საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-136(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. ტ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ტ-იმა 2020 წლის 30 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2041/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ო. ტ-ი დაიბადა ... წლის 16 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მისი მამა - ნ. ტ-ი 1990 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი. მოსარჩელის მითითებით, ნ. ტ-ის სურდა მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, თუმცა ვერ მოახერხა. ო. ტ-იმა მხოლოდ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება, მაგრამ სააგენტომ უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე დაიბადა ქალაქ გორში და მას სოფელ ...ში არ უცხოვრია. აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ო. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2041/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ო. ტ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელემ 2020 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. 2020 წლის 11 სექტემბერს, მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შევსებულ კითხვარში მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს, ქალაქ გორში. 2003-2012 წლებში სწავლობდა გორის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში. 2018 წელს დაოჯახდა ქალაქ გორში. დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს სოფელ ...ში მშობლების სახლში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ამჟამად გარდაცვლილ მამას - ნ. ტ-ის 2016 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ო. ტ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. მითითებული დასკვნის საფუძველზე კი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2041/ო ბრძანებით, მოსარჩელე ო. ტ-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. მითითებული ნორმების მიხედვით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისთვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ ასეთი სტატუსი პირმა რაიმე, ნებისმიერი მიზეზის, მათ შორის, მშობლის მიერ შვილის არასრულწლოვნების დროს ამ სტატუსის ვერ/არ მიღების გამო ვერ/არ მიიღო შვილმა არასრულწლოვანების დროს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ო. ტ-ის გარდაცვლილ მამას - ნ. ტ-ის 2016 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, ხოლო მოსარჩელეს სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა იმ პირობებში, როდესაც მისი ერთ-ერთი მშობელი - მამა ამ სტატუსის მფლობელი იყო.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად და არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის ნებისმიერ შემთხვევაში არის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც შვილის არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ო. ტ-ის მამას - ნ. ტ-ის 2016 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. თავის მხრივ, დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მამა, შეზღუდული არ იყო რაიმე ვადით, რომლის განმავლობაშიც სავალდებულოდ უნდა მიეღო ამგვარი სტატუსი. პალატამ დაასკვნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება, რომ მოსარჩელის მამას - ნ. ტ-ის დევნილის სტატუსი მიენიჭა 2016 წელს მაშინ, როცა მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო (20 წლის). ამასთანავე, საქმის მასალებით დადასტურებულია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოსარჩელეს არასოდეს უცხოვრია თირღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. იქ მხოლოდ ბავშვობაში ჩადიოდა სტუმრად, ხოლო მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მშობლების საცხოვრებელი სახლი, სადაც მოსარჩელე მეუღლესა და შვილთან ერთად, უფრო მეტიც, დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს.
დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ზედმიწევნით სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ო. ტ-იმა 2020 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
- 2020 წლის 11 სექტემბერს, მოსარჩელე ო. ტ-ის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს, ქალაქ გორში. 2003-2012 წლებში სწავლობდა გორის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში. 2018 წელს დაოჯახდა ქალაქ გორში. დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს სოფელ ...ში მშობლების სახლში.
- საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის გარდაცვლილ მამას - ნ. ტ-ის 2016 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა 2020 წლის 28 სექტემბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სააგენტოს დირექტორს და გადაუგზავნა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ო. ტ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. დასახელებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ ვინაიდან ო. ტ-ი დაბადებული იყო ... წელს და არ უცხოვრია სოფელ ...ში, ამასთან, მის მშობელს (მამას) დევნილის სტატუსი მიენიჭა 2016 წელს, როდესაც მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. მითითებული დასკვნის საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2020 წლის 28 სექტემბერს გამოსცა №03-2041/ო ბრძანება მოსარჩელე ო. ტ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ო. ტ-ისთვის არასრულწლოვანების დროს მშობლისთვის (მშობლებისთვის) დევნილის სტატუსის არქონისა და თირღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს და ადგენს პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და წესს. დასახელებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად: 1. ზუსტად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; 2. შესწავლილ უნდა იქნეს პირის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზები. სტატუსის მინიჭების წინაპირობას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლით დატოვება ქმნის. უფრო მეტიც, დევნილის სამართლებრივი მდგომარეობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობა დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას პირდაპირ და უშუალოდ უკავშირებს მისი დატოვების მიზეზებსა და იმავე მიზეზით უკან დაბრუნების შეუძლებლობას, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთან, საცხოვრებელი ადგილის ცნების განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)). დამატებით, დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის დადგენასთან ერთად, სტატუსის მისანიჭებლად, უნდა შეფასდეს პირის მიერ ამავე ადგილის დატოვების (სხვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევის) მიზეზები - პირს საცხოვრებელი ადგილი დატოვებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ნების გარეშე, იძულებით, ტერიტორიაზე მიმდინარე იმ მოვლენათა შედეგად, რომლებიც პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა. ამრიგად, ხსენებული წინაპირობების გამო ტერიტორიის იძულებით დატოვების საკითხის შესწავლისას, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად პირის ძირითადი უფლებების დარღვევების პერიოდსა და განმცხადებლის მიერ ტერიტორიის დატოვების დროს და უნდა მოხდეს აღნიშნული პერიოდების ურთიერთშედარება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დასახელებული ნორმის ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ არასრულწლოვნების დროს ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო. ტ-იმა 2020 წლის 17 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით იგი დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლად მიუთითებდა თირღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნდისუბნიდან დევნილობის ფაქტზე. ამასთანავე, აღნიშნავდა, რომ მისი მამა - ამჟამად გარდაცვლილი ნ. ტ-ი 1990 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ამავე სოფელში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №03-2041/ო ბრძანებით კი მოსარჩელე ო. ტ-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ თირღვის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ი არ წარმოადგენდა ო. ტ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. იგი დაიბადა ... წელს გორში, სწავლობდა სოფელ ...ის საჯარო სკოლაში, 2018 წელს დაოჯახდა იმავე ქალაქში. ამრიგად, დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ გორში. მოსარჩელის მამას დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 2016 წელს მაშინ, როცა ო. ტ-ი იყო სრულწლოვანი, ხოლო არასრულწლოვანების პერიოდში მის მშობლებს დევნილის სტატუსი არ გააჩნდათ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქმის მასალებში წარმოდგენილი თირღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2020 წლის 1 ივლისის №148 დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ო. ტ-ის მამა - ნ. ტ-ი 1990 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა თირღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თავის დედასთან ერთად. დასახელებული დასკვნა ცალსახად ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნ. ტ-ის ცხოვრების ფაქტს 1990 წლამდე. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებები დაედო საფუძვლად გასაჩივრებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმეზე დასტურდება მოსარჩელის მამისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რაც ავტომატურად გულისხმობს შვილზეც იმავე სამართლებრივი სტატუსის გავრცელებას. მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესები არ გამორიცხავენ სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილისათვის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ გამხდარა რომ მოსარჩელე ო. ტ-ის მამას - ნ. ტ-ის 2016 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მამა შეზღუდული არ იყო რაიმე ვადით, რომლის განმავლობაშიც სავალდებულოდ უნდა მიეღო ამგვარი სტატუსი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები.
აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებები, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ო. ტ-ის მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის უკანონობის პირობებში, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის №ბს-833(კ-21) , 2022 წლის 10 მარტის №ბს-1015(კ-21), განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე