№ბს-143(კ-21) 1 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა.ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 17 მარტს ა.ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 თებერვლის MES 6 20 00193345 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შპს „ მ...ის ინსტიტუტის“ მიერ ა.ც-ის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის MMCI №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ა.ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ... ინსტიტუტის რექტორის 2002 წლის 2 სექტემბრის №25 ბრძანებით, ... ფაკულტეტის ...ის სპეციალობის დღის განყოფილებაზე, პირველი კურსის სტუდენტად ა.ც-ის ჩარიცხვა სრულ შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ კანონმდებლობასთან, თუმცა ვინაიდან, ... ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 21 ივლისის №14 ბრძანებით, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების მეორე კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე ამოირიცხა ინსტიტუტიდან აკადემიური ჩამორჩენილობის და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ა.ც-ეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სტუდენტის სტატუსის აღსადგენად იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულებას და მიუთითა, რომ 2006 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით (ა.ც-ის შპს „ მა....ის ინსტიტუტში“ ჩარიცხვის დღეს მოქმედი რედაქციით) „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ იყო საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენდა გამოცდაგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ესწავლათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა.
ა.ც-ემ მონაწილეობა მიიღო 2005 წლის და 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ... ინსტიტუტიდან გარიცხვის შემდეგ, 2006 წელს, აპელანტმა შპს "მა....ის ინსტიტუტში" სწავლის უფლება მოიპოვა არა კანონის თანახმად, საყოველთაოდ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, არამედ, ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით, მხოლოდ უნივერსიტეტის ბრძანების საფუძველზე. თავად საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ჩაირიცხა აპელანტი - შპს „მა....ის ინსტიტუტი“ იყო არააკრედიტებული. შესაბამისად, 2006 წლის მდგომარეობით სახელმწიფოსაგან არ ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება განეხორციელებინა სტუდენტების ჩარიცხვა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წელს აპელანტი ასევე ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხა შპს „მ...ის ინსტიტუტის“ ... ფაკულტეტის მესამე კურსზე.
სააპელაციო პალატამ ასევე გამორიცხა აღნიშნული დიპლომის მიმართ აპელანტის კანონიერი ნდობის არსებობა, ვინაიდან მოსარჩელე ჯერ შპს „მა....ის ინსტიტუტში“, ხოლო შემდეგ შპს „მ...ის ინსტიტუტში“ ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით. ასევე, სახეზე იყო ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მხრიდან კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს გამორიცხავდა ის გარემოება, რომ ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურეობის შედეგად გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტს სახელმწიფო არ სცნობდა და არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ც-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ერთიან ეროვნულ გამოცდების დანერგვამდე. მართალია 2004 წელს ის ამოირიცხა ინსტიტუტიდან აკადემიური ჩამორჩენილობის და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, თუმცა ეს მოქმედება თავისი შინაარსით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი წესების შესაბამისად, წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების ფორმას და ის ხორციელდებოდა როგორც აკადემიური ჩამორჩენილობის, ასევე ფინანსური დავალიანების გამო და სტუდენტს უფლება ჰქონდა შესაბამისი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში (ფინანსური დავალიანების დაფარვა) ყოველგვარი გამოცდების გარეშე აღდგენილიყო და გაეგრძელებინა სწავლა იმავე ან/და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ა.ც-ის ამორიცხვა განხორციელდა ფინანსური დავალიანების გამო და არა კონკრეტული საგნის სწავლის შედეგის დაუძლევლობის საფუძველზე.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა უმაღლესი განათლების შესახებ კანონი და განმარტა, რომ ა.ც-ეს 2004 წლის შემდგომ (ამორიცხვა) სწავლის გაგრძელების უფლება ჰქონდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე და მას არ ჰქონდა უფლება, აღნიშნული გამოცდების ჩაბარების გარეშე გადაყვანის წესით გადასულიყო სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და იქ გაეგრძელებინა/დაესრულებინა განათლების მიღება. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ეროვნულ გამოცდებამდე, მისი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ როგორც ფინანსური დავალიანების, ასევე აკადემიური მოუსწრებლობის და სხვა ნებისმიერი საფუძვლის შემთხვევაში, იმ პერიოდისათვის ხორციელდებოდა სტუდენტის ამორიცხვა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნათლად არის გაწერილი წესი, რა შემთხვევაშია შესაძლებელი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა და რა შემთხვევაში სტატუსის შეჩერება. საკითხის შინაარსობრივი ანალიზის შედეგად ნათელია რომ ა.ც-ეს არ დაუკარგავს სტუდენტის სტატუსი და მას უფლება ჰქონდა სწორედაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე მოეხდინა გადაყვანის წესით სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა, სწავლის გაგრძელება და დასრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით (მოსამართლე - ალექსანდრე წულაძე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ც-ის საკასაციო საჩივარი.
მოსამართლე ალექსანდრე წულაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ არჩევის გამო, საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე გოჩა აბუსერიძეს.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით საქმეზე განაცხადა თვითაცილება, რის შემდეგაც, 2021 წლის 13 სექტემბერს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ა.ც-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ ... ინსტიტუტის რექტორის 2002 წლის 2 სექტემბრის №25 ბრძანებით, 2002 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში მისაღები გამოცდების პირველი და მეორე ეტაპის შედეგების მიხედვით, 2002-2003 სასწავლო წლის ... ფაკულტეტის ...ის სპეციალობის დღის განყოფილებაზე, პირველი კურსის სტუდენტად ჩაირიცხა ა.ც-ე. რექტორის 2003 წლის 20 ივლისის №14 ბრძანებით, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების პირველი კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე გადაყვანილ იქნა მეორე კურსზე. ... ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 21 ივლისის №14 ბრძანებით, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების მეორე კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე ამოირიცხა ინსტიტუტიდან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის და აკადემიური ჩამორჩენილობის გამო.
საქმეზე დადგენილია, რომ შპს „მა....ის ინსტიტუტის“ რექტორის 2006 წლის 7 ოქტომბრის №21 ბრძანებით ა.ც-ე ჩაირიცხა შპს „მა....ის ინსტიტუტში“ ...ის სპეციალობის მე-2 კურსზე. შპს „მ...ის ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 24 მარტის №08/11 ბრძანებით ა.ც-ე ჩაირიცხა შპს „მ...ის ინსტიტუტის“ ... ფაკულტეტის მე-3 კურსზე. შპს „მ...ის ინსტიტუტმა“ 2010 წლის 27 იანვარს ა.ც-ის სახელზე გასცა დიპლომი MMCI №... (რეგისტრაციის №…), რომლის თანახმად, შპს მ...ის ინსტიტუტის ... ფაკულტეტის 2009 წლის 29 ივლისის №09/29 გადაწყვეტილებით ა.ც-ეს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართლის სპეციალობით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ, 1992 წლის 3 ივლისს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია, რომლითაც ნება დართო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს გ.გ-ას რეგისტრაციაში გაეტარებინა ბ...ის ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის ...ის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ ბ...ის ინსტიტუტი“ (რეგისტრაციის №...
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-18/155 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 18 იანვრის №11 ოქმის საფუძველზე, ბ...ის ინსტიტუტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი, არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის - საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის №1755418 წერილის შესაბამისად, ბ...ის ინსტიტუტში 2005 წელს და 2006 წელს ჩარიცხულები არიან აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით შევიდა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 01 აგვისტოს №11740/006-5/4-274 ბრძანების საფუძველზე, შპს „ბ...ის ინსტიტუტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ მარ...ის ინსტიტუტი“. 2008 წლის 13 თებერვალს აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს „მ...ის ინსტიტუტი“, ხოლო 2010 წლის 29 ივნისიდან ეწოდებოდა შპს „მ...ის სასწავლო უნივერსიტეტი“. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „მ...ის სასწავლო უნივერსიტეტს“ ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. თუმცა, აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა 2016 წლის 11 მაისს №497665 კორესპონდენციით აცნობა ცენტრს, რომ 2014 წლიდან შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 4 მაისის MES 9 20 00361152 წერილის თანახმად, ა.ც-ემ მონაწილეობა მიიღო 2005 წლის და 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კერძოდ, 2005 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, მის მიერ მიღებულ შეფასებას წარმოადგენდა: ქართული ენა და ლიტერატურა - 55 ქულა (სკალირებული ქულა - 151,0), ზოგადი უნარები - 46 ქულა (სკალირებული ქულა 146,6), ინგლისური ენა - 48 ქულა (სკალირებული ქულა - 150,0). 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, მის მიერ მიღებულ შეფასებას წარმოადგენდა: ქართული ენა და ლიტერატურა - 59 ქულა (სკალირებული ქულა - 148,5), ზოგადი უნარები - 32 ქულა (სკალირებული ქულა - 135,5), ინგლისური ენა - 67 ქულა (სკალირებული ქულა - 158,8).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 თებერვლის MES 6 20 00193345 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა MMCI №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ა.ც-ის მიერ შპს „მ...ის ინსტიტუტში“ სწავლების პერიოდი, მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის MMCI №... დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენდა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 1). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
მოცემული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ხოლო, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 თებერვლის MES 6 20 00193345 გადაწყვეტილებით, განმცხადებელს - ა.ც-ეს უარი ეთქვა MMCI №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შპს „მ...ის ინსტიტუტში“ სწავლების პერიოდი, მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის MMCI №... დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. გადაწყვეტილების თანახმად, ნამდვილობის დადასტურების წინაპირობას წარმოადგენს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) ჩარიცხვა და მიღებული განათლების სახელმწიფო აღიარების თაობაზე ცენტრისთვის განცხადებით მიმართვა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ... ინსტიტუტის რექტორის 2002 წლის 2 სექტემბრის №25 ბრძანების თანახმად, 2002 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში მისაღები გამოცდების პირველი და მეორე ეტაპის შედეგების მიხედვით, 2002-2003 სასწავლო წლის ... ფაკულტეტის ...ის სპეციალობის დღის განყოფილებაზე, პირველი კურსის სტუდენტად ჩაირიცხა ა.ც-ე. ... ინსტიტუტის რექტორის 2003 წლის 20 ივლისის №14 ბრძანებით, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების პირველი კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე გადაყვანილ იქნა მეორე კურსზე. ... ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 21 ივლისის №14 ბრძანებით, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების მეორე კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე ამოირიცხა ინსტიტუტიდან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის და აკადემიური ჩამორჩენილობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) პოზიცია არსებითად ეფუძნება იმ გარემოებას, ... ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 21 ივლისის №14 ბრძანებით, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების მეორე კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე ამოირიცხა ინსტიტუტიდან, შემდგომში კი, შპს „მა....ის ინსტიტუტის“ რექტორის 2006 წლის 7 ოქტომბრის №21 ბრძანებით ა.ც-ე ჩაირიცხა ამავე სასწავლებელში ... ის სპეციალობის მე-2 კურსზე, ხოლო, შპს „მ...ის ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 24 მარტის №08/11 ბრძანებით ა.ც-ე ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის ... ფაკულტეტის მე-3 კურსზე, რაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებით, წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლას და ეწინააღმდეგება იმ დროისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ... ინსტიტუტში, 2002-2003 სასწავლო წლის ... ფაკულტეტის ...ის სპეციალობის დღის განყოფილებაზე, პირველი კურსის სტუდენტად ა.ც-ე ჩაირიცხა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შპს „მა....ის ინსტიტუტის“ რექტორის 2006 წლის 7 ოქტომბრის №21 ბრძანებით ა.ც-ის ...ის სპეციალობის მე-2 კურსზე ჩარიცხვასა და შპს „მ...ის ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 24 მარტის №08/11 ბრძანებით ა.ც-ის ... ფაკულტეტის მე-3 კურსზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პერიოდში უკვე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (2004 წლის 21 დეკემბერი. №688 – რს) ადგენდა, რომ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება ჰქონდა მხოლოდ შესაბამისი შედეგებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს (მუხლი 52.1). თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე (გამოქვეყნების წყარო, თარიღი - სსმ, 2, 10/01/2005). შესაბამისად, მოცემული კანონის ამოქმედების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისთვის უკვე აუცილებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, მაგრამ აღნიშნული წესი არ ეხებოდა იმ პირებს, რომლებსაც ასეთი უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდათ.
შესაბამისად, 2006 წელს ა.ც-ის შპს „მა....ის ინსტიტუტში“ ...ის სპეციალობის მე-2 კურსზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პოზიციას იზიარებს იმ ნაწილში, რომ ამ დროისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის ჩასარიცხად უკვე აუცილებელი იყო ეროვნული გამოცდების ჩაბარება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა.ც-ის (რომელსაც უკვე მოპოვებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი და ის უფლებები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტს ენიჭებოდა) მე-2 კურსზე ჩარიცხვა/გადაყვანა განხორციელდა უკანონოდ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა უშვებდა უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის შესაძლებლობას. კერძოდ, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (25/05/2006 - 28/03/2007) მე-40 მუხლის, პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს უფლება ჰქონდა ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასულიყო მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ამ უკანასკნელის თანხმობით) იმავე საფეხურზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში (მოსარჩელე ა.ც-ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის განმავლობაში (28.03.2005 (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიღების თარიღი) – 27.01.2010 (დიპლომის გაცემის თარიღი)) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება მოქმედებდა გასხვავებული რედაქციით და ადგენდა სხვადასხვა წესებს სტუდენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენის/ჩარიცხვის შესახებ. კერძოდ, პირველადი სახით, დებულების (მოქმედი რედაქცია - 01/04/2005 - 07/07/2005) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენდა, რომ - სტუდენტის ჩარიცხვა სხვა, მათ შორის, არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში. ჩარიცხვის იგივე წესი ვრცელდებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩასარიცხად/აღსადგენად.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 ივლისის №337 ბრძანებით განისაზღვრა, რომ სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტის გადმოყვანა დასაშვები იყო მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში... სტუდენტის ჩარიცხვა სხვა, მათ შორის არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში. ჩარიცხვის იგივე წესი ვრცელდებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული სტუდენტების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩასარიცხად/აღსადგენად (ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება, მუხლი 1.18).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №639 ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში. დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ სასწავლო სემესტრის განმავლობაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით დასაშვები იყო მხოლოდ ამ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, რაც აისახებოდა რექტორის ერთიან ინდივიდუალურ აქტში. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, გარდა ამ დებულების 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (სტუდენტები, რომლებიც გაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება).
ამავე ცვლილების საფუძველზე, დებულებაში, პირველად, ცალკე შემთხვევად გამოიყო - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე ჩარიცხულ სტუდენტთა გადასვლის საკითხი. კერძოდ, დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ პირების ჩარიცხვა გადასვლის წესით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხნენ საქართველოს (მათ შორის, არააკრედიტებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხორციელდებოდა ამ დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული წესით (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები გადაყვანის წესით), აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, თუ: ა) არსებობდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ, რითაც პირი სწავლობდა. პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად მიეთითებოდა შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურდა სწავლის გაგრძელება; ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდებოდა, რომ პირს ათვისებული ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
ამდენად, მოცემულ ეტაპზე დადგინდა ორი განსხვავებული შემთხვევა - პირველი შემთხვევის მიხედვით - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული პირების, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულნი იყვნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, - ნებადართული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ხოლო მეორე შემთხვევის მიხედვით, იმ პირების ჩარიცხვა - გადასვლის წესით, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, ჩაირიცხნენ საქართველოს (მათ შორის, არააკრედიტებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხორციელდებოდა ამ დებულების 22-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების ჩარიცხვები/გადაყვანის წესით.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაფასებელია ის გარემოება, ა.ც-ის მა....ის ინსტიტუტში მე-2 კურსზე ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო დებულების შესაბამისად გარიცხული პირებისათვის დადგენილი წესით თუ ამავე დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩარიცხვა/გადაყვანის წესით. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი არსებითად მნიშვნელოვანია შეფასდეს სადავო პერიოდში ა.ც-ის სტატუსი და მის მიმართ გამოცემული ... ინსტიტუტის რექტორის 2004 წლის 21 ივლისის №14 ბრძანების სამართლებრივი ბუნება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ... ფაკულტეტის დღის განყოფილების მეორე კურსის (ჯგ. №2) სტუდენტი ა.ც-ე ამოირიცხა ინსტიტუტიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის და აკადემიური ჩამორჩენილობის გამო.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ 2004 წლის 21 ივლისის №14 ბრძანება გამოცემულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე. ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა და არ მიჯნავდა ისეთ ტერმინებს და სტატუსს როგორიცაა - სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ორი შემთხვევისთვის, განსხვავებულია როგორც სამართლებრივი საფუძვლები, ისე შედეგები, რაც დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობაში. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტატუსის შეჩერების საფუძველთაგან კი ერთ-ერთია - ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება, რაც გახდა ა.ც-ის სასწავლებლიდან ამორიცხვის საფუძველი, ხოლო ფინანსური დავალიანების თანმდევი შედეგი იყო საგნების გავლის შეუძლებლობა - ე.წ. აკადემიური ჩამორჩენილობა. კერძოდ, ფინანსური დავალიანების გამო არ ხდებოდა სტუდენტის საგნებზე დაშვება, რაც ავტომატურად მის აკადემიურ ჩამორჩენილობას იწვევდა. ამდენად, ცალსახაა, რომ ა.ც-ის მიმართ გამოცემული ბრძანება მისი ამორიცხვის შესახებ თავისი სამართლებრივი ბუნებითა და შინაარსით - დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - სტუდენტის სტატუსის შეჩერებას უთანაბრდებოდა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახაა, რომ ა.ც-ის სწავლის პერიოდში, კანონმდებლობით არ იყო ცალსახად განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ამორიცხვის საფუძვლები და შედეგები, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და შეჩერების ცნებები, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველი ინდივიდუალური შემთხვევისთვის, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ვალდებული იყო შეეფასებინა, რა შემთხვევაა სახეზე - სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, როდესაც მან, კონკრეტული მომენტისთვის დაკარგა სტუდენტად ყოფნის უფლება და თანმდევი უფლება-მოვალეობანი თუ სტატუსის შეჩერება, გამომდინარე მათი განსხვავებული საფუძვლებიდან და ასევე განსხვავებული სამართლებრივი შედეგებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 01/08/2006 - 11/10/2006 პერიოდში, როდესაც, ა.ც-ე 2006 წლის 7 ოქტომბერს მა....ის ინსტიტუტში მე-2 კურსზე ჩაირიცხა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მოქმედი რედაქციის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად ჩარიცხვა). თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შემთხვევა ეხებოდა სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვის შემთხვევას, თუმცა გარიცხვა/ამორიცხვის სამართლებრივი საფუძვლები ბრძანებით განსაზღვრული არ ყოფილა. სტუდენტის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხვა/ამორიცხვის საფუძვლები ასევე არ იყო განსაზღვრული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციით.
დებულების 221 მუხლის (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვა გადაყვანის წესით) პირველი პუნქტი კი ადგენდა, რომ სტუდენტების ჩარიცხვები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით შესაძლებელი იყო სწავლების მეორე წლიდან კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი უთითებდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა, თუ მათი რაოდენობა აღემატებოდა აკრედიტაციის შედეგად მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკაანტური ადგილების რაოდენობას, აგრეთვე “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე შესაძლებელი იყო, თუ: ა) არსებობდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ; ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდებოდა, რომ პირს ათვისებული ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
მოსარჩელე ა.ც-ის მ...ის ინსტიტუტში ჩარიცხვის ეტაპზე (24.04.2008), ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე დაწესებულებაში შეიძლებოდა ჩარიცხულიყვნენ აღდგენის წესით მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა (უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება).
დებულების თავი V1 თავი ეხებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების გადაყვანის და აღდგენის წესის ჩარიცხვას. მოცემულ თავში არსებული 222 მუხლის (გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი) პირველი პუნქტის მიხედვით, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება ჰქონდა აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ, თუ იგი: ა) სწავლობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) სწავლობდა იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლებოდა. მუხლი 227 -ის (სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები) მე-2 პუნქტი კი ადგენდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელი იყო, თუ: ა) არსებობდა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ; ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერილობითი გამოცდის შედეგად დასტურდებოდა, რომ პირს ათვისებული ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა და მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ ა.ც-ის მიერ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა/გადაყვანა, აუცილებლად საჭიროებდა მის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ვინაიდან, ა.ც-ეს კანონის შესაბამისად უკვე მოპოვებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ა.ც-ემ ჯერ 2006 წლის 7 ოქტომბერს მა....ის ინსტიტუტში მე-2 კურსზე, ხოლო შემდეგ, 2008 წლის 24 მარტს მ...ის ინსტიტუტის ... ფაკულტეტის მე-3 კურსზე განაგრძო - 2002 წელს, ... ინსტიტუტში დაწყებული სწავლა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არ დგინდება, რომ ა.ც-ეს 2004 წელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობანი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ა.ც-ისთვის დიპლომის გაცემამდე (27.01.2010) დებულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად (4.12.2009 N1098), დებულების 222 მუხლით (გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი) დადგინდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება ჰქონდა პირს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე, თუ გადაყვანის წესით ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებდა სწავლას (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით აღნიშნული დებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ა.ც-ემ ჯერ 2006 წლის 7 ოქტომბერს მა....ის ინსტიტუტში მე-2 კურსზე, ხოლო შემდეგ, 2008 წლის 24 მარტს მ...ის ინსტიტუტის ... ფაკულტეტის მე-3 კურსზე განაგრძო 2002 წელს, ...ინსტიტუტში დაწყებული სწავლა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდის შესაბამისი შედეგებით ჩაბარება იყო სტუდენტის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისა და სწავლის დაწყების აუცილებელი წინაპირობა, თუმცა არ წარმოადგენდა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაწყებული სწავლის სხვა სასწავლებელში გაგრძელების, ანუ სასწავლებლის შეცვლისათვის აუცილებელ წინაპირობას, იმ შემთხვევაში თუკი, პირს უკვე ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება მოპოვებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სხვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისათვის, არ იყო აუცილებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. აღნიშნული გულისხმობს ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევას და არ მოიცავს და არ მოიაზრებს იმ შემთხვევას, როდესაც პირს ერთხელ მოპოვებული სტუდენტის სტატუსი შეუწყდა და დაკარგა და ხელახლა სურდა უმაღლეს სასწავლებელში აღდგენა/ჩარიცხვა.
მოცემულ შემთხვევაში კი, ცალსახად დგინდება, რომ ა.ც-ეს სწავლა არ დაუწყია ხელახლა, პირველი კურსიდან, არამედ მან გააგრძელა მის მიერ დაწყებული განათლების მიღების პროცესი სხვა უმაღლეს სასწავლებელში. ფაქტობრივად მოხდა არა მისი ხელახალი ჩარიცხვა, არამედ გადასვლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიდევ ერთხელ მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა და მიჯნავდა ისეთ ცნებებს, როგორიცაა სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა. კანონმდებლობაში და როგორც საქმის მასალებიდანაც დგინდება, პრაქტიკაშიც გამოიყენებოდა ტერმინი - ამორიცხვა/გარიცხვა, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით და ა.ც-ის მიმართ გამოცემული ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების (ფინანსური დავალიანება და მისგან გამომდინარე აკადემიური ჩამორჩენილობა) და არა შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, რაც თავის მხრივ, ა.ც-ეს ანიჭებდა უფლებამოსილებას სწავლა გაეგრძელებინა სხვა უმაღლეს დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებას, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ სწავლის გასაგრძელებლად მას აუცილებლად სჭირდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რის გამოც, მან 2005 წლის და 2006 წლის გამოცდებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერ მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ ხდებოდა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონმა ასევე გაითვალისწინა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ცნება, რომელიც ნიშნავდა – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხას, რომელიც განკუთვნილი იყო სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დასაფინანსებლად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სწორედ გრანტის მოპოვების მიზნით და უფასოდ/შეღავათიანად სწავლისათვის სურდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ამასთან, შემდგომში, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება №641-ით განსაზღვრულ იქნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილი იყო გასულიყო ერთიან ეროვნულ გამოცდაზე. ამ სტუდენტზე ვრცელდებოდა ამ დებულების მე-20 მუხლის (ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულების მოქმედების ვადა და მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების წესი) მე-4-6 პუნქტები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“ არეგულირებდა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს. დებულების მე-9 მუხლის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე ეროვნული გამოცდების ცენტრი საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სპეციალობების/ფაკულტეტების ნუსხის, შესაბამისი საგამოცდო განრიგებისა და აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარის შედგენის მიზნით უზრუნველყოფდა აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას. ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი უზრუნველყოფდა აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობარების გამოცემას. ცნობარში აისახებოდა დაწესებულების სპეციალობა/ფაკულტეტი, რომლებზეც მიმდინარე წელს იწარმოებოდა აბიტურიენტთა მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის №1755418 წერილის შესაბამისად, ბ...ის ინსტიტუტში (სახელის შეცვლის შემდგომ - შპს მ...ის ინსტიტუტი) 2005 წელს და 2006 წელს ჩარიცხულები არიან აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-18/155 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 18 იანვრის №11 ოქმის საფუძველზე, ბ...ის ინსტიტუტს (შემდგომში ეწოდა - შპს „მ...ის სასწავლო უნივერსიტეტი“) მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „მ...ის ინსტიტუტის“ აკრედიტაციის საკითხი ასევე ვერ გახდება ა.ც-ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 17 თებერვლის MES 6 20 00193345 გადაწყვეტილება;
5. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა - შპს „მ...ის ინსტიტუტის“ მიერ ა.ც-ის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის MMCI №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ;
6. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს - ა.ც-ის სასარგებლოდ, მის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 550 ლარის (100 ლარი, 150 ლარი და 300 ლარი) ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი