოიცა №002508 დადგენილება, რომლითაც მოხდა ი. კ-ას, ლ. შ-ის და ს. მ-ის დაჯარიმება თბილისში, ... ქუჩა №27-29-ში (ს/კ ...) მდებარე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისათვის. დადგენილებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე, ასევე დარღვეულია ობიექტის წითელი ხაზები და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დაჯარიმებულ პირებს ასევე დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟი. 2017 წლის 3 ნოემბერს მერიაში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც სადავო გახდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილება. 2019 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №259 ბრძანება, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დადგენილება ძალაში დარჩა ფულადი სანქციის ნაწილში.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებმა განახორციელეს ქონების ლეგალიზება. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა აღმოიფხვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვენ მათ ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. შ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას და ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა არქიტექტურის სამსახურს ლეგალიზების შესახებ მოთხოვნით მიმართეს 2017 წლის 21 ნოემბერს და 2018 წლის 31 იანვარს, გასაჩივრებული აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის დადგენილების გამოცემის შემდეგ და სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის შენობა-ნაგებობები და ღობეები ლეგალიზებული არ ყოფილა, ისინი წარმოადგენდნენ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულ ნაგებობებს, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო დადგენილება გამოიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საჩივრის განხილვის მომენტისთვის შენობა-ნაგებობები უკვე ლეგალიზებული იყო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №259 ბრძანებით, სავსებით სწორად იქნა ბათილად ცნობილი შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დავალების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ამ და ს. მ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას და ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან); ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №259 ბრძანება, კერძოდ მე-3 პუნქტი, დაჯარიმებისა და ჯარიმის გადახდის დავალების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილება ი. კ-ას 8000 ლარით დაჯარიმების ნაწილში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ი. კ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია კონკრეტული სახდელი. შესაბამისად, რაიმე დიაპაზონს, რომლის ფარგლებშიც დავის თავისებურებების გათვალისწინებით, ორგანოს ექნება ჯარიმის კონკრეტული ოდენობის შერჩევის შესაძლებლობა, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, ი. კ-ას და ს. მ-ეს სახდელი შეეფარდათ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - 8000 ლარის ოდენობით, თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის კანონმდებლობით მხოლოდ ერთი სანქციის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დადგენას და გათვალისწინებას.
სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული მოწესრიგება ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის. მართალია, სამშენებლო სამართალდარღვევები ცალკე კანონებითაა მოწესრიგებული, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემული მოწესრიგება არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული სპეციალურ კანონმდებლობაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. ზოგადი წესი, რომელიც მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევას აწესრიგებს, ვრცელდება ყველა სახის სამართალდარღვევაზე, თუ ისინი სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული, მათ შორის სამშენებლო კანონმდებლობით (სუსგ 20.12.2019წ. №ბს-638-634(2კ-17)). განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე და 34-ე მუხლების დანაწესის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანი, რომელიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
ამასთან, განსახილველ საქმეზე შექმნილ ვითარებაში, ჯარიმის გამოყენების მიზაშეუწონლობაზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის იმპერატიულ დანაწესზე, რომელის მიხედვითაც, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო წყვეტს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას თუკი „პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ“. პალატის მითითებით, ხსენებული დანაწესის კანონში შემოტანით ცხადია, რომ კანონმდებელი უშვებს სრულ შესაძლებლობას, მიუხედავად დადასტურებული სამართალდარღვევისა, აღარ გააგრძელოს საქმისწარმოება, არ დაუდგინოს სუბიექტს სანქცია, რამეთუ დადგა ვითარება, როცა სამართალდარღვევის ობიექტი აწ უკვე მოექცა კანონიერ ჩარჩოში და მოხდა მისი ლეგალიზება.
პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ შენობა-ნაგებობების ამჟამინდელი მდგომარეობით სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული თავად მოსარჩელეთა აქტიური მოქმედების შედეგად, კერძოდ, ობიექტი მოექცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3741267 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქუჩა №27-29-ში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2018 წლის №3843583 ბრძანებით დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქ. №27-29-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ აშენებული ღობეები და უნებართვოდ მოწყობილი ჭიშკარი და ორი კარი. შესაბამისად, არსებული ვითარება პალატის შეფასებით საფუძველი იყო, რომ ი. კ-ას მიმართ გამოყენებულიყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რის გამოც ის უნდა გათავისუფლებულიყო დაკისრებული სანქციისაგან და გამოცხადებოდა სიტყვიერი შენიშვნა.
რაც შეეხება ს. მ-ის მიმართებაში სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: პალატის მიერ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით ისევე, როგორც ი. კ-ას მიერ, ასევე ს. მ-ის მიერ ჩადენილია მცირემნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მართალია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს პირის მიმართ იწვევს სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას, ამიტომ პალატამ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან). პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების თანახმად, ს. მ-ე დაბადებულია ... წლის ... ..., რის გამოც „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევთა მიერ შენობა-ნაგებობების სამსახურის დადგენილების გამოცემის შემდეგ განხორციელებული ლეგალიზების გამო სამშენებლო სამართალდარღვევა არასწორად იქნა მიჩნეული მცირემნიშვნელოვნად, რაც გახდა ი. კ-ას და ს. მ-ის ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მირიის მიერ ლეგალიზების ფაქტი ისედაც იქნა მხედველობაში მიღებული დემონტაჟისგან გათავისუფლების ნაწილში. კასატორი ასევე არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) გადაწყვეტილებით გაკეთებული ნორმის განმარტების მისადაგებას მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება ი. კ-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, არ იძლევა მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის მზა დეფინიციას. კანონმდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, რომლის მნიშვნელობის ხარისხის განსაზღვრა უნდა უკავშირდებოდეს ქმედების ობიექტურ მხარეს, თუ რაში გამოიხატა ობიექტურად დამრღვევის მოქმედება. განსახილველ შემთხვევაში ი. კ-ა მიჩნეულია სამართალდამრღვევად, ვინაიდან სახეზეა მის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებს. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ობიექტი სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების პერიოდში არ ყოფილა მოყვანილი კანონთან შესაბამისობაში, რაც ცხადყოფს მის ბრალს, რაც თავის თავში გულისხმობს სამართალდამრღვევის დამოკიდებულებას მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ. კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ იქნა მიჩნეული ი. კ-ას მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციულ გადაცდომად. ამასთანავე, კასატორის მითითებით, სასამართლომ თავისი დასკვნის დასასაბუთებლად არ გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების პრინციპი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილისა და 11 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ს. მ-ის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ი. კ-ას ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და დაშვებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ი. კ-ას ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია დაჯარიმებისა და ჯარიმის გადახდის დავალების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №259 ბრძანების მე-3 პუნქტის და 8000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას და ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას და ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისაგან (შესაბამისი საურავისგან); ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №259 ბრძანება, კერძოდ მე-3 პუნქტი, დაჯარიმებისა და ჯარიმის გადახდის დავალების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილება ი. კ-ას 8000 ლარით დაჯარიმების ნაწილში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ი. კ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ს. მ-ის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ი. კ-ას ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება ს. მ-ის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ი. კ-ას ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა წარმოადგენს, რომლითაც იმ გარემოებაზე დაფუძნებით, რომ შენობა-ნაგებობების ამჟამინდელი მდგომარეობით სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული თავად მოსარჩელეთა აქტიური მოქმედების შედეგად, კერძოდ, ობიექტი მოექცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქუჩა №27-29-ში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი, ღობეები, უნებართვოდ მოწყობილი ჭიშკარი და ორი კარი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ი. კ-ას მიმართ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რის გამოც იგი გათავისუფლდა დაკისრებული სანქციისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე სანქციის შეფარდების პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი დებულებების გამოყენების შესაძლებლობა წარმოადგენს განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების ერთ-ერთ უმთავრეს საგანს.
ამასთან, სადავო აქტების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით თავდაპირველად უნდა დადგინდეს მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც წარმოშობდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას ი. კ-ას სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შეფასება უნდა მიეცეს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე სანქციის შეფარდების პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათ განახორციელეს ქონების ლეგალიზება, შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა აღმოიფხვრა, რის გამოც სადავო აქტების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. თავად ლეგალიზების განხორციელების საჭიროება და ლეგალიზების ფაქტი ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში ლეგალიზების აქტები - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3741267 ბრძანება და 2018 წლის 2 მარტის №3843583 ბრძანება მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ შესაბამისად, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ.
ამდენად, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ობიექტების არსებობის ფაქტი წარმოშობდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურის განხორციელების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა - სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რის საფუძველზეც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდამრღვევის მიმართ შედგა მითითება, შემდგომ შემოწმების აქტი და დარღვევის გამოუსწორებლობის გამო დადგენილებით მას შეეფარდა სანქცია. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ი. კ-ას, ლ. შ-ის და ს. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა №002508 მითითება, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, ... ქ. №27-29-ში ი. კ-ას, ლ. შ-ის და ს. მ-ის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ერთეულზე (...) სახელმწიფო და ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დარღვევით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული იყო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილი იყო ორი კაპიტალური შენობა და კაპიტალური ღობის კედლები. აღნიშნულ პირებს დაევალათ წარედგინათ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან მოეხდინათ ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით. 2017 წლის 19 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა №002508 შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წლის 10 მაისს გაცემული №002508 მითითებით გათვალისწინებული პირობები არ იყო შესრულებული. 2017 წლის 16 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 10 მაისის №002508 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №002508 შედგენილი 2017 წლის 16 ივნისს) ი. კ-ას, ლ. შ-ის და ს. მ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით, 2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. 2017 წლის 10 ოქტომბერს ზედამხედველობის სამსახურში გამართულ ზეპირ მოსმენაზე საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო 2007 წლამდე, ექვემდებარებოდა ლეგალიზებას, რასაც ვერ ახერხებდნენ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, მათთვის გაუგებარი იყო არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნები. ამასთან, წითელი ხაზები გასწორდა და მოექცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის 2017 წლის 16 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩა №27-29-ში გამოსწორებული იქნა საკადასტრო საზღვრებთან დაკავშირებული დარღვევა, კერძოდ, ობიექტი მოექცა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. მხარის მიერ სხვა დარღვევები არ იყო გამოსწორებულა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილებით ს. მ-ე, ი. კ-ა და ლ. შ-ე დაჯარიმდნენ 8000 ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №27-29-ში (ს/კ №...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (ორი კაპიტალური შენობა და კაპიტალური ღობე ჭიშკრებით); მესაკუთრეებს დაევალათ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ორი კაპიტალური შენობისა და კაპიტალური ღობის (ჭიშკრებით) დემონტაჟი.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3741267 ბრძანებით დაკმაყოფილდა ი. კ-ას, ს. მ-ის და ლ. შ-ის განცხადება (განცხადების თარიღი: 21.11.2017წ.) და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქუჩა №27-29-ში უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 2 მარტის №3843583 ბრძანებით კი დაკმაყოფილდა ი. კ-ას, ს. მ-ის და ლ. შ-ის განცხადება (განცხადების თარიღი: 31.01.2018წ.) და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... ქ. №27-29-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ აშენებული ღობეები და უნებართვოდ მოწყობილი ჭიშკარი და ორი კარი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №259 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. კ-ას, ლ. შ-ისა და ს. მ-ის 2017 წლის 3 ნოემბრის №19/01173072027-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილების მე-2 პუნქტი (ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №27-29 №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობის და კაპიტალური ღობის ჭიშკრებით) დემონტაჟის დავალების ნაწილში; ხოლო დანარჩენ ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილება დარჩა ძალაში.
ამასთან, საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელეთა მიმართ დადგენილების მიღება წინ უსწრებს არქიტექტურის სამსახურისთვის ნაგებობების ლეგალიზების მოთხოვნით მიმართვას, კერძოდ, მოსარჩელეებმა არქიტექტურის სამსახურს ლეგალიზების მოთხოვნით მიმართეს 2017 წლის 21 ნოემბერს და 2018 წლის 31 იანვარს, გასაჩივრებული აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის დადგენილების გამოცემის შემდეგ და სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის შენობა-ნაგებობები და ღობეები ლეგალიზებული არ ყოფილა, ისინი წარმოადგენდნენ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულ ნაგებობებს, შესაბამისად, სადავო დადგენილება მოსარჩელეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში გამოიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროისთვის უნებართვოდ აშენებული ობიექტები უკვე ლეგალიზებული იყო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოს მხრიდან სწორედ ნაგებობების ლეგალიზების ფაქტი დაედო საფუძვლად დემონტაჟის დავალების ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების ბათილად ცნობას, თუმცა იმავე ლეგალიზების ფაქტს გავლენა არ მოუხდენია დაჯარიმების ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო და აღნიშნავს, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის №ბს-360-357(2კ-17) განჩინება; 2022 წლის 13 ივლისის №ბს-504-504(3კ-18) გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზება განხორციელებულია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროისთვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია, რამეთუ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც, რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, რა დროსაც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სადავო დადგენილების გამოცემის შემდგომ შეცვლილი ობიექტური გარემოებები და შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით ასევე ემსჯელა გასაჩივრებული დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის მიზანშეწონილობის საკითხზე. „ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის №ბს-504-504(3კ-18) გადაწყვეტილება).
ის გარემოება, რომ კანონმდებლობა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღებამდე აძლევს პირს შესაძლებლობას გამოასწოროს სამართალდარღვევა და აიცდინოს მის მიმართ სანქციის გამოყენება (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა), არ გამორიცხავს დადგენილების მიღების შემდგომ ნაგებობების ლეგალიზების ფაქტით შეცვლილი ვითარების დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობას. დასახელებული დებულებები ადასტურებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებულ საქმის წარმოებას, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას, დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხ.). ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო მშენებლობის ლეგალიზების პირობებში, მერიას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სანქციის შეფარდების პროცესში უნდა გაეთვალისწინებინა სადავო სამართალადარღვევის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებათა შესახებ, რა დროსაც საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებზე, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა). აღნიშნული „წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ამდენად, ლეგალიზაციის პროცესით უნებართვო მშენებლობა მოდის კანონთან თანხვედრაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; ამავე მუხლის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომელიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში. განსახილველ შემთხვევაში, შენობა-ნაგებობების ამჟამინდელი მდგომარეობით სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული თავად მოსარჩელეთა აქტიური მოქმედების შედეგად, საქმეზე უდავო გარემოებას წარმოადგენს სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ობიექტების ლეგალიზების ფაქტი, უნებართვო მშენებლობის კანონთან შესაბამისობის დადგენა. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი ნაგებობების ლეგალიზება ქმნიდა დარღვევის მცირე მნიშვნელოვნად მიჩნევის პირობას და საქმის განმხილველი ორგანოს წინაშე აყენებდა საქმეზე შემამსუბუქებელი გარემოების გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული ქმედების მცირემნიშვნელოვნად მიჩნევის გამოსარიცხად არ იზიარებს კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებას ი. კ-ას ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და მის ბრალზე, რამეთუ ქმედების შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე მსჯელობა საჭირო ხდება სამართალდარღვევის არსებობის დროს, ხოლო ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათისა და ბრალის არარსებობა გამორიცხავს თავად სამართალდარღვევის არსებობას და შესაბამისად, ქმედების მცირემნიშვნელოვნად განხილვის საჭიროებას. ხოლო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა არ იძლევა მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის დეფინიციას, ადასტურებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, მისი განმარტების საჭიროებას.
განსახილველ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის №002508 დადგენილება ეფუძნება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მიმართულია უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოების წინააღმდეგ და ადგენს სანქციის კონკრეტულ ზომას, შესაბამისად, დასახელებული ნორმა დავის თავისებურებების გათვალისწინებით არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის ან მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუმცა ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით სანქციის მხოლოდ კონკრეტული ზომის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. თავის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინება; 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-926-922(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ, შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით არ შეაფასა უნებართვო მშენებლობისთვის გამოყენებული სანქციის - დაკისრებული ჯარიმის პროპორციულობისა და მისი მიზანშეწონილობის საკითხი, სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ მართებულად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რომელიც მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს უფლებამოსილი ორგანოს შესაძლებლობას გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინებაზე მითითების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დასახელებული განჩინება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოხმობილია იმ კუთხით, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე სანქციის შეფარდების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული მოწესრიგებით, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემული მოწესრიგება არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული სპეციალურ კანონმდებლობაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, რასაც ეთანხმება და იზიარებს საკასაციო სასამართლოც.
ამასთან, განსახილველ საქმეზე შექმნილ ვითარებაში, ჯარიმის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ. ხსენებული დანაწესის კანონში შემოტანით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, მიუხედავად დადასტურებული სამართალდარღვევისა, აღარ გააგრძელოს საქმისწარმოება, არ შეუფარდოს სუბიექტს სანქცია, რამეთუ დადგა ვითარება, როდესაც სამართალდარღვევის ობიექტი უკვე მოექცა კანონიერ ჩარჩოში და მოხდა მისი ლეგალიზება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ი. კ-ას ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი ი. კ-ას ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა