Facebook Twitter
საქმე #ბს-21(2კ-22) 6 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა


სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე


კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – გ. ც-ი


კასატორი (მოპასუხე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი – ლ. ბ-ე


მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ჭ-ე


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება


დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2020 წლის 23 იანვარს ნ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ...) მესაკუთრეა ნ. ჭ-ე. ხსენებული უძრავი ქონება მოსარჩელემ მამისგან მიიღო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ნ. ჭ-ის მამა - რ. გ-ი წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდა აღნიშნულ უძრავ ქონებას, თუმცა მან ამ ქონების მხოლოდ ნაწილი დაირეგისტრირა, კერძოდ, 193 კვ.მ-დან 155 კვ.მ. ქონების დანარჩენი ნაწილის დარეგისტრირება ვერ განახორციელა, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აშენებული სახლი რეგისტრაციის მომენტისათვის სატრანსპორტო ზონაში მოექცა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელეს უძრავ ქონებასა და მისი მეზობლის - დ. ლ-ის ნაკვეთს შორის დაფიქსირდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება.
მოსარჩელის მითითებით, 2019 წლის 16 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოქალაქე ნ. ჭ-ის მიმართ გამოიცა #003930 დადგენილება, რომლის თანახმადაც, იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების გამო, მერიამ მოსარჩელეს დააკისრა 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა და სადავო მშენებლობის დემონტაჟი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა მთელი რიგი დარღვევებით, ამასთან, სადავო დადგენილების დასაბუთება არის ბუნდოვანი და კანონშეუსაბამო.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის იმ ნაწილისა, რომლითაც მოსარჩელეს ევალებოდა, შენობა ლიტ: „ა“ შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი კაპიტალური კედლების, კარ-ფანჯრების ღიობებისა და სარდაფი-სათავსოს დემონტაჟი. მოსარჩელემ, ასევე, „ჯარიმისა და შენობათა დემონტაჟის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ჭ-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 29.03.2019წ.) თანახმად, ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: ...) წარმოადგენს ნ. ჭ-ის საკუთრებას; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 24.01.2012წ. ჩუქების ხელშეკრულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის #... წერილი.
2018 წლის 3 აგვისტოს ნ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #... გადაწყვეტილების თანახმად, ნ. ჭ-ის 2018 წლის 3 აგვისტოს განცხადებაზე წარმოდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია #... მიმართვით გადაეგზავნა თბილისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა #... წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ. ჭ-ის მიმართ შედგა #003930 მითითება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ განხორციელებული იყო სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები (დანართი). კერძოდ, ... ... მხარეს მოწყობილი იყო ბლოკის დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა, კაპიტალური ღობე და ლითონის კარი, რომლებიც განთავსებული იყო სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. ეზოში დამატებული იყო კიბის საფეხურები. შენობა ლიტ.ს-დ: ფასადებზე დამატებული იყო ჰაერგამწოვი მილი, წყლის გამათბობელი აგრეგატი და კართან ბაქანი; შენობა ლიტ-ა: კარებთან დამატებული იყო ბაქანი და ლითონის მოაჯირი. შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი იყო კაპიტალური კედლები კარ-ფანჯრების ღიობებით. დამატებული იყო ჰაერგამწოვები. შენობის კედლების ნაწილი სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მომიჯნავე ტერიტორიაზე (კერძო საკუთრებაზე); შენობა ლიტ-ბ: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობით, რომელიც, აგრეთვე, სცდებოდა საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა კერძო საკუთრებაზე; დამატებული იყო სარდაფი-სათავსო. ნ. ჭ-ეს დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი #003930 შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა მისამართზე ქ. თბილისი, ... ... #23 (ს.კ. ...). კერძოდ, დემონტირებულ იქნა ... ... მხარეს მოწყობილი ბლოკის დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა, ხოლო კაპიტალური ღობე და ლითონის კარი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიიდან გადატანილ იქნა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 16 ნოემბრის #4-3/222-18 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითების საფუძველზე მოქ. ნ. ჭ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 თვით - 2018 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
სასამართლომ საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირების და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2019 წლის 16 იანვრის #54 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ნ. ჭ-ის მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები ნაწილობრივ გამოსწორდა. კერძოდ, დემონტირებულ იქნა ლიტ-„ა“: კარებთან დამატებული ბაქანი და ლითონის მოაჯირი და ერთი ჰაერგამწოვი; ლიტ „ს“-„დ“: ფასადებზე დამატებული ჰაერგამწოვი მილი, წყლის გამათბობელი აგრეგატი და კართან არსებული ბაქანი. ასევე, დემონტირებულ იქნა ეზოში არსებული კიბის საფეხურები. ამასთან, 2019 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, საკადასტრო საზღვრების კორექტირების შედეგად, კაპიტალური ღობე და კარი (რომელიც შემოწმების აქტის შედგენის მომენტისათვის მოქცეული იყო საკადასტრო საზღვრებში) გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადადიოდა ლიტ „ა“-ს და ლიტ „ბ“-ს შენობის კედლების (უკანა) ნაწილი.
ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2019 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, ობიექტზე ადგილი ჰქონდა შემდეგ სამშენებლო სამართალდარღვევებს (არ იყო გამოსწორებული შემდეგი დარღვევები): ქ. თბილისში, ... ... მხარეს მოწყობილი იყო კაპიტალური ღობე და ლითონის კარი (კაპიტალური ღობის და კარის ნაწილი გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე), შენობა ლიტ - „ა“: შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი იყო კაპიტალური კედლები კარ-ფანჯრების ღიობებით, დამატებული იყო ერთი ჰაერგამწოვი. შენობის კედლების ნაწილი (უკანა კედლების ნაწილი) სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შენობა ლიტ - „ბ“: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობებით, რომელიც, აგრეთვე, სცდებოდა საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; დამატებული იყო სარდაფი-სათავსო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით მოქ. ნ. ჭ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით, ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. კერძოდ, ქალაქ თბილისში, ... ... მხარეს მოწყობილი იყო კაპიტალური ღობე და ლითონის კარი (კაპიტალური ღობის და კარის ნაწილი გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე). შენობა ლიტ-„ა“: შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი იყო კაპიტალური კედლები კარ-ფანჯრების ღიობებით, დამატებული იყო ერთი ჰაერგამწოვი; შენობის კედლების ნაწილი (უკანა კედლების ნაწილი) სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; შენობა ლიტ - „ბ“: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობით, რომელიც, აგრეთვე, სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; დამატებული იყო სარდაფი-სათავსო.
ამავე დადგენილებით მოქ. ნ. ჭ-ეს დაევალა ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში მდებარე ობიექტის (ს.კ. ...) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
ამასთან, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის #4492019 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ის 2019 წლის 9 აპრილის #AR1664620 განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მომატებული ფართი (მიშენება-დაშენება) სალეგალიზაციოდ წარდგენილი 2-1 და A-B ღერძებში შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი კაპიტალური კედლები, კარ-ფანჯრების ღიობებით. B-D ღერძებში მიშენებული იყო 0.70 მ-ზე 1.06 კვ.მ ფართობი, სადაც განთავსებული იყო თეთრი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა. C-D და 2-3 ღერძებში მიწის ქვეშ დამატებული იყო სარდაფი-სათავსო, რომელიც არსებობს 1956 წლიდან. ყველა ზემოთ აღნიშნული მშენებლობა დასრულებული იყო 2007 წლის 1 იანვრამდე.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 26 მარტს ნ. ჭ-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ის 2019 წლის 26 მარტის #19/01190852481-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შენობა ლიტ-„ა“: შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი კაპიტალური კედლების კარ-ფანჯრების ღიობებით და სარდაფი-სათავსოს დემონტაჟის დავალების ნაწილში; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილება დანარჩენ ნაწილში.
სასამართლომ განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში კი, ამგვარ საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემული წერილობითი დასტური. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, – 8 000 ლარით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − მესამე ან მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობაზე – 20 000 ლარით.
ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტს წარმოადგენს პირი, რომელმაც განახორციელა მშენებლობა, ანუ რომლის ქმედებაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. რამდენადაც ჯარიმისა და დემონტაჟის თაობაზე გასაჩივრებული აქტის ადრესატს წარმოადგენდა ნ. ჭ-ე, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით (გასაჩივრებულ ნაწილში) ნ. ჭ-ე მართლზომიერად დაჯარიმდა და დაეკისრა მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობისათვის დემონტაჟის განხორციელება, ვინაიდან მის მიერ მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა წარდგენილი. ამასთან, არ იქნა შესრულებული მითითებით გათვალისწინებული ვალდებულება.
რაც შეეხება „ნ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანების კანონიერების საკითხს, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ მართალია, სადავო ნაგებობის ნაწილი გადადიოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ კერძო საკუთრებაში, თუმცა აღნიშნული სხვა სამართლებრივი დავის პირობებში აღმოიფხვრის შედეგად, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენდა უკანონო, ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეუთანხმებლად, კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით განხორციელებული მშენებლობა, იქნებოდა იგი წარმოებული კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოცემული დავის ფარგლებში დადგენილი იყო, რომ უკანონო შენობა-ნაგებობის ნაწილები გადადიოდა არა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა) სამშენებლო სამართალდამრღვევის ჩადენა (უნებართვო მშენებლობის განხორციელება) გამოიწვევს დაჯარიმებას – 8 000 ლარით; „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაჯარიმებას იწვევს – 25 000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითებაში განმარტებული იყო, რომ ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ განხორციელებული იყო სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, ... შენობის კედლების ნაწილი (სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და) გადადიოდა მომიჯნავე ტერიტორიაზე (კერძო საკუთრებაში); აგრეთვე, შენობა ლიტ-„ბ“: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობით, რომელიც, ასევე, სცდებოდა საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა კერძო საკუთრებაში..., თუმცა ამავე აქტში დაფიქსირებული იყო, რომ კაპიტალური ღობე და ლითონის კარი განთავსებული იყო სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. ამასთან, 2019 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, დამატებითი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითებაში დარღვევის აღწერა, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს ეხებოდა, დაზუსტდა და დადგინდა, რომ საკადასტრო საზღვრების კორექტირების შედეგად - კაპიტალური ღობე და კარი (რომელიც შემოწმების აქტის შედგენის მომენტისათვის მოქცეული იყო საკადასტრო საზღვრებში) გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადადიოდა ლიტ „ა“-ს და ლიტ „ბ“-ს შენობის კედლების (უკანა) ნაწილი.
სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება იმ არგუმენტებზე, რომ ნ. ჭ-ის დაჯარიმების საფუძვლები გამოირიცხებოდა იმის გამო, რომ მას სურვილი ჰქონდა სრულად შეესრულებინა მითითებით დადგენილი მოთხოვნები, რის თაობაზეც მას გაცხადებული ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა მისთვის გაურკვეველი იყო, რა ნაწილის დემონტაჟს ავალებდა მას ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დასტურდებოდა, რომ ზეპირი სხდომის დროს ნ. ჭ-ემ დაადასტურა მითითების სრულად შეუსრულებლობა იმ საფუძვლით, რომ სამეზობლო დავის გამო ვერ ხერხდებოდა წითელი ხაზების დადგენა, რაც შემდგომში სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების საშუალებას იძლეოდა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებული იყო, რომ ნ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის ლეგალიზება განახორციელა აღნიშნულზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულ ორგანომ, რაც აისახა კიდეც გასაჩივრებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანებაში, სხვა სახის გარემოებები კი, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა შეიძლებოდა ყოფილიყო, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული #003930 დადგენილება ნ. ჭ-ის მიმართ არ უნდა ყოფილიყო მიღებული 2019 წლის 16 იანვარს. სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ #003930 მითითება შედგა 2018 წლის 15 აგვისტოს, #003930 შემოწმების აქტი კი შედგენილ იქნა 2018 წლის 17 სექტემბერს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 16 ნოემბრის #4-3/222-გ/18 ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებულ იქნა 2 თვით 2018 წლის 16 ნოემბრიდან 2019 წლის 16 იანვრამდე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლო იყო.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს შედგენილ იქნა #003930 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ... #23-ში (ს.კ. ...) ნ. ჭ-ის მიერ უნებართვოდ განხორციელებულია სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ნ. ჭ-ეს დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. სასამართლოს შეფასებით, სწორედ აღნიშნული აქტი ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სახეზე იყო 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა, რომელიც გამოვლენილ იქნა 2018 წლის აგვისტოში და რომელზეც მიღებული დადგენილება „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ იყო აღსრულებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე - ნ. ჭ-ე კანონის ამოქმედების დროისათვის იყო ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან (დაბადების თარიღი - ...წ.), რაც იმას ნიშნავდა, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლებული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და იგი უნდა გათავისუფლებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის გადახდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი იყო სრულყოფილად, რაც არ იძლეოდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მსჯელობა და თითქმის სრულად გაიმეორა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრებს, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერების დადასტურების მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ ნ. ჭ-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობა, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების მითითება, რომ ნ. ჭ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა 2019 წლის 16 იანვარს, რაც გამორიცხავდა მის მიმართ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, ნ. ჭ-ის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2018 წლის 15 აგვისტოს, შესაბამისად, ამ დროისათვის უკვე არსებობდა სამართალდარღვევის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უდავო იყო, რომ სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა 2019 წლის 15 იანვრამდე და უწყვეტად გრძელდებოდა, ვიდრე არ მოხდებოდა მისი აღმოფხვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საფუძველი წინამდებარე შემთხვევაზე „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე უარის თქმისათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება, გასაჩივრების გამო, ჯერ არ იყო აღსრულებული და ნ. ჭ-ე კანონის ამოქმედების მომენტისათვის იყო პენსიონერი (დაბ. ...წ. - (62 წლის)), იგი წარმოადგენდა 2019 წლის 18 სექტემბრის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს. შესაბამისად, არსებობდა ჯარიმის დაკისრების ნაწილში კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება - დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.04.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-7(კ-19); 27.02.2020წ., გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-1164(კ-18), 20.12.2019 წ., განჩინება საქმეზე #ბს-638-634(2კ-17)). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი ეხებოდა მხოლოდ ჯარიმისაგან და საურავისაგან გათავისუფლებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ნ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებული და ეს უკანასკნელი მართებულად იქნა გათავისუფლებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, თუმცა სასამართლომ სამშენებლო სამართალდამრღვევი გაათავისუფლა დაკისრებული ჯარიმისაგან/საურავისაგან. სასამართლომ სამართალდარღვევის გამოვლენა დაუკავშირა მითითების გაცემის თარიღს იმ პირობებში, როდესაც სამსახურის მიერ მითითების გაცემით წარმოება იწყება შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ, ხოლო სამსახურის დადგენილება, როგორც ჩატარებული წარმოების შემაჯამებელი აქტი, საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული სუბიექტის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომელთაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. კასატორი განმარტავს, რომ რამდენადაც სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დროში უწყვეტად განგრძობას მანამ, სანამ არ მოხდება მისი გამოვლენა, ჩადენის დროს წარმოადგენს დადგენილების გამოცემის თარიღი - 2019 წლის 16 იანვარი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნ. ჭ-ეზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება უსაფუძვლოა.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების საფუძველი.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სადავო დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 16 იანვარს, შესაბამისად, ნ. ჭ-ის მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევაც საბოლოოდ ჩადენილად უნდა ჩაითვალოს დადგენილების გამოტანის დღიდან, რადგან დადგენილებით საბოლოოდ დგინდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახეზეა ნ. ჭ-ის მხრიდან სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენა, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, ხოლო სასამართლოს მიერ ნ. ჭ-ეზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს კანონის გავრცელება, რომელიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის, მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული განჩინების უკანონობაზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის იმ ნაწილისა, რომლითაც მოსარჩელეს ევალებოდა, შენობა ლიტ: „ა“ შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი კაპიტალური კედლების, კარ-ფანჯრების ღიობებისა და სარდაფი-სათავსოს დემონტაჟი; ასევე, „ჯარიმისა და შენობათა დემონტაჟის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ჭ-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხეთა მიერ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იქნა გასაჩივრებული მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო წესით მოსარჩელე ნ. ჭ-ეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერად მიჩნევის და შედეგად, ნ. ჭ-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის უკანონოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალების ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილში რევიზირების პროცესუალური უფლებამოსილება არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დგას მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილთან მიმართებით გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობის შემოწმების საჭიროების წინაშე. უფრო კონკრეტულად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ უნდა განისაზღვროს, არსებობდა თუ არა ნ. ჭ-ეზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათის გავრცელების და შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან მისი გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელე - ნ. ჭ-ე კანონის ამოქმედების დროისათვის იყო ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან (დაბადების თარიღი - ...წ.)). თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოა უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის დრო, კერძოდ, კასატორ ადმინისტრაციულ ორგანოთა საკასაციო პრეტენზიები მიმართულია იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისაკენ, რომ მოსარჩელე ნ. ჭ-ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია 2019 წლის 15 იანვრამდე, რამდენადაც მისი სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის - ჯარიმის დაკისრება 2019 წლის 16 იანვარს გამოცემული #003930 დადგენილებით იქნა განხორციელებული. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ ნ. ჭ-ე ვერ აკმაყოფილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, იგი არ წარმოადგენს დასახელებული კანონის სუბიექტს, რის გამოც აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათის სამშენებლო სამართალდარღვევების მიმართ გავრცელებისათვის, აუცილებელია მითითებული კანონით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობების კუმულაციურად (ერთობლივად) არსებობა: 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე; 2. ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე; გამოქვეყნების თარიღი - 01.10.2019წ.) არ უნდა იყოს აღსრულებული; 3. ფიზიკური პირი უნდა წარმოადგენდეს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს.
საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მხოლოდ პირველი წინაპირობის - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის საკითხი. დადასტურებულია და სადავო არ არის, რომ გასაჩივრებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა და ამასთან, ნ. ჭ-ე კანონის ამოქმედების დროისათვის იყო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკით პენსიონერი პირი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო პირველ წინაპირობასთან მიმართებით, საკანონმდებლო მოწესრიგება არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული შეღავათის გავრცელებისათვის არსებითია დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, კანონმდებლის ნება არ მიემართება და არ გულისხმობს ხსენებულ პერიოდამდე სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აუცილებლად არსებობას. სამართალდარღვევის ჩადენის დროდ განიხილება უშუალოდ უკანონო სამშენებლო სამუშაოების, როგორც კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების პერიოდი. საგულისხმოა, რომ ანალოგიური შინაარსის დათქმას შეიცავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები მიემართება უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა საქმეზე „გრადინგერი ავსტრიის წინააღმდეგ“ ((Gradinger v. Austria), განაცხადი no. 15963/90, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „ესა თუ ის სამართალდარღვევა და სანქცია, ამ სამართალდარღვევის ხასიათისა და მისთვის დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში მათი ადმინისტრაციულ დარღვევად და ადმინისტრაციულ სახდელად კატეგორიზაციის მიუხედავად, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლის სასჯელი. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა მიჩნეული იქნეს სისხლის სამართალწარმოებად და მასზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე) მოქმედება უნდა გავრცელდეს (გადაწყვეტილების პუნქტები 35-36)“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სისხლის სამართლის დანაშაულს ერთმანეთისაგან მკვეთრად განასხვავებს პირის ქმედების სიმძიმე და საკანონმდებლო დონეზე თითოეული მათგანისათვის გათვალისწინებული სადამსჯელო რეპრესიული ღონისძიების ბუნება - ერთ შემთხვევაში სახდელი, ხოლო მეორე შემთხვევაში - სასჯელი, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის შემადგენელი ზოგად-სამართლებრივი ელემენტები პრინციპალურ დონეზე ემსგავსება ერთმანეთს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განცალკევებით არ განმარტავს, თუ რა მოიაზრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის (როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახის) ჩადენის დრო გულისხმობს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების - უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მომენტს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2018 წლის 15 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ. ჭ-ის მიმართ შედგა #003930 მითითება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ განხორციელებული იყო სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები (დანართი). კერძოდ, ... ... მხარეს მოწყობილი იყო ბლოკის დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა, კაპიტალური ღობე და ლითონის კარი, რომლებიც განთავსებული იყო სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. ეზოში დამატებული იყო კიბის საფეხურები. შენობა ლიტ.ს-დ: ფასადებზე დამატებული იყო ჰაერგამწოვი მილი, წყლის გამათბობელი აგრეგატი და კართან ბაქანი; შენობა ლიტ-ა: კარებთან დამატებული იყო ბაქანი და ლითონის მოაჯირი. შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი იყო კაპიტალური კედლები კარ-ფანჯრების ღიობებით. დამატებული იყო ჰაერგამწოვები. შენობის კედლების ნაწილი სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა მომიჯნავე ტერიტორიაზე (კერძო საკუთრებაზე); შენობა ლიტ-ბ: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობით, რომელიც, აგრეთვე, სცდებოდა საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა კერძო საკუთრებაზე; დამატებული იყო სარდაფი-სათავსო. ნ. ჭ-ეს დაევალა წარედგინა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი #003930 შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა მისამართზე ქ. თბილისი, ... ... #23 (ს.კ. ...). კერძოდ, დემონტირებულ იქნა ... ... მხარეს მოწყობილი ბლოკის დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა, ხოლო კაპიტალური ღობე და ლითონის კარი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიიდან გადატანილ იქნა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
ასევე, დადგენილია, რომ მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირების და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2019 წლის 16 იანვრის #54 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ნ. ჭ-ის მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს #003930 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები ნაწილობრივ გამოსწორდა. კერძოდ, დემონტირებულ იქნა ლიტ-„ა“: კარებთან დამატებული ბაქანი და ლითონის მოაჯირი და ერთი ჰაერგამწოვი; ლიტ „ს“-„დ“: ფასადებზე დამატებული ჰაერგამწოვი მილი, წყლის გამათბობელი აგრეგატი და კართან არსებული ბაქანი. ასევე, დემონტირებულ იქნა ეზოში არსებული კიბის საფეხურები. ამასთან, 2019 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, საკადასტრო საზღვრების კორექტირების შედეგად, კაპიტალური ღობე და კარი (რომელიც შემოწმების აქტის შედგენის მომენტისათვის მოქცეული იყო საკადასტრო საზღვრებში) გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადადიოდა ლიტ „ა“-ს და ლიტ „ბ“-ს შენობის კედლების (უკანა) ნაწილი.
ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2019 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, ობიექტზე ადგილი ჰქონდა შემდეგ სამშენებლო სამართალდარღვევებს (არ იყო გამოსწორებული შემდეგი დარღვევები): ქ. თბილისში, ... ... მხარეს მოწყობილი იყო კაპიტალური ღობე და ლითონის კარი (კაპიტალური ღობის და კარის ნაწილი გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე), შენობა ლიტ - „ა“: შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი იყო კაპიტალური კედლები კარ-ფანჯრების ღიობებით, დამატებული იყო ერთი ჰაერგამწოვი. შენობის კედლების ნაწილი (უკანა კედლების ნაწილი) სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შენობა ლიტ - „ბ“: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობებით, რომელიც, აგრეთვე, სცდებოდა საკადასტრო საზღვარს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; დამატებული იყო სარდაფი-სათავსო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილებით მოქ. ნ. ჭ-ე დაჯარიმდა 25 000 ლარით, ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. კერძოდ, ქალაქ თბილისში, ... ... მხარეს მოწყობილი იყო კაპიტალური ღობე და ლითონის კარი (კაპიტალური ღობის და კარის ნაწილი გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე). შენობა ლიტ-„ა“: შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი იყო კაპიტალური კედლები კარ-ფანჯრების ღიობებით, დამატებული იყო ერთი ჰაერგამწოვი; შენობის კედლების ნაწილი (უკანა კედლების ნაწილი) სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; შენობა ლიტ - „ბ“: ამოყვანილი იყო ბლოკის კედელი ფანჯრის ღიობით, რომელიც, აგრეთვე, სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; დამატებული იყო სარდაფი-სათავსო.
ამავე დადგენილებით მოქ. ნ. ჭ-ეს დაევალა ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში მდებარე ობიექტის (ს.კ. ...) საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
ამასთან, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის #4492019 ბრძანებით, დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ის 2019 წლის 9 აპრილის #AR1664620 განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისში, ... ... #23-ში #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მომატებული ფართი (მიშენება-დაშენება) სალეგალიზაციოდ წარდგენილი 2-1 და A-B ღერძებში შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი კაპიტალური კედლები, კარ-ფანჯრების ღიობებით. B-D ღერძებში მიშენებული იყო 0.70 მ-ზე 1.06 კვ.მ ფართობი, სადაც განთავსებული იყო თეთრი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა. C-D და 2-3 ღერძებში მიწის ქვეშ დამატებული იყო სარდაფი-სათავსო, რომელიც არსებობს 1956 წლიდან. ყველა ზემოთ აღნიშნული მშენებლობა დასრულებული იყო 2007 წლის 1 იანვრამდე.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 26 მარტს ნ. ჭ-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 დეკემბრის #1999 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ის 2019 წლის 26 მარტის #19/01190852481-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შენობა ლიტ-„ა“: შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი კაპიტალური კედლების კარ-ფანჯრების ღიობებით და სარდაფი-სათავსოს დემონტაჟის დავალების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 იანვრის #003930 დადგენილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის (წინამორბედი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური) ჯერ კიდევ 2018 წლის 15 აგვისტოს მითითების საფუძველზე გახდა ცნობილი ნ. ჭ-ის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რამდენადაც სწორედ არსებული სამართალდარღვევის გამოვლენამ განაპირობა მოსარჩელისათვის უკანონოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების აღკვეთისაკენ მიმართული მითითების გაცემა და შემდგომში, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება. მართალია, სამართალდარღვევის გამოვლენის შემდგომ, მოსარჩელე ნ. ჭ-ემ მოახდინა განხორციელებული სამშენებლო სამუშაობის გარკვეული ნაწილის ლეგალიზება, თუმცა ის დანარჩენი უკანონო სამშენებლო სამართალდარღვევები, რომლის გამოც, საბოლოოდ, მოსარჩელე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და დაჯარიმდა, არსებობდა მათ შორის 2018 წლის 15 აგვისტოს და ამ დროისათვის გამოვლენილი იყო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროსთან დაკავშირებით კასატორთა მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები წინააღმდეგობაში მოდის თავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ქმედებებთან, რამდენადაც, თუკი 2019 წლის 16 იანვრამდე არ არსებობდა სამშენებლო სამართალდარღვევა, თავის მხრივ, არ უნდა ეარსება უკანონო სამშენებლო სამუშაოების გამოვლენის საფუძვლით 2018 წლის 15 აგვისტოს მითითების გაცემის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დადგენილების გამოცემის მომენტი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით გამოცემული დადგენილებით ხდება პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, დადგენილების თარიღი ასახავს ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირების, კერძოდ, პირის სამართალდამრღვევად ცნობის მომენტს და არა ამ სამართალდარღვევის ჩადენის დროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სანქციის დაკისრების ერთ-ერთ მიზანს სწორედ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პირის დასჯა წარმოადგენს. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემა კი სწორედ ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს სამართალდარღვევა, ლოგიკურია, ვერ იარსებებს მისი ჩამდენი და შესაბამისად, სამართალდამრღვევის დასჯის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად არ ითვლება ქმედებისათვის სამართალდამრღვევის დასჯის მომენტიდან. სახდელი პირს სწორედ უკვე ჩადენილ სამართალდარღვევასთან მიმართებით ეკისრება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები განმარტავდნენ, რომ თითქოს პირის სამართალდამრღვევად ცნობამდე არსებობს ფაქტობრივი სურათის შეცვლის, მაგალითად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობის პროცესში უკანონო შენობა-ნაგებობის ლეგალიზების ალბათობა, რაც, კასატორთა მოსაზრებით, შეუძლებელს ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილად იქნეს მიჩნეული უფლებამოსილი ორგანოს დადგენილების გამოცემამდე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა აღნიშნულ მოსაზრებას და მათ საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსწორება, მაგალითად, უკანონო შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, გულისხმობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებამდე (დადგენილების გამოცემამდე) სამართალდარღვევის აღმოფხვრას, რაც იწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას და სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. აღნიშნული, ცხადია, არ ადასტურებს აღმოფხვრამდე სამართალდარღვევის არარსებობას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის დანაწესი, რომელიც სწორედ დამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, წარმოადგენს კანონმდებლის მხრიდან სამართალდამრღვევისათვის მინიჭებულ შესაძლებლობას, რომ შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით უშუალოდ თავად უზრუნველყოს ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოფხვრა. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალდარღვევის გამოსწორებას შემხებლობა არ აქვს სამართალდარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უშუალოდ სამშენებლო სამართალდარღვევების მიმართ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ტერმინის („ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დრო“) ქვეშ კანონმდებელი მოიაზრებს სამართალდამრღვევი პირის მხრიდან უკანონო სამშენებლო მოქმედებების განხორციელების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევა ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ნ. ჭ-ეზე მითითების გაცემის გზით გამოვლენილ იქნა 2018 წლის 15 აგვისტოს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა სულ მცირე ამ პერიოდამდე, რის გამოც იგი აკმაყოფილებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებისათვის აუცილებელია დადასტურებულ იქნეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა 2019 წლის 15 იანვრამდე. ამასთან, საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობა უტყუარად დადასტურებულია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ ნ. ჭ-ე ნამდვილად წარმოადგენდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის #4964-Iს საქართველოს კანონის სუბიექტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისაგან მოსარჩელის გათავისუფლების ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა