ბს-1058(2კ-21) 26 იანვარი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ბ-მა 19.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 წერილით მიღებული გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 16.08.2017წ. №1-1/362 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე საკითხის სრულად გამოკვლევის შედეგად მოპასუხისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით, გ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 16.08.2017წ. №1-1/362 ბრძანება გ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/2019 წერილით მიღებული გადაწყვეტილება (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2019წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილით მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 16.08.2017წ. №1-1/362 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქონების სააგენტოსთვის გ.ბ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც გამოიცა გ.ბ-ის 23.12.2016წ. განცხადებასთან დაკავშირებით, მოთხოვნილი იყო მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ (განცხადების №...) საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ქონებისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მის სახელზე 23.09.1993წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაზე თანდართულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული წყალსადენის - „ ...“ იდენტურობის დადასტურება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილით კი გ.ბ-ს ეცნობა, რომ სააგენტოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განემარტა 03.01.2017წ. №6/23 წერილით. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილით მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს სწორედ 03.01.2017წ. №6/23 წერილით დამდგარი შედეგი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილის კანონიერების შემოწმება გულისხმობს და მოიცავს ამავე სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 წერილის კანონიერების შემოწმებას. დამოუკიდებელი, განსხვავებული შედეგი სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილით არ დამდგარა. სადავოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 16.08.2017წ. №1-1/362 ბრძანება, რომელიც მიღებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, შესაბამისად, მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება გულისხმობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 წერილის ძალაში დატოვების კანონიერების დადგენას, რომლის შინაარსიც გაზიარებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს გ.ბ-ის მიერ მითითებული ხაზობრივი ნაგებობისა და 23.09.1993წ. შედგენილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილი წყალსადენი „ ...“ იდენტურობის დადგენა. ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას, ვინაიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონს პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ქონების სააგენტო. სააგენტო არის ის კომპეტენტური და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც მოეპოვება ინფორმაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ. სადავო შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების სათანადოდ გამოკვლევა უშუალოდ უკავშირდება საკუთრების უფლების უზრუნველყოფას, რადგან თუკი პრივატიზება შეეხო სადავო ქონებას, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს გ.ბ-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, რათა ფიზიკურმა პირმა შეძლოს კანონით დადგენილი წესით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სწორედ საპრივატიზებო დოკუმენტაციის არასრულყოფილებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს საკითხი, მოამზადოს და გასცეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ფიზიკური პირისთვის კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს პრივატიზების დოკუმენტაციის სრულყოფილი, ჯეროვანი და სრული შესწავლა, ფაქტობრივ ვითარებასთან შედარება და ისე გადაწყვიტოს საკითხი. გასათვალისწინებელია ასევე მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მდ. ... სახელწოდებით საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი გეოგრაფიული ობიექტი, რომლის ფიზიკურ საზღვრებს ზუსტად შეესაბამება მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული ნაგებობა (წყალსადენი).
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონს 22-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში სადავო არის არა პრივატიზების განხორციელების კანონიერება, არამედ გამოსაკვლევია კონკრეტული ქონების შესაბამისობა პრივატიზების დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ქონებასთან, ამდენად, ამ შემთხვევაში პრივატიზების ხელშეკრულების დადების მომენტთან ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ვერ იქნება დაკავშირებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, ადმინისტრაციულ წარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა (სუსგ 07.07.2009წ. საქმე №ბს-351-336(კ-09)). საფუძველს მოკლებულია ასევე სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად ჩაატარა. სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას, შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა პრივატიზებული საწარმოს ქონების შემადგენლობაში შემავალ წყალსადენ „...“ და განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ხაზობრივი ნაგებობის იდენტურობის დადგენის თაობაზე. მოსარჩელე იყო ვალდებული დაედასტურებინა აღნიშნული საკითხი, მაგ. ექსპერტიზის დასკვნით.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააგენტოს მიმართ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 წერილის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება. მითითებული აქტი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ გასაჩივრებულა. ამდენად, სახეზეა სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლები, რის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები გაწერილია საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. №391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლით, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმაზე, რომ უძრავი ქონების იდენტურობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს დიკსრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, უსაფუძვლოა. მოსარჩელე ითხოვს 1993 წელს განხორციელებული პრივატიზების დოკუმენტების საფუძველზე გარკვეული ქმედების განხორციელებას, ხოლო პრივატიზებასთან დაკავშირებით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი. მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტის გაცემიდან გასულია საერთო ხანდაზმულობის ვადაც, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარებულ წარმოებაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემოწმებას დაექვემდებარა ქონების სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 წერილი, ხოლო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუმოწმებია სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 და 20.01.2017წ. №6/3019 წერილების კანონიერება, თუმცა მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს 16.08.2017წ. №1-1/362 ბრძანების ბათილობასთან ერთად მოითხოვა სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 წერილის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 20.01.2017წ. №6/2019 გადაწყვეტილება ისე, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია აღნიშნული წერილის, მით უმეტეს სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 წერილის ბათილად ცნობა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსარჩელე სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 წერილის ნაცვლად მოითხოვდა სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილის ბათილად ცნობას, სასამართლო უფლებამოსილი იყო შეეფასებინა მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი წერილი ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს, თუმცა გ.ბ-მა მხოლოდ სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრა სარჩელი, რომელიც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული არ ყოფილა. სსკ-ის 248-ე მუხლის საწინააღმდეგოდ და სასკ-ის მე-3 მუხლის უგულებელყოფით სასამართლოს მოსარჩელის მიერ განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნა არ შეუფასებია. სამინისტროს გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს შეფასებას ექვემდებარება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში განხილული აქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ნივთის იდენტურობის დადგენის დავალება ხელშეკრულების დადებიდან 20 წლის შემდგომ ეწინააღმდეგება სამართლის უზოგადეს პრინციპებს. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დასაბუთებული არ არის კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრება საპრივატიზებო დოკუმენტაციაში ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაციის არარასებობის გამო პრივატიზებული საწარმოს ქონების შემადგენლობაში შემავალ წყალსადენ „...“ და განცხადებაზე დართულ აზომვით ნახაზზე მითითებული ხაზობრივი ნაგებობის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 08.03.1993წ. №184 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულებაზე, რომლის თანახმად, სამინისტროს ფუნქციებს შეადგენდა საპრივატიზაციო საწარმოთა ქონების ინვენტარიზაციის და შეფასების უზრუნველყოფა, სახელმწიფო საწარმოთა საპრივატიზაციო კომისიების შექმნა, პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობების გაცემა და სხვ. (მე-2 მუხ.). საქმეში დაცული მასალებით 07.09.1993წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ...ის რაიონულ განყოფილებასა და გ.ბ-ს შორის სანოტარო წესით დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც კონკურსში გამარჯვებულმა გ.ბ-მა საკუთრებაში მიიღო სახელმწიფო ქონება, კერძოდ, ...ის რაიონში, კურორტ ...ში მდებარე ტურბაზა „...“ სააგარაკო სასტუმროსთან „...სთან“ ერთად. აღნიშნული ქონება მყიდველს გადაეცა 07.09.1993წ. სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც მითითებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულ ცხრილში ტურბაზა „...ის“ ქონების ჩამონათვალში ასევე მითითებულია წყალსადენი „ ...“. 23.09.1993წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ხსენებულ ქონებაზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, საფუძვლად მიეთითა 07.09.1993წ. ხელშეკრულება და მასზე დართული მიღება-ჩაბარების აქტი. ამ პერიოდში მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონის (ძალადაკარგულია 30.05.1997წ. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონით) 20.3 მუხლი ადგენდა, რომ საწარმოზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემოდა ხელშეკრულების ნოტარიულად რეგისტრაციის მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ...ის რაიონში, კურორტ ...ში მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო გამყიდველის თანხმობა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და 07.09.1993წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილი წყალსადენი „...“ იდენტურობის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 85). 15.12.2016წ. №100962/ფ გ.ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს 07.09.1993წ. ხელშეკრულებით სახელმწიფოსგან შეძენილი უძრავი ნივთისა და მის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნივთის (წყალსადენის) იდენტურობის დადგენის მოთხოვნით (ტ. 1, ს.ფ. 83). 23.12.2016წ. გ.ბ-მა კვლავ მიმართა განცხადებით სააგენტოს და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოითხოვა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობის იდენტურობის დადასტურება (ტ. 1, ს.ფ. 92). №100962/ფ განცხადების პასუხად 03.01.2017წ. №6/23 წერილით სააგენტომ გ.ბ-ს აცნობა, რომ 23.09.1993წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გ.ბ-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც მას საკუთრებაში გადაეცა ტურბაზა „...“ სააგარაკო სასტუმრო „...“, აღნიშნული საწარმოს ქონების ჩამონათვალი დაცულია ამავე ქონების პრივატიზების მიზნით 07.09.1993წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში - მიღება-ჩაბარების აქტში, რომლის მიხედვით წყალსადენი „...“ შედიოდა ხსენებული საწარმოს ქონების შემადგენლობაში, თუმცა საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს მისი ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას, რის გამო სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პრივატიზებული საწარმოს ქონების შემადგენლობაში შემავალი წყალსადენი „...“ და №100962/ფ წერილზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ხაზოვანი ნაგებობის იდენტურობის დადგენაზე. გ.ბ-ის 23.12.2016წ. განცხადების პასუხად, სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3019 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ სააგენტოს პოზიცია განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით ეცნობა ქონების სააგენტოს 03.01.2017წ. №6/23 წერილით.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 05.06.2012წ. №6377 კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად, რომელიც ამოქმედდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შეიქმნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა, ხოლო ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქცინის ფორმით პრივატიზება/რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება (საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. №391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება“). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ინოვაციის შედეგად ორგანოს გაუქმების მიუხედავად სახელმწიფო ინარჩუნებს სახელმწიფო ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლობას. სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ლიკვიდაცია არ იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების გაუქმებას (სუსგ 30.05.2012წ., №ბს-1490-1472(კ-11)). ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას შეადგენს. მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის განცხადების სათანადოდ გამოკვლევა უშუალოდ უკავშირდება საკუთრების უფლების რეალიზებას, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები სახელმწიფოს მიერ პრივატიზების გზით ფიზიკური პირისთვის გადაცემული ქონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას, არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტების კანონიერებას. საქმეში დაცულია გ.ბ-ის მიერ შეძენილი ქონების საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს უძრავი ნივთის მდებარეობასთან დაკავშირებით რიგ მონაცემებს (მაგ. მისამართს, წყალსადენთან ერთად გადაცემული საწარმოს ქონების ჩამონათვალს და სხვ., ასევე საქმეში დაცულია ორთოფოტოები), ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მდ. ,,...’’ სახელწოდებით საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი გეოგრაფიული ობიექტი (მდინარე), რომლის ფიზიკურ საზღვრებს შეესაბამება მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული ნაგებობა (წყალსადენი). გასაჩივრებული აქტებით არ დგინდება მითითებული გარემოებების შეფასების ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ 03.01.2017წ. ͏№6/23 წერილით სააგენტო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ წყალსადენი „...“ შედიოდა ზემოთ ხსენებული პრივატიზებული საწარმოს ქონების შემადგენლობაში. ამდენად, ქონების სააგენტო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ადგილზე დათვალიერება, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელში ასახულ დავის არსის მოკლე მიმოხილვაზე, რომლითაც მოსარჩელე არ ეთანხმება მის მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში 15.12.2016წ. წარდგენილ №100962/ფ განცხადებაზე მიღებულ სააგენტოს გადაწყვეტილებას (მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული წყალსადენი „...“ და იმავე წერილზე დართულ აზომვით ნახაზთთან იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ). მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნით განმეორებით მიმართა სააგენტოს, რაზეც 20.01.2017წ. №6/3016 წერილით იმავე საფუძვლით კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული წერილით მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რაზეც 16.08.2017წ. №1-1/362 ბრძანებით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 2-4). აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სააგენტოს 20.01.2017წ. №6/3016 წერილით მიღებული გადაწყვეტილება (ტ. 1, ს,ფ, 65-68), ხოლო 01.03.2017წ. განცხადებით, გ.ბ-მა მიუთითა, რომ აქტის რეკვიზიტი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულია შეცდომით და დაზუსტების შედეგად მოითხოვა 03.01.2017წ. №6/23 წერილის ბათილად ცნობა (ტ. 1, ს.ფ. 69-70). ამდენად, კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი აქტის ადმინისტრაციული საჩივრით ერთჯერადად გაუსაჩივრებლობის გამო, არ არის დასაბუთებული, საფუძველს მოკლებულია ასევე კასატორების მითითება პრივატიზებასთან დაკავშირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადაზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა პრივატიზების კანონიერება, არამედ უკვე პრივატიზებული სახელმწიფო ქონებისა და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ნივთის იდენტურობა, ამდენად, ხანდაზმულობაზე მითითება ამ საფუძვლით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი